ივნისი 2022 - Page 3

შინ ევროპისკენ! — აქცია ქართველი ხალხის დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების გამოსახატად

20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია — შინ ევროპისკენ! იმართება, რომლის მიზანი მსოფლიოსთვის ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულების ჩვენებაა.

აქცია იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ივნისის ბოლოს უნდა მიიღოს. 

„ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია“, — ვკითხულობთ სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული ღონისძიების აღწერაში, რომლითაც ორგანიზატორები თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებენ, რომ მიუხედავად რიგ საკითხებზე უთანხმოებისა, თავისუფლების, მშვიდობის, ეკონომიკური მდგრადობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რომლის გარანტიც ევროკავშირთან ინტეგრაციაა.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ, რის შემდეგაც, 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შედგება. 

აბორტზე ხელმისაწვდომობა — ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალადობის ნებისმიერ ფორმას გმობს და ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აბორტის უფლების დაცვის შესახებ, მათ შორის, ქალთა უფლებადამცველთა, სერვისით მოსარგებლე მოქალაქეთა და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების დასაცავად რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აბორტის უფლებით სარგებლობის შესახებ საუბრობენ ან იყენებენ და სხვა ადამიანებისთვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას ქმნიან, თავდასხმის სამიზნეები არიან. ამასთან, არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე ინდივიდები და ორგანიზაციები თავდამსხმელის როლში გვევლინებიან და საკუთარი საქმიანობის არჩევანის თავისუფლების მხარდამჭერ ქმედებად გასაღებას ცდილობენ.

რეზოლუციის თანახმად, „თავდასხმის ფორმები სტიგმატიზებას, მიკერძოებული, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მანიპულაციას, სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნების გაღვივებას, მათ შორის, იმ კლინიკების მხრიდან ზეწოლას მოიცავს, რომლებსაც ქალები აბორტისთვის მიმართავენ. ეს ქმედებები არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე იმ ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ არის წახალისებული, რომლებიც თავს სახელმწიფო უწყების თუ თავისუფალი არჩევანის უფლების დამცველებად ასაღებენ. ამასთან, თავისუფალი არჩევანის მხარდამჭერი აქტივისტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუქარის, ონლაინ და რეალური შეურაცხყოფის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის სამიზნე არიან“.

ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმ თავდასხმებისა და ძალადობის გამო, რომელიც აბორტის უფლებით მოსარგებლე ადამიანების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ასევე ქალთა უფლებადამცველებისკენ არის მიმართული და „კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა ადამიანთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს“.

ასამბლეა გმობს არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების შელახვას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შელახვას და რეზოლუციაში ნათქვამია, რომ  „შესაძლოა, ეს თავდასხმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული ზოგადი ზეწოლის ნაწილიც იყოს, რასთან გამკლავებაც გლობალურ ამოცანად უნდა იქცეს“.

საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კანონიერ აბორტზე ხელმისაწვდომობა და სწორი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ, ამ გარანტიის შესაქმნელად კი სისხლის სამართლის ან სხვა სახის სანქციები დააწესონ. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ონლაინ აქტივობები, არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან არასწორი თვითრეპრეზენტაციის აღკვეთა, ჯანდაცვის დაწესებულებებში ბუფერული ზონების შექმნა, რომლებიც სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას, რათა ჯანდაცვის სერვისების მხრიდან ზეწოლა გამოირიცხოს. გარდა ამისა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა რეპროდუქციულ უფლებებსა და სერვისებზე, მათ შორის, აბორტის უფლების შესახებ, სანდო ინფორმაციის გავრცელება უნდა უზრუნველყონ და მოქალაქეებს, მათ შორის, სქესობრივი განათლებით, ხელი შეუწყონ, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე, ეფექტურად გამოიძიონ სიძულვილის ენის გამოყენებისა და მუქარის შემთხვევები, რომლებიც უფლებადამცველებს მიემართებათ, ასევე, კანონდამცველთათვის შესაბამისი ტრენინგები ჩაატარონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

Pusseidon – ქართველი ქვინი, რომლის ცხოვრებაც დრეგმა მთლიანად შეცვალა

დრეგ კულტურის ისტორია მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან, აფროამერიკული საზოგადოებიდან იღებს სათავეს, პირველ დრეგ ქვინად უილიამ დორსი სვანს, მონობაში დაბადებულ აფროამერიკელ მამაკაცს მიიჩნევენ, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში თავისი საქმიანობის გამო გამუდმებით სდევნიდნენ.

დრეგ ქვინები საპირისპირო სქესისთვის „დამახასიათებელი“ ვარცხნილობით, მაკიაჟით, ტანსაცმლით და სხვადასხვა საცეკვაო თუ მუსიკალური ნომრით, ჩაგრულთა ხმის გაძლიერებას და დაუვიწყარი სანახაობის შექმნას ცდილობენ. დრეგმა უფრო მეტი ადამიანი გასული საუკუნის 50-60-იან წლებიდან გააერთიანა, ხოლო რუპოლის შოუმ ქვინები მიწისქვეშა სივრცეებიდან პოპულარულ კულტურაში გადმოიყვანა.

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჩემინავა, ვატო კერძაია, დავით გოგიშვილი, Matt Shally) ორგანიზებით, რამდენიმე თვის წინ, თბილისში, კლუბ მტკვარზე, The Drag Ball-ის პირველი მასშტაბური სერია დაიწყო, სადაც ქართველი დრეგ ქვინები სხვადასხვა სანახაობრივი შოუს საშუალებით, მაყურებლების და ჟიურის მოხიბვლას ცდილობენ.

„ქართული დრეგ ბოლის პირველივე შოუს შემდეგ გამიჩნდა კითხვა, შემდეგი რა იქნება? ახლა რა უნდა გავაკეთო? ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, თითქოს წინსვლა დაიწყო, რომელიც აღარ გაჩერდება. ნაპერწკალი მარტივად ვეღარ ჩაქრება, უფრო გაიზრდება და შესაძლოა, ცეცხლად იქცეს. ბოლო პერიოდი სულ ის განცდა მქონდა, რომ განვითარება შევწყვიტე, რაც დრეგ ქვინობა დავიწყე, გაჩერებული კი არა, მგონია, რომ დავფრინავ“, – ჰყვება 21 წლის ქართველი დრეგ ქვინი, პუსეიდონი, რომელიც დრეგ მეჯლისის მესამე ღამის გამარჯვებულია.

გთავაზობთ პუსეიდონის ისტორიას:

დრეგ კულტურა და ძალა, რომელიც გარდასახვამ მომცა

გადაწყვეტილება, რომ დრეგ ქვინი გავმხდარიყავი, სამი წლის წინ მივიღე. მაშინ არ იყო დრეგი ისეთი მასშტაბური, როგორიც დღეს არის, ყოველთვის ვესწრებოდი და ვგულშემატკივრობდი სხვა ქართველი ქვინების პატარ-პატარა შოუებს, რომლებიც Success ბარში იმართებოდა და მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა, თუმცა პანდემიამ ხელი შემიშალა ამ სურვილის ახდენაში. საბოლოოდ, ჩემი სურვილი Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებულ ბოლზე ავიხდინე მარტში.

დრეგი ჩემთვის, პირველ რიგში, ხელოვნება და ძალაა,  ამასთან ერთად, შესაძლებლობა, რომ გარდავისახო და ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ვიყო. ეს გარდასახვის შესაძლებლობა მაძლევს ძალას და თავდაჯერებას. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ მუსიკით, პერფორმანსის ხელოვნებით, make up-ით, დრეგმა შესაძლებლობა მომცა, ყველა ჩემი ინტერესი ერთ რამეში გამეერთიანებინა და გავმხდარიყავი ქართული ქვიარ კულტურის ნაწილი.

პუსეიდონის დაბადება და საზღვრები, რომლის გარღვევასაც ვცდილობ

როცა დრეგ ქვინობა გადავწყვიტე და მეჯლისში ჩართვა დავაპირე, პირველი ამოცანა სახელის მოფიქრება იყო, თავს არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანად ვაიდენტიფიცირებ, შეიძლება, დღის განმავლობაში ერთდროულად ვგრძნობდე მამაკაცურ და ქალურ ენერგიებს და მომწონს ამ ორი, ერთი შეხედვით, საწინააღმდეგო ენერგიების კომბინაცია. ჩემი დრეგ სახელიც – Pusseidon-იც, სწორედ აქედან მოდის, ერთი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, ბოლოს გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს სახელი ზუსტად გამოხატავს იმას, რისი თქმაც მსურს, როგორც დრეგ ქვინს. ჩემს სახელში Pussy ქალის სასქესო ორგანოს აღნიშნავს, ორგანოს, რომელიც შობს სიცოცხლეს და პოსეიდონი, როგორც ზღვის ღმერთი, რომლისგანაც ძალიან დიდი მამაკაცური ძალა მოდის. იდეამ ელვასავით დამკრა და ვკიოდი, მაშინვე მივხვდი, რომ ის არის, რაც მინდა.

ვთვლი, რომ დრეგს არ აქვს საზღვრები, ჩემი შოუები, ძირითადად, მეტალის ჟანრის მუსიკაზეა გაკეთებული, მე არსად მინახავს დრეგ ქვინი, რომელიც ამ მიმართულებით აკეთებს შოუებს, პირველი პერფორმანსი წვერით მქონდა და მინდოდა, ამითაც ახალი სიტყვა მეთქვა დრეგის კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ საზოგადოებაში ყველაზე ნაკლებად არის საზღვრები, მაინც არსებობს სტერეოტიპები, რომლებსაც ვემორჩილებით. დრეგშიც ასეა, თითქოს დრეგ ქვინი რომ ხარ, არ უნდა გქონდეს წვერი, უნდა დგამდე შოუებს კონკრეტული შემსრულებლების კომპოზიციებზე, უნდა ჰგავდე ქალს და ა.შ. მინდა, ჩემი დრეგი ამ საზღვრების წინააღმდეგ გალაშქრა იყოს. მინდა, ახალი სიტყვა ვთქვა დრეგის ისტორიაში.

 

დრეგი, რომელიც არ რჩება მხოლოდ სცენაზე

მთავარი ინსპირაცია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ის ნაწილია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოვიდგენდი, ნაწილი, რომელიც ყოველთვის მიმალული იყო, ჩემი ინსპირაცია არის ის ოცნებები, რომელთა განხორციელებაც ჩვენს რეალობაში არ არის მარტივი. პუსეიდონი მაძლევს საშუალებას, ვიყო ის, ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი – ძლიერი, დამოუკიდებელი, სანახაობრივი, სიხარულის მომტანი. ჩემს დრეგში სულ ვცდილობ, ეს ყველაფერი ავსახო და ამ გზით გავაძლიერო რეალური ჩემი თავი, რადგან დრეგი არ რჩება მხოლოდ სცენაზე, დრეგი გვეხმარება, რომ ცხოვრებაში ისეთივე გაბედულები, ძლიერები და თამამები ვიყოთ, როგორც ეს ხდება მაშინ, როცა ვიკეთებთ მაკიაჟს, პარიკს და სცენაზე ვდგამთ ფეხს.

ჩემი საყვარელი  ქვინი Gerylin Stone-ია, ქართველი ქვინი, რომელსაც წლებია ვიცნობ და ამ დროის განმავლობაში ძალიან მეხმარება, მაძლევს სწორ შენიშვნებს, რჩევებს, მასთან ერთად ვიზრდები და ხანდახან ვხუმრობ, რომ ჩემი დეიდაა. მისი შესაძლებლობები ამოუწურავია.

 

ერთიანობა, რომელსაც ქართველი დრეგ ქვინები ქმნიან

პირველი ბოლის პირველ რეპეტიციაზე ძალიან მორიდებული ვიყავი, ვიჯექი ჩემთვის კუთხეში მარტო, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ატმოსფერო იყო, რომ რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ უკვე ყველასთან დამეგობრება მოვახერხე. ეს არის სახალისო პროცესი, თუმცა ძალიან დამღლელი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, თან ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პირველად ვიდექი ქუსლებზე და ეგრევე ცეკვა დავიწყე, სიარულიც კი არა.

ხანდახან რეპეტიციები უამრავი საათის განმავლობაში გრძელდება, დილის ხუთ საათზეც გამოვსულვართ რეპეტიციიდან, თან ქვინების უმეტესობა, მათ შორის, მეც, სხვა სამსახურშიც ვმუშაობთ და ხანდახან წარმოუდგენლად მიჭირს ამ ორის შეთავსება, თუმცა ის სიყვარული, რომელსაც სხვა ქვინებისგან და ორგანიზატორებისგან ვიღებ, ყველანაირ დაღლაზე მეტია. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი ჰაუსი და ეს არის ყველაზე ძვირფასი ჩემთვის.

რეპეტიციების მერეც სულ ერთად დავდივართ, ერთად ვატარებთ დროს, ვაძლიერებთ ერთმანეთს და გვერდში ვუდგავართ. პირველი ბოლის გენერალური რეპეტიციის მერე ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მეჯლისის ღამეს პანიკური შეტევა დამეწყო და სცენაზე ავტირდი, მართალია, შოუს ჩემი ცრემლები მოუხდა (იცინის), მაგრამ მე ძალიან გავნადგურდი.

 

ქართული დრეგის მომავალი და რჩევები იმ ადამიანებს, რომლებსაც დრეგის კეთება უნდათ

აქამდე დრეგი არსებობდა საქართველოში, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, კიდევ უფრო მასშტაბურია, ეს ყველაფერი დრეგ მეჯლისის და ქართველი ქვინების დამსახურებაა, თითქოს ბეჭედი დავარტყით იმას, რომ ქართულ კულტურაში დრეგიც შემოვიდა. მგონია, რომ ეს ნაბიჯი და ჩვენი შრომა აუცილებლად დაატყობს კვალს ქართულ ქვიარ და არა მარტო ქვიარ კულტურას.

თუ გინდა, რომ დრეგ კულტურის ნაწილი იყო და ვერ დგამ ამ ნაბიჯს, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაივიწყო ყველაფერი და უბრალოდ გააკეთო. მოიხსენით ფემინურობის კომპლექსი, ვიცი, რომ არ არის ამის დაძლევა მარტივი, იმ საზოგადოებაში განსაკუთრებით, სადაც ქალურობა სისუსტესთანაა ასოცირებული. ნუ შეუშინდებით ნორმებს, დაარღვიეთ გაბატონებული წესები და გააკეთეთ ის, რაც გინდათ. უნდა გადავაბიჯოთ შინაგან ბრძოლებს, უნდა მოვრჩეთ საკუთარი თავის და ერთმანეთის შერცხვენას ჩვენი ოცნებების გამო და ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მართლა გვინდა.

დრეგ კულტურაში ჩართვამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ძალიან დიდი თავდაჯერება მომცა, სხვანაირად გაბედული ვარ, სხვანაირ ძალას ვგრძნობ, პრეტენზია გამიჩნდა, რომ იმაზე მეტი უფლებები მაქვს, ვიდრე ამას მე მანიჭებენ, მე იმაზე მეტი ვარ, ვიდრე აქამდე ვხედავდი. მგონია, რომ შეუძლებელი აღარაფერია, ჩემს ცხოვრებაში უცებ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდა, რომლებიც მაძლევენ სიყვარულს, მეგობრობას, ძალას. ვფიქრობ, საკმარისი მიზეზია, რომ ჩვენს კომპლექსებზე მაღლა დავდგეთ და ვაკეთოთ ის, რაც მართლა გვინდა.

 

ფოტოების ავტორი: Kerosene on ice 

 

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იქნება — ქალთა ფონდი საქართველოში

კურსი მსმენელებს ქვიარ თეორიის შესახებ არსებულ ცოდნას გაუზიარებს, ასევე ფემინისტური და კრიტიკული რასის თეორიის შესახებ არსებულ ტექსტებსა და დებატებს, რომლის საფუძველზეც მსმენელებს თანამედროვე პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმში ქვიარ პოლიტიკის გაფართოებული დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის კურსი თეორიული ნაწილის გარდა, ქვიარ და ფემინისტური კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებზე პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს, რომლის შემდეგაც მონაწილეები კვლევითი განაცხადების მომზადებას და პროექტის ფარგლებში მიკრო-კვლევების მომზადებას შეძლებენ. 

სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის კურსი ქვიარ და ფემინისტური თეორიის შესახებ მრავალფეროვან საკითხებს დაფარავს. ძირითადი თემები იქნება: 

  • ქვიარ თეორიის საფუძვლები და მისი კავშირი ფემინისტურ თეორიებთან; 
  • ფემინისტური წინააღმდეგობები და რადიკალური ფემინისტური თეორიები; 
  • ACT-UP მოძრობა და აქტივიზმის როლი ქვიარ თეორიის განვითარებაში; 
  • სექსუალობის და რეპრესიების ისტორია და მისი როლი ქვიარ თეორიაში; 
  • სექსუალური დეფინიციები და ტაქსონომიები: თეორიული და პოლიტიკური დაპირებები; 
  • გენდერის პერფორმატიულობის იდეა და დრეგ კულტურის როლი ქვიარ თეორიაში; 
  • ქვიარ თეორიის კავშირი კრიტიკული რასის თეორიასთან; 
  • სხეულის პოლიტიკა: სახელმწიფო და სექსუალობის მეთვალყურეობა. 

უფასო დისტანციურ კურსს გენდერის კვლევების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ექსპერტები და მკვლევრები 22 ივნისიდან, 2 კვირაში ერთხელ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ჩაატარებენ და ის ოქტომბრამდე გასტანს. კურსდამთავრებულები კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. 

კურსზე დარეგისტრირებისთვის აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.

Fortnite თამაშში ქვიარ პერსონაჟებს დაამატებს

ვიდეოთამაში Battle Royale უფრო მეტად ინკლუზიური გახდება.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ონლაინ თამაში, რომელსაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი თამაშობს, ახალ სქინებს დაამატებს.

ახალ სქინებს შორის შეხვდებით არაბინარული იდენტობის მქონე ტონის და ბისექსუალ ჩიქას.

თამაშის შემქნელ კომპანიას, Epic Play-ს, ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ როდის იქნება ახალი პერსონაჟები ხელმისაწვდომი პლატფორმაზე.

Fortnite ონლაინ ვიდეოთამაშია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობს: Fortnite Battle Royale – რომელსაც 100-მდე ინტერნეტ მომხმარებელი უფასოდ თამაშობს და იმარჯვებს ის, ვინც ბოლოს ცოცხალი დარჩება; Fortnite: Save the World – კოოპერატიული თამაშია, რომელშიც 4 მოთამაშე ერთ ციხესიმაგრეს იცავს და Fortnite Creative – რომელშიც ყველა მოთამაშეს შეუძლია, ისეთი სამყარო და საბრძოლო არენა შექმნას, როგორიც მას სურს.

თამაში ხელმისაწვდომია Windows, macOS, Playstation 4-ის, Xbox One-ის, Nintendo Switch-ის, Android-ის და iOS-ის ელექტრონული მოწყობილობებისთვის.

თამაშს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 350 მილიონზე მეტი მომხმარებელი თამაშობს.

 

 

 

 

 

ფოტოქრონიკა: როგორ გაჩნდა პრაიდის თვე

სტოუნვოლის აჯანყებამ რამდენიმე ათეული წლის წინ მრავალი ქვიარ ადამიანი გააერთიანა და მათმა თამამმა განაცხადმა, რომ გაბრაზებულები არიან და უთანასწორობის ატანას აღარ აპირებენ, 1970-იან წლებში მთელს მსოფლიოში დიდი გადატრიალება მოახდინა.

სტოუნვოლის აჯანყებას მალევე მოჰყვა ღირსების მარში, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, ივნისის თვეში იმართება. ამ დროს ქვიარ ადამიანები ერთად იკრიბებიან და ქუჩებში დემონსტრაციულ, საზეიმო  მსვლელობას აწყობენ.

პრაიდის თვეს თან ახლავს მრავალი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავს ქვიარ საკითხების წინ წამოწევას და ჩაგრულთა ჯგუფების ხმის ამაღლებას. ეს ის დროა, როცა ქვიარ ადამიანები და უფლებადამცველები საუბრობენ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგანან ქვიარ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

მოდი, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ახლო წარსულს და უნიკალური კადრების საშუალებით, გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ქვიარ ადამიანების ბრძოლა თანასწორობისთვის და უკეთესი სამყაროსთვის.

ფოტოები ეკუთვნის ONE-ის არქივს:

სტოუნვოლამდე პერიოდი

სტოუნვოლის ბარის მფარველები

გავრცელებული აზრის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების ბრძოლა თანასწორობისთვის სტოუნვოლის აჯანყებით დაიწყო, თუმცა, რეალურად, ყველაფერს გაცილებით ადრე, 1950-იან და 1960-იან წლებში, ჰომოფილების მოძრაობის ჩამოყალიბებით ჩაეყარა საფუძველი.

ჰომოფილების სახელით ცნობილი საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა ძირეული ცვლილებებისთვის, მათი მიზანი სხვადასხვა დიდ ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო სამსახურებრივი დისკრიმინაციის, ჰომოფობიური კანონების, პოლიციის ბრუტალური მოპყრობის და სხვა პრობლემების მიმართ, რომლებსაც ლგბტქ+ ადამიანები ყოველდღიურად აწყდებოდნენ.

1960-იან წლებში აქტივისტური დაჯგუფებები ატარებდნენ დემონსტრაციებს, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ,,წლიური შეხსენებების” სახელით ცნობილი დემონსტრაცია, რომელსაც 4 ივლისს ფილადელფიის დამოუკიდებლობის დარბაზში მართავდნენ. ჰომოფილების მოძრაობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა ლოს-ანჯელესში, პოლიციის სასტიკი რეიდის წინააღმდეგ და ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სადაც ისინი ჰომოფობიურ კანონებს აპროტესტებდნენ.

 

აქტივისტები ბარ Acme-ში, 1961 წელი.

1960-იან წლების ამერიკაში გეი ბარები ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ლგბტქ+ ადამიანები ახერხებდნენ მოწყვეტას ჰომოფობიური სამყაროსგან და ცოტა ხნით შვების პოვნას.

სტოუნუოლამდელი აქტივიზმი, როგორც წესი, რეგიონულ მასშტაბებს არ სცდებოდა, რადგან მას არ ჰქონდა კოლექტიური ძალა, ამის მისაღწევად აქტივისტების ჯგუფს მრავალი წელი დასჭირდა.

სტოუნვოლის აჯანყება

ამონარიდები ჟურნალი The Advocate-დან, რომელიც აქტიურად აშუქებდა პირველ ღირსების მარშს

1950-იან და 1960-იან წლებში ლგბტქ+ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მოიცავდა დახვრეტის, დაპატიმრების, შანტაჟის, გასახლების, სამსახურის დაკარგვის მუდმივ საშიშროებას. ამასთან ერთად, „გარდაქმნის“ მიზნით, გავრცელებული იყო ელექტროშოკური თერაპია სასქესო ორგანოებზე.

ასე რომ, 1969 წლის 28 ივნისს, როცა პოლიციამ დაარბია ნიუ-იორკის ლეგენდარული ბარი Stonewall-ი, ამით მათ იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ელოდებოდნენ. ღრმა სისტემური ბრაზი, რევოლუციის ზღვარზე მყოფ საზოგადოებაში აჯანყების სურვილის გაღვიძება – სწორედ ეს მიიღო სახელმწიფომ და პოლიციამ სტოუნვოლის ბარის დარბევით, ადამიანების ჯგუფმა წარმოშვა ქარიშხალი და ხმამაღლა თქვეა, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს. ცეცხლი მოულოდნელად აინთო და ახალ, ეროვნულ გეი სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.

„დავიღალეთ, მანიპულაციის და ექსპლუატაციის სამიზნეები რომ ვართ, დავიღალეთ, ჩვენი შეკრებები თავდასხმით რომ მთავრდება, დავიღალეთ განტევების ვაცის როლში ყოფნით. დავიღალეთ მუქარით, შევიწროებით, ხაფანგში გამომწყვდევით და იმის მუდმივი გამეორებით, თუ ვინ ვართ, რა უნდა გავაკეთოთ, როდის უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიგრძნოთ, რა ვთქვათ, როგორები ვიყოთ, ვინ ვიყოთ. არც გარეთ არის ჩვენი ადგილი და არც – შიგნით, ჩვენ ავჯანყდით იმიტომ, რომ მდიდარი თუ ღარიბი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ჩვენ ვბედავთ ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ის, ვინც ვართ, ვიცინოთ და ვითამაშოთ, ჩვენ ავჯანყდით იმიტომ, რომ გეები ვართ.” – წერია კრისტოფერის ქუჩის განთავისუფლების კომიტეტის წევრის ემოციურ მიმართვაში, რომელიც 1974 წლით თარიღდება.

სტოუნვოლის აჯანყებამ შეცვალა გეი მოძრაობის მიმართულება, გაიზარდა მისი მასშტაბი და გააერთიანა მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებლად ცდილობდნენ ქვიარ ადამიანების ცხოვრების შეცვლას. აჯანყების შემდეგ უფრო მეტად გაძლიერებული ლგბტ უფლებების ლიდერები მობილიზდნენ სხვადასხვა ქალაქში და ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ კითხვაზე, რა იქნება ამის შემდეგ.

ქრიტოფერის ქუჩის განთავისუფლების დღის ფლაერი

პრაიდის დაბადება

1969 წლის 2 ნოემბერს, ფილადელფიაში, ჰომოფილური ორგანიზაციების აღმოსავლეთ რეგიონულ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ 1970 წლის 28 ივნისს, ნიუ-იორკში ჩატარდებოდა სიამაყის მარში. ამ მასიური მსვლელობით ლგბტ+ ადამიანებმა აღნიშნეს სტოუნვოლის აჯანყების წლისთავი კრისტოფერის ქუჩაზე შეკრებითა და მსვლელობით.

იმავე კვირას, სიამაყის მარში გაიმართა ამერიკის სამ ქალაქში: ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში და ჩიკაგოში. სწორედ აქედან იწყება ღირსების მარშის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლოს-ანჯელესი პირველი ქალაქი იყო, სადაც მმართველმა ორგანოებმა უფლება დართეს დემონსტრანტებს, ქუჩები გადაეკეტათ და შექმნეს რეალური მარშრუტი მარშისთვის. 1974 წელს ლოს-ანჯელესმა ღირსების მარშს შემატა ფესტივალის კომპონენტი, რომელიც დღემდე პრაიდის თვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

1970 წელს, ამერიკაში, დღის სინათლეზე მსვლელობა ტრაფარეტებით, რომლებზეც ეწერა, რომ ქვიარი ხარ, ძალიან სარისკო იყო, ეს შეიძლება ფატალურად, სიკვდილით დასრულებულიყო, ბევრ დემონსტრანტს არც ჰქონდა იმედი, რომ მარშრუტი მშვიდობიანად დასრულდებოდა, არც იმის მოლოდინი, რომ მსვლელობას სხვებიც შემოუერთდებოდნენ, ან ნახევარ გზას მაინც თუ გაივლიდნენ გაბრაზებული, მოძალადე ბრბოს გარეშე.

მარშის დასაწყისში 10 ადამიანი უცებ გადაიქცა 100 ადამიანად, 100 ადამიანი – 1000-ად, ხოლო მარშის დასრულების დროს ათასობით ადამიანი ერთად ზეიმობდა იმ სამყაროში ფეხის შედგმას, სადაც ქვიარ სიყვარული ისეთივე ამერიკული იყო, როგორი ამერიკულიც არის ვაშლის ღვეზელი.

 

პირველი ღირსების მარში ლოს ანჯელესში

 

 

 

 

 

ხელჩაკიდებული დემონსტრანტები ლოს-ანჯელესში ღირსების მარშზე, 1971 წელი. 
წარწერა ბანერზე – „შავკანიანი გეები გაერთიანდნენ“ , ღირსების მარში 1975 წელი.

 

ლესბოსელი წყვილი ლოს-ანჯელესის პრაიდ ფესტივალზე, 1975

 

ხელჩაკიდებული პოლიციის ოფიცრები ლოს-ანჯელესის ღირსების მარშზე, 1975

 

 

DIKES ON BIKES – ლოს-ანჯელესის ღირსების მარში, 1972 წელი. 
ლგბტქ+ დემონსტრანტები საპროტესტო აქციებს აწყობენ ამერიკული ტელეარხის, ABC-ის სათაო ოფისთან, დემონსტრაცია იყო მრავლთაგან ერთ-ერთი, რომელიც აპროტესტებდა მედიის მიერ ლგბტქ+ ადამიანების არასწორ რეპრეზენტაციას.
ჟურნალი Gaby-ის ყდა და შიდა გვერდები, სადაც განთავსებულია კომერციული რეკლამა ელექტროშოკური თერაპიის, რომლის საშუალებითაც ქვიარ ადამიანების ,,გარდაქმნას” ცდილობდნენ.

 

„პიდარასტებმა დატოვეთ ტერიტორია“ –  ამერიკული მსხვილი საკვების ობიექტის, Barney’s Beanery-ის წარწერა, რომელმაც გამოიწვია დემონსტრანტების პროტესტი 1969 წელს.

 

გეი განმათავისუფლებელი ფრონტის პროტესტი ქუჩებში პირველი სიამაყის მარშის ნებართვის მოთხოვნით, 1970 წლის ივნისი.

 

„დაე ყველა ქვიარ ადამიანმა იყვავილოს“ – წარწერა 1978 წლის ღირსების მარშიდან, სან-ფრანცისკო.

 

ჯინ კიტრისი, ჯინის ტელევიზიის მფლობელი და გეი ფილატნროპისტი, ფოტოზე ასახაულია, როგორ გადასცემს ჯინ კიტრისი ჯიმ კეპნერს შემოწირულობას გეი ეროვნული არქივის მხარდასაჭერად.

 

 

 

თანასწორობის მოძრაობისა და WISG-ის საზაფხულო სკოლა ქვიარ და ფემინისტური საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

23-დან 28 ივლისის ჩათვლით, თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) თანაორგანიზებით, ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა მოეწყობა. საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შესაძლებლობა იმ ადამიანებს ექნებათ, რომელთაც ქვიარ და ფემინისტური თეორიებისა და მოძრაობების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება და აქტივიზმისა და ადვოკატირების გზით, ემანსიპატორული პოლიტიკის შექმნაში ჩართვა სურს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოწვეული გენდერის, სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებისა და სპეციალისტების, ასევე ქვიარ და ფემინისტურ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტებისა და ავტორების მიერ არის მომზადებული და ორ ნაწილად იყოფა:

პირველი ნაწილი: 

  • ქვიარ-ფემინისტური აზრი;
  • ფემინისტური და ქვიარ თეორიის საფუძვლები;
  • ფემინიზმის ტალღები, მნიშვნელოვანი ფემინისტური და ქვიარ მოძრაობები;
  • ქვიარ-ფემინისტური მემარცხენე აზრი, დეკოლონიური/პოსტკოლონიური ხედვა;
  • საქართველოში ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების განვითარება და პოლიტიკა.

მეორე ნაწილი: 

  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (SRHR);
  • ფემინისტური პერსპექტივა SRHR-ზე;
  • სხეულის აგებულება, მენსტრუაცია და სტიგმა;
  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თვითზრუნვის პრაქტიკები.

საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შანსი 20 ადამიანს აქვს, ამიტომ, თუ 18-30 წლის ხართ და ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ ინტერესი, აქტივიზმში ჩართვის მოტივაცია გაქვთ, 20 ივნისის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.

ჰომოფობიურ აქციაზე 7 პირი, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ჰომოფობიურ აქციაზე 7 პირი, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილი, წვრილმანი ხულიგნობისთვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია – ზნეობის მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე შეკრებილებს ანტი-ლგბტქი და სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ჰქონდათ მიტანილი.

პოლიციამ აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც შეკრებილებმა ევროკავშირის დროშის დაწვა გადაწყვიტეს.

პრორუსულ დაჯგუფება ალტ-ინფოს 216 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა

აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს სასამართლომ 216 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ალტ-ინფოს ბრალად 2021 წლის დეკლარაციის არასწორად შევსება და არაფულადი შემოწირულებების დამალვა ედება. ალტ-ინფო გასული წლის დეკლარაციაში აღნიშნავდა, რომ 2021 წლის დეკემბერში ფულადი ბრუნვა არ ჰქონიათ. გარდა ამისა, დაჯგუფებამ დეკლარაციაში არ აღნიშნა ის არაფულადი შემოწირულება, რაც ბრენდირებული მასალის ბეჭდვის, საოფისე და სხვა ინვენტარის სახით მიიღეს. 

დაჯგუფების არადეკლარირებულმა თანხებმა 72 ათასი ლარი შეადგინა, ამიტომ ალტ-ინფოს ამ თანხის ოდენობის ორმაგი ჯარიმა და დამატებით, არადეკლარირებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა დაეკისრა.

ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ TV პირველთან საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული — შს მინისტრის მოადგილე პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პრაიდ კვირეულის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შსს დაიცავს „ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების შესახებ შსს-ს ინფორმაცია აქვს და „სამინისტრო მიიღებს ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული”.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, ანა სუბელიანის თქმით, ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და მათი მხრიდან ღონისძიების დაცვის მზაობასაც ხედავენ.

„ნებისმიერი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც, ვფიქრობ, არ არსებობს, თუმცა ხელისუფლებას დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს. წინა წელს ხელისუფლებამ უკეთ დაიცვა დახურული ღონისძიებები და წელსაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ და ვხედავთ, რომ უსაფრთხოების დაცვისთვის მზაობაც აქვთ. გავაგრძელებთ მუდმივ ჩართულობას, რათა დაცვის გარანტიები შევქმნათ“, — აღნიშნა ანა სუბელიანმა. 

Tbilisi Pride-მა პრაიდ კვირეული 31 მაისს დააანონსა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება და 3 ღონისძიებას გააერთიანებს — ქვიარ ფილმის ჩვენებას, რეგიონულ კონფერენციას და მუსიკალურ პრაიდ ფესტივალს. 

პრაიდ კვირეულის დაანონსებას ალტ-ინფოს წევრების კომენტარები მოჰყვა, რომელთაც აღნიშნეს, რომ ღონისძიებების ჩატარებას არ დაუშვებენ და აქციის ორგანიზებას გეგმავენ.

2021 წლის 5 ივლისს პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში ალტ-ინფოს ორგანიზებული ძალადობრივი აქციის გამო ჩაიშალა, რომლის დროსაც სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს და მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.