ივნისი 2022 - Page 2

პრაიდი თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის — ვიდეო, რომელიც ომის შუაგულში აღმოჩენილი უკრაინელი ქვიარების ყოველდღიურობას ასახავს

არასამთავრობო ორგანიზაცია Ukraine Pride-მა აპლიკაცია Taimi-სთან ერთად ვიდეო გადაიღო, რომელშიც ომის პერიოდში უკრაინელი ქვიარების ცხოვრებაა ასახული.

პროექტის მიზანი იყო, რომ „საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რა გავლენა მოახდინა ომმა უკრაინაზე, როგორ გრძელდება ბრძოლა და როგორ ხედავენ მომავალს, როცა პრაიდ წვეულებები ისევ ჩატარდება“.

ვიდეოში 6 მთხრობელი ჰყვება ომის დროს შეცვლილ ყოველდღიურობაზე, შიშებზე, მომავლის გეგმებსა და იმედებზე, რომლის ფონზეც მთავარი გზავნილი ჟღერდება — „პრაიდი თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის“.

„იმაზე უარესი რა არის, რომ აღარავინ გყავს? უკრაინისთვის სიკვდილი საშიში არ არის, მაგრამ მისთვის სიცოცხლე მირჩევნია! არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია მსხვერპლი, პრობლემებთან გამკლავება აუცილებელია! 

ეჰ, მარშა, როგორი უიღბლო უნდა იყო, რომ ყუმბარა მოგხვდეს. ადამიანთა უმეტესობა ტყვიამფრქვევის ნამსხვრევებით კვდება. ფრაგმენტები 45 გრადუსიანი კუთხით დაფრინავენ. როცა ზუზუნს გაიგებ, მთავარია უმალ მიწაზე დაწვე და თავი ხელებით დაიფარო. 

შემეშინდა, მეგონა ვეღარასდროს გნახავდი. ახლაც მეშინია, მაგრამ ისე აღარ, როცა შენ ახლოს ხარ. როგორც კი ლუჰანსკს ავიღებთ, წაგიყვან და მამაჩემს გაგაცნობ. ცოტაც მოიცადე. 

სანაპირო, ჩემთან იალტაში, იდეალური ადგილი იქნებოდა მარშის ჩასატარებლად. გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება! რადგან სიცოცხლე სიკვდილზე ყოველთვის იმარჯვებს! 

თავში მხოლოდ წარსულის გაელვებები მაქვს: სასწრაფო დახმარების მანქანა, კივილი, და ფრაზა — „ექიმს დაურეკეთ!“ მაშინვე გულის მასაჟი დავიწყეთ, ვერ ვხვდებოდით, რამდენად ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ ფრაგმენტმა მის გულამდე მიაღწია. ალბათ იმ ბიჭმა გასაოცარი ამბები დაატრიალა… როგორ უნდა ვუთხრა მის მშობლებს, რომ ყველაფერი ვქენი, რაც შემეძლო?

ჰმმ, მოლოტოვის კოქტეილის დამზადება ბარში კოქტეილის მომზადებაზე რთული არაა. ერთი წლის წინ ამას ვერაფრით დავიჯერებდი. პროფესია შევიცვალე, რათა ომი უფრო მალე დავასრულო“.

Drag Race-ის გამარჯვებულების ხედვით გაცოცხლებული Vogie-ის 8 საკულტო გარეკანი

RuPaul’s Drag Race All Stars 7-ში გასული სეზონების ლეგენდარული გამარჯვებულები ერთმანეთს კიდევ ერთხელ ეჯიბრებიან და საშემსრულებლო გამოწვევებში თუ პოდიუმზე განუმეორებელ სანახაობას გვთავაზობენ. გამარჯვებულების სეზონის ნახევარმა  უკვე გაიარა და ჯეიდა ესენს ჰოლის, რაჯას, მონეი ექს-ჩეინჯის, ზი ვივიენის, შეი ქულეის, თრინითი ზე თაქის, ივი ოდლისა და ჯინქს მონსუნის ბრძოლა კიდევ ერთი გამარჯვებისთვის სულ უფრო უახლოვდება დასასრულს.

შოუს მონაწილე არტისტებს პოპ კულტურაზე დიდი გავლენა აქვთ და მოდის სამყაროსაც იპყრობენ, ამიტომ Vogue-მა გადაწყვიტა, რომ ლეგენდარული ქვინებისთვის ფოტოსესია მოეწყო. არტისტებმა ჟურნალის ისტორიული გარეკანის ფოტოები თუ ილუსტრაციები კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და ისინი დრეგ კულტურის ხედვით წარმოგვიდგინეს.

The Vivienne

„როგორც კი ორიგინალი გარეკანი ვნახე, ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რომლის გაცოცხლებაც მინდოდა. არის მასში რაღაც მისტიური — შუშის ქილაში მოქცეული სახე? საკმაოდ საშიში და ამავე დროს გასაოცრად ლამაზია. მინდოდა, განახლებული ვერსია ორიგინალისთვის მაქსიმალურად მიმემსგავსებინა.  მომწონს უცნაურობა, რაც მხოლოდ სახის გამოსახვით არის შექმნილი, მაგრამ მინდოდა, ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამემძაფრებინა, ამიტომ თვალის გუგები სახეს მოვაცილე და მაგიდაზე გამოვსახე. სტილის გადმოტანა არ იყო რთული, რადგან ტანსაცმელი ფაქტობრივად არ ჩანს, მხოლოდ სახის სილამაზე და მაგიდაზე განთავსებულ დახვეწილ ხელთათმანებზე ფოკუსი. თითქმის სამეცნიერო ფანტასტიკაა და ამავე დროს მოდური გადაწყვეტილება“.


Shea Couleé

„როცა მოკვლევას ვაკეთებდი, Vogue-ის ძველი ხელით-ნახატი გარეკნების სიყვარულით აღვივსე. ამ ერას რაღაც ღრმად რომანტიული აქვს და განახლებული ფოტოთი სწორედ ამ შეგრძნების გადმოტანა მინდოდა. გარდა ამისა, ჟურნალის ეს ნომერი გაყიდვაში იმ თვეს ჩაეშვა, როცა ბაბუაჩემი დაიბადა. ვინც მიცნობს, იცის, როგორო მიყვარს დრეგ სამოსის შერჩევისას პერსონალური და სენტიმენტალური განცდების წინა პლანზე წამოწევა. მინდოდა, ორიგინალ ნახატზე გამოსახული ფიგურის ღვთაებრიობა და უმანკოება მომეხელთებინა. ამასთან, მსურდა, „გაზაფხულის პატარძლის“ როლში შავკანიანი ფიგურის წარმოდგენით 1928 წლის ესკიზისთვის თანამედროვე სული შთამებერა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მეგობარს, ჯოშუან აპონტეს მივმართე, რომელთანაც ხშირად ვთანამშრომლობ. მან ეს კაბა და მარგალიტებით მოჭედილი თავსაბურავი საგანგებოდ ჩემთვის შექმნა“.


Trinity the Tuck

“ვინტაჟი და ძველი ჰოლივუდის გლამური მიყვარს. განსაკუთრებით ქუდი მომეწონა, ვიფიქრე, რომ ლამაზი იყო! ფინალური ფოტოსთვის გადავწყვიტე, რომ ორიგინალთან მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავი, რათა მისი არსი გადმომეტანა. სხეულის პოზა მცირედით შევცვალე, თუმცა განმეორება უფრო აღტაცებისმომგვრელი იყო. მაქსიმალურად მიახლოებული ზედა გამოვძებნე, და ქუდი შევქმენი, რომელიც ასევე ორიგინალს მივამსგავსე“.


Jaida Essence Hall

„ამ გარეკანზე გამოსახული სახის გამომეტყველებამ მიმიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი სივრცე ბევრად დიდია, მაინც რეაქციას იწვევს. გამომეტყველებას დამატებულმა თვალისა და ტუჩის მაკიაჟის სილამაზემ მომაჯადოვა. მინდოდა, თვალიდან მომდინარე ენერგია მომეხელთებინა და თვალზე და ტუჩზე აქცენტირებული ფოტო შემექმნა, რომელსაც დრეგ მგრძნობელობას დავამატებდი. ხანგრძლივი პროცესი იყო, თუმცა საბოლოო შედეგმა თავი გასაოცრად მაგრძნობინა, ამასთან ისევე მიმიზიდა, როგორც ორიგინალმა“.


Jinkx Monsoon

“ყველაფერი მომწონს, რაც ვინტაჟურია, ამიტომ ამ გასაოცარი ილუსტრაციით შექმნილმა კლასიკური განწყობის Vogue-ის გარეკანმა მიმიზიდა. ცისარტყელამ კი საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა, თუმცა მინდოდა, განწყობა თანამედროვე მიდგომით გამემეორებინა. ძლიერ, ძლევამოსილ ქალს ვხედავ, რომელსაც რაღაც არტეფაქტი უკავია… პანდორას ყუთი. როდესაც პანდორაზე ვფიქრობთ, მსოფლიოში გამოთავისუფლებული ტერორი წარმოგვიდგება, მაგრამ მინდოდა, აქცენტი იმაზე გამეკეთებინა, რომ მან იმედი შეინარჩუნა — ეს ამბის ის ნაწილია, რომელიც ხშირად გვავიწყდება. მსურს, ამ ფოტოს მეშვეობით ძლევამოსილი, ფემინური ადამიანი დაინახოთ, რომელიც იმედს არ კარგავს და ამაყია“.


Monét X Change

„როცა Vogue-ის საკულტო გარეკანს ვარჩევდი, მაშინვე ოპრას ფოტომ მიმიზიდა. ბებიაჩემი ოპრა უინფრის დიდი გულშემატკივარია, რომელიც მის ყველა ნაბიჯს გულისყურით ეკიდებოდა. მახსოვს, როცა 2008 წლის გარეკანი გამოვიდა, იყიდა და ორივე გამოცემა სასადილო ოთახის მაგიდაზე მთელი თვით დადო, ოპრას კდემას, ღირსებასა და სილამაზეს პატივი ასე მიაგო. ღირსებას, რომელიც შევიყვარე და პატივისცემით განვიმსჭვალე, როგორც დღის ეთერის დედოფლის — წოდება, რომელიც მინდა, ერთ დღეს მეც მოვიპოვო. ოპრას ვერავინ შეედრება, ამიტომ იგივე ფორმა გავიმეორე და გემოვნებიანი სამკაულები დავამატე. ბრილიანტები ელეგანტურობისთვის და თეძოზე შემოდებული ხელი — სექსუალურობისთვის“.


Yvie Oddly

„ეს გარეკანი შევარჩიე, რადგან იმდენად საკულტოა, რომ მისი შთაგონება უკვე მრავალჯერ გვინახავს. ვცადე, კლასიკური ინსპირაცია ამეღო და გარდამექმნა. ორიგინალ ვერსიაზე აღბეჭდილი სილუეტი და კომპოზიცია შემიყვარდა, ამიტომ, მინდოდა, ეს ელემენტები სურეალიზმის ზღვარზე მიმეყვანა და მცირედი საშიში განწყობა დამემატებინა. თეთრსაყელოანი კაბის მაგიერ, დუტის შავი ქურთუკი შევარჩიე და თავსაბურავშიც შავი ყვავილები დავამატე, ასე მივაგე პატივი შემზარავი სიმბოლოებისა და მოუწესრიგებელი ქუჩის სტილის მიმართ ჩემს სიყვარულს. გლამურის შენარჩუნების მიზნით ორიგინალი მაკიაჟის განწყობა გავიმეორე, მაგრამ საგაზაფხულო განწყობისთვის ფერები დავამატე — ცისფერი თვალების ირგვლივ და ნარინჯისფერი ტუჩებზე, რათა ყვავილების აქცენტი წინ წამომეწია. დაბოლოს, განწყობა შავი ტუჩის ფანქრით და წვრილი წარბებით უფრო ბნელი ადგილისკენ წავიყვანე“.


Raja

“2-განზომილებიანმა, მინიმალისტურმა, გრაფიკულმა გარეკანმა მიმიზიდა. ილუსტრაციები ადრეული მოდის ჟურნალების განუყოფელი ნაწილი იყო და როგორც არტისტისთვის, მისი განმეორება ყველაზე მიმზიდველი იყო. მივმართე ტექნიკას, რომლითაც 3-განზომილებიანი ილუზია შევქმენი — შევძლებდი სწორხაზოვანი იდეის საკუთარ თავზე გამოსახვის გამოწვევისთვის თავი გამერთვა? ეს იყო კითხვა, რომლითაც მუშაობის პროცესში გავერთე“.

წყარო: Vogue

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, პანდემიის გავლენა და დასაქმების პრობლემა — აჭარაში მცხოვრები ქვიარ ადამიანების საჭიროებების კვლევა

სოლიდარობის თემმა კოვიდ პანდემიის პირობებში აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობისა და გამოწვევების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ფსიქოლოგიური და ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის, ეკონომიკური გამოწვევებისა და განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის აღწერას მოიცავს.

კვლევის ფარგლებში აჭარაში მცხოვრები 14 ქვიარ ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან მხოლოდ 3 რესპონდენტი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე ღიად.

კვლევის მონაწილეები ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, საჯარო ადგილებში თავდასხმის შემთხვევებზე, მათ შორის, ჯგუფური თავდასხმის შემთხვევებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ გაცხადების გამო საცხოვრებელ ადგილზე პრობლემებიც შეექმნათ.

ამასთან, კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დიდი ნაწილი ჰომოფობიური, ძალადობრივი გარემოს გამო ქვეყნიდან წასვლას გეგმავს.

„საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას უახლოეს მომავალში. შესაძლოა ლტოლვილად ჩავბარდე, ამასაც განვიხილავ. წლების შემდეგ შეიძლება დავბრუნდე და ვიცხოვრო საქართველოში, თუ ჰომოფობიური გარემო შეიცვლება და უსაფრთხო იქნება აქ ყოფნა ჩემთვის. ბათუმი ძალიან ჰომოფობიური ადგილია, ყოველდღე მეშინია, რადგან არ ვიცი სამსახურიდან სახლში ცოცხალი თუ მივალ. ქუჩაში ბევრჯერ ამდევნებიან და ამ საშიშროების წინაშე ვარ სულ. თავს ფიზიკურად ვერ ვიცავ თუ არ გამოვიყენე სხვა საშუალებები მაგალითად სპრეი“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #9.

ყველა გამოკითხული აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, რომელთაგან 7-ს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება ჰქონია. ერთ-ერთი რესპონდენტი კი „ქუჩის ბანდის“ მხრიდან ჯგუფური ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.

„ვყოფილვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. სკოლის გარდა უბნის ე.წ ბანდა მუდმივად ძალადობდა ჩემზე, რომლის დეტალებზეც საუბარი არ მინდა. ამის შესახებ არავისთან მილაპარაკია, არც ოჯახთან. მაშინ პოლიციისთვის როგორ უნდა მიმემართა, ეგეც არ ვიცოდი“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #4, რომელიც სექსუალური ძალადობის მცდელობასაც იხსენებს, რისგანაც თავის დახსნა შეძლო.

ტრანსგენდერი რესპონდენტი კი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალადობის გამოცდილების შემდეგ სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის გამოცდილება ჰქონდა. მისი თქმით, პოლიცია დაცინვით ეკითხებოდა, რა უნდა ჩაეწერათ გენდერის გრაფაში და კამერის წინ პოზირებას სთხოვდნენ.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების მონათხრობის თანახმად, ქუჩაში ხშირად აწყდებიან დამცინავ მოპყრობას ჩაცმულობის გამო.

4 ლბტქი ადამიანი ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი რესპონდენტი ლესბოსელი გოგო კი აღნიშნავს, რომ ძმის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ კი ფსიქოლოგიური ძალადობა გაგრძელდა.

„ვყოფილვარ ჩემი ძმისგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სახლიდან რომ წამოვედი, მე მაბრალებდა, რომ დედაჩემს რაღაც სჭირდა. მაშანტაჟებდა, რომ თუ არ მოხვალ, ასე ვიზამ და ისე ვიზამ. მეუბნებოდა, რომ შემარცხვენელი გოგო ვარ და თავიდანვე უნდა მყოლოდი ხელში და მაშინ უნდა მოგხვედროდაო“, — აღნიშნავს ლესბოსელი გოგო, რესპონდენტი #6.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების ყოველდღიურობაზე პანდემიის პერიოდი კიდევ უფრო მძიმედ აისახა, რადგან სამსახურის დაკარგვის დარდს სოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა დაემატა, ასევე ოჯახთან ერთ სივრცეში მუდმივად ყოფნა, რაც თავისუფალ გენდერულ გამოხატვას ართულებდა და სექსუალური ორიენტაციის დამალვაც ბევრად რთულ ამოცანად ექცათ.

გამოკითხულთა ნაწილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჯანდაცვის და ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომა შეეზღუდათ, ამასთან ერთჯერადი სახელმწიფო დახმარებაც ვერ მიიღეს, რადგან სამსახურში ხელშეკრულებით არ იყვნენ დასაქმებული.

„მედიკამენტებს ვეღარ ვყიდულობთ, სამედიცინო შემოწმებას ვეღარ გავდივართ, ვერც ექიმთან კონსულტაციას. მედიკამენტები რომ შეიძინო ძალიან ძვირია. 8 თვეა იაფფასიან ჰორმონებს ვიღებ, რამაც ფსიქიკა დამიზიანა, ჯანმრთელობა შემირყია და ვერ გავდივარ ვერც თერაპიას და ვერც ვერაფერს. ტრანსგენდერი რომ ხარ ყველამ იცის როგორია ცხოვრება საქართველოში მითუმეტეს გარეთ რომ დგახარ ქუჩაში, — აღნიშნავს ტრანსგენდერი ქალი, რესპონდენტი #11.

14 გამოკითხულიდან უმაღლესი განათლება 7 რესპონდენტს აქვს მიღებული, მეორე ნახევარი კი აღნიშნავს, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ოჯახში ძალადობის, ფსიქოლოგიური წნეხის, ნაადრევ ასაკში დასაქმების აუცილებლობისა და სკოლაში დამამცირებელი გარემოს გამო შეექმნათ.

„ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. მე-4 კლასის შემდეგ სწავლის მიმართ ენთუზიაზმი გამიქრა, რაც, ვფიქრობ, მუდმივი ჩაგვრის შედეგი იყო. მჩაგრავდნენ გარეგნობის, სიმაღლის გამო. მაშინ არ ვიცოდი თავდაცვა და ვისტრესებოდი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი….ხშირად ისეთი აგრესია მოდიოდა მათგან, რომ სკამებს, კალმებს, ჩანთებს მესროდნენ. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, შესაძლოა, ჩემი ბულინგის მიზეზი ჩემი ორიენტაცია ყოფილიყო, ჩემი მცდელობების მიუხედავად, რომ არავის შეემჩნია ეს“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #4, რომელიც იმასაც ამბობს, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ.

სხვა რესპონდენტი კი იხსენებს, რომ ორიენტაციის გამო წნეხი მასწავლებლების მხრიდანაც იყო და სწორედ ამის გამო სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია.

„სამწუხაროდ ჰომოფობიური განწყობა სკოლებში, რა თქმა უნდა, არის. მე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი 10 წელი და შემდეგ წამოვედი ამ სკოლიდან, სწორედ ჩემი ორიენტაციის გამო. წნეხი მასწავლებლების მხრად უფრო მეტი იყო, თითქოს ისინი ცდილობენ გამოასწორონ მოსწავლეები, რითაც ამახინჯებენ ადამიანების ფსიქიკას“, — აღნიშნავს ბისექსუალი ქალი, რესპონდენტი #3.

რესპონდენტთა ნაწილი უნივერსიტეტში ჰომოფობიურ დამოკიდებულებებზეც საუბრობს, რის გამოც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების გამოცდაც მოუწიათ, ერთ-ერთი რესპონდენტი კი დამამცირებელმა გარემომ სუიციდის ზღვარზეც მიიყვანა — „ერთხელ ისეთი შემთხვევა მქონდა სუიციდის სურვილი გამიჩნდა და ვაპირებდი თვითმკვლელობას. ამ დროს მესამე კურსზე ვიყავი ისე გამამწარა ჩემმა კურსელმა მაღალი შენობის ბოლო სართულზე ავიპარე და იქედან გადმოხტომას ვაპირებდი“.

„ლექტორებისთვის ყოველთვის მიუღებელი ვიყავი. რაღაც პერიოდი დეპრესია მქონდა და უნივერსიტეტში არ დავდიოდი“, — აღნიშნავს ბისექსუალი ქალი, რესპონდენტი #14.

გამოკითხულთა ნახევარი, 7 ადამიანი დასაქმებულია და მათ დიდ ნაწილს სამუშაო გარემო მოსწონს, თუმცა დამამცირებელი გარემო უმეტესობას გამოუცდია. აღნიშნავენ, რომ დასაქმების პრობლემა თმის ფერის, პირსინგისა თუ სოციალურად მიღებულ გენდერულ თვითგამოხატვასთან აცდენის გამო გამოუცდიათ.

„არ ვმუშაობ დიდი ხანია, ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე მიჭირს სამსახურის შოვნა. ვარ კაცური და ეს ხელს მიშლის დასაქმებაში. საზოგადოება ითხოვს, რომ გრძელი თმა გქონდეს და ქალივით იყო“, — აღნიშნავს ლესბოსელი ქალი, რესპონდენტი #12.

კვლევა აჭარის რეგიონში არსებულ ლგბტქი ორგანიზაციებზე ინფორმაციის დამუშავებასა და იმის გაანალიზებასაც ისახავდა მიზნად, რამდენად მიუწვდებათ თემის წევრებს მათ სერვისებზე ხელი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თემის წევრების დიდ ნაწილს პანდემიის პერიოდში სერვისებზე წვდომის პრობლემა შეექმნა, ზოგიერთი გამოკითხული კი ორგანიზაციებს არ ენდობა.

სოლიდარობის თემის მიერ გამოქვეყნებული კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეები ამსტერდამში არიან

DC Jewelery-ის გუნდმა 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება შეისწავლა, ინსტაგრამის პოსტებს, გუგლის საძიებო სისტემას, მსოფლიო ბანკის მონაცემებსა და The William’s ინსტიტუტის გეი მიმღებლობის ინდექსს გადახედა და შეყვარებული, მათ შორის, ლგბტქი წყვილებისთვის საუკეთესო ქალაქები გამოავლინა.

მსოფლიოს ქალაქებიდან ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში არიან. მეორე და მესამე ადგილზე კი კანადის ქალაქები ვანკუვერი და ტორონტო აღმოჩნდნენ.

ამსტერდამი ლგბტქი უფლებების დაცვის ხანგრძლივი ისტორიით იწონებს თავს. ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ 1811 წელს მიიღწა. დღეისთვის კი ლგბტქი მიმღებლობის ინდექსი 9,46-ს შეადგენს, რაც თითქმის საუკეთესო 10-ქულიან შედეგს მცირედით ჩამორჩება.

ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეების საუკეთესო სამეულში კანადის ორი ქალაქიც მოხვდა, რომლებიც აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ერთი და იმავე ადგილზე არიან. კანადის ლგბტქი მიმღებლობის ინდექსი 9,02-ს შეადგენს.

DC Jewelery-ის სიაში მხოლოდ საუკეთესო სამი ქალაქის მაჩვენებელს ვხვდებით, თუმცა საქართველოს დედაქალაქ თბილისს ვრცელ სიაში სახარბიელო ადგილი სავარაუდოდ არ ექნებოდა, რადგან ეს მაჩვენებელი დიდწილად საზოგადოებაში ლგბტქი მიმღებლობის ინდექსს ემყარება, რომლის მიხედვითაც საქართველოს 10-დან 2,94-ქულიანი მაჩვენებელი აქვს და 141-ე ადგილზეა.

ლგბტქი მოგზაურების უსაფრთხოების ნიშნით საქართველო მსოფლიოში 65-ე ადგილზეა — Asher & Lyric-ის კვლევა

Asher & Lyric-მა ლგბტქი მოგზაურებისთვის ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 203 ქვეყანას ლგბტქი ტურსიტების უსაფრთხოების ნიშნით სწავლობს. ლგბტქი მოგზაურობის უსაფრთხოების ინდექსი არაერთ საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით ვლინდება და ქვიარ ადამიანებს მოგზაურობის დაგეგმვისას დახმარებას უწევს.

ქვეყნის ინდექსი 10 სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით ითვლება — ქორწინების თანასწორობა, მშრომელთა უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, ძალადობის კრიმინალიზება, შვილად აყვანის გარემოებები, რამდენად კარგია საცხოვრებელია გარემო, რომელიც Gallup-ის კვლევის შედეგს ემყარება, გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივი გარემოებები, ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის შემთხვევები, ერთი და იმავე სქესის წყვილთა ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, მორალის სახელით პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონების არსებობა.

კვლევის მიხედვით, ლგბტქი მოგზაურებისთვის 10 საუკეთესო მიმართულება კანადა, შვედეთი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნორვეგია, ესპანეთი და საფრანგეთია.

10 ყველაზე საფრთხისშემცველი ქვეყანა კი ბრუნეი, ნიგერია, ქუვეითი, საუდის არაბეთი, განა, მალაიზია, მალავი, ტონგა, სომალი და ლიბიაა.

ლგბტქი მოგზაურობის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო აღნიშნულ სიაში 65-ე ადგილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა მეზობელ ქვეყნებს. საქართველოს შემდეგ საუკეთესო შედეგი სომხეთს აქვს და 89-ე ადგილზეა, თურქეთი 103-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 127-ეზე, მეზობლებიდან ყველაზე ცუდი შედეგი რუსეთს აქვს, რომელიც 132-ე ადგილზეა.

ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა

ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„20-მდე ბიჭმა გამოიარა, რომლებმაც რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. სახეში ქვა მომხვდა, დაზიანებები მომაყენეს ბოთლის ნამსხვრევებითაც“, — იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული ფორმულასთან საუბრისას.

მეორე დაზარალებულმა კი აღნიშნა, რომ პოლიციას მიმართეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს.

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.

FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიების ჩატარება იმ ქვეყანაში იგეგმება, სადაც ჰომოსექსუალობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, გარკვეულ შემთხვევებში კი ჩაქოლვითაც ისჯება.

ამასთან, შესაძლოა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს პრაიდის დროშა ჩამოართვან, რასაც ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოების დაცვით ამართლებენ.

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელის დროშას გაშლის და ჩამოვართმევ, ეს იმის გამო არ მოხდება, რომ მისი შეურაცხყოფა მაქვს განზრახული, არამედ მისი დაცვის მიზნით. თუ ამას მე არ ვიზამ, შესაძლოა ვინმე თავს დაესხას, ყველას საქციელზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები“, — აღნიშნა გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარიმ AP-ისთან საუბრისას.

The Guardian კი იუწყება, რომ FIFA-ს მიერ ოფიციალურად რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში, რომლის დაჯავშნასაც გულშემატკივრებს ურჩევენ, 3 დაწესებულება აცხადებს, რომ ლგბტქი წყვილებს ოთახში განთავსებაზე უარს ეტყვიან, 20 სასტუმროს წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ლგბტქი წყვილების დაშვებას, თუ საჯაროდ არ გაამჟღავნებენ, რომ თემის წევრები არიან, 33 სასტუმროს კი ლგბტქი წყვილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ზოგიერთი თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას არ აპირებენ, რისი მიზეზიც ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით ქვეყნის სასტიკი მიდგომაა.

უელსის ნაკრების ხელმძღვანელის, ნოელ მუნის თქმით, „ნაკრები აღნიშნულ პლატფორმას გამოიყენებს, რათა ყატარში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ისაუბრონ. მან FIFA-ს და UEFA-ს იმისკენაც მოუწოდა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ მასპინძელ ქვეყანას შეარჩევენ.

სპორტულ სამყაროში ლგბტქი თემის ზედაპირული მხარდაჭერა მასშტაბურად არის გავრცელებული, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილება, რომ პრაიდის თვე აღნიშნონ და იმავე დროს მსოფლიო ჩემპიონატი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში აღნიშნონ სპორტში არსებული სიყალბის ყველაზე აშკარა დადასტურებაა.

8 ახალი ქვიარ სერიალი, რომლებიც ივნისში გამოვა ეკრანებზე

თვალი გადაავლეთ ქვიარ სერიალებს, რომლებიც ივნისის თვეში გამოვა ან ახალი სეზონებით დაბრუნდება ეკრანებზე:

 

ქვიარ წიგნი 

The Book of Queer ახალი დოკუმენტური სერიალია, რომელიც პრაიდის თვის ისტორიას მოგვიყვება და უფრო კარგად გაგვაცნობს ლგბტქ+ ისტორიას. სერიალში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს თანასწორობის იდეის შენებაში. ამასთან ერთად, სერიალი მოგვიყვება იმ ადამიანების ისტორიებსაც, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა დამსახურების გამო პატივს სცემენ, მაგრამ არ იციან, რომ ლგბტქ+ ოჯახის წევრები იყვნენ.

სერიალი ხუთი ეპიზოდისგან შედგება და იგი წარმოადგენს კომედიური და მიუზიკლის ჟანრის ნაზავს. სერიალში შეხვდებით აბრაამ ლინკოლნის, ელენორ რუზველტის, ბაიარ რასტინის, ჟოსეფინ ბეიკერის, ჰარვი მილკის, სილვია რივიერას, მარშა პ. ჯონსონის და სხვების ისტორიებს.

 

ჩიხი: პარანორმალური პარკი

ანიმაციური სერიალების მოყვარულებისთვის კარგი სიახლე გვაქვს, ივნისში გამოვა ახალი ანიმაციური ჰორორ სერიალი Dead End: Paranormal Park, რომელიც მოგვიყვება ტრანს თინეიჯერის, ბარნის ისტორიას. ბარნი მუშაობას დაწყევლილ თემატურ პარკში იწყებს, სადაც დემონი მის ძაღლს, პაგსლის, ლაპარაკის შესაძლებლობას მისცემს.

სერიალი ჰამიშ სტილის გრაფიკული რომანების სერიას ეფუძნება და მასში დიდი ადგილი დაეთმობა ტრანს ახალგაზრდების პრობლემების წარმოჩენას. სერიალის მიზანია, კიდევ ერთხელ გამოკვეთოს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერას.

 

პირველი მკვლელობა

ვამპირები და თინეიჯერული ამბოხი ეკრანებს უბრუნდება! სერიალი, რომელიც სულ ახლახანს გახდა ხელმისაწვდომი Netflix-ის პლატფორმაზე, ვამპირის და მონსტრებზე მონადირე გოგოების აკრძალული სიყვარულის ისტორიას გვიყვება.

ვ.ე. შვაბის მოთხრობაზე დაფუძნებულ სერიალში მთავარ როლებში თინეიჯერი ვამპირი, ჯულიეტი გვევლინება, რომელმაც ვამპირის ზრდასრულობის ასაკს მიაღწია, სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა მოკლას, ხოლო კალიოპე მონსტრებზე მონადირე უძველესი ოჯახიდანაა და მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს თავისი ოჯახის ტრადიცია და დაიწყოს სისხლმოწყურებულ ურჩხულებზე ნადირობა.

 

ჯენტლმენი ჯეკი

ვიქტორიანული ეპოქის მოყვარულებს განსაკუთრებით უყვართ სერიალი „ჯენტლმენი ჯეკი“, რომლის პირველი სეზონიც 2019 წელს გამოვიდა მცირე ეკრანებზე. სერიალი ნამდვილ ამბებს ეფუძნება და გვიყვება ენ ლისტერის ისტორიას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა და აწარმოებდა დღიურებს, სადაც აღწერილია, მისი, როგორც ლესბოსელის გამოცდილება იმ საზოგადოებაში, სადაც ეს თემა ჯერ კიდევ მკაცრად ტაბუდადებული იყო.

BBC One-ისა და HBO-ს ერთობლივ პროექტში ქარიზმატული ლისტერის როლს სურან ჯონსი ასრულებს. სერიალი ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორი იყო ცხოვრება ქვიარ ადამიანებისთვის გასულ საუკუნეებში, კომედიისა და დრამის ამ ნაზავმა კრიტიკოსებისგან არაერთი დადებითი შეფასებაც მიიღო.

 

სამშობლო: ფორტ სალემი

,,სამშობლო: ფორტ სალემი” კიდევ ერთი ამერიკული ქვიარ სერიალია, რომლის სიუჟეტიც სალემის ჯადოქრების გარშემო ვითარდება. ამბიციურ სერიალში ამერიკის შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიაა, სადაც ჯადოქრებს არ წვავენ ცეცხლზე და ამის ნაცვლად ჯარში იწვევენ.

სერიალი სამი ქალის გარშემო ვითარდება, რომლებიც თავიდან მტრობით იწყებენ ურთიერთობას, თუმცა მალევე მეგობრდებიან. სერიალი ძალიან კარგი გასართობია მათთვის, ვისაც უყვარს ჯადოქრული შელოცვები, ალტერნატიული ისტორიები და  ერთხელ მაინც უფიქრია, როგორი იქნებოდა სამყარო, ქალთა ჩაგვრა საუკუნეების წინ რომ დამთავრებულიყო.

 

Queer as Folk

Queer as Folk 90-იანი წლების პოპულარული ბრიტანული სერიალია, რომლის რიმეიქიც მალევე გადაიღეს ამერიკაში და დღეს, 20 წლის შემდეგ, ლეგენდარული სერიალი ეკრანებზე ბრუნდება და ამჯერად ისტორია ნიუ-ორლეანში განვითარდება.

სერიალი ქვიარ მეგობრების ჯგუფზე გვიამბობს, რომლებსაც ტრაგედია გააერთიანებთ. განსხვავებით სერიალის წინა ვერსიებისგან, ახალი სერიალი უფრო მეტად მოიცავს სხვადასხვა ჯგუფის პრობლემებსა და გამოწვევებს.

სერიალის სრული სეზონი 9 ივნისს გამოვიდა მცირე ეკრანებზე.

 

ეს შეიძლება მტკივნეული იყოს

„ეს შეიძლება მტკივნეული იყოს“ BBC-ის და AMC-ის ახალი სერიალია, რომელიც შავი კომედიის ჟანრს განეკუთვნება და ადამ კეის 2017 წლის დოკუმენტურ წიგნს ეფუძნება. სერიალში მოქმედება 2006-2010 წლებში მიმდინარეობს და მთლიანად აშიშვლებს ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას და კიდევ ერთხელ აჩვენებს ექიმების მძიმე შრომას, რომელიც სავსეა აბსურდული თავგადასავლებით.

სერიალი მთავარ როლში ბენ უიშოუ გვევლინება, რომელიც ქვიარ ექიმის როლს ასრულებს.

 

ამბრელა აკადემია

„ამბრელა აკადემია“, რომელიც ამავე სახელწოდების კომიქსების სერიას ეფუძნება, დროში მოგზაური 7 სუპერგმირის ისტორიას გვიყვება, რომლებიც ერთად მას შემდეგ იკრიბებიან, რაც მათი მამობილი გარდაიცვლება. თუმცა ამასთან ერთად, სერიალი ცდილობს, ამოხსნას ოჯახური კავშირების კომპლექსურობა, მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლის სირთულეები და მეტაფორებით გვაჩვენოს, რას ნიშნავს ზრდა და ახლო ადამიანების დაკარგვა.

სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ტრანსგენდერი მსახიობი, ელიოტ პეიჯი ასრულებს, რომელიც ახალ სეზონში ქამინგაუთს გააკეთებს, როგორც ტრანსგენდერი ადამიანი.

სერიალის ახალი, მესამე სეზონი 22 ივნისს გამოვა.

 

 

ჰარი სტაილსის ახალი ქვიარ ფილმის, My Policeman-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

სულ ახალახან ინტერნეტში ჰარი სტაილსის ახალი ქვიარ ფილმის, My Policeman-ის პირველი ფოტოები და პრემიერის თარიღი გავრცელდა.

ფილმში, რომელზეც Amazon Prime მუშაობს, მთავარ როლებში ბრიტანელ პოპ-შემსრულებელს, ჰარი სტაილს, “გვირგვინის” მსახიობ ემა ქორინს და დეივიდ დაუსონს ვიხილავთ.

ფილმი 2012 წელს გამოცემულ ბეთან რობერტსის რომანს ეფუძნება, სადაც მოქმედება 1950 წლების ბრაიტონში ვითარდება. სტაილსი ფილმში პოლიციელი ტომის როლს ასრულებს, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ემა კორინის პერსონაჟთან და პარალელურად რომანტიკული გრძნობები უჩნდება მუზეუმის კურატორის, პატრიც ჰეიზელვუდის (დაუსონის) მიმართ.

უკვე მოეწყო ფილმის დახურული ჩვენება ფანების ვიწრო ჯგუფისთვის და ფილმმა აღფრთოვანება გამოიწვია მაყურებელში. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ფილმის პირველი ტრეილერი.

ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა კინოთეატრებში 2022 წლის 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ხოლო Amazon Prime-ის სტრიმინგ სერვისზე ფილმი 4 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

გახდა თუ არა მსოფლიო ლგბტქი ადამიანებისთვის საცხოვრებლად უკეთესი — Gallup-ის გლობალური გამოკითხვა

მსოფლიოს ზრდასრულ მოქალაქეთა ნახევარი თვლის, რომ მათი ქალაქი ან საცხოვრებელი ადგილი ქვიარ ადამიანებისთვის საცხოვრებლად კარგი, უსაფრთხო ადგილია. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ ათწლეულში ორჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე უწინ.

Gallup-ის მიერ 110 ქვეყნის მცხოვრებთა 2021 წლის გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვა გლობალური კვლევების შედეგებს, რომელთა თანახმად, ლგბტქი მიმღებლობა იზრდება. მიუხედავად ამისა, მიმღებლობასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ მძაფრად დგას — ყოველი გამოკითხული 10 ადამიანიდან, 4 მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ქვიარებისთვის „სათანადო არაა”, 12%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

2005 წლის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 21%-ს მიაჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხო იყო. 2014-2019 წლებში ეს მაჩვენებელი 31%-დან 38%-მდე მერყეობდა, 2020 წელს 49%-ს მიაღწია, ხოლო 2021 წელს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 50% დაფიქსირდა.

ყველაზე დიდი გაუმჯობესება აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია

გასულ ათწლეულში, 73 ქვეყანაში მოსაზრება გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, 5%-ით არის გაზრდილი. 14 ქვეყანაში კი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გარემოს უსაფრთხოდ თვლიდნენ, უმცირესობიდან უმრავლესობად იქცა.

უსაფრთხო გარემოს შესახებ აზრი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნეპალში, ინდოეთში, ვიეტნამში, ჩეხეთში, მექსიკაში, ტაივანში, ჩილეში, სლოვენიაში, სამხრეთ აფრიკაში, ვენესუელაში, კოლუმბიაში, ლაოსში, პოლონეთსა და ტაილანდში.

უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით დამოკიდებულება ყველაზე აშკარად ნეპალში შეიცვალა და თითქმის გაოთხმაგდა. 2011 წელს გამოკითხულთა 23% მიიჩნევდა, რომ გარემო უსაფრთხო იყო, ხოლო 2021 წელს — 86%. შესაძლოა, ეს ცვლილება ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებებმა ან ხელისუფლების მიდგომის ცვლილებამ, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დაცვის გარანტიების კონსტიტუციაში ასახვამ განაპირობა. სასიკეთო ცვლილებებია ინდოეთშიც: 2011 წელს, გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიიჩნევდა გარემოს უსაფრთხოდ, ახლა კი ეს მაჩვენებელი 53%-ს აღწევს. ინდოეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 2018 წელს მიიღწა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მცირედი უკეთესობაა. ნეპალს, ისევე როგორც ინდოეთს, ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერაც არ გადაუწყვეტია.

სულ მცირე, 20%-ით არის გაუმჯობესებული უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებული აზრი ტაივანში (57%), ტაილანდში (54%), ვიეტნამში (51%), 10%-იანი გაუმჯობესებაა ლაოსში და მაჩვენებელი 51%-ს აღწევს.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში — ჩეხეთში (70%), სლოვენიაში (54%) და პოლონეთში (52%) უკვე უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გარემო ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო და კარგია.

გაუმჯობესებულია ლათინური ამერიკის მაჩვენებელიც: ურუგვაიში (82%), მექსიკაში 64%, ჩილეში 63%, ვენესუელაში 59% და კოლუმბიაში 58% თვლის, რომ გარემო უსაფრთხოა.

მოსაზრება ჩინეთში (47%), საბერძნეთში (49%), ისრაელში (45%), კენიაში (24%) და სხვა 24 ქვეყანაშიც ბევრად სასიკეთოა, თუმცა უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ გარემო უსაფრთხო არაა. ხოლო ორ ქვეყანაში — ნიკარაგუასა და პარაგვაიში, უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით მოსაზრება უარესობისკენ შეიცვალა. ამის მიზეზი ისაა, რომ ნიკარაგუას პრეზიდენტი დემონსტრაციების ჩატარებას ხელს უშლის, ლგბტქი ორგანიზაციების დახურვას ცდილობს, პარაგვაიში კი კონსერვატიულმა ხელისუფლებამ სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, განათლების ინკლუზიურობის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა ლგბტქი ადამიანების საწინააღმდეგოდ შეცვალა.

სკანდინავიის ქვეყნები ქვიარ ადამიანებისთვის საცხოვრებლად საუკეთესოა

სკანდინავიის ქვეყნებში გარემოს უსაფრთხოების შესახებ მოსაზრება ყველაზე სასიკეთო მაჩვენებელზეა: ნორვეგია —92%; შვედეთი — 91%; ისლანდია — 88%; დანია — 82%; ფინეთი — 82%. გამოკითხვის მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სხვა ევროპის ქვეყნები ნიდერლანდები (90%), ესპანეთი (88%), მალტა (85%) და ბელგია (80%) არიან.

მსოფლიოს სხვა წერტილებში გამორჩეულად პოზიტიური შედეგი კანადის (87%), ავსტრალიის (86%), ახალი ზელანდიისა (85%) და აშშ-ს (80%) მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა.

ყველაზე სამწუხარო მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზეა, სადაც ქვეყნების დიდ ნაწილში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება (იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, ნახევარზე მეტი აფრიკაში მდებარეობს. განსაკუთრებით მძიმე მაჩვენებელი მალავიში (3%), სენეგალში (3%), განაში (7%), ზამბიაში (7%), ბურკინა ფასოსა (8%) და ნიგერიაშია (9%).

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე უარესი მდგომარეობა სომხეთში (4%), ყაზახეთში (4%) და ყირგიზეთშია (6%). Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, არანაკლებ სამწუხარო შედეგია საქართველოშიც და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ლგბტქი ადამიანებისთვის კარგ ადგილად თვლიან, სულ რაღაც 9%-ია.

Gallup-ის მსოფლიო გამოკითხვა სწრაფად ცვალებად შედეგებს აჩვენებს, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება და საკანონმდებლო ჩარჩოს მეტად გამართვა სწრაფად აისახება სოციალურ ცვლილებებშიც (მაგალითად, ინდოეთი და ნეპალი), თუმცა უმეტეს, 65 ქვეყანაში, უმრავლესობა, 50%-ზე მეტი, თვლის, რომ მათი ქვეყანა ლგბტქი ადამიანებისთვის საცხოვრებლად კარგი არაა. აღნიშნული გამოკითხვა, იმასაც აჩვენებს, რომ მდგომარეობა უარესობისკენაც შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ხშირად ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით ხდება.

Gallup-ის 2021 წლის მსოფლიო გამოკითხვაში უსაფრთხოების მიზეზით და სენსიტიური კითხვიდან გამომდინარე 12 ქვეყნის შედეგი ვერ მოხვდა.

წყარო: Gallup