ივლისი 2022 - Page 2

უნგრეთი დისკრიმინაციული კანონის გამო ევროპის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება

უნგრეთი ლგბტქი საკითხებისა და მედიის თავისუფლების ამკრძალავი კანონის გამო ევროპის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ევროკავშირი უკვე ერთი წელია აქტიურად მუშაობს, რათა უნგრეთმა შეცვალოს ისეთი მასალების აკრძალვის შესახებ კანონი, რომელიც ჰომოსექსუალობის საკითხებს ასახავს. ევროკომისიის თქმით, აღნიშნული მიდგომა „ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა“.

„კომისია მიიჩნევს, რომ კანონი შიდა ბაზრის წესებსა და ინდივიდის (კონკრეტულად კი ლგბტქი ადამიანების) ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების ბოლო ეპიზოდია, რომელშიც ოფიციალური ბრიუსელის თქმით, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შეგნებულად გადაუხვია დასავლური დემოკრატიის ღირებულებებს, უნგრეთის ლიდერი კი თვლის, რომ ევროკომისიის მიდგომა, რომლითაც საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებისას ხელმძღვანელობს ზედმეტად ლიბერალურია.

გასულ წელს, უნგრეთის მემარჯვენე მმართველმა ძალამ მედიით ჰომოსექსუალობისა და სქესის კვლავ მინიჭების საკითხების გაჟღერება აკრძალა, აღნიშნული ცვლილების სამიზნე 18 წლამდე მოზარდები იყვნენ. გარდა ამისა, ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაცია სასკოლო სქესობრივი განათლების პროგრამიდან და იმ ფილმებიდან თუ რეკლამებიდანაც ამოიღეს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომია.

ახალ კანონს ქვეყნის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. უფლებადაცვითი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცვლილება ლგბტქი ადამიანების საზიანოდ სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანონს დაუყოვნებლივ უწოდა — „სამარცხვინო“ და პრაიდის თვეში განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლებრივ პასუხს გასცემდნენ.

წყარო: NBC News

ბრიტნი გრაინერი: გაბედული ლესბოსელი კალათბურთელი, რომელიც პოლიტიკურ ტყვედ იქცა

2013 წელს, ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც კოლეჯის წამყვანი მოთამაშეების თუ საერთაშორისო პროფესიონალებისთვის ყველაზე პრესტიჟული ლიგის კარს ხსნის, ბრიტნი გრაინერი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე კალათბურთელ ქალად დასახელდა. 

იმ წამს, გრაინერი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ღიად ლესბოსელი კალათბურთელი გახდა. გრაინერს ყოველთვის უნდოდა, რომ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ესაუბრა, მაგრამ პრობლემა საჯაროდ გაცხადებისთვის სწორი დროის შერჩევა კი არა, ძალაუფლების მქონე ადამიანების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი ბარიერები იყო. 

ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლამდე ბრიტნი მამამისს, რეიმონდს ჩაეხუტა, შემდეგ კი სცენაზე ავიდა. სამოსის ფერებით და მკვეთრი ნარინჯისფერი ფრჩხილის ლაქით მომავალ გუნდს მიაგო პატივი, ყველას ყურადღება მასზე იყო მიმართული, რადგან იმ დღეს მისი მომავალი დაიწყო. 

ცოტა ხნის შემდეგ ESPN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: „როგორ ხედავთ უფრო მეტი თავისუფლებით თამაშს?“ ბრიტნიმ მიუგო: „ნამდვილად ველი თავისუფლებას”. 

ბრიტნი გრაინერმა თითქმის 5 თვე გაატარა მოსკოვის საპატიმროში. თებერვალში, მარიხუანას დიდი ოდენობით გადატანისთვის დააკავეს მაშინ, როცა ეკატერინბურგში გუნდის წევრებთან მიდიოდა. WNBA-ის ბევრი მოთამაშე შემოსავლის გაზრდის მიზნით ზამთრის სეზონს ამგვარად, საზღვარგარეთ ატარებს. გრინერის დაკავებიდან ერთ კვირაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. WNBA-ისა და გრასრუთ მოძრაობის ერთობლივი კამპანიის მიუხედავად, გრაინერის პატიმრობის დასასრული რთულად პროგნოზირებადია. მისი სასამართლო პროცესები გადამწყვეტ ფაზაში ახლაღა შედის. 

7 ივლისს, ბრიტნი გრაინერი სასამართლოს წინაშე დანაშაულის აღიარების გადაწყვეტილებით წარსდგა, რასაც აშშ-სა და რუსეთს შორის მისი გადაცემის მოთხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაემარტივებინა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები თვლიან, რომ მოლაპარაკებების მოლოდინი არარეალურია. გრაინერი დაუნდობელი ომის შუაგულში აღმოჩენილი დიპლომატიურ მძევალი აღმოჩნდა. 

Stacy Revere/Getty Images

ამავდროულად, აშშ-ის მედია გამოცემებმა ვერ შეძლეს, რომ გრაინერის მიღწევების სრული გავლენის შესახებ საზოგადოების ყურადღება მიემართათ. მისი ამბავი ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე კალათბურთი — ჩემპიონატები თუ ოლიმპიური ოქროს მედლები. ეს დისკრიმინაციასთან ბრძოლის, უხილავი ბარიერების მსხვრევის, რადიკალური ცვლილებების ამბავია და აშშ-სა და მსოფლიოს ქალი კალათბურთელების ამბავსაც ასახავს, ყველა ქვიარ ადამიანის ამბავს, რომელიც სპორტში თავის დამკვიდრებას ცდილობს, გვიყვება, რომ WNBA-ის მოთამაშეებმა უნდა მოითხოვონ პატივისცემა, რომელიც უკვე დიდი ხანია დაიმსახურეს. 

გრაინერი 1990 წელს დაიბადა. ქალთა საკალათბურთო ასოციაცია კი 1997 წელს, NBA-ის ხელმძღვანელობით დაარსდა. დაარსებისთანავე, ლიგა თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ჰეტეროსექსუალობისა და ტრადიციული ფემინური გენდერული როლის დამცველის იმიჯი შეექმნა. 1998 წელს, Washington Post-მა ახალი WNBA-ისთან დაკავშირებით ახალი სერია — გოგოების საუბარი წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ფანებს კალათბურთელი ქალებისთვის შეყვარებულ ბიჭებზე ან ლიგის ვარსკვლავობამდე მიმავალ გზაზე კითხვების დასმა შეეძლოთ. იმ დროისთვის, თუ გინდოდა, რომ დაფასებულ ვარსკვლავად შემდგარიყავი გვერდით მეგობარი ბიჭის ყოლა აუცილებელიც კი იყო, საზიანოდ, საშიშად ითვლებოდა ათლეტი ქალი, რომელიც მარტოხელა იყო და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა. 

ქალთა ლიგა დიდი მონდომებით ზღუდავდა ლესბოსელ და ბისექსუალ მოთამაშეებს და ამ ჩარჩოებისგან თავის დაღწევა ერთეულებმა თუ შეძლეს. თუ WNBA-ს მიერ განვლილ გზას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2002-2012 წლების 10-წლიან პერიოდში საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ერთადერთმა ათლეტმა, შერილ სვუპსმა, 2005 წელს განაცხადა. 

„5 წლის წინ საჯაროდ საუბარს ალბათ ვერ გავბედავდი. ზედმეტად შეშინებული ვიყავი იმის წარმოდგენით, ამ ამბავს რა გავლენა ექნებოდა, ველოდი, რომ მხარდაჭერას დავკარგავდი“, — აღნიშნა სვუპსმა The New York Times-თან საუბარში. იმ დროისთვის კალათბურთელ ქალს ოლიმპიური ოქრო. WNBA-ის 4 ჩემპიონატი და ლიგის ყველაზე დამსახურებული მოთამაშის 3 ტიტული ჰქონდა მოგებული — ამან ემოციური და ფინანსური თავდაჯერება მიანიჭა, რათა საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ ელაპარაკა. 

გრაინერი ჰიუსტონში, ტეხასში იზრდებოდა და საკუთარი განსხვავებულობის გამო წნეხს ადრეული ასაკიდან გრძნობდა. 

„ალბათ თავი განსხვავებულად იმ პერიოდიდან ვიგრძენი, როცა ყველამ დაიწყო შეგონება, რომ ეს ასე იყო… მკერდი ფაქტობრივად არ მქონდა, გამხდარი ვიყავი და ხმაც დაბალი მქონდა“, — იხსენებს ბრიტნი 2014 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში — In My Skin. თანატოლები დერეფანში დასდევდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ — „ალბათ ბიჭია. გოგო ნამდვილად არ არის“. 

შეურაცხყოფებმა გრაინერის თავდაჯერება შეარყია და „ემოციური გაურკვევლობა“ მოუტანა, თუმცა Nimitz-ის საშუალო სკოლაში ჩაბარების შემდეგ კალათბურთი მოტივაციის გაღვივებაში დაეხმარა. გამორჩეულ ფიზიკურ მონაცემებს და მონდომებას გაუმჯობესებისთვის იყენებდა, სპორტმა ცხოვრების მიზანი და წინააღმდეგობის სურვილი გაუჩინა. 

2007 წელს, გრაინერის შთამბეჭდავი „ჩატენის“ ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. 2008 წლის შემოდგომაზე, გრინერი Baylor-ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც კამპუსში ლონგბორდზე დამდგარს ნახავდით ან პიკნიკებზე მეგობრებთან ხუმრობაში გართულს, ამავდროულად მოედანზე ოპონენტებს ჯაბნიდა. საუნივერსიტეტო ლიგაში საკუთარ გუნდს არაერთი ტრიუმფი მოუტანა და სხვადასხვა გამოცემები მის გამორჩეულ „ჩატენებზე“ ახალ ამბებს წერდნენ. მაგრამ უნივერსიტეტში სწავლისას, გრაინერი იძულებული იყო, რომ იდენტობის შესახებ დაემალა. 

Justin Edmonds/Getty Images

ერთ დღეს, სტუდენტური ჩემპიონატის მიმდინარეობისას მთავარმა მწვრთნელმა, კიმ მალკიმ დაიბარა. გრაინერი მემუარებში იხსენებს, რომ წინა დღეს, ვალენტინობის დღის აღსანიშნავად რესტორანში ქალთან ერთად იყო, რის შესახებაც ჭორებმა მწვრთნელამდე მიაღწია. მალკიმ გრინერს პირდაპირ უთხრა — „ამის კეთებისას არ უნდა დაგინახონ… სჯობს ყველაფერი ჩაკეტილი კარის მიღმა დამალო“. 

იმ დროისთვის, უნივერსიტეტის ოფიციალური შიდაგანაწესი ჰომოსექსუალობას და ზოგადად ქორწინების გარეშე სექსს კრძალავდა, აკრძალული იყო „ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც სექსუალობის შესახებ სწავლებით ბიბლიის დოგმებთან წინააღმდეგობაში“ იყო. ამ მიდგომით გრინერს თავისუფლება იმავე დაწესებულებამ შეუზღუდა, რომელიც მის საჯარო წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენდა, ფინანსურად უზრუნველყოფდა და პროფესიული წრეების ყურადღების ცენტრში აქცევდა. ბრიტნი მემუარებში წერს — „დიდი დრო დავკარგე იმაზე ფიქრში ისინი ბრიტნი გრინერს როგორც ადამიანს უჭერდნენ მხარს თუ ბრიტნი გრაინერს — კალათბურთელს“. 

მცირე ხნის წინაც კი, 2013 წლისთვის, როცა ბრიტნი გრაინერი პროფესიონალურ ლიგაში გადავიდა, ჟურნალისტები და ლიგაში ძალაუფლების მფლობელნი შეპყრობილნი იყვნენ ყველაფრის გასაიდუმლოებით. WNBA არ აღიარებდა ლესბოსელი მოთამაშეების დიდ ოდენობასა და ქვიარ ფანების არმიას. ლიგის მხოლოდ ერთი მოთამაშე, სიმონე ავგუსტუსი იყო ღიად ლესბოსელი.

მალე, ერთი რიგითი ინტერვიუს დროს, პროფესიონალურ ლიგაში გადასვლიდან მცირე ხანში, ჟურნალისტმა გრაინერსა და მის ორ კოლეგას სპორტისა და სექსუალობის შესახებ ჰკითხა, რაზეც ბრიტნიმ უყოყმანოდ უპასუხა — „ყოველთვის ღია ვიყავი ჩემს თავზე და სექსუალობაზე ღიად საუბრისთვის. თუ შემეძლება ყველას დავანახო, რომ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ვსაუბრობ, ეს თავს კარგად მაგრძნობინებს და არაფერია უჩვეულო, იმედი მაქვს, ახალი თაობაც იმავეს იგრძნობს“. 

Jesse D Garrabrant/NBAE/Getty Images

WNBA-ის არჩევანი არ ჰქონდა და პროცესის მონაწილედ იქცა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს, ეროვნული ტელევიზიით უჩვენეს ღირსების თამაში. WNBA-ში მიმდინარე პროგრესული გარდაქმნების გზა გრძელი, გამოწვევებით აღსავსე და კომპლექსურია, მაგრამ ბრიტნი გრაინერი დღევანდელი ლიგის საუკეთესო სახეა. ამ პროცესს ლაიშია კლარენდონი, მაია მური და ნატაშა ქლუდიც შეუერთდნენ და ადვოკატირების პროცესში ჩაერთნენ, რამაც ქალთა საკალათბურთო ასოციაცია სოციალური სამართლიანობის გამოწვევების გადაჭრის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია. 

WNBA ახლა კიდევ ერთი პოლიტიკური გამოწვევის წინაშეა — ბრიტნი გრაინერის არასამართლებრივი პატიმრობა. გრაინერი კიდევ ერთხელ იქცა მნიშვნელოვანი პროცესის მთავარ ფიგურად, თუმცა, ამ შემთხვევაში მის წინაშე არსებული პრობლემა განსაკუთრებით რთულია. თავისუფლების აღკვეთის არასამართლებრივ შემთხვევებში პროცესი სიმართლის მტკიცების მიმართულებით კი არ მუშაობს, არამედ ემსახურება აღმკვეთი ქვეყნის პოლიტიკური სურვილების დაკმაყოფილებას. რუსეთს პატიმრების გაცვლა სურს, რაც აშშ-ის ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს არ აწყობს. 

მომდევნო კვირების თუ თვეების განმავლობაში რუსული მედიის საშუალებით გრინერის შესახებ მცირედს თუ გავიგებთ — ვიხილავთ დაცვის თანხლებით, ბორკილებდადებულს, სასამართლოს დარბაზში შესვლისას, მაგრამ ეს მცირე გამოსახულებებიც კი დაგვანახებს მისი მდგომარეობის სიმძიმეს, რაც ბევრად დიდი სიმართლის დანახვას ართულებს. 

გრაინერს ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა: გადარჩენის, წარმატების მიღწევის და ამ შესაძლებლობის სხვებისთვის დანახვების ძალა. ახლა მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, იმავე მიზეზით, რის გამოც ამერიკული საზოგადოება ცდილობდა, რომ მისთვის ყურადღება არ მიექცია და რის გამოც ის პუტინისთვის საჭირო სამიზნეა. პრეზიდენტისთვის, რომელიც ანტი-გეი გადაწყვეტილებებით, კანონმდებლობით საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს. ამ გაგებით, გრაინერს ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვიარ, შავკანიან, გენდერულ ნორმებს აცდენილ ადამიანს შეიძლება თავისუფლებისთვის ბრძოლა მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწიოს. 

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, როდის მოიპოვებს ბრიტნი გრაინერი თავისუფლებას.

წყარო: The Guardian

ავტორი: მაია გოლდბერგ-საფირი

ქალები თავისუფლებისთვის — ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ყოველწლიური კონფერენცია — ქალები თავისუფლებისთვის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ქალებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი, გადაჭრის გზების ძიება და თანამოაზრეების გაერთიანებაა, რაც გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია. 

2022 წლის კონფერენციამ პოლიტიკოსი, მეწარმე, ლგბტქი უფლებებზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე აქტივისტები გააერთიანა, რომელთაც თემატური პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს იმ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს უწევთ, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე, რომლის ათვისებაც სათანადოდ არ ხდება, ასევე იმ საერთო ჩაგვრებზე, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აერთიანებს, ასევე იმ გავლენაზე, რაც ეკლესიას ქალთა უფლებებზე აქვს და, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგა ინიციატივის — ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ლიდერ ქალებს გააერთიანებს, რათა ქალთა გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. 

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში — გამოწვევები და გადაჭრის გზები

„დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ინდიკატორი გენდერული თანასწორობა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში თანაბარი ჩართულობაა, ამიტომ ევროსაბჭოს 12 პუნქტში ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის გაღრმავება და ძალადობის აღმოფხვრაა. არსებობს საერთო მდგომარეობა, როცა კაცები ქალების მიმართ არასწორ მიდგომას გამოხატავენ, თუმცა, უკეთეს შემთხვევაში, ეს ნორმად არ უნდა ჩაითვალოს“, — აღნიშნა კონფერენციის პირველი სესიის ერთ-ერთმა მონაწილემ, პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძემ. 

თამარ კეკენაძის თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაოდენობრივი ჩართულობის გაზრდა, თუმცა განსაკუთრებით აუცილებელია, „რომ ქალები იყვნენ ისეთ თანამდებობებზე, რომელიც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. თანამონაწილეობის შინაარსობრივად გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“. 

პირველი სესიის კიდევ ერთმა მონაწილემ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ აუცილებელია კაცების მხრიდან მიდგომა შეიცვალოს, მათ შორის, ისეთი ტერმინების გამოყენება, რაც ხშირად მხოლოდ ქალების მიმართ, სექსისტურ კონტექსტში ჟღერდება, რადგან ამ მდგომარეობის გამო „პოლიტიკური მოლაპარაკებების, კამათის თუ რაიმე საკითხის განხილვის დროს ქალებს 3-4-ჯერ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება… . პოლიტიკური კულტურაა შესაცვლელი და ამაზე დისკუსიები, მსჯელობა აუცილებელია. ხმამაღალი საუბრით თუ გარკვეული ფრაზების გამოყენებით ქალების გაჩუმება არ უნდა იყოს შესაძლებელი“. 

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრის, ნანა ტოხვაძის თქმით, „ხშირად ხდება ისე, რომ ქალის მიერ გაჟღერებული საკითხს ნაკლებად შეისმენენ და ყურად იღებენ და კაცის მიერ დაყენებული იგივე საკითხი ბევრად დიდი განხილვის საგანი ხდება და ისმენენ. ეს იმ აუდიტორიის, გარემოს პრობლემაა, რომლის ქცევაც შესაცვლელია“.  

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის გზებზეც იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქალების აქტიურობა და სხვადასხვა პროცესში ჩართული ქალების ურთიერთსოლიდარული დამოკიდებულება პრობლემაზე საპასუხოდ გონივრული გადაწყვეტილებაა, ამასთან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება და კანონის აღსრულების მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. 

თამარ კეკენაძის თქმით, მუშაობა ორი მიმართულებით არისგასაძლიერებელი:  

  1. უნდა ვიფიქროთ, დამატებით რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ჩართულობა კიდევ უფრო გავზარდოთ; 
  2. აუცილებელია, რომ ის ქალები, რომელთაც უკვე აქვთ გავლენა და გადაწყვეტილებებზე წვდომა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ როლს. 

გენდერული ბიუჯეტირება 

ქალების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტური მექანიზმი შესაძლოა გენდერული ბიუჯეტირებაც იყოს. ბევრმა არ იცის, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერულად მგრძნობიარე საკითხებიც, თუმცა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის კურსდამთავრებულის, მკვლევარ შორენა კობაიძის თქმით, პრობლემა გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვა და ხშირ შემთხვევაში ათვისებაც კი არის. 

„მუნიციპალიტეტებში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გადასაჭრელად არსებობს ბიუჯეტი, თუმცა ხშირად ვერც კი ითვისებენ ამ ბიუჯეტს და რატომღაც, მხოლოდ დღესასწაულების აღნიშვნისთვის გამოიყენება. მონაცემების ქონაა აუცილებელი, რომელიც რეალურ პრობლემებზე მუშაობას უზრუნველყოფდა“, — ამბობს შორენა და აღნიშნავს იმასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, მეტიც, „ტერმინი გენდერის გამოყენებაც კი ბევრ თანამდებობის პირში ნეგატიურ განწყობებს იწვევს. მთავარი გამოწვევა რეგიონებში მაინც საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა“. 

ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის 

იმისათვის, რომ გენდერულად მგრძნობიარე საკითხებზე, რეგიონებში მცხოვრები ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევებზე ერთიანი, ორგანიზებული მიდგომა ჩამოყალიბდეს, აქტიურმა, ლიდერმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ინიციატივა — ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის წამოეწყოთ. 

ქალთა ქსელი გააერთიანებს აქტიურ ქალებს სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან, რომლებიც თანამოაზრეებს შემოიკრებენ და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გზების ძიებას დაიწყებენ, დაიცავენ იმ ქალების უფლებებს, რომლებიც ძალადობრივ, უთანასწორო გარემოში ცხოვრობენ, შექმნიან სოციალიზაციის სივრცეებს, რომლებიც ქალებს აზრთა მიმოცვლას გაუადვილებს და ქალების გაძლიერებისთვის ახალ მექანიზმებს გააჩენს. ქალთა ქსელის ლიდერები, რა თქმა უნდა, ლიდერი ქალები იქნებიან, თუმცა თანამონაწილეობა, დისკუსიებში ჩართვა კაცებსაც შეეძლებათ. ეს იქნება წამოწყება, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებობს გამოწვევები და ეს მდგომარეობა საზოგადოების, ქვეყნის კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება. 

მეწარმე ქალები, რომლებიც საზოგადოების წარმოდგენებს ცვლიან

ქალთა ქსელის მიზანი საქართველოს რეგიონებში და თბილისში მცხოვრები ლიდერი ქალების ერთი მიზნისთვის გაერთიანებას ისახავს მიზნად. კონფერენციის მეორე სესიაში მონაწილე მეწარმე ქალები სწორედ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავენ და ამავდროულად გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ, თანაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აძლიერებენ და რაც მთავარია, საკუთარ რესურსს რეგიონების გაძლიერებისთვის იყენებენ. 

კომპანია LAB Technogies დამფუძნებელმა, ანა კაჭიურმა საკუთარი ბიზნესის დაფუძნებამდე გრძელი გზა გაიარა და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ მიმართულებით გადაწყვიტა, რომლის წამყვან პოზიციებზეც ხშირად კაცები გვხვდებიან. იხსენებს, რომ ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალისა და კაცის ხელფასს შორის დიდი სხვაობა იყო. გარდა ამისა, მოლაპარაკების პროცესში ხშირად კაცებს ენიჭებოდათ უპირატესობა. ამ მდგომარეობას იმით ხსნის, რომ „არ არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურა, არამედ ბიზნეს კულტურაც. ამ მდგომარეობის შეცვლისთვის მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორის ისე სახელმწიფოს ჩართულობა“.  

ანა კაჭიურის თქმით ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესის მფლობელი ქალები მხოლოდ 8%-ს შეადგენენ, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე კი ქალები სულ რაღაც 20%-ს შეადგენენ, რაც „დიდი სამუშაო ძალის დაკარგვას იწვევს და ყველაზე ცუდად აისახება. ნაკლები ხელფასი, დაწინაურების ნაკლები შესაძლებლობა არის ბარიერი, რის გამოც ქალები ხშირად მუშაობაზე უარს ამბობენ“. 

ანა კაჭიურმა სესიის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობის შესახებ სტატისტიკის არარსებობა კიდევ ერთი პრობლემაა, რაც ბიზნესის მფლობელებს ზოგადი მდგომარეობის შეფასებაში ხელს უშლის, ამიტომ როცა საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, მიხვდა, რომ მდგომარეობა უნდა შეეცვალა და ორგანიზაციის პოლიტიკა ქალთა გაძლიერებისკენ უნდა მიემართა. 

ხის დეკორატიული დამუშავების საწარმოს — ციცისგან — დამფუძნებელმა, ციცინო შენგელიამ არანაკლებ რთული გზა გაიარა. როცა სამეგრელოში მცხოვრებმა მეწარმემ სადურგლო საქმის შესწავლა გადაწყვიტა, გაუჭირდა ქალი დურგლის მოძებნა, რომელიც გამოცდილებას გაუზიარებდა და იმ გამოწვევების შესახვედრად მოამზადებდა, რაც მასკულინურ პროფესიაში თავის დამკვიდრების გზაზე ელოდა. 

„სამეგრელოში არაერთ სახელოსნოში ვიყავი და ვეუბნებოდი ხელოსნებს, რომ მინდოდა, ხის დამუშავება შემესწავლა, რაზეც მპასუხობდნენ, რომ საფრთხილო საქმე იყო და სჯობდა ნაცნობი კაცი მისულიყო, რომელსაც საქმის სპეციფიკას აუხსნიდნენ. დაახლოებით 3 წელია ამ საქმეში ვარ და ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა მომიწია. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითები შევქმნათ, პრეცედენტები ბევრ რამეს ცვლის და ერთგვარად გადამდებია“, — აღნიშნა პირველმა ქართველმა დურგალმა ქალმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სხვა ქალებისთვის მაგალითის მიმცემია. 

სესიის კიდევ ერთი მონაწილე, ქეთევან წილოსანი გურიიდან არის. ნაადრევი ქორწინების,მომსახურების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გზა გაიარა და პირველ CV-ში გამოცდილების ველში ერთადერთი რამ ჰქონდა მითითებული — დიასახლისი. მას შემდეგ ხუთმა წელმა გაიარა და ახლა უკვე საკუთარი სოციალური კაფეს მფლობელია, რომელიც ლანჩხუთში შშმ პირებისა და ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ქეთევან წილოსანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მათ შორის, შშმ პირებს ასაქმებს და გურიაში სოციალურ ცვლილებებს ხელს უწყობს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ მინიმალურ მოგებაზე უწევს მუშაობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენას ართულებს. 

აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვიან 

„არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა დავიღალოთ, რადგან შეიძლება ერთი აქტიური ადამიანის დაკარგვამ, თუნდაც ერთ ადამიანში ახალდაბადებული იმედი მოკლას“, — აღნიშნავს, კონფერენციის მესამე თემატური სესიის მონაწილე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, ქალების უფლებებისთვის მებრძოლი მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც რეგიონში რუსული გავლენების წინააღმდეგ, ეთნიკური ინტეგრაციისთვისა და უფლებებისთვის იბრძვის. 

სამირა ბაირამოვას თქმით, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში არსებული კულტურული და სოციალური ჩვეულებები, წარმოდგენები ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ართულებს. აღნიშნავს, რომ აქტივისტური საქმიანობის დასაწყისში, როცა აქტიურად მუშაობდა ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა და ტრადიციებთან მებრძოლს უწოდებდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. 

მისი თქმით, „საზოგადოებას უნდა ვასწავლოთ, რომ ინდივიდუალური ინციატივით შეუძლია ცვლილებების საწყისი გახდეს, დამოუკიდებლად შეძლოს უკეთესობისკენ მდგომარეობის შეცვლა”. 

ქართველ-სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა, იურისტმა მარი არაქელოვამ კი აღნიშნა, რომ ხშირად პრობლემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობაც არის, რაც ცვლილებების მოტანას ართულებს. 

„ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გამოწვევაა და ის ადამიანებიც კი, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიმღებად გვევლინებიან, აქტიურები არ არიან, არსებული გამოწვევების შესახებ ღიად ვერ საუბრობენ. გარდა ამისა, აუცილებელია ინტეგრაციაზე მუშაობა და არა ასიმილაციაზე“, — აღნიშნავს მარი არაქელოვა და ამბობს, რომ აუცილებელია მედიამ, საზოგადოებამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით კი არ ჩართოს პროცესებში, რაც უმცირესობებს პირდაპირ ეხება — მრავალი ადამიანი მოიძებნება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალია და აუცილებელია მათი სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ მოწვევა“. 

თანასწორობა 17-ის დამფუძნებელი, ლგბტქი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სესიის კიდევ ერთი მონაწილე იყო. მან ლგბტქი ადამიანების ხილვადობისა და უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ჰომო, ბი და ტრანსფობიას ერთი საერთო საფუძველი, მიზოგინია აქვს და ადამიანებს დომინანტური, პატრიარქალური საზოგადოების ხისტი წესებისგან გადახვევისთვის სჯიან, რაც დომინანტურ ჯგუფს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება“. 

ნინო ბოლქვაძემ ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების და იმ საშიში მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა, როცა ქვიარ ადამიანების ხილვადობა იზრდება, თუმცა ამას უფლებების დაცვის გარანტიები არ სდევს თან. 

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ხილვადობას მივაღწიეთ, თუმცა უფლებებს ნაკლებად, რაც სახიფათო მდგომარეობაა. ქვიარ ადამიანებთან ასოცირებული ნიშნებით ადამიანების ამოცნობა უფრო მარტივი გახდა, თუმცა დაცვის სათანადო გარანტიები არ არსებობს და არც ნება. მეტიც, 2021 წლის 5 ივლისს, შსს ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებაში იყო ჩართული. აუცილებელია, თემთან შეთანხმებით მოხდეს იმის განსაზღვრა, რა საჭიროებები არსებობს, არ უნდა ხდებოდეს ინსტრუმენტალიზება,ამასთან, აუცილებელია გამოძიება და არა მხოლოდ კერძო პირებს შორის მომხდარი დანაშაულების. ლგბტქი თემი უნდა იყოს მობილიზებული, ჩართული საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში, ეს განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია“, — აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა მინდიაშვილმა კი ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ზოგადად თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ეკლესიის გავლენა შეაფასა. მისი თქმით, ეკლესიაში მთავარი პრობლემა ქრისტიანული წესების არმოყოლაა და ეკლესია ქრისტიანულ წესრიგს, რომ ემორჩილებოდეს, თანასწორობა ბევრად იოლად მისაღწევი იქნებოდა, მაგრამ „ყველაზე დიდი პატრიარქალური ორგანიზმის, მხოლოდ ქალის კი არა, არამედ ზოგადად ადამიანის სიძულვილისკენ მიმართული ინსტიტუტის მისამართით კრიტიკა ყველაზე ნაკლებად ისმის, მათ შორის, ფემინისტების მხრიდან“. 

კონფერენციის დასკვნითი სესიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს საერთო ჩაგვრები გვაერთიანებს, რომლის სათავეშიც დომინანტური ჯგუფი დგას, ამიტომ ურთიერთსოლიდარობა და გამოწვევების საპასუხოდ გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის შემოდგომიდან აქტიურად ამუშავდება და მისი წევრობა, დისკუსიებში მონაწილეობა, ქალთა უფლებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარება თუ ადგილობრივ დონეზე ლიდერის როლის შესრულება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, რომელიც თვლის, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყნის უკეთეხ მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

სლოვენიაში ქორწინების თანასწორობა მიიღწა

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირ სქესიანი წყვილების ქორწინება და შვილად აყვანა ლეგალურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი, რომელიც ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ანიჭებდა წინააღმდეგობაშია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან.

სასამართლომ ეროვნულ ასამბლეას შესაბამისი კანონის ჩასწორებისთვის 6-თვიანი ვადა მისცა და ქორწინება განისაზღვრა როგორც „ორ ადამიანს შორის კავშირი მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა“. ამასთან, ერთანირ სქესიან წყვილებს, რომლებიც სამოქალაქო პარტნიორობაში არიან, შვილის აყვანის შესაძლებლობაც ექნებათ.

აქამდე, სლოვენიის მოქალაქე ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება შეეძლოთ, რაც გარკვეულ უფლებებს ანიჭებდათ, თუმცა არა ყველა იმ უფლებას, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს ჰქონდათ.

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც, შვილად აყვანასთან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ შევა ძალაში, თუმცა პასუხისმგებელი უწყებები ვალდებულნი იქნებიან დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონის გათვალისწინებით, წყვილებს შვილად აყვანის რიგში დარეგისტრირების თანაბარი შესაძლებლობა მიანიჭონ.

სლოვენია ევროკავშირის წევრი მე-16 ქვეყანა და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.

წყარო: Total Slovenia News

ემა კორინი პირველი არაბინარული ადამიანია, რომელიც ამერიკული Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

The Crown-ის ვარსკვლავი, მსახიობი ემა კორინი პირველი არაბინარული იდენტობის ადამიანი გახდა, რომელიც მოდის ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის — Vogue-ის ამერიკული გამოცემის ყდაზე გამოჩნდა.

James Hawkesworth / Vogue

კორინი ჟურნალის აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი გახდა და გამოცემასთან საკუთარ იდენტობასა და ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„თავს უფრო ხილულად ვგრძნობ, როცა ჩემთან მიმართებაში ნაცვალსახელ they/them-ს იყენებენ, თუმცა მეგობრები she ნაცვალსახელსაც იყენებენ, რაც არ მადარდებს, რადგან ისინი მიცნობენ… გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებით კომპლექსური თვითძიების პროცესში ვარ და ამავდროულად, ბიჭს ვხვდები? ეს რთულად აღსაქმელია მაშინაც კი, როცა ძალიან ბედნიერი ვარ“, — ამბობს ემა და აღნიშნავს, რომ „ადამიანები მოსწონს“ და არა იარლიყები.

გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებული პროგრესი ნელია და დამატებით ნაბიჯებს საჭიროებს — ევროსაბჭოს ანგარიში

7 ივლისს, ევროსაბჭომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გენდერის სამართლებრივი აღიარების მიმართულებით ევროპის სახელმწიფოებში მიღწეულ შედეგებს აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „პროგრესი ნელია და დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“, ამასთან ახსნილია, რომ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, საზოგადოებას, ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ გენდერის სამართლებრივ აღიარებას მათზე გავლენა არ აქვს და მოზარდის ინტერესები უპირატესია.

აღნიშნული ანგარიში 2010 წელს გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის 10-წლიან გზას აფასებს და აღნიშნულია, რომ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა.

„ევროსაბჭოს 38 წევრ ქვეყანას სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პროცედურები აქვს, რაც გენდერის სამართლებრივი აღიარების შესაძლებლობას იძლევა, 9 მათგანს კი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული სისტემა აქვს. თუმცა, ქვეყნების ნაწილში გამართული პროცედურები არ არსებობს, ზოგიერთმა კი უკვე არსებული გარანტიების შეზღუდვით გენდერის სამართლებრივი აღიარება შეუძლებელი გახადა. ეს მდგომარეობა ტრანსგენდერ, ინტერსექს და არაბინარულ ადამიანებს ისეთი დოკუმენტების ქონას აიძულებს, რომელიც მათ დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაშე მეტად მოწყვლადს ხდის. ყოველივეს ზურგს უმაგრებს ზოგიერთ ქვეყანაში ტრასნგენდერი ადამიანების უფლებების საწინააღმდეგო მოსაზრებების გააქტიურება და საზოგადოების ნაკლებად ინფორმირება მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ევროსაბჭოს 26 წევრ ქვეყანაში სამედიცინო დიაგნოზი გენდერის სამართლებრივი აღიარების წინაპირობაა, 13 სახელმწიფო კი სტერილიზაციას ითხოვს“, — ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

ანგარიში საზიანო სამედიცინო წინაპირობების უარყოფისა და გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსიის (მათ შორის, მოზარდთა ინტერესებთან დაკავშირებით) გააქტიურების რეკომენდაციას იძლევა.

სოგის ნიშნით დანაშაულების დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი 3 წლით გახანგრძლივდა

7 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სოგის (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელ ექსპერტს მანდატი 3  წლით გაუხანგრძლივა.

გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრაში რეზოლუციას 23 მხარდამჭერი ჰყავდა, 17 — წინააღმდეგი, 7-მა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

მანდატის გახანგრძლივების მხარდამჭერ კამპანიაში 1256 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, რასაც ადამიანის უფლებათა საბჭოს ისტორიული რეზოლუცია მოჰყვა, რომელშიც მკაფიოდ არის დაგმობილი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირისა და განსხვავებული გენდერული იდენტობების კრიმინალიზება. რეზოლუცია სახელმწიფოებს დისკრიმინაციული კანონმდებლობის შეცვლისა და სოგის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი 2016 წლიდან არსებობს და 2019 წელს ვადის გახანგრძლივება პირველად შედგა. აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც  დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის შექმნას, შემდგომში კი ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, სულ უფრო მზარდი მხარდაჭერა აქვს.

დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების იმპლემენტაციას აფასებს, რასაც წევრ სახელმწიფოებთან პირდაპირ საუბრით, ასევე გაეროსა და სხვა რეგიონული მექანიზმების ჩართულობით ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტების აღწერით ახორციელებს.

ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენება — დემნას სასიყვარულო წერილი საყვარელ კაცსა და მოდას

6 ივლისს, ბალენსიაგამ 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მაღალი მოდის (haute Couture) კოლექცია წარადგინა. მოდის სახლის ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ ბალენსიაგაში მაღალი მოდის ჩვენება 2021 წელს, 53-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა, წელს კი კიდევ უფრო ამაღელვებელი სანახაობით დაბრუნდა.

მაღალი მოდის ჩვენება ხელოვნური ინტელექტის მიერ წაკითხული სასიყვარულო წერილით დაიწყო, მოდელების სტილი კი მომავლის დისტოპიური წარმოდგენებს ასახავდა. დემნას თქმით, მისი წარმოდგენით ეს კოლექცია „მომავლიდან წარსულამდე გადებული ხიდია“, ამიტომ ჩვენება ამრეკლავი ნიღბებით, გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ჩაცმულობით, სხეულზე მჭიდროდ მორგებული სამოსით, სამუშაო იარაღების ყუთის შთაგონებით შექმნილი ჩანთებითა და ყოველდღიური მოდის ნიმუშების მაღალი მოდის მოგრძნობელობის ჩვენებით დაიწყო, რაც დახვეწილი ქსოვილებით, მასობრივი კაბებით, მინიმალური მაკიაჟით გაგრძელდა და კრისტობალ ბალენსიაგას დროინდელი კოლექციების გავლენა დემნას მზერით დაგვანახა.

„წელს გადავწყვიტე, რომ კოლექციაში ჩემი თავი მეტად წარმომეჩინა და ერთგვარად ახალი მომავალი მეძებნა… მივხვდი, რომ კუტიური ის ერთადერთი რამეა, რისი კეთებაც მიყვარს და მინდა, ვაკეთო. და გარკვეულწილად, ეს სასიყვარულო წერილია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს, ასევე ჩემი სამსახურის, ხელოვნების მიმართ, რომელსაც ვემსახურები“, — აღნიშნა დემნამ.

ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენება ვარსკვლავებით იყო დახუნძლული, შეკრებილმა აუდიტორიამ ისეთი ცნობილი სახეები იხილა, როგორიც ნიკოლ კიდმანი, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი, ნაომი კემპბელი და ბელა ჰადიდი არიან. ჩვენებას მუსიკალურ გაფორმებაზე დემნას პარტნიორმა, ლოიკ გომეზმა (სასცენო სახელი BFRND) იზრუნა.

მოდის გამოცემა Tatler-მა ჩვენებასთან დაკავშირებით დაწერა — „გაბედული, ლამაზი, და წესების დამმკვიდრებელი. ეს ბალენსიაგას სამყაროა და ჩვენ უბრალოდ მასში ვხოვრობთ“.

Vogue-მა კი მოდის მოყვარულებს აცნობა — „კიდევ ერთხელ მოგესალმებით დემნას მოდის მულტივერსის მღელვარე დისტოპიაში“.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ქვიარ ახალგაზრდების ფოტოებით მოყოლილი გამოცდილებები

პაულო გარემოსდაცვით აქტივიზმშია ჩართული და რამდენიმე მეგობართან ერთად რადიო გადაცემა Radio Floresta-ზე მუშაობს. გადაცემა ქალაქ კარეიროს მიმდებარე ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.


ლიონსმა მუშაობა კასა დო რიოში დაიწყო, ახალგაზრდობის ცენტრში, რომელიც ამაზონის ტროპიკული ტყეების შუაგულში, ბრაზილიაში მდებარეობს. ეს სათემო ორგანიზაცია თინეიჯერებისა და ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების მხარდამჭერია.



 

ლიონსი ქვიარ და ტრანსგენდერ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც იმედსა და ტრადიციებით, მემკვიდრეობის ტვირთით განპირობებულ იმედგაცრუებას შორის არიან გახლეჩილნი და უჭირთ, საკუთარი განსხვავებები გარემოს შეუსაბამონ. მან ახალგაზრდებს პორტრეტების გადაღება შესთავაზა და ადგილების, ჩასაცმელისა და პოზის შერჩევა მიანდო, რათა პროცესი კოლაბორაციად ექცია.


 

„ფოტოგრაფიული წიგნის სახელი ამაზონელი პოეტის, ტიაგო დე მელოს ლექსის — როგორც მდინარე — შთაგონებით ავირჩიე, რომელიც ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა კოლაბორატორმა აღმომაჩენინა. მან მითხრა: ‘ამაზონის პატარა მდინარესავით ვართ და დროა ოკეანეს შევუერთდეთ, დროა მსოფლიომ გაგვიცნოს“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.


 

წყარო: The Guardian
ფოტოგრაფი: დენიელ ჯეკ ლიონსი

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3 ადამიანს — გიორგი ოძელაშვილს, გიორგი ელიზბარაშვილსა და ალიკა ალაზოვს განაჩენი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით ბინაში უნებართვოდ შეჭრისთვის გამოუტანა და 5 ათასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც… გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს“, — წერს მარიამ კვარაცხელია პირად ფეისბუკის გვერდზე.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებზე შეტევა მიიტანეს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის არაერთმა მონაწილემ Tbilisi Pride-ის ოფისიც დაარბია, თუმცა ბრალი მხოლოდ 3  ადამიანს წარუდგინეს. ამასთან, ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორები  ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგაც კი არ არიან დასჯილი.