სულ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ახალი წიგნი Frida Kahlo: Her Universe, რომელშიც ლეგენდარული მექსიკელი მხატვარის, ფრიდა კალოს, პერსონალური ნივთების ფოტოებია თავმოყრილი.
ცხოვრების განმავლობაში, ფრიდა კალოს სურდა, რომ სახლი, სადაც არტისტი დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა, მუზეუმად ექცია. „ლურჯ სახლად“ (La Casa Azul) ცნობილი ფრიდა კალოს საცხოვრებელი დღეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მექსიკაში. სახლს, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, დიდი როლი ჰქონდა მხატვრის ცხოვრებაში და არტისტი მას თავის „ინტიმურ სამყაროს“ უწოდებდა.
სწორედ ამ სახლში არსებულ ნივთებს აერთიანებს ახალი წიგნი, სადაც ნახავთ იშვიათ ფოტოებს არტისტის ცხოვრებიდან, გაიცნობთ ფრიდა კალოს ოჯახის წევრებს, ნივთებს, რომლებსაც არტისტი წლების განმავლობაში აგროვებდა და ადამიანებს, რომლებიც მასპინძლის მიერვე შეღებილ „ლურჯ სახლს“ სტუმრობდნენ.
მუზეუმად ქცეულ „ლურჯ სახლში“ ოთახების უმრავლესობა დღესაც ზუსტად ისეთია, როგორიც არტისტის ცხოვრებაში იყო. ბაღი ჯერ კიდევ პრე-ესპანური სკულპტურებითაა გაფორმებული, რომლებსაც ცოლ-ქმარი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდა.
ინტერიერში მინიმალური ცვლილებებია შეტანილი და ავეჯის უმრავლესობა თავად ფრიდა კალოს შერჩეულია. სამზარეულოში კვლავ შეხვდებით ყვითელ მაგიდას, რომელზეც ფრიდა და დიეგო ლევ ტროცკისთან ერთად საუზმობდნენ. ჭურჭელს, რომელსაც მხატვარი 1954 წლამდე იყენებდა.
საძინებელში ჯერ კიდევ არის ის ნივთები, რომლებიც მხატვარმა თავის ნახატებშიც გადაიტანა.
წიგნში ასევე შეხვდებით ფოტოებს ფრიდა კალოს ბიბლიოთეკიდან, სათამაშოებს, რომლებითაც ბავშვობაში თამაშობდა, პირად წერილებს, ტექსტურებს, სამკაულებს, პოსტერებს, ძველ გაზეთებს, ტრადიციულ მექსიკურ ტანისამოსს და, რაც მთავარია, მხატვრის იმ ნახატებს, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.