როგორია ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა ეთნიკურ უმცირესობებში

„წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხართ, ამასთან ქვიარი, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? ალბათ, რთულად წარმოსადგენია“ — მეუბნება რაჰიბ სეიდლი, ეთნიკურად აზერბაიჯანელთა ინტეგრაციისა და უფლებების საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა. ის მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რაზე ვსაუბრობთ – გენდერის საკითხებზე, საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზებზე, სასმელი წყლის თუ ნებისმიერ სხვა სახის პრობლემაზე, “საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გაჟღერება აუცილებელია“. ამიტომ, მუდმივად ცდილობს, რომ აზრი ღიად დააფიქსიროს.

რაჰიბი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობაზე ყოფნის სირთულეებზე, თანასწორობის მიღწევის დამატებით ბარიერებზე, ასევე ინტეგრაციასა და მიმღებლობას შორის კავშირზე გვესაუბრა.

რეალობა, რომელიც საკუთარი თავის მიღებას ართულებს

ეთნიკური უმცირესობების მიღება საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა და როცა ამავდროულად ლგბტქი ადამიანი ხარ, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ინფორმაციის არქონა ან ნაკლები ხელმისაწვდომობა სიტუაციას მნიშვნელოვნად ამწვავებს. ხშირად, ადამიანებმა გავრცელებული ტერმინების მნიშვნელობაც კი არ იციან, მაგალითად ლგბტქი აბრევიატურის განმარტება, ამიტომ მათთვის უცხო საკითხის მიმართ მეტი აგრესია აქვთ. ლგბტქი ადამიანები მათთვის უზნეობასთან ასოცირდებიან. მსგავსი გარემოს გამო ქვიარ ადამიანებს საკუთარი იდენტობის მიმართ ნაკლები ცოდნა და მიმღებლობა აქვთ. მათ არ იციან, როგორ უნდა ახსნან ის განსხვავებები, რომლებიც გარშემომყოფებთან აქვთ. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ფაქტობრივად არ არსებობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქვიარ ადამიანი, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობს.

ენობრივი ბარიერი, როგორც ნაკლები მიმღებლობის მიზეზი

ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობებისთვის 2022 წელსაც კი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ცალსახად ხელისუფლებების ბრალია. ფაქტობრივად არაფერს აკეთებენ, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა გააიოლონ. მახსოვს, სკოლაში ყოფნისას, ქართული ენის სპეციალისტს სათანადო ცოდნა არ ჰქონდა და ამიტომ, სახელმწიფო ენას გამართულად ვერ ვსწავლობდით. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, 2 250 ლარის გადახდა გვიწევს, რათა უმაღლესი სასწავლებლის საწყის საფეხურზე ქართული ვისწავლოთ.

სხვადასხვა ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე და თანასწორობის საკითხებზე კი მუშაობს, თუმცა მათი დღის წესრიგი ენობრივ ბარიერს ხშირად არ ითვალისწინებს. მსგავსი ხარვეზები კავშირს ართულებს და ადამიანს ნდობას უკარგავს.

ხშირად, ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მედიის, ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყების მხრიდან ვრცელდება, არ არის მორგებული ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებზე, რაც არანაკლები პრობლემაა. როცა აზერბაიჯანულად, სომხურად მოსაუბრე ადამიანების პრობლემებზე წერ, მუშაობ, მაგრამ მხოლოდ ქართულ ენაზე ავრცელებ განცხადებას თუ მასალას, რატომ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ის ეფექტური იქნება?!

ყოფითი პრობლემები, რომლებიც უფრო მეტზე ფიქრის საშუალებას არ იძლევა

გარდა ენობრივი ბარიერისა, სხვა პრობლემაც მრავლად არის — საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი არაა, ავარიულია. მეტიც, დმანისში და ბოლნისში, მუნიციპალიტეტებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ზოგადად ბაღები არ არის. ამას ემატება გზის, წყლის, გაზმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად არ არსებობს შესაძლებლობები და როცა ასეთი მძიმე პრობლემებია, მოსახლეობისთვის თანასწორობის საკითხები მნიშვნელოვანი აღარაა. აქედან გამომდინარე, როგორი იქნება ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა? ეთნიკური უმცირესობებისთვის საერთო პრობლემებს ლგბტქი მოზარდების ბულინგი ემატება. მათ ჩაგრავენ სკოლაში თუ ოჯახში და ხშირად მჩაგვრელები ან ხელისშემწყობები სკოლის თანამშრომლები არიან. როცა მოსწავლე ადმინისტრაციის წარმომადგენელთან მიდის და ბულინგის შემთხვევის შესახებ ეუბნება, საპასუხოდ არ უნდა მოისმინოს, რომ გამოსავალი მისთვის განსაზღვრული სოციალური როლის უკეთ მორგება ან ჩაგვრის ფაქტებზე ნაკლები ყურადღების მიქცევა იქნება.

ამ მწვავე მდგომარეობას რელიგიური აღქმები კიდევ უფრო ამწვავებს. ის მრავალი სტერეოტიპის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რაც ლგბტქი ადამიანებსა და ქალებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. ადამიანებს მუდმივად ეუბნებიან, რომ ისინი ღმერთს არ უყვარს და მსგავსი ჩაგონებები ხშირად კაცებისგან მოდის.

იცვლება თუ არა განწყობები და როგორია სამომავლო პერსპექტივა

ხშირად მგონია, რომ ახალ თაობაშიც კი არ იცვლება განწყობები მნიშვნელოვნად. გოგოები უფრო ღია და გახსნილები არიან და მათი მიდგომებიც ბევრად შეიცვალა, მაგრამ არა ბიჭების.

ჩემი მოზარდობის პერიოდში, სოციალიზაციის სივრცეები ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობდა. რაიონულ ცენტრებში რაიმე ფორმით თუ არის შეკრების ადგილები, ეს სოფლებისთვის არაფერს ცვლის. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ლაგოდეხში ხშირად არ მივდიოდით, რადგან ქართული ენის ცოდნის პრობლემა გვქონდა და ეს სტრესული გამოცდილება იყო.

თუ ახალგაზრდებს შეკრების, ერთმანეთის გაცნობის, აზრთა მიმოცვლის შესაძლებლობა არ გვექნება, როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა?! ხელისუფლების მხრიდან ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობის მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების უფრო აქტიური, გამართული სამუშაო პროცესი პრობლემების მოგვარებას გააიოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური, მძიმე ყოფითი პრობლემები უკეთესის მოლოდინს ართულებს, მინდა, ადამიანებს მივმართო, რომ იმედი არ დაკარგონ. მჯერა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ ლგბტქი ადამიანი ხარ და ამავდროულად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რთული გზის გავლა მოგიწევს, მაგრამ უკეთესობის რწმენა უმთავრესია.

წინა

“იმოქმედე ფემიციდის წინააღმდეგ” – აქცია ოზურგეთში

შემდეგი

ანტვერპენის პრაიდს რეკორდული რაოდენობის მონაწილე შეუერთდა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი