ლელო აპირებს მიმართოს პარლამეტს „საქართველოს დაცვის აქტის“ 9 პუნქტიანი გეგმით, რომელიც, მამუკა ხაზარაძის თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში.
აღნიშნული აქტის მიხედვით, ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთების გარდა აუცილებელია შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
- დაწესდეს სავიზო რეგულაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის.
- დაცულ იქნას დასაქმების ბაზარი, შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემა.
- შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა.
- აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომობილები ქვეყნის ტერიტორიაზე.
- აეკრძალოს რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.
- დაწესდეს რუსული ბიზნესებისთვის საოკუპაციო მოსაკრებელი, რომელიც შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებს მოხმარდება.
- აიკრძალოს რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები.
- აიკრძალოს საქართველოში რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.
- აიკრძალოს საქართველოში რუსული ფონდების საქმაინობა, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან.