ივლისი 2022

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ჰაფზილი 22 თებერვალს, ნათესავმა ამრულა გულალიევმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გულალიევმა სასამართლოს განუცხადა – “ვუთხარი, რომ ამ გზიდან [ჰაფიზლი ღიად გეი იყო] გადაეხვია, რაზეც მიპასუხა – “ეს ჩემი ცხოვრებაა, წადი და შენ საქმეს მიხედე”. სამზარეულოდან დანა ავიღე და თავს დავესხი”.

აზერბაიჯანის კანონმდებლობა მკვლელობაში ბრალდებულებისთვის 9-14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისას კი სასჯელი 14-20 წლამდეა

ქვიარ აქტივისტის მკვლელობის გარემოებების გათვალისწინებით, აქტივისტები გულალიევისთვის მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა ოფიციალური უწყებები კამპანიაში ჩართულ ადამიანებსა და მედიას სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ავაზ ჰაფიზლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი ლგბტქი აქტივისტი იყო, რომელიც ოფიციალური უწყებების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფო შესაძლოა დაიხუროს

პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე არიან. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების ლიდერმა, კოკა მორგორშიამ ტელეკომპანია პირველთან საუბრისას გააჟღერა.

კოკა მორგოშიას თქმით, „[დახურვის] საშიშროება ყოველთვის არის, ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი” და თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა „ამ წუთას პრობლემაა”, თუმცა იმედი აქვთ, რომ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებენ.

კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა ისიც თქვა, რომ შეიძლება რამდენიმე რაიონში ოფისები დახურონ, მაგრამ დატოვებენ დიდ ოფისებს, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

გუშინ, პრორუსული დაჯგუფების კიდევ ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ალტ-ინფოს ეთერში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ალტ-ინფო დახურვის საფრთხის ქვეშაა“, რაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებების, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმისა და 2 ივლისს ჩატარებული „გრანდიოზული“ აქციის ჩატარების შედეგად დამდგარი ფინანსური პრობლემებით ახსნა. ძალადობრივმა დაჯგუფებამ ხალხს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.

მაქვს ძალა, რომ თავი დავიცვა და საკუთარი აზრი დავაფიქსირო — ლუკა აბლოთია

ლუკა აბლოთია 17 წლის ქვიარ მოზარდია აფხაზეთიდან. საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, იქამდე კი საკუთარი თავის მიღების გზა გაიარა, რომელიც საქართველოში დაიწყო, შემდეგ კი საფრანგეთში ცხოვრებით გაგრძელდა. სწორედ საფრანგეთში ცხოვრებისას მიხვდა, რომ უცხო ქვეყანაში მოხვედრამ, გარემოსთან შეგუების სირთულემ, სხვების მიმართ ჰომოფობიური განწყობა განაპირობა, თუმცა საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანებისა და გარშემომყოფების მხარდაჭერამ საკუთარი თავის მიღება გაუიოლა და დღეს, როცა უკვე საქართველოში ცხოვრობს, იცის, რომ სამომავლოდ გარემოს შეცვლაში მონაწილეობა, თანასწორი ქვეყნის შენება უნდა.

17 წლის მოზარდი საკუთარ გამოცდილებაზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.


მცირე ასაკში აღმოჩენილი იდენტობა

საკუთარი ორიენტაციის შესახებ მცირე ასაკიდან ვიცოდი. ბავშვობაში ეს სხვა ბიჭებისგან განსხვავებული ინტერესებით ვლინდებოდა, მაგალითად, არ მომწონდა ის თამაშები, რომლებიც სხვებს. მოგვიანებით, თვითგამოხატვა პირსინგით, საყურით თუ სხვა ნიშნით მინდოდა, მაგრამ ვერ ვამბობდი და ამან სხვა ადამიანების ჩაგვრამდე მიმიყვანა. დავცინოდი ადამიანებს, რომელთაც, ვთქვათ, საყურე ეკეთათ, ჰომოფობიც ვიყავი, თუმცა ეგ პერიოდიც უკან მოვიტოვე.

ჰომოფობია, როგორც თავდაცვის მექანიზმი და საკუთარი თავის მიღება

ბავშვობა საქართველოში გავატარე და თინეიჯერობის პერიოდში, მშობლებთან ერთად, ემიგრაციაში, საფრანგეთში ვცხოვრობდი. ჰომოფობიური განწყობა საფრანგეთში ცხოვრების პერიოდს დაემთხვა — დაახლოებით 11-13 წლის ასაკს, 14-15 წლის ასაკიდან უკვე საკუთარი თავიც მივიღე და ქამინგაუთიც გავაკეთე.

როცა საფრანგეთში ჩავედი და დავინახე, რომ მიმღებლობა იყო, სკოლაში დავიწყე სიარული, სადაც უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი ვნახე, ეს ყველაფერი შიშისმომგვრელი იყო. ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ერთადერთი მოზარდი, რომელსაც არ შეეძლო ყოფილიყო ის, ვინც უნდოდა. სწორედ მაგის გაცნობიერებამ განაპირობა ჩემი ჰომოფობიური განწყობა, ეს ერთგვარ თავდაცვის მექანიზმად მექცა.

მაგ პერიოდში ევროპული განათლების სისტემა — სკოლის ფსიქოლოგი, დირექტორი, მასწავლებლები და, ზოგადად, საზოგადოება, გვერდში მედგნენ მეც და სხვა მოზარდებსაც. ამასთან, აქტიურად ვადევნებდი თვალს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ლგბტქი ორგანიზაციას. თავიდან უარყოფითად ვიყავი განწყობილი, თუმცა ინტერნეტმა და  ადამიანების მხარდაჭერამ ჩემი წარმოდგენები შეცვალა.

საკუთარ თავთან და გარემოსთან ბრძოლა მუდმივად მიწევდა და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს — ერთხელ ვცხოვრობ და სჯობს, გავაკეთო რაღაც ისეთი, რაც ქვიარ ადამიანებისთვის, სხვა მოზარდებისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. 

ქამინგაუთი

პირველი ქამინგაუთი დასთან და მის მეგობართან გავაკეთე, საპასუხოდ კარგი რეაქცია დამხვდა, ამის შემდეგ მშობლებთან ლაპარაკი გადავწყვიტე. თავდაპირველად, ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. პრინციპული ადამიანი ვარ და ვიცოდი, რომ მათთან ღიად საუბარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ამიტომ არ გავჩერდი და მუდმივი საუბრის შედეგად, ისე მოხდა, რომ დედა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, მამას ჯერ კიდევ აქვს პრობლემა. სხვა ადამიანები და ახლობლები ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ, რაღაც კომენტარებს აკეთებდნენ, თუმცა მათი აზრი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ვცხოვრობ, შიში არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი დედაა და მას სწერენ, აწუხებენ და არ მინდა, ინერვიულოს. თუ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არავინ აწუხებს, მე მაქვს ძალა, რომ თავი დავიცვა და საკუთარი აზრი დავაფიქსირო. თანაც, როცა მყარი პოზიცია გაქვს, ვეღარ ბედავენ, რომ საკუთარი აზრი თავს მოგახვიონ ან რაიმეზე მიგითითონ.

სკოლის გარემო და ახალგაზრდები, რომლებიც ბევრად მიმღებლები არიან

მასწავლებლებშიც გამიმართლა, გარდა იმისა, რომ მათი მხრიდან ჰომოფობიური განცხადებები არასდროს გამიგია, დიდი ნაწილი ჩაგრულ ადამიანებსაც მხარს უჭერს, თუმცა ღიად მაინც ვერ საუბრობენ, რადგან სკოლაში მკაფიო მხარდაჭერა გარკვეულ რისკებს შეიცავს და შეიძლება, პრობლემებიც შეექმნათ.

ჩემი დაკვირვებით, ახალგაზრდები ბევრად მიმღებლები არიან და განსხვავებულ აზრსაც ისმენენ, თუმცა, ხშირად, სკოლა და გარემო საკმარის ცოდნას არ გვიზიარებს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ლგბტქი ადამიანების საწინააღმდეგო აზრები მითებით, ცოდნის ნაკლებობით არის გამოწვეული. ჩემი მეგობრების, ახლო ადამიანების დიდი ნაწილი მხარდაჭერას ღიად აფიქსირებს. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ჩემთან ურთიერთობამ, რეგიონში საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარმა რაღაცები შეცვალა და ჩემმა თანატოლებმაც ბევრად ღიად დაიწყეს საკუთარი აზრის დაფიქსირება. მას შემდეგ, რაც სკოლაში ღიად ვისაუბრე ორიენტაციაზე, სხვა მოსწავლემაც გაბედა, რომ ქამინგაუთი გაეკეთებინა. მისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერა, მიმღებლობა დაენახა.

სამომავლო გეგმები, რომლებიც ლგბტქი აქტივიზმს უკავშირდება

ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება, თუმცა შეიძლება განათლება საზღვარგარეთ მივიღო. ყველაზე აქტიურად იმაზე მეფიქრება, რომ გარემოს შეცვლაში მონაწილეობა მინდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ქვიარ აქტივისტი გავხდე და ამ მიმართულებით რაიმე ღირებული ვქნა. 5-6 ივლისის მოვლენებმა ამ გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, რადგან ვხედავდი ქუჩაში გამოსულ მოძალადეებს, რომლებიც ჟურნალისტებსა და აქტივისტებს თავს ესხმოდნენ და პოლიციამ მათ დასაცავად არაფერი გააკეთა. ამ მომენტიდან ზუსტად ვიცი, რომ აქტივიზმში უნდა ჩავერთო და რაიმე მაინც შევცვალო. პროფესიული მიზნები ჟურნალისტიკას უკავშირდება, რადგან ვთვლი, რომ ეს ბერკეტს მომცემს, ღიად ვისაუბრო ჩემთვის მნიშვნელოვან თემებზე.

რჩევა ქვიარ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს

სხვა ქვიარ მოზარდებს ვურჩევ, რომ შეაფასონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, თუ მხარდაჭერის ან ოჯახისგან მიღების მოლოდინი არ აქვთ, სანამ მყარი გარანტიები, დამოუკიდებლობა არ ექნებათ, ქამინგაუთისგან თავი შეიკავონ. მთავარი მათი უსაფრთხოებაა. გარდა ამისა, ყველა მოზარდს ვეტყვი, რომ ჰომოფობია არასდროს არის ჭკვიანური არჩევანი, რადგან ის თვითონ აგრესიულად განწყობილ ადამიანსაც ანადგურებს. ამასთან, მუდმივად იფიქრონ განათლების მიღებაზე, სხვადასხვა საკითხში მეტად გარკვევაზე, რაც მიმღებლობას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.

როცა შვილს აჩენ, მისი უპირობოდ სიყვარულის, აღზრდის პასუხისმგებლობას იღებ, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვიბადებით და მშობლების მხარდაჭერა ჩვენს მომავალს დიდწილად განსაზღვრავს კიდეც. მაინც მჯერა, რომ იმ მშობლებსაც კი, რომლებიც მოზარდ შვილებს სახლიდან აგდებენ, უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ წნეხის გამო იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრონ, ვინ არის ყველაზე მთავარი და სხვების მოსაზრებების გამო, არ გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი შვილების მიმართ დამოკიდებულება.

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ფარული კენჭისყრის შედეგად მიანიჭა.

„დღეს კანონის თანასწორობას ვაძლევთ ხმას, რომელიც ყველას გვაერთიანებს, თანამედროვე ქვეყნის კანონს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს — ოჯახს შეეხება და მის მრავალფეროვნებას ითვალისწინებს“, — აღნიშნა კარლს ენსენატმა, დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა.

ანოდრაში ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება 2014 წლიდან შეეძლოთ, ქორწინების თანასწორობის საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტმა პირველად 2020 წელს განიხილა, თუმცა კანონის მიღებას ათი უშედეგო მცდელობა უძღოდა წინ.

ახალი კანონის მიხედვით სამოქალაქო პარტნიორობასა და ქორწინებას შორის განსხვავება აღარ აღმოიფხვრება და ორი სხვადასხვა ცნების ნაცვლად სამოქალაქო ქორწინება იარსებებს.

გარდა ამისა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ტრანსგენდერი ადამიანები ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და გენდერის მარკერის შეცვლას სამედიცინო პროცედურების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეძლებენ.

წყარო: LGBTQ Nation

ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები აივ-პრევენციის ახალ საშუალებაზე ფასის შემცირებას ითხოვენ

ნობელის ლაურეატები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები თუ ვარსკვლავები ბრიტანულ ფარმაკოლოგიურ კომპანიას მოუწოდებენ, რომ ახალი, აქამდე არსებულ საშუალებებზე ბევრად ეფექტური აივ-ვირუსის პრევენციის ინტრავენური მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახადოს, რათა დაბალშემოსავლიან ქვეყნებშიც აქტიურად გავრცელდეს.

მსოფლიოს წამყვანი ფიგურების — ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ჯოზეფ სტიგლიცის, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ჰელენ კლარკის, მალავის ყოფილი პრეზიდენტის, ჯოის ბანდას, მომღერლების ოლი ალექსანდერისა და ადამ ლამბერტის, მსახიობების დევიდ ოიელოვოსა და სტივენ ფრაის, ასევე Unaids-ის აღამსრულებელი დირექტორის, ვინი ბიანიმას მიერ ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ cabotegravir-ის აივ-შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლის გადამწყვეტი ეფექტი მაღალი ფასის გამო შეიზღუდება და ის მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების პრივილეგია იქნება, თუ მწარმოებელი კომპანია ViiV Healthcare ფასს არ შეამცირებს.

„სიცოცხლის გადარჩენის დამხმარე სამეცნიერო გამოგონებაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის პასპორტზე და ჯიბეში ფულზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, — ნათქვამია წერილში.

ახალი ინტრავენური პრევენციის საშუალების გავრცელება აშშ-ში 2021 წლის დეკემბერში დაიწყო, სულ რაღაც ერთ თვეში კი მის გამოყენებაზე ნებართვა დიდმა ბრიტანეთმაც გასცა. ხანგრძლივი ეფექტის მქონე მედიკამენტს ინტრავენური გზით რამდენიმე თვეში ერთხელ იღებენ, რაც პრევენციის ახლანდელ საშუალებაზე PReP-ზე ბევრად პრაქტიკული და ეფექტურია, თუმცა ბევრად უფრო ძვირი. ამასთან, ახალი პრევენციის საშუალება „შეიძლება მხსნელად მოევლინოს უამრავ ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდა ქალებს, რომელთაც ყოველდღიური საშუალებების მიღების შიში სტიგმის გამო აქვთ, გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც მუდმივი ჩაგვრისა და თავდასხმის სამიზნე არიან ან სექს-სამუშაოში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც ბევრად ეფექტურ და მოსახერხებელ საშუალებას ეძებენ“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აივ-დადებითი ადამიანების ⅔ აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობს და 2020 წელს, აივ-ვირუსთან დაკავშირებული გართულებებით გარდაცვლილთა 67% (460 ათასი ადამიანი) სწორედ აღნიშნულ კონტინენტზე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდა, კოვიდ პანდემიამ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება, დიაგნოსტირება და მკურნალობა გაართულა. აივ-პრევენციის საშუალებების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აფრიკის კონტინენტზე და იმ ქვეყნებშია, რომლებიც დაბალშემოსავლიანია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი, ინტრავენური მედიკამენტის ფასი პრობლემად კიდევ დიდხანს დარჩება, რისი მიზეზიც cabotegravir-ის წარმოების კომპლექსური პროცესია.

ViiV-მა პირობა დადო, რომ სანამ წარმოების პროცესი გაიოლდება, მედიკამენტს არაკომერციულ ფასში მიაწვდიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებში არსებული პრევენციის მიმართულებით მომუშავე პროგრამებსა და ორგანიზაციებს, თუმცა შიშობენ, რომ ბევრი ქვეყნისთვის ახალი მედიკამენტი ამ შემთხვევაშიც კი ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება.

წყარო: The Guardian

ლეიდი გაგას ბოლო ალბომის, Chromatica-ს საკონცერტო ტურნე დაიწყო

გასულ კვირას, 17 ივლისს დიუსელდორფში ლეიდი გაგას 60 000-ზე მეტი ფანი შეიკრიბა პოპ ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად.

ეს ლეიდი გაგას პირველი მსოფლიო ტურნეა 2018 წლის შემდეგ, მომღერალმა ბოლო ალბომი Chromatica 2020 წელს გამოუშვა, თუმცა კოვიდ პანდემიის და რეგულაციების გამო 2022 წლამდე ვერ მოახერხა მსოფლიო ტურნეს გამართვა.

კონცერტის დაწყებამდე მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მისი ბოლო ალბომი და საკონცერტო ტურნე ერთგვარი დემონსტრაციაა თავისი ტკივილის.

„დღეს თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ტკივილისგან განვთავისუფლდი და ეს შეგრძნება, რომ ტკივილის გარეშე იდგე სცენაზე ნამდვილად საოცარია, შემიძლია ვიცეკვო, ვიმყერო და ბედნიერი ვიყო ჩემს ფანებთან ერთად, ვისიამოვნო შოუთი და მოვყვე ისტორია“.

ფანები, რომლებიც პირველ შოუს დაესწრნენ, ამბობენ, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობა იყო, ბევრი მათგანის შეფასებით, Chromatica წარმოშობით იტალიელი ვარსკვლავის, სტეფანი ჯერმანოტას პირველი ალბომია, სადაც ის არ გაურბის თავის ალტერ ეგოს, ლეიდი გაგას.

https://twitter.com/ninaaa321/status/1548804971948376064

 

შოუზე მომღერალმა 20 სიმღერა შეასრულა, თავისი ცნობილი ჰიტები და ცხრა სიმღერა ახალი ალბომიდან.

Chromatica Ball-ის შემდეგი შოუ სტოკჰოლმში გაიმართება 21 ივლისს. კონცერტები ასევე გაიმართება საფრანგეთში და ნიდერლანდებში.

მომღერალი ტურნეს ფარგლებში ლონდონსაც ეწვევა და საბოლოოდ ტურნე ამერიკის და კანადის შოუებით დასრულდება.

 

 

ლიბანის ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მარგინალიზებულ ჯგუფებს ესხმის თავს

ნურს ლიბანში თავი ბოლომდე დაცულად არასდროს უგრძნია, მაგრამ გასულ რამდენიმე წელში, 25 წლის აფთიაქარმა ბეირუთიდან თავდაცვის მდგომარეობა მცირედით უკან მოიტოვა და ლგბტქი-მეგობრულ სივრცეებში მეგობრებთან შეხვედრა დაიწყო, მეტიც, დრეგ შოუებზე გამოსვლაც გადაწყვიტა.

ახლა სახლში დარჩენას ამჯობინებს, რადგან უსაფრთხოება ისეთი სათუო გახდა, როგორც არასდროს. ამის მიზეზი გასულ თვეს ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომ ჩაეშალა ყველა ღონისძიება, რომელიც „სექსუალური გადახრის პროპაგანდას“ ეწეოდა, რასაც სიძულვილის ენის გაბატონება მოჰყვა.

აღნიშნული ქმედება ბევრად მასშტაბური წინააღმდეგობის ნაწილია, რომელიც მარგინალიზებული ადამიანებისკენ არის მიმართული და აქტივისტების თქმით, მიზნად ისახავს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის თემებისგან ყურადღების გადატანას, რამაც პოპულაციის ¾ სიღარიბემდე მიიყვანა.

ერთ დროს საშუალო შემოსავლის ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი ინფლაციით მოტანილ გამოწვევებს, ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვას, სამედიცინო საშუალებების დანაკლისს უმკლავდება, ათიათასობით ადამიანმა კი ქვეყანა უკეთესი მომავლის იმედით დატოვა.

„თითქოს უნდოდათ, ადამიანების ყურადღება გადაეტანათ ყველა მიმდინარე ამბისგან და მათი ფოკუსი ამ პოპულისტური იდეისკენ მიემართათ“, — ამბობს ნური, რომელიც მეტსახელის გამოყენებას ამჯობინებს, რადგან ოჯახმა მისი ორიენტაციის შესახებ არ იცის.

სახელმწიფო უსაფრთხოების დანაყოფებმა ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებაზე მიიტანეს იერიში და ორგანიზატორები იძულებული გახადეს, რომ დაგეგმილი აქტივობები გაეუქმებინათ. ისინი Helem-ს, ქვეყნის პირველ ადვოკატირების ჯგუფსაც ეწვივნენ და სარეგისტრაციო დოკუმენტები და სხვა სახის დოკუმენტები მოითხოვეს.

ხელისუფლების ლგბტქი მოქალაქეებზე მიტანილ იერიშს რელიგიური წრის წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ლგბტქი ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ისინი არღვევენ საზოგადოების წარმოდგენებსა და ტრადიციებს და წინააღმდეგობაში არიან რელიგიურ სწავლებასთან“.

Helem-ის დირექტორის ტარეკ ზიდანის თქმით, ხელისუფლების ქმედებები „ლიბანელების ერთმანეთთან დაპირისპირებას იწვევს. ნათელია, რომ ამ გზით მორალური პანიკის დათესვა უნდოდათ, რათა ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური კატასტროფისგან ყურადღება გადაეტანათ“.

ლიბანში ეკონომიკური კრიზისი 2019 წლიდან მწვავდება და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს ყველაზე უარესია მათ შორის, რაც მსოფლიოს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან უნახავს. ლიბანური ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებით 90%-ით გაუარესდა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საწვავზე, გაზზე, ჯანდაცვის სერვისებზე და საკვებზე ხელმისაწვდომობის ფასად დაუჯდა.

მოქალაქეები და ექსპერტები კრიზისს ცუდ ფინანსურ მენეჯმენტსა და კორუფციას აბრალებენ, რასაც ლიბანის მმართველი ელიტის ბრალეულობად მიიჩნევენ.

მაისში, როცა ახლადარჩეულმა კანონმდებლებმა და ადვოკაციის ჯგუფებმა სამოქალაქო ქორწინების შესახებ აქტიურად საუბარი დაიწყეს, რელიგიურმა ლიდერებმა რელიგიურ წესრიგთან შეუსაბამობის გამო პროტესტი წამოიწყეს.

ლიბანში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ჯერ კიდევ კორონავირუსის ლოქდაუნისას კომიკოსი, შადენ ფაკი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგა მას შემდეგ, რაც მან სკეტჩში ქვეყნის პოლიცია გააკრიტიკა, რადგან ჰიგიენური საფენების შესაძენად გარეთ გასვლის უფლება არ მისცეს.

ივლისის დასაწყისში კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის ქვეყანაში მიბრუნების რისკებს ქმნის.

„ხელისუფლება ყურს იყრუებს კორუფციის, წამების, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე და ამის საპირწონედ რელიგიური ჯგუფებისა და ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების მხრიდან მარგინალიზებულ ჯგუფებზე თავდასხმას დაუყოვნებლივ მხარს უჭერს“, — აღნიშნავს აია მაჯუბი, Human Rights Watch-ის მკვლევარი ლიბანიდან.

მწვავდება დაპირისპირება მოქალაქეების ნაწილსა და რელიგიურ ჯგუფებს შორისაც.

ერთ-ერთ რეგიონში, სადაც რელიგიური წესრიგი განსაკუთრებით ხელშესახებია, პრაიდის თვის მხარდამჭერი ბილბორდები ჩამოხიეს. სხვა რეგიონში ძალადობრივად დაგმეს ლგბტქი ღონისძიებები, რელიგიურმა ლიდერებმა კი ბულინგისა და ძალადობის მიუხედავად აგრესიული ჯგუფებს მხარი დაუჭირეს.

დისკრიმინაციასთან და შეურაცხყოფებთან მუდმივი ბრძოლის მიუხედავად, ლიბანი ლგბტქი თემი არაბულ სამყაროში ყველაზე ძლიერი და ხილვადია. ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, მაგრამ მაინც მუშაობს არაერთი ლგბტქი ორგანიზაცია, ბარები და კლუბები კი უსაფრთხო სივრცეების შექმნას ცდილობენ.

ამჟამად ნური და მისი მეგობრები ჩვეულ ადგილებში შეხვედრას თავს არიდებენ, რადგან რეიდების რისკი მაღალია.

„WhatsApp-ის ჯგუფი გვაქვს და როცა რომელიმე ჩვენგანი გარეთ გადის ერთმანეთს ვატყობინებთ, ვეუბნებით იმასაც, დაახლოებით რა დროს ვაპირებთ სახლში დაბრუნებას“, — ამბობს ნური.

ლიბანის ეკონომიკური კრიზისი კვლავ უარესდება, აქტივისტები კი შიშობენ, რომ ეს მარგინალიზებულ ჯგუფებზე იერიშს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„სრულმასშტაბიანი თავდასხმის მომსწრეები ვართ, რადგან მმართველ რეჟიმს კონტროლის დაკარგვის შიში გაუჩნდა. ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ, რომ ისინი თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნიან. თავდაპირველად ლტოლვილები იქცნენ სამიზნედ და არავის ადარდებდა. ახლა ქვიარებს ესხმიან თავს და არც ეს აინტერესებს ვინმეს“, — აღნიშნავს ზიდანი.

წყარო: AP

Emmy 2022 –  ქვიარ მსახიობები და სერიალები ნომინანტებს შორის

გასულ კვირას 2022 წლის ემის ნომინანტები დაასახელეს, რომლებიც მთავარი პრიზისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

Emmy ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოებაა, რომელიც 1948 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მას სატელევიზიო შოუების ოსკარადაც მოიხსენიებენ.

წლევანდელ მოკლე სიაში HBO-ს სერიალი Succession ლიდერობს, რომელმაც ყველაზე მეტი, 25 ნომინაცია მიიღო, მას მოყვება Apple+ ის სერიალი Ted Lasso და HBO-ს 2021 წლის სატირულ-კომედიური სერიალი The White Lotus 20 ნომინაციით.

Emmy-ის 2022 წლის დაჯილდოვება 12 სექტემბერს გაიმართება, მანამდე თვალი გადაავლეთ ნომინანტების სიას, სადაც უამრავ ქვიარ სერიალს, ქვიარ მსახიობებს და იმ მსახიობებს შეხვდებით, რომლებმაც ქვიარ პერსონაჟები განასახიერეს:

საუკეთესო კომედია

Hacks (HBO)

Only Murders in the Building

Abbot Elementary

What We Do in the Shadows

 

საუკეთესო დრამა: 

Yellowjackets

Euphoria

Stranger Things

Severance

 

საუკეთესო მინი-სერიალი

Dopesick

Inventing Anna

Pam & Tommy

The White Lotus

 

საუკეთესო სატელევიზიო ფილმი

Ray Donovan: The Movie

Zoey’s Extraordinary Christmas

 

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

რისი ვიზერსპუნი – The Morning Show

ჯოდი კომერი –  Killing Eve

სანდრა ო – Killing Eve

ზენდეია – Euphoria

 

საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალში

სარა პოლსონი – American Crime Story

 

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში

ჰანა აინბინდერი – Hacks

ქეით მაკინონ – Saturday Night Live

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში

ბოუენ იანგი – Saturday Night Live

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში

ჯონ ტარტურო – Severance

კრისტოფერ უოლკენი – Severance

 

საუკეთესო მეორეხარისხოვნი მსახიობი ქალი მინი სერიალში

კონი ბრაიტონი – The White Lotus

ჯენიფერ კულიჯი – The White Lotus

ალექსანდრა დადარიო – The White Lotus

ნატაშა როთველი – The White Lotus

სიდნი სვინი – The White Lotus

კაიტლინ დევერი – Dopesick

საუკეთესო მეორეხარისხოვნი მსახიობი მინი სერიალში

მიურეი ბარტლეტი – The White Lotus

 

საუკეთესო მოწვეული მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში

ჯეინ ლინჩი – Only Murders In The Building

 

საუკეთესო მოწვეული მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

მართა კელი – Euphoria

 

საუკეთესო მოწვეული მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში

კოლმან დომინგო – Euphoria

 

საუკეთესო რეალითი შოუ

The Amazing Race

Rupaul’s Drag Race

Watch out for the Big Grrrls

Nailed It!

 

საუკეთესო სცენარი მინი სერიალისთვის

სარა ბურგესი – Impeachment: American Crime Story

მაიკ უაითი – The White Lotus

 

საუკეთესო რეჟისურა კომედიური სერიალისთვის

ჯეიმი ბაბიტი – Only Murders In The Building

 

 

 

 

 

 

Stranger Things-ის ნოა შნაპმა დაადასტურა, რომ უილი გეია

სულ რამდენიმე კვირის წინ გიგანტურ სტრიმინგ სერვისზე, Netflix-ზე ამერიკული სერიალის, „უცნაური ამბების“ ახალი, მეოთხე სეზონის ფინალური სერიები დაემატა და ფანებში კიდევ უფრო განტმკიცდა ეჭვი, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი უილი გეია.

მსახიობმა ახალ სეზონზე და თავის პერსონაჟზე ჟურნალ Variety-სთან ისაუბრა და თქვა, რომ ეს სეზონი მისი პერსონაჟისთვის განსხვავებული იყო, რადგან მსახიობს იმდენად აღარ უწევდა ამოუხსნელ, ზებუნებრივ ძალებთან ბრძოლა, არამედ უფრო მეტად მოუწია უილის იდენტობის გარშემო მოგზაურობა.

სერიალის 17 წლის მსახიობმა ასევე დაადასტურა, რომ თავისი პერსონაჟი უილი გეია.

„ახლა, როცა უილის პერსონაჟი გაიზარდა, მათ [სერიალის შემქმნელებმა] გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი რეალობად აქციონ, 100%-ით ნათელია, რომ უილი გეია და მას აქვს რომანტიკული გრძნობები მაიკის მიმართ. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს პირდაპირ არ გაკეთებინათ და მრავალი სეზონის განმავლობაში ამზადებნენ მაყურებლებს ამისთვის“.

ფანებში ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არგაილის ფურგონით მგზავრობისას უილი მაიკთან საუბრისას ატირდა.

„ძალიან ნათელია, რომ უილს მაიკის მიმართ გრძნობები აქვს. სერიალის შემქმნელები ამ სიუჟეტურ ხაზს პირველი სეზონიდან ანვითარებდნენ და პატარ-პატარა მინიშნებებს ტოვებდნენ ყოველ სეზონში. მეოთხე სეზონში მე განვასახიერე პერსონაჟი, რომელიც შეყვარებულია თავის საუკეთესო მეგობარ ბიჭზე. მაგრამ ეშინია და არ არის დარწმუნებული, რა პასუხს მიიღებს მისგან. ის გრძნობს, რომ შეცდომაა და არ ეკუთვნის თავის სამეგობრო წრეს. უილი ყოველთვის ასე გრძნობდა. მის ყველა მეგობარს ყავს შეყვარებული გოგონა და ყველას აქვს თავისი ადგილი. უილი ვერასდროს პოულობდა თავის ადგილს. მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შეიყვარა უილის პერსონაჟი უამრავმა ადამიანმა. ისინი მსგავსებას პოულობენ მასთან, რადგან ის ძალიან რეალური პერსონაჟია.

„უცნაური ამბების“ ახალი, ფინალური სეზონი ძმები დაფერების თქმით, სავარაუდოდ 2024 წელს გამოვა ეკრანებზე და მასში უილის პერსონაჟი გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

წყარო: Variety

ბულინგი საქართველოს სკოლებში: არასათანადო პროგრამა, ცოდნა და ბრძოლის პრაქტიკები — თანასწორობის მოძრაობის კვლევა

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა — ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში — ბულინგის გავრცელების პრაქტიკას, არსებულ რეგულაციებს, სახელმძღვანელოებში ბულინგის თემატიკასა და პოლიტიკის დოკუმენტებში ბულინგის შესახებ არსებულ მექანიზმებს სწავლობს. კვლევის თანახმად საჯარო სკოლებში არსებობს თეორიული მასალა შემუშავებული დოკუმენტების სახით, თუმცა საკმარისად არ არის დანერგილი პრაქტიკული მექანიზმები.

ახალი კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ბულინგთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ნათქვამია, რომ ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება 2015 წელს დაიწყო და 2018 წლამდე 474 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა არ არსებობს კატეგორიებად დაყოფილი მონაცემები. ამასთან, ეს სტატისტიკა ყველა სკოლას არ მოიცავს და 1700-მე სკოლის მონაცემი აღწერილი არაა.

კვლევა იშველიებს სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც.

„სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაში, უფრო კონკრეტულად: 

  • ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან. 
  • მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა. 
  • სკოლების დონეზე სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ. 
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება. 
  • არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც“.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე ხშირია „დისკრიმანციული გამოვლინებები ეროვნების, რელიგიის, საცხოვრებელი ადგილის, აკადემიური მოსწრების, ჩამულობის და პირადი სტილის გამო. მეორე მხრივ აღსანიშნია, რომ მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება და სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ წარმოადგენს ძალადობის ფორმას“.

კვლევის ფარგლებში სასკოლო პროგრამის შესწავლამ აჩვენა, რომ სკოლის საგნები ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნას ნაკლებად ფარავს და მეტად არის მიმართული იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ბავშვს ოჯახისა და საზოგადოების მიმართ აქვს, რაც სრულფასოვანი ინფორმაციის მოზარდებისთვის მიწოდებას აფერხებს.

თანასწორობის მოძრაობის ახალი კვლევა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის — ქვიარ ბულინგი სკოლაში შედეგების მიხედვით ცდილობს ბულინგთან დაკავშირებით იმ განსხვავებული მოსაზრებების ასახვას, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს. მოსწავლეთა 31% სკოლაში თავს უსაფრთხოდ ზოგჯერ ან არასდროს გრძნობს. ამასთან, მასწავლებლების მხრიდან ბავშვების დამცირებაზე 12,5% საუბრობს. მასწავლებლების 43% კი მიიჩნევს, რომ ძალადობა სკოლებში აქტუალური პრობლემა არაა, 25%-ს კი ძალადობა აქტუალურ პრობლემად მიაჩნია, გამოკითხულთა მხოლოდ 5,3% მიიჩნევს, რომ სკოლაში დისკრიმინაციის ფაქტები ხდება, სულ რაღაც 2,4% კი აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური ძალადობა აქტუალური პრობლემაა. ამასთან, მოსწავლეების 34,7% თვლის, რომ ბულინგის წამქეზებლები მასწავლებლები არიან, 14,3%-ის აზრით კი ისინი თავად არიან მჩაგვრელები.

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა ქვეყნების — გერმანიისა და ჩეხეთის ბულინგის შემცირებისკენ მიმართულ პრაქტიკას აანალიზებს, რაც საქართველოს სკოლებში ანალოგიური პრობლემის აღმოფხვრისთვის პერსპექტივების გაჩენას ისახავს მიზნად.

გერმანიაში ანტი-ბულინგის პროგრამა შეიქმნა, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის დირექტორებისა და მასწავლებლებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, უმეტესმა სკოლამ კი პროგრამაში მშობლებიც ჩართო და გარე ექსპერტების მხარდაჭერის შესაძლებლობაც შეიქმნა. პროგრამის ამუშავებიდან 2 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანიის სკოლებში თანმიმდევრული ქმედებების შედეგად ბულინგის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება ჩეხეთს, ქვეყნის ყველა სკოლას აქვს კონფლიქტის პრევენციის სახელმძღვანელო და ჰყავს პერსონალური ფსიქოლოგი. ერთ-ერთ სკოლაში კი განსაკუთრებით მაღალი ჩართულობის სისტემა აქვთ დანერგილი, რაც ბულინგისა და ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. 2017 წელს კი მოსწავლეებმა „შექმნეს სტარტაპი — FaceUp.com, რომლის მიზანიც ჩეხეთის რესპუბლიკის სკოლებში ბულინგის, სოციუმიდან გარიყვის და სხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაა“. ჩეხეთის ბულინგის საწინააღმდეგო აქტივობების შედეგად, ბოლო 20 წელში ქვეყნის სკოლებში ბულინგის შემთხვევები 3-4-ჯერ შემცირდა.

გერმანიისა და ჩეხეთის მაგალითების გაანალიზების, სხვადასხვა კვლევის შედეგების აღწერის, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებისა და სასკოლო პროგრამის შესწავლის საფუძველზე თანასწორობის მოძრაობამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება, შესაძლოა, ბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დამხმარე ბერკეტად იქცეს.

აღნიშნული რეკომენდაციები მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის გადამზადებას, სკოლის მარეგულირებელ დოკუმენტებში ბულინგის შემთხვევებზე რეაგირებისთვის ცხადი ბერკეტების განსაზღვრას, სოციალური მუშაობის სკოლების დიდ ნაწილზე განზოგადებას, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბულინგის, ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობისა თუ დემოკრატიის პრინციპების მეტად ასახვას, ბულინგის თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებას, ასევე ონლაინ პლატფორმის ამუშავებას მოიცავს.

თანასწორობის მოძრაობის კვლევის სრულად ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.