ივნისი 2022

კაფე მზიურთან ლგბტქი დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს

კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების ხელმძღვანელობით, დროშის ჩამოხნსას მოითხოვდა. კაფე მზიურის დამფუძნებლის, ანა გოგუაძის თქმით, ადგილზე ასობით პოლიციელია მობილიზებული და კაფეს ტერიტორიასა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას იცავენ.

„ახლა მზიურთან 300-მდე პოლიციელია მობილიზებული, ფაქტობრივად ჯარია ერთი დროშის გამო. მეუბნებიან, რომ მოვხსნა დროშა, თუმცა ამას არ ვიზამ, პრინციპის ამბავია და დროშა ადგილზე იქნება 3 დღის განმავლობაში. პოლიცია მეუბნება, რომ შემიძლია ტერიტორიის დატოვება. იმედი მაქვს, რომ კაფე მშვიდობით დამხვდება. ძალადობრივი აქციის მონაწილეები ისევ ადგილზე არიან და მღვდლები ქადაგებენ, თუ როგორი გარყვნილების ბუდეა კაფე მზიური“, — აღნიშნავს ანა გოგუაძე.

ანა გოგუაძე ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ „ადგილზე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, რადგან კაფეს სტუმრები შეკრებილებს ყურადღებას არ აქცევდნენ და მათთან პოლემიკაში არ შესულან, თუმცა სტუმრების უსაფრთხოების გარანტიებისთვის, ვთხოვე მომხმარებლებს, რომ ტერიტორია დროზე ადრე დაეტოვებინათ. იყო სპეკულაციები, რომ მოხდებოდა შეხლა-შემოხლა, თუმცა სტუმრები ადგილზე აღარ არიან, დროშა ისევ აღმართულია და ასობით პოლიციელია მობილიზებული“.

კაფე მზიურის დამფუძნებელი ამბობს, რომ დროშის ჩამოხსნას არ აპირებენ, „კაფე მზიური ყოველთვის სოლიდარული იყო ნებისმიერი ადამიანის მიმართ“ და ეს ადგილი ყოველთვის იქნება ყველასთვის.

ალტ-ინფოს საკანონმდებლო ცვლილების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში არ გაატარეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა.

გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას საინიციატივო ჯგუფი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შეიქმნა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში გატარებაზე უარი პროცედურული დარღვევების გამო ეთქვა, კერძოდ, თითოეულ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი უნდა ერთვოდეს, ძალადობრივი ჯგუფის მიერ წარდგენილ სამ კანონპროექტს კი მხოლოდ ერთი განმარტებითი ბარათი ახლდა. ამასთან, „კანონპროექტს უნდა დაერთოს პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი და ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს საკანონმდებლო პაკეტის სახით. აღნიშნული პაკეტი კი ამ მოთხოვნების დარღვევითაა წარმოდგენილი“.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჰომოფობიური კანონპროექტი ლგბტქი თემის წევრებისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო დემონსტარციის ჩატარებასა და ისეთი შეკრების ჩატარების აკრძალვას ითვალისწინებდა, რომელიც, შესაძლოა, ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივების მცდელობის ნიშნებს შეიცავდეს.

კომიტეტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ბეჟაშვილმა განხილვისას აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფი პროცედურულ დარღვევებს კი გამოასწორებს, მაგრამ წარდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და მისი ინიცირება არ შედგება, ამიტომ კანონპროექტის არსებითი განხილვა მოითხოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ კი აღნიშნა, რომ „პარლამენტში იმისთვის ვართ, რომ რაღაც სტანდარტზე ვისაუბროთ და ეს [საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი] არის სტანდარტი, რომელიც არაფრად აგდებს არათუ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ჩვენს მისწრაფებას, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო… არ შეიძლება პარლამენტში მშვიდად ვხედავდეთ საკითხებს, რომლითაც მიდის პირდაპირ იმის პედალირება, რომ უთანასწორობა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში“.

ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგო აქციის გეგმებთან დაკავშირებით პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ზურაბ მახარაძემ TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა, რომ შსს-ს განუცხადეს ის, რასაც საჯაროდ ისედაც წერდნენ, დაჯგუფება ხალხის ორგანიზებას და პროტესტის გამოხატვას აპირებენ. ალტ-ინფოს ლიდერმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „თქვენ თუ პროვოკაციებს მოაწყობთ და კიდევ რაღაც სისულელეებს გააკეთებთ. იმედია, არ მოხდება, ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს“, თუმცა მხარაძემ ისიც თქვა, რომ 100%-იანი გარანტია არ არსებობს.

დღეს შსს-ს განცხადებაც გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღებენ „ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

განახლება: შსს-ში აცხადებენ, რომ ალტ-ინფოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და მუქარის მუხლებით გამოძიება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდმა მთავრობის მისამართით მოთხოვნები გაავრცელა, რომლითაც მთავრობას პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ, პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამივე ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფისკენ, ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქში წესრიგის დაცვისკენ, ასევე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების დასჯისკენ მოუწოდებენ.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი — შსს პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღებენ „ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

შსს ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდებს, რომ დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს და პირობას დებენ, რომ  „სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

სამინისტრომ განცხადებით დაადასტურა, რომ კვირეულთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში არიან ღონისძიებების ორგანიზატორებთან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სამუშაო შეხვედრები ტარდება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, თბილისი პრაიდის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა“, — ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

გუშინ, თბილისი პრაიდმა პრაიდ კვირეულის უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობის მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერა:

  1. მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
  2. დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს.

Tbilisi Pride მთავრობისგან კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებსა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას ითხოვს

28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 იწყება, რომელიც 3 დახურულ ღონისძიებას აერთიანებს — ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებას, რეგიონულ კონფერენციასა და პრაიდ ფესტივალს. აღნიშნულთან დაკავშირებით Tbilisi Pride-მა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლითაც მთავრობისგან კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, კვირეულის დღეებში ღონისძიებების ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში წესრიგის დაცვა, საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, ასევე გასული წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა დასჯა მოითხოვა.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა ბრიფინგზე გააჟღერა, რომ დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, წელს საჯაროდ შეკრებისა და მანისფესტაციის უფლებაზე უარი თქვეს და დახურული ღონისძიებების გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივი შინაარსის გეგმების შესახებ იფორმაციას მაინც აჟღერებენ.

„ჩვენ ორი თვეა აქტიურ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებულ დეტალებზე. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს ვაწვდით ფაქტებს გაჟღერებული მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ. შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება“, — აღნიშნულია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

შსს-სთან აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, ორგანიზაციის წევრებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, რადგან „მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ბოლო დღეებში აქტიურად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტებელი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები“.

პრორუსული, ძალადობრივი გაერთიანება კონსერვატიული მოძრაობის წევრები დაჯგუფების ტელევიზიის, ალტ-ინფოს ეთერში მუდმივად ცდილობენ ლგბტქი ორგანიზაციის დისკრედიტაციას. დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ კი 22 ივნისს განაცხადა, რომ პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზაციას იწყებენ.

გარდა იმისა, რომ მახარაძის განცხადება ძალადობრივ ნიშნებს შეიცავდა —  „ამათ ჩვენ საბოლოოდ გადავამტვრევთ“, პრორუსული დაჯგუფების ლიდერმა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი გზავნილიც გააკეთა — „საქართველოში არა ერთი ხელისუფლება მეორით, არამედ წყობა, სისტემა და მიზანი შეიცვლება“. 

მახარაძის განცხადების პარალელურად პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შედგა, რომლემაც, გასული წლის 5 ივლისის მოვლენები თბილისი პრაიდის პასუხისმგებლობად მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია — ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დგას. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა  ჩაეტარებინათ. პირდაპირი პროვოკაცია, პირდაპირი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, უნდოდათ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, მასობრივი არეულობა, შეტაკებები, პოლიციას ძალა გამოეყენებინა. ეს ამ ადამიანებმა დაგეგმეს“. 

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაიჭირეს და გაასამართლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული, მეტიც, დაჯგუფების ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ტელევიზიის ეთერით ახალი თავდასხმისთვის ხალხის მობილიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გაათანაბრა და აღნიშნა, რომ მორგოშიას და მახარაძის დაკავების სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ნახევარი ოპოზიცია დასაჭერია, „არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი — უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ძალადობასთან“.

სველი ქვიშა — ქართული ქვიარ ფილმი, რომლის პრემიერითაც პრაიდ კვირეული იწყება

28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებით იწყება, რომლის რეჟისორი არაბინარული იდენტობის მქონე ელენე ნავერიანია. სველი ქვიშა 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული ამბავია, რომლის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში, ერთ-ერთი გმირის გარდაცვალებით იწყება.

„მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი, მოე სოფელში დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩადის და იმ ტყუილების ქსელის პირისპირ აღმოჩნდება, რაც ელიკოს და ამნონის 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული გამოძახილია. სიმართლე მოეში სიყვარულის უნარს აღვიძებს, სოფლელებს კი ხმის ამაღლებისკენ უბიძგებს“, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ელენე ნავერიანის თქმით, უნდოდა, ფილმით პატივი მიეგო დავიწყებული ადამიანებისთვის და მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის საპასუხოდ ნაბიჯი გადაედგა.

„საქართველოში, პატარა სოფელში, სადაც ტალღები გამუდმებით ეხლებიან ნაპირს, მიუხედავად ძალადობრივი ნაციონალისტური ღირებულებებისა, ტრადიციებისა და რელიგიისა, რომელიც ადამიანების ხმებს ახშობს, მათ თავისუფლებას ზღუდავს და მათი არსებობის უმცირეს ანაბეჭდსაც კი შლის, სიყვარული მაინც პოულობს არსებობის გზას. სველი ქვიშა დავიწყებული ადამიანებისთვის პატივის მიგებაა, მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის საპასუხო ნაბიჯი და საკუთარი იდენტობის ძიებისას სირთულეების წინაშე აღმოჩენილი თაობების გაძლიერების მცდელობა. მინდოდა, მათთვის გამეზიარებინა ამბავი, რომლის გმირადაც საკუთარი თავის წარმოდგენა მათივე ქვეყანაში შეეძლებოდათ და გამბედაობა მიმეცა, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ, არასოდეს თქვან უარი ოცნებებზე“, — აღნიშნავს ელენე ნავერიანი სველი ქვიშის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

AT.ge

ელენე ნავერიანმა საკუთარი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების პროცესზე The Calvert Journal-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსახიობების დათანხმება განსაკუთრებით გაუჭირდა, რადგან ფილმში განხილული თემების გამო უარს ეუბნებოდნენ.

„არავის უნდოდა, რომ ფილმის ნაწილი ყოფილიყო. როცა ფილმის სცენარს ნახულობდნენ და იმ სცენას კითხულობდნენ, სადაც ორ კაცს შორის ფიზიკური კონტაქტია, უარს ამბობდნენ. რატომღაც პირადად იღებდნენ და ივიწყებდნენ, რომ მსახიობს შეუძლია, ნებისმიერი რამ ქნას“, — აღნიშნა ელენე ნავერიანმა.

maximage

მიუხედავად გადაღებისთვის მზადების რთული პროცესისა, პროექტი მაინც შედგა. ფილმში მთავარ როლებს ბებე სესიტაშვილი, მეგი კობალაძე, გიორგი წერეთელი, ეკა ჩაველიშვილი, ზაალ გოგუაძე, კახა კობალაძე და დებიუტანტი მსახიობი გია აგუმავა ასრულებენ, რომლის მიერ შესრულებული ამნონის როლი კრიტიკამ განსაკუთრებით მოიწონა. აგუმავას ლოკარნოს კინო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდოც გადაეცა.

სველი ქვიშის პრემიერა 28 ივნისს, 19:00 საათზე შედგება. ფილმზე დასწრება უფასოდ, აღნიშნულ ლინკზე წინასწარი რეგისტრაციით შეგიძლიათ, კინოჩვენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერიფიკაციის გავლის შემთხვევაში მიიღებთ.

ალტ-ინფომ პრაიდ კვირეულისთვის ხალხის მობილიზაცია დაიწყო, ქვეყნის პრემიერმა კი წინა წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა

22 ივნისს, პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ დაჯგუფების ტელევიზიის, ალტ-ინფოს ეთერში პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზება გამოაცხადა.

ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ „ამათ ჩვენ საბოლოოდ გადავამტვრევთ“, ამასთან, ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის თქმით, „საქართველოში არა ერთი ხელისუფლება მეორით, არამედ წყობა, სისტემა და მიზანი შეიცვლება“ იმის, რასაც აკეთებენ.

მახარაძის განცხადების პარალელურად პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შედგა, რომლემაც, გასული წლის 5 ივლისის მოვლენები თბილისი პრაიდის პასუხისმგებლობად მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია — ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დგას. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა  ჩაეტარებინათ. პირდაპირი პროვოკაცია, პირდაპირი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, უნდოდათ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, მასობრივი არეულობა, შეტაკებები, პოლიციას ძალა გამოეყენებინა. ეს ამ ადამიანებმა დაგეგმეს“. 

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაიჭირეს და გაასამართლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული, მეტიც, დაჯგუფების ლიდერი, ზურაბ მახარაძემ ტელევიზიის ეთერით ახალი თავდასხმისთვის ხალხის მობილიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ნახეთ Stranger Things-ის მეოთხე სეზონის ფინალის ტრეილერი

1 ივლისს Netflix-ზე Stranger Things-ის (უცნაური ამბების) მეოთხე სეზონის ფინალური სერიები დაემატება და ფანების მოლოდინიც დასრულდება.

გახმაურებული ამერიკული სერიალის და Netflix-ის სავიზიტო ბარათის ახალი, მეოთხე სეზონის პირველი ნაწილის პრემიერა მაისის ბოლოს შედგა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა ფანებში.

სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის შემდეგ ფანები მოუთმენლად ელოდებიან, როგორ განვითარდება მათი საყვარელი პერსონაჟების ისტორიები  და სწორედ ამიტომ, ფინალური ეპიზოდების გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე Netflix-მა ახალი ტრეილერი გაგვიზიარა, რომელიც მოლოდინებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

Stranger Things ძმები დაფერების 2016 წლის ჰორორის ჟანრის სერიალია, რომელიც ფიქციური, ამერიკული ქალაქის ისტორიას გვიამბობს. სერიალში მოქმედება გასული საუკუნის 80-იან წლებში ვითარდება და იმეორებს ჰორორის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტრადიციებს.

მაყურებელმა სერიალის 4 სეზონი იხილა, როგორც ცნობილია სერიალი მეხუთე, ფინალური სეზონით დასრულდება.

Stranger Things-ის მეოთხე სეზონის ბოლო ორი სერიის ქრონომეტრაჟი ჯამში 4 საათი იქნება.

Netflix მერლინ მონროს ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს – ნახეთ თიზერი

ონლაინ სტრიმინგ სერვისი Netflix მერლინ მონროს ცხოვრებაზე მხატვრულ ფილმს გადაიღებს.

ფილმი, რომელიც მცირე ეკრანებზე 23 სექტემბერს გამოვა გვიამბობს მერლინ მონროს ცხოვრების გზას მცირე ასაკიდან გარდაცვალებამდე და მასში მთავარ როლს ანა დე არმასი შეასრულებს.

ფილმი ამერიკელი ავტორის, ჯოის კეროლ უოტსის 2000 წლის გახმაურებულ რომანს Blonde-ს (ქერათმიანს) ეფუძნება, სადაც რეალური ფაქტებით და ავტორის მიერ შეთხზული ისტორიებით არის გადმოცემული ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის ცხოვრების ისტორია.

ფილმზე რეჟისორი ენდრიუ დომინიკი მუშაობს, რომელსაც ასევე ეკუთვნის ფილმი Killing Me Softly.

ართურ მილერის როლს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში ედრიენ ბროდი, ხოლო ჯო დიმაჯიოს როლს ბობი კანავალი შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ მერლინ მონროს ბიოგრაფიული ფილმი პირველი იქნება სტრიმინგ სერვისისთვის, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა ექნება, რადგან ფილმში მრავლადაა სექსუალური სცენები.

 

 

 

 

ილონ მასკის შვილი ამბობს, რომ ტრანსგენდერია და არ უნდა მამასთან კონტაქტი

ილონ მასკის შვილი ამბობს, რომ ტრანსგენდერია და სურს არაფერი აკავშირებდეს მამასთან.

ინფორმაციას ონლაინ გამოცემა TMZ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვივიანმა უკვე მიმართა ოფიციალურ უწყებებს, რათა მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერი და მამის გვარი შეიცვალოს

18 წლის ვივიან ჯენა ვილსონი ილონ მასკს პირველი ცოლისგან, იუსტინა ვილსონისგან შეეძინა. მამის ტრანსფობიური განცხადებების შემდეგ, ვივიანმა გადაწყვიტა,  რომ კავშირი გაწყვიტოს მამასთან.

ილონ მასკმა თვითერის პირად ანგარიშზე ტრანსგენდერი ადამიანების დისკრედიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა კანადელმა პარტნიორმა, Grimes-მა 4 წლიანი ურთიერთობა დაასრულა ბიზნესს მაგნატთან და ახალი ურთიერთობა წამოიწყო ტრანსგენდერ აქტივისტთან, ჩელსი მანინგთან.

ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ილონ მასკი ღიად უცხადებს მხარდაჭერას ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც გამოირჩევა ტრანსფობიური დამოკიდებულებებით.