იანვარი 2024

ბექა ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს

/

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ძალადობრივი და პრორუსული ალტინფოს წევრის ბექა ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სუსის განცხადებით, ბექა ვარდოსანიძემ  საგამოძიებო უწყებებსა და ტელეკომპანია იმედს ცრუ მეილი მისწერა, რომ კლუბ ბასიანზე, რატის ბარსა და რუსთაველის გამზირზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.

საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.

ონკოლოგიური პაციენტები სახელმწიფოსგან სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდებას ითხოვენ

/

მთავრობის გადაწვეტილების მიხედვით, საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტებს 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა მიეღოთ მკურანლობის სრული დაფინანსება. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა წერია, რომ სრულად დაფინანსება მოიაზრებს წლიურად 25 000 ლარის ლიმიტს, რაც არ არის საკმარისი და არ ნიშნავს სრულად დაფინანსებას.

ონკოლოგიური პაციენტების განცხადებით, დეზინფორმაციისა და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობის გამო თავს მოტყუებულად გრძნობენ. ამ დრომდე მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაპირებული დაფინანსება და არც პასუხები.

4 თებერვალს 14:00 საათზე, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ონკოლოგიურ პაციენტები პარლამენტის წინ იკრიბებიან. მათი მოთხოვნა ლიმიტის მოხსნა და მკურნალობის სრული დაფინანსებაა. ასევე, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ დიაგნოსტირების და ყველა გამოჯანმრთელებული ონკოლოგიური პაციენტისთვის აუცილებლად საჭირო, მკურნალობის შემდგომი გეგმიური კვლევების, დაფინანსებას.

დაგეგმილი აქციის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://fb.me/e/1MPd1fT4k

სახალხო დამცველმა ანანია გაჩეჩილაძის მიმართ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება დაადგინა

/

სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია გაჩეჩილაძის  მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.

2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა “pos tv”-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.

სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით.

საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა.

2019 წლის 27 მარტს, „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის“ მიხედვით, სექსიზმი ნიშნავს ნებისმიერ აქტს, ჟესტს, ვიზუალურ გამოხატულებას, წერილობით ან ზეპირ სიტყვებს, პრაქტიკას ან ქცევას, რომელიც ეფუძნება კერძო ან საჯარო სფეროში, ინტერნეტ სივრცეში თუ მის გარეთ, სქესის ნიშნით ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არასრულფასოვნად წარმოჩენას და მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს შემდეგ ალტერნატივებს: ღირსების შელახვას; ფიზიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ ან სოციო-ეკონომიკურ ზიანს ან ტანჯვას; დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსებისშემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს; დაბრკოლებების შექმნას უფლებებით სრული რეალიზაციისა და პირადი ავტონომიისათვის; გენდერულ სტერეოტიპებისშენარჩუნებასა და გაძლიერებას. ევროპის საბჭოს განმარტებით, სექსისტური სიძულვილის ენა ნებისმიერი სახის ვარაუდი, რწმენა, მტკიცება, ჟესტი ან ქმედებაა, რომელიც მიზნად ისახავს ზიზღის გამოხატვას ადამიანის მიმართ მისი სქესიდან ან გენდერიდან გამომდინარე, ან განიხილავს ადამიანს,როგორც ქვემდგომს ან ადამიანი არსებითად დაყვანილია სექსუალურ განზომილებამდე. სექსისტური სიძულვილის ენა მოიცავს ისეთ გამონათქვამებს, რომლებიც ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს სქესზე დაფუძნებულ სიძულვილს, მაგალითად ისეთი ფორმით როგორიცაა: slut-shaming (მორალურ ასპექტში შერცხვენა); სხეულით შერცხვენა (,,body-shaming”); შეურაცხმყოფელი კომენტარები გარეგნობაზე, სექსუალურობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე ან გენდერული როლებზე.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს,  მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით  გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს  20 დღის ვადაში.

გამოსახლებისას დაპატიმრებულ აქტივისტთა გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართება

/

4 თებერვალს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის ორგანიზატორია მოძრაობა ხმა. შეკრება ორ მიზანს აერთიანებს: შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ კეკელიძის ქუჩაზე 23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის ძალადობრივი გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.

“ჩვენ ვიცით, რომ გამოსახლების შეჩერება უკეთესი ცხოვრების გარანტია არ არის, მაგრამ გამოსახლების პირისპირ ვდგებით იმიტომ, რომ ოჯახები უარესისგან დავიცვათ.ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრებისეული რისკებისგან დაცვა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასაა მინდობილი. ვალს ვიღებთ, რომ ვიმკურნალოთ. ვალს ვიღებთ, რომ თავზე ჭერი გვქონდეს. ვალს ვიღებთ, რომ ვისწავლოთ. ვალს ვიღებთ, რომ გამოვიკვებოთ. ვალს ვიღებთ, რომ ქვეყნიდან წავიდეთ და სამუშაო ვეძებოთ. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო არათუ არ არის ჩვენ გვერდით, მთელი თავისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საპოლიციო რესურსით სამსახურში უდგას საბანკო-სამევახშეო კლასს. ჯერ ცხოვრების ისეთ პირობას და ისეთ კანონებს გვიქმნის, რომ ცხოვრებისეული რისკების წინაშე მარტო დავრჩეთ და ვალებში გავეხვათ, ხოლო როცა ვალებში ვეხვევით და ვალაუვალი ვხდებით, საქმეში პოლიციას რთავს და ქუჩაში გვტოვებს.” – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

მსვლელობის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/908042284189465

ამერიკაში “ჯენ ზის” 30% თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს

/

კვლევის თანახმად, ამერიკაში 4-დან 1 ახალგაზრდა თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს. კვლევის ანგარიშიდან ჩანს, რომ “მილენილაების” 16%, “ჯენ იქსის” 7% და “ბუმერების” 4% იდენტიფიცირდება, როგორც ლგბტქი წარმომადგენელი. ყველაზე მეტი – თითქმის 30% კი მოდის “ჯენ ზი” თაობაზე, რომელიც თავს მიიჩნევს ქვიარად. გამოკითხვაში 6600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა 2023 წელს ჩატარდა.

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჯენ ზის” თაობა ყველაზე ქვიარ თაობაა სხვებთან შედარებით. გასული წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკის ახალგაზრდების 20% მიიჩნევს თავს ქვიარად. კვლევაში 16-26 წლის ადამიანები იღებდნენ მომაწილეობას. ანგარიშიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა თაობა მეტად ღიაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის თვალსაზრისით,  ვიდრე მათი წინამორბედი – “მილენიელების” თაობა.

 

 

 

ტრანსგენდერი ქალების მიმართ დისკრიმინაცია ხელს უწყობს აივის გავრცელებას

/

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მკვლევრები საუბრობენ ტრანსგენდერი ქალების საჭიროებებზე, კერძოდ, მათ ხელმისაწვდომობაზე სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე და აივ ინფექციის გავრცელებაზე.

აღნიშნული კვლევა 25 იანვარს გამოქვეყნდა. მონაცემები ეყრდნობა 2019-2020 წლებში ჩატარებულ გამოკითხვას, რომელშიც მომაწილეობდა 1600-ზე მეტი ტრანსგენდერი ქალი. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მაღალია აივ ინვექციის გავრცელების მაჩვენებელი, განსაკუთრებით შავკანიან და ლათინო-ამერიკელ ტრანსგენდერ ქალებს შორის. ასევე, აღმოჩენილია კავშირი ტრანსგენდერთა მიმართ დისკრიმინაციასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას შორის. კვლევის ფარგლებში 10-დან 7 ტრანსგენდერი ქალი აღნიშნავდა, რომ განიცდიდა დისკრიმინაციას ბოლო წლებში, ხოლო 42% აღნიშნავდა, რომ ის ან გაანთავისუფლეს სამსახურიდან ან საერთოდ ვერ პოულობდა სამსახურს და საცხოვრებელს.

კვლევის ავტორები ანგარიშში აქვეყნებენ, რომ ტრანსგენდერი ქალების მიმართ დისკრიმინაცია დიდწილად განაპირობებს სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის არ ქონას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინფექციების გავრცელებას. იმის გამო, რომ ვერ შოულობენ სამსახურსა და საცხოვრებელ სახლს, ბევრი ტრანსგენდერი ქალი იძულებულია ჩაერთოს სექს სამუშაოში. მათ არ აქვთ დაზღვევა, ეკონომიკური სტაბილურობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. “ტრანსგენდერ ქალებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრებისა და მუშაობის საშუალება, რაც საშუალებას მისცემს მათ, ჰქონდეთ საჭირო სამედიცინო სერვისები და მედიკამენტები.” -ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ორგანიზაციები მოუწოდებენ META-ს დაიცვას ქვიარ მომხმარებლები

/

ქვიარ ადამიანების მიმართ ბოლო დროს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გახშირებული ბულინგის, ღირსების შელახვისა და ძალადობის ფაქტების გამო, არაერთი ორგანიზაცია მოუწოდებს META-ს, იზრუნოს მის ლგბტქი მომხმარებლებზე.

Human Rights Watch-მა წამოიწყო კამპანია #SecureOurSocials  რომელიც მოითხოვს META-სგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ორგანიზაცია ეყრდნობა მისივე ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წელს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ეგვიპტე, ერაყი, ტუნისი, იორდანია და ლიბანი, სხვადასსხვა ჯგუფები იყენებენ სოციალურ ქსელებს ქვიარ ადამიანების მიმართ შანტაჟის, დევნისა  და ძალადობისთვის. ჩამოთვლილი ქვეყნების მიღმა, ხშირად ფეისბუქსა და ინსტაგრამზე არ ხდება  ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობისა და ბულინგის შემცველი პოსტების წაშლა, მიუხედავად პროტესტისა.

Human Rights Watch-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჩანს, რომ ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე იძულებითი ქამინგ აუთის, ბულინგის ან ძალადობის გამო ლგბტქი ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, დაექვემდებარნენ ძალადობას ოჯახის წევრის ან სხვისი მხრიდან, ან აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგს კი მოუწია ქვეყნის ან ქალაქის დატოვება. ბევრი ქვიარ ადამიანი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

მოიხედავად იმისა, რომ META-ს პოლიტიკა კრძალავს სოციალურ ქსელში ძალადობასა და პლატფორმის ბოროტად გამოყენებას, ორგანიზაციების აზრით, ეს არ არის საკმარისი და სამწუხაროდ, გამართულად არ მუშაობს კონკრეტულად ქვიარ მომხმარებლების შემთხვევაში. “მაშინ, როდესაც ლგბტქი ადამიანები შესაძლოა თავს ისედაც არ გრძნობდნენ უსაფრხთოდ და დაცულად, სოციალურ პლათფორმაზე არ უნდა აწყდებოდნენ დამატებით ძალადობას. ისინი იმსახურებენ ადამიანურ მოპყრობას. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ორგანიზაცია (META) აკეთებს ყველაფერს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.” ამბობს Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილე რაშა იუნესი.

2023 წლის სექტემბერში, მედია პლატფორმამ Media Matters გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით ინსტაგრამზე ბევრი ადამიანი თუ ჯგუფი არღვევს ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკას და ავრცელებს დეზინფორმაციას, სიძულვილის ენასა და ბულინგს ქვიარ ადამიანების მიმართ. ორგანიზაციამ გააკრიტიკა META და მოუწოდა მეტი ძალისხმევა და მონდომება გამოიჩინოს სოციალურ მედია პლატფორმებზე ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად.

 

 

აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი

/

თბილისში, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიცია დილიდან ცდილობდა ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას. პოლიციამ ბინაში შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, დაეტოვებინათ სივრცე, შემდეგ კი მათი გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყო. ბიუროს შედუღებული დახვდა როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მოქალაქეები ხატიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად კეკელიძის ქუჩაზე დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ცდილობდნენ, პოლიციელები არ შეეშვათ ბინაში. დაკავებულია 20 ადამიანი.

ხატიაშვილების მხარდასაჭერად ადგილზე მისული მოქალაქეები თქმით, ოჯახის გამოსასახლებლად აღსრულების პოლიციამ ძალადობრივ მეთოდებს მიმართა. აღსრულების ბიურო აცხადებს, რომ იქ შეკრებილი ადამიანების მიმართ არ გამოყენებულა ცრემლსადენი აირი ან სხვა მსგავსი ნივთიერება.

კახეთში 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე პირს ბრალდება წარედგინა

/

პროკურატურის ინფორმაციით, 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის  ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. მუხლი 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი არასრულწლოვანის მამიდის ქმარია. ძალადობის შესახებ კი გოგომ ოჯახის წევრებს მოუყვა, რის შემდეგაც მამის ძმამ კაცი ცივი იარაღით დაჭრა.

არასრულწლოვანი გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 23 წლის კაცი დააკავეს

/

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა 23 წლის კაცმა 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა.

მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან კი დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

პროკურატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდება წარუდგინა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.