2022 წლის 10 საუკეთესო ქვიარ ფილმი

ჰორორი, ტრილერი, ფსიქოლოგიური დრამა, რომკომი, ქართული სოციალური დრამა, ბიოპიკი — გთავაზობთ 2022 წლის საუკეთესო ქვიარ ფილმებს, რომლებიც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა გემოვნების მაყურებლისთვის:

Everything Everywhere All at Once

Everything Everywhere All at Once დანიელ კვანის და დანიელ შჩაინერტის ბოლო წელს გამოსული აბსურდული ჟანრის კომედი-დრამაა, რომელიც ამერიკულმა კინო ინსტიტუტმა 2022 წლის ათ საუკეთესო ფილმში შეიყვანა. ფილმი ჩინელი-ამერიკელი იმიგრანტის, ეველინის ისტორიას გვიამბობს, რომელიც სამყაროს გადარჩენის მიზნით, პარალელურ სამყაროებში მოგზაურობს და საკუთარი თავის ბევრ სხვანაირ ვერსიას ხვდება. ფილმმა უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსის 6 ნომინაცია და მთავარი როლის შემსრულებელ მიშელ იოუს ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ.

ჩემი ოთახი 

ჩემი ოთახი სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის სცენარზე რეჟისორთან ერთად თაკი მუმლაძემ იმუშავა. ფილმში მოქმედება პანდემიის დროს ვითარდება და გვიამბობს ორი განსხვავებული წარსულის მქონე ქალის მეგობრობის ისტორიას, რომლებიც თბილისის ძველ უბანში საერთო სახლს ქირაობენ. ფილმმა, რომლის ჩვენებაც ქართულ კინოთეატრებში თებერვლიდან დაიწყება, უკვე მოასწრო საფესტივალო მოგზაურობა და თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოც მოიპოვა.

ვრცლად ამ თემაზე – ინტერვიუ თაკი მუმლაძესთან

Benediction

Benediction გასული წლის კიდევ ერთი გამორჩეული ბიოპიკია, რომელიც ბრიტანელი პოეტის და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანის, ზიგფრიდ სასუნის ისტორიას გვიამბობს. ტერენსი დეივისის ფილმი ქვიარ პოეტის ორ ომზე გვიყვება — პირად ომზე, რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გარშემო ვითარდებოდა და პირველ მსოფლიო ომზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მეოცე საუკუნის ისტორია. ფილმში მრავლად შეხვდებით სასუნის პოეზიას და პირველი მსოფლიო ომის იშვიათ კადრებს.

Tár

Tár ოსკარის სამი ნომინაციის მფლობელი რეჟისორის, ტოდ ფილდის 2022 წლის ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს. ფილმი სახელგანთქმული კომპოზიტორის და დირიჟორის, ლინდა ტარის დაცემის ისტორიას გვიამბობს და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ტოქსიკური და არამეგობრული შეიძლება იყოს სახელოვნებო სივრცეები ახალი ტალანტების მიმართ და როგორი მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი წარმოდგენები სახელგანთქმული ვარსკვლავების მიმართ.

Bros

Bros ნიკოლას სტოლერის 2022 წლის რომანტიკული კომედიაა, რომლის სცენარზეც ბილი აიკნერმა იმუშავა. სატირული ჟანრის რომკომის სიუჟეტი ნიუ-იორკში ვითარდება და გვიამბობს პოდკასტის წამყვანის, ბობის და უძრავი ქონების აგენტის, აარონის სიყვარულის ისტორიას, რომლებიც ცდილობენ, მათი ურთიერთობა თანამედროვე სამყაროს დაკვეთებს და ფორმებს მოარგონ. კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად განსხვავდება გეი და სთრეითი ურთიერთობების ფორმები და როგორ შეიძლება გეი წყვილი აღმოჩნდეს იმის მსხვერპლი, რასაც ამდენი ხანი დიდი მონდომებით ქმნიდა.

Hellraiser

Hellraiser 1987 წლის ამავე სახელწოდების ჰორორის ჟანრის საკულტო ფილმის რებუტია, რომელიც კლაივ ბარკერის გახმაურებული რომანების სერიას ეფუძნება. ფრენჩაიზის მეთერთმეტე ფილმი გამორჩეულია იმით, რომ მასში მთავარი ბოროტმოქმედის როლს ტრანსგენდერი მსახიობი, ჯემი კლეიტონი ასრულებს. ფილმში მოქმედება ჰედონისტი მილიონერის, როლანდ ვოიტის სასახლეში იწყება, სადაც სექსმუშაკი გახსნის მექანიკური თავსატეხის ყუთს, რომელიც შეიწირავს ქალის სიცოცხლეს.

Bones and All

Bones and All ლუკა გუადანინოს ბოლო წლის ნამუშევარია, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის ლომიც კი დაიმსახურა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებში ტიმოთი შალამე და ტეილორ რასელი გვევლინებიან, გვიამბობს ორ კანიბალ მოზარდზე, რომლებიც ამერიკაში მოგზაურობენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ. Coming-of-age ჟანრის ფილმი კამილ დეანჯელისის 2017 წლის რომანს ეფუძნება და ალეგორიულად გადმოგვცემს იმ გამოცდილებას, რომლის გავლაც ქვიარ მოზარდების უმეტესობას უწევს.

Anaïs in Love

Anaïs in Love ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმია, რომელმაც შეიძლება 2021 წლის ფილმი The Worst Person in The World მოგაგონოთ, ოღონდ ერთი განსხვავებით — ანაისი 30 წლის ბისექსუალი ქალია, რომელიც ფილმის დასაწყისში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ქალს არ აქვს ფული და მისი სასიყვარულო ურთიერთობა უფსკრულისკენ მიემართება, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ის დანიელს შეხვდება. კაცს მალე უჩნდება გრძნობები ანაისის მიმართ, თავის მხრივ, ანაისი დანიელის საყვარლით, ემილით ინტერესდება. ფილმი, რომელიც სავსეა ფრანგული იუმორით და უიმედო რომანტიზმით, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბოლო პერიოდის პოპულარულ, მეოთხედი ცხოვრების კრიზისს ახალგაზრდა ადამიანებში.

Decision to Leave

Decision to Leave კორეელი ავტორის, პაკ ჩხან უკის რომანტიკული ტრილერია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო რეჟისორის პრიზიც მოიპოვა. ფილმი, რომელიც 2022 წლის საუკეთესო ინტერნაციონალური ფილმის ხუთეულში მოხვდა, გვიამბობს გამომძიებლის ისტორიას, რომელიც მკვლელობის საქმის გასახსნელად ბუსანში მიემგზავრება და მოკლულის ცოლი შეუყვარდება. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სიუჟეტში მრავლად არის დამარხული ნაღმები და ნამდვილი აღმოჩენა შეიძლება გახდეს სინეფილებისთვის, რომლებიც დიდ ყურადღებას ანიჭებენ გამოსახულებას, ფერებს, მუსიკას, სამსახიობო შესრულებასა და მხატვრობას.

Close

Close coming-of-age ჟანრის ფილმია, რომელზეც რეჟისორმა ლუკას დონტიმ იმუშავა. ბელგიური, ჰოლანდიური და ფრანგული კოპროდუქცია მოზარდების მეგობრობის შესახებ გვიამბობს. ლეო და რემი მცირე ასაკიდან მეგობრობენ და მათი მეგობრობის ედემს თითქოს ვერაფერი დაარღვევს, თუმცა საზაფხულო არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებული ბიჭების ურთიერთობაში უხეშად ერევა გარემო, თანაკლასელების სახით. ლუკას დონტის დიდი ოსტატობით შექმნილი ფილმი კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რამდენად ფაქიზი და მარტივად მსხვრევადი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უდარდელი ბავშვების ცხოვრება.

წინა

8 ახალი ქვიარ ფილმი, რომელიც საშობაო განწყობას შეგიქმნით

შემდეგი

2022 წლის მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები საქართველოში

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების