ივლისი 2022 - Page 3

ალტ-ინფოს ცნობით, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავეს

2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ალტ-ინფო და დაჯგუფება ქართული იდეა ავრცელებენ.

დღეს პრაიდ კვირეულის ბოლო დახურული ღონისძიება იმართება, რომლის გასაპროტესტებლად ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებული აქცია 1 ივლისს, საღამოს დაიწყო.

განახლება: რადიო თავისუფლების ცნობით, პოლიციამ 26 პირი, მათ შორის, შოთა მარტინენკო, ზურაბ მახარაძე, ასევე გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. გარდა ამისა, დაკავებულია ძალადობრივი დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ვარდოსანიძე.

დევიდ ბოუის შთაგონებით ბარბის ახალი თოჯინა გამოვიდა

დევიდ ბოუის საკულტო ალბომის, Hunky Dory-ს გამოსვლიდან 50 წელი გავიდა და Mattel Baribie-იმ პოპ ქამელეონისთვის პატივის მიგების მიზნით მუსიკოსის ლეგენდარული ჩაცმულობის მიხედვით ახალი თოჯინა შექმნა. 

დევიდ ბოუის ბარბის თოჯინას ყველასთვის ცნობილი ცისფერი პიჯაკის, ზოლიანი პერანგის, ჰალსტუხისა და ქუსლიანი ფეხსაცმელის რეპლიკა აცვია, რომელიც Life on Mars?-ის კლიპშია გამოყენებული. თოჯინას იგივე მაკიაჟი და ვარცხნილობა აქვს, რომელიც ბოუის 70-იანების გლამურულ ერას მიეკუთვნება.

დევიდ ბოუის შთაგონებით შექმნილი თოჯინა $55 ღირდა და გამოსვლიდან 2 დღეზე ნაკლებში სრულად გაიყიდა.

ეს პირველი თოჯინა არ არის, რომელიც სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ ბოუის შთაგონებით შექმნა. 2019 წელს პოპ ლეგენდის ალტერ ეგოს ზიგი სთარდასთის მიხედვით თოჯინა გამოვიდა, რომელიც ალბომ Space Oddity-ს გამოსვლიდან 50 წლის გასვლას უკავშირდებოდა.

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი დააკავა.

ჯერ კიდევ მარშის დაწყებამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 52 ადამიანი დააკავა.თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტქი უფლებების მხარდამჭერი ჯგუფის, KaosGL-ის ცნობით, პოლიციამ სულ 373 ადამიანი დააკავა და საპატიმროში გატარებული ღამის შემდეგ გაათავისუფლა.

Levent Pişkin

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიზუალურ მასალაში ჩანს, რომ პოლიცია მძიმედ არის შეიარაღებული და მეტალის ჯებირებით ბლოკავენ ტაქსიმის მოედნამდე მისასვლელ გზებს, ასევე მეტროც დაკეტეს, რათა პრაიდზე დასწრების მსურველებს, გადაადგილება არ შეძლებოდათ.

ლგბტქი უფლებადამცველებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გმობენ პოლიციის სისასტიკეს და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას.

„ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მართული თურქული პოლიციის სისასტიკეს და ღირსების მარშის დღეს 373 ლგბტქი ადამიანის, უფლებადამცველისა და ჟურნალისტის დაკავებას — უპრეცენდენტოდ მაღალი ციფრი, რაც თურქეთში გამართული ნებისმიერი საჯარო დემონსტრაციების ისტორიაში გვახსოვს. თურქეთი არღვევს არაერთ უმნიშვნელოვანეს, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ამისთვის პასუხი უნდა აგონ. სახელმწიფოს მიერ მართული სისასტიკე და ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მარტივია მოპოვებული უფლებებისა და თავისუფლებების დაკარგვა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა და ახლა, როგორც არასდროს, ერთმანეთის გვერდით დგომა და სოლიდარული, ერთიანი ბრძოლა მოგვეთხოვება“, — აღნიშნა ბილჯანა გინოვამ, ERA-ს, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის ლგბტქი თანასწორუფლებიანობის დაცვის ასოციაციის ადვოკატირების მენეჯერმა.

სტამბულში ღირსების მარში 2015 წლიდან იკრძალება, მაგრამ ყოველწლიური სისასტიკის, რეზინის ტყვიებისა და წიწაკის სპრეის მიუხედავად აქტივისტები და მხარდამჭერები ლგბტქი უფლებების დასაცავად იკრიბებიან. თურქეთში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის სქესობრივი აქტი დაშვებულია, თუმცა არ არსებობს კანონი, რომელიც ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს.

გასულ წელს, თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გასულიყო სტამბულის შეთანხმებიდან — ქალთა და ლგბტქი ადამიანების ძალადობისგან დაცვისთვის შემუშავებული საერთაშორისო ინიციატივა. ეს დამატებითი წნეხია, რომელიც ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილსა და ჩაგვრას ემატება. ხელისუფლების წარმომადგენლები არც კი ერიდებიან და ლგბტქი ადამიანებს საჯაროდ მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ტერმინებით.

„თურქეთის ლგბტქი მოძრაობას ჩაგვრის წინააღმდეგ უფრო აქტიური რეგიონული და საერთაშორისო სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება. ეს შეიძლება იმ რესურსებით დახმარებასაც მოიცავდეს, რაც ლგბტქი უფლებადამცველებს სამართლებრივი ბრძოლის წარმართვაში დაეხმარება, სერვისულ ორგანიზაციებს კი უწყვეტი დახმარების გაგრძელებაში. ამასთან, აუცილებელია შევქმნათ და შევინარჩუნოთ უსაფრთხო ადგილები, სადაც აქტივისტები თემის წევრებთან მუშაობენ მაშინ, როცა ხელისუფლება მათ თავს ესხმის“, — აღნიშნავს გინოვა და ამატებს — „მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისოდ გავრცელდეს ხელისუფლების მხრიდან ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები, მხარი დაუჭირეთ თურქეთის ლგბტქი მოძრაობას, დაგმეთ და მოითხოვეთ, რომ მჩაგვრელ ხელისუფლებას სანქციები დაეკისროს“.

წყარო: DAZED