ეთნიკური ინტეგრაცია

გაიცანი უფლებადამცველი: სამირა ბაირამოვას ბრძოლა ინტეგრაციისთვის, თანასწორობისთვის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ

„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ შეუძლებელია ცვლილებების მოტანა და თანასწორობის მიღწევა ადამიანთა აქტიურობის გარეშე, თანაც მაშინ, როცა სახელმწიფოს ამის ნება არ აქვს“, – მეუბნება სამირა ბაირამოვა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში,

როგორია ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა ეთნიკურ უმცირესობებში

„წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხართ, ამასთან ქვიარი, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? ალბათ, რთულად წარმოსადგენია“ — მეუბნება რაჰიბ სეიდლი, ეთნიკურად აზერბაიჯანელთა ინტეგრაციისა და უფლებების საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა. ის მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რაზე ვსაუბრობთ – გენდერის საკითხებზე,

როგორია ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა ეთნიკურ უმცირესობებში

„წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხართ, ამასთან ქვიარი, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? ალბათ, რთულად წარმოსადგენია“ — მეუბნება რაჰიბ სეიდლი, ეთნიკურად აზერბაიჯანელთა ინტეგრაციისა და უფლებების საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა. ის მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რაზე ვსაუბრობთ – გენდერის საკითხებზე, საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზებზე, სასმელი წყლის თუ ნებისმიერ სხვა სახის პრობლემაზე, “საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გაჟღერება აუცილებელია“. ამიტომ, მუდმივად ცდილობს, რომ აზრი ღიად დააფიქსიროს.

რაჰიბი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობაზე ყოფნის სირთულეებზე, თანასწორობის მიღწევის დამატებით ბარიერებზე, ასევე ინტეგრაციასა და მიმღებლობას შორის კავშირზე გვესაუბრა.

რეალობა, რომელიც საკუთარი თავის მიღებას ართულებს

ეთნიკური უმცირესობების მიღება საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა და როცა ამავდროულად ლგბტქი ადამიანი ხარ, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ინფორმაციის არქონა ან ნაკლები ხელმისაწვდომობა სიტუაციას მნიშვნელოვნად ამწვავებს. ხშირად, ადამიანებმა გავრცელებული ტერმინების მნიშვნელობაც კი არ იციან, მაგალითად ლგბტქი აბრევიატურის განმარტება, ამიტომ მათთვის უცხო საკითხის მიმართ მეტი აგრესია აქვთ. ლგბტქი ადამიანები მათთვის უზნეობასთან ასოცირდებიან. მსგავსი გარემოს გამო ქვიარ ადამიანებს საკუთარი იდენტობის მიმართ ნაკლები ცოდნა და მიმღებლობა აქვთ. მათ არ იციან, როგორ უნდა ახსნან ის განსხვავებები, რომლებიც გარშემომყოფებთან აქვთ. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ფაქტობრივად არ არსებობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქვიარ ადამიანი, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობს.

ენობრივი ბარიერი, როგორც ნაკლები მიმღებლობის მიზეზი

ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობებისთვის 2022 წელსაც კი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ცალსახად ხელისუფლებების ბრალია. ფაქტობრივად არაფერს აკეთებენ, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა გააიოლონ. მახსოვს, სკოლაში ყოფნისას, ქართული ენის სპეციალისტს სათანადო ცოდნა არ ჰქონდა და ამიტომ, სახელმწიფო ენას გამართულად ვერ ვსწავლობდით. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, 2 250 ლარის გადახდა გვიწევს, რათა უმაღლესი სასწავლებლის საწყის საფეხურზე ქართული ვისწავლოთ.

სხვადასხვა ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე და თანასწორობის საკითხებზე კი მუშაობს, თუმცა მათი დღის წესრიგი ენობრივ ბარიერს ხშირად არ ითვალისწინებს. მსგავსი ხარვეზები კავშირს ართულებს და ადამიანს ნდობას უკარგავს.

ხშირად, ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მედიის, ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყების მხრიდან ვრცელდება, არ არის მორგებული ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებზე, რაც არანაკლები პრობლემაა. როცა აზერბაიჯანულად, სომხურად მოსაუბრე ადამიანების პრობლემებზე წერ, მუშაობ, მაგრამ მხოლოდ ქართულ ენაზე ავრცელებ განცხადებას თუ მასალას, რატომ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ის ეფექტური იქნება?!

ყოფითი პრობლემები, რომლებიც უფრო მეტზე ფიქრის საშუალებას არ იძლევა

გარდა ენობრივი ბარიერისა, სხვა პრობლემაც მრავლად არის — საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი არაა, ავარიულია. მეტიც, დმანისში და ბოლნისში, მუნიციპალიტეტებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ზოგადად ბაღები არ არის. ამას ემატება გზის, წყლის, გაზმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად არ არსებობს შესაძლებლობები და როცა ასეთი მძიმე პრობლემებია, მოსახლეობისთვის თანასწორობის საკითხები მნიშვნელოვანი აღარაა. აქედან გამომდინარე, როგორი იქნება ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა? ეთნიკური უმცირესობებისთვის საერთო პრობლემებს ლგბტქი მოზარდების ბულინგი ემატება. მათ ჩაგრავენ სკოლაში თუ ოჯახში და ხშირად მჩაგვრელები ან ხელისშემწყობები სკოლის თანამშრომლები არიან. როცა მოსწავლე ადმინისტრაციის წარმომადგენელთან მიდის და ბულინგის შემთხვევის შესახებ ეუბნება, საპასუხოდ არ უნდა მოისმინოს, რომ გამოსავალი მისთვის განსაზღვრული სოციალური როლის უკეთ მორგება ან ჩაგვრის ფაქტებზე ნაკლები ყურადღების მიქცევა იქნება.

ამ მწვავე მდგომარეობას რელიგიური აღქმები კიდევ უფრო ამწვავებს. ის მრავალი სტერეოტიპის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რაც ლგბტქი ადამიანებსა და ქალებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. ადამიანებს მუდმივად ეუბნებიან, რომ ისინი ღმერთს არ უყვარს და მსგავსი ჩაგონებები ხშირად კაცებისგან მოდის.

იცვლება თუ არა განწყობები და როგორია სამომავლო პერსპექტივა

ხშირად მგონია, რომ ახალ თაობაშიც კი არ იცვლება განწყობები მნიშვნელოვნად. გოგოები უფრო ღია და გახსნილები არიან და მათი მიდგომებიც ბევრად შეიცვალა, მაგრამ არა ბიჭების.

ჩემი მოზარდობის პერიოდში, სოციალიზაციის სივრცეები ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობდა. რაიონულ ცენტრებში რაიმე ფორმით თუ არის შეკრების ადგილები, ეს სოფლებისთვის არაფერს ცვლის. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ლაგოდეხში ხშირად არ მივდიოდით, რადგან ქართული ენის ცოდნის პრობლემა გვქონდა და ეს სტრესული გამოცდილება იყო.

თუ ახალგაზრდებს შეკრების, ერთმანეთის გაცნობის, აზრთა მიმოცვლის შესაძლებლობა არ გვექნება, როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა?! ხელისუფლების მხრიდან ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობის მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების უფრო აქტიური, გამართული სამუშაო პროცესი პრობლემების მოგვარებას გააიოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური, მძიმე ყოფითი პრობლემები უკეთესის მოლოდინს ართულებს, მინდა, ადამიანებს მივმართო, რომ იმედი არ დაკარგონ. მჯერა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ ლგბტქი ადამიანი ხარ და ამავდროულად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რთული გზის გავლა მოგიწევს, მაგრამ უკეთესობის რწმენა უმთავრესია.

გაიცანი უფლებადამცველი: სამირა ბაირამოვას ბრძოლა ინტეგრაციისთვის, თანასწორობისთვის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ

„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ შეუძლებელია ცვლილებების მოტანა და თანასწორობის მიღწევა ადამიანთა აქტიურობის გარეშე, თანაც მაშინ, როცა სახელმწიფოს ამის ნება არ აქვს“, – მეუბნება სამირა ბაირამოვა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში, მარნეულში პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა, თუმცა მისი ბრძოლა დესტრუქციულ ძალებთან, თანასწორობისთვის, ეთნიკური ინტეგრაციისთვის, ქალთა უფლებებისთვის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, ბევრად დიდი ხნის წინ დაიწყო.

უფლებადაცვითი საქმიანობა, რომელიც მისი ბუნების ნაწილია – აქტივიზმის დასაწყისი

REGinfo

რატომ დავიწყე უფლებადაცვითი საქმიანობა? – თითქოს, პასუხი არ მაქვს, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა, ვხედავდი პრობლემებს, ხმის ამოღება მინდოდა და თითქოს თვალს ვხუჭავდი, მაგრამ ვალდებულებას ვგრძნობდი, რაც ყველა ადამიანს აქვს, ამიტომ მოქმედება გადავწყვიტე.

2009 წელს ჩაერთო აქტივისტურ საქმიანობაში და როგორც მეუბნება, თავიდან მისთვის ნაადრევი, იძულებითი ქორწინების, მოტაცების საკითხები იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ქალთა უფლებებზე ფიქრი, ეთნიკური უთანასწორობის საზიანო გავლენის უკეთ შეფასება და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობა მოჰყვა.

„აქტივისტური საქმიანობა 2009 წლიდან დავიწყე, ამის მიზეზიც ის იყო, რომ გარშემო უსამართლობას ვხედავდი, როგორც ჩემ მიმართ, ისე გარშემომყოფების მიმართ და აქედან წამოვიდა სურვილი, რაიმე შემეცვალა. ერთი მიზეზი ეგ იყო და ვფიქრობ, მეორე მიზეზი შინაგანი პროცესების გამოძახილია – შეიძლება ბუნებით იყო ადამიანი, რომელიც უსამართლობას უმოქმედოდ ვერ უყურებს, ამიტომ ეს პროცესი ბუნებრივად დაიწყო და ჩემი ხედვა დროთა განმავლობაში შეიცვალა. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ბავშვთა უფლებების დარღვევა: ნაადრევი ქორწინება, ძალადობა, იძულებითი ქორწინება და მოტაცება იყო, ამას მოჰყვა ქალთა უფლებების დარღვევებზე ფიქრი, მერე იმას მივხვდი, რომ მხოლოდ ბავშვთა და ქალთა უფლებები კი არა, ეთნიკური უმცირესობების და სხვა ადამიანთა უფლებები ირღვევა. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში დავიწყე აქტივისტური საქმიანობა და განათლებამ, გამოცდილებამ უკეთ მიმახვედრა, რამდენად ბევრი პრობლემა იყო ირგვლივ. კითხვაზე: რატომ დავიწყე უფლებადაცვითი საქმიანობა? – თითქოს, პასუხი არ მაქვს, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა, ვხედავდი პრობლემებს, ხმის ამოღება მინდოდა და თითქოს თვალს ვხუჭავდი, მაგრამ ვალდებულებას ვგრძნობდი, რაც ყველა ადამიანს აქვს, ამიტომ მოქმედება გადავწყვიტე.

ქვემო ქართლში დავიწყე საქმიანობა, სადაც იმ დროს ნაადრევი ქორწინების დამანგრეველ შედეგებზე ღიად ჯერ კიდევ არ საუბრობდნენ, თითქოს სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ, როცა მსგავს თემებზე ვსაუბრობდი, ხშირად თავს მესხმოდნენ. სვამდნენ რიტორიკულ კითხვებს: შენ ოჯახში არ გაიზარდე? უნივერსიტეტში რომ ჩააბარე, ტრადიციებთან ბრძოლა გასწავლეს? და მრავალ სხვას, თითქოს, ოჯახს უნდა ესწავლებინა, რომ არ მესაუბრა თემებზე, რომელთა განხილვას სირცხვილად თვლიდნენ, ნაადრევი ქორწინება, ფაქტობრივად, კულტურის ნაწილად აღიქმებოდა და ამის წინააღმდეგ წასვლა – ტრადიციებსა თუ პირად ცხოვრებაზე თავდასხმად. ვმუშაობდი ბავშვებთან, მასწავლებლებთან, ქალებთან, კაცებთანაც – ვატარებდი ტრენინგებს, ვაწყობდი შეხვედრებს, დავდიოდი სხვადასხვა სოფლის სკოლაში, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის ყველა სკოლაში ნამყოფი ვარ, გასული 13-14 წლის განმავლობაში 300-მდე შეხვედრა მაქვს ჩატარებული, რომელთა მიზანიც ცნობიერების ამაღლება იყო. ვხვდებოდი როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ისე ქართველებს, რადგან ეს საზოგადო პრობლემაა. 

ვმართავდით შეხვედრებს, ვეუბნებოდით ქალებს, რომ უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და მეტად ჩართულები ცვლილებების პროცესში, მაგრამ ამის რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. გეგმავ შეხვედრას სხვადასხვა სოფელში, სადაც ადამიანები ძირითადად მიწათმოქმედებით არიან დაკავებული, მუშაობენ მინდორში, იღებენ მიზერულ ხელფასს და მათთვის მუშაობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ხშირად შეხვედრებს სამუშაო ადგილებში ვმართავდი, რაც სეზონების მიხედვით იცვლებოდა – ზამთარში სათბურებში დავდიოდი, სხვა დროს – ღია სივრცეებში, მინდორში. ეს მათთვის ხელსაყრელი იყო და ხვდებოდნენ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი საჭიროებებით, გამოწვევებით, ვცდილობდით, მათ ყოველდღიურობას მოვრგებოდით და მსგავს სიტუაციებში ბევრად უკეთ ხვდებოდნენ, რამდენად საჭიროა მათი ინფორმირება, მათ პრობლემებზე საუბარი, გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

კაცებს აქვთ სოციალიზაციის მეტი სივრცე – ჩაიხანა, სოფლის სხვადასხვა წერტილში შეკრების ადგილი, ბევრად სოციალიზებულები არიან, ამიტომ სხვადასხვა საკითხზე საუბარი მარტივია, მაგრამ ქალები უკეთ ხვდებიან საჭიროებებს და, ძირითადად, გამოსავლის მოძებნის გზებზეც ბევრად არგუმენტირებულად მსჯელობენ, რადგან რიგი პრობლემები მათ პირდაპირ ეხებათ, მათი ყოველდღიურობის ნაწილია, მათი განვლილი გზაა. ქალმა უკეთ იცის, წყალმომარაგების ხარვეზები რა პრობლემებს ქმნის, ისინი საოჯახო საქმეში არიან ჩართული, შესაბამისად, ამ გამოწვევებზე ყოველდღიურად ფიქრობენ“.

აქტივისტური საქმიანობა მარტომ დაიწყო, როგორც იხსენებს, იმ დროს ადამიანებს გენდერის საკითხები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდნენ, ბევრი თანამოაზრე კი სირთულეებთან შეჯახებისას ჩამოშორდა.

„უფლებადაცვითი საქმიანობა მარტომ დავიწყე, არავის აინტერესებდა გენდერისა და თანასწორობის საკითხები, თანაც, როცა ხედავდნენ, რომ ამას დიდი წინააღმდეგობა ახლდა თან, ვერ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, სხვადასხვა სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დავიწყე, რადგან ინდივიდუალური რესურსი გარკვეული პორბლემების გადაჭრისთვის საკმარისი არ იყო, საჭირო იყო ადვოკატირება, იურიდიული დახმარება, ხშირად ადგილობრივი აქტივისტები იმ დროს შემომეცლებოდნენ ხოლმე, როცა დაპირისპირების საფრთხეს ხედავდნენ და ვრჩებოდი მარტო. ადამიანები ხედავდნენ, რომ როცა აქტივიზმში ხარ ჩართული, ბევრად რთულია სამსახურის ძებნა, კავშირების დამყარება, ამიტომ ბევრმა თავი დაანება უფლებადაცვით საქმიანობას. მიდიოდნენ და მოდიოდნენ სხვები, ბევრი თითქოს ჩართულია საქმიანობაში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, რომელიც მეტ ენერგიას, ჩართულობას, რისკებისთვის თვალის გასწორებას მოითხოვს – აღარ იყვნენ. Ვაორგანიზებდით შეხვედრას, მოვიხედავდი და შეხვედრის დღეს აღარავინ იყო გვერდით, რასაც მოგვიანებით იმით ამართლებდნენ, რომ შეეშინდათ, პრობლემას ვეღარ ხედავდნენ ან, უბრალოდ, ამბობდნენ, რომ ეს მათთვის რთული იყო. ეს ჩემზე გავლენას მაინც არ ახდენდა, თანაც, მესმოდა, რომ ბევრს არ ჰყოფნიდა ძალა ან პირად პრობლემებსა და სოციალურ პორბლემებს შორის ბალანსს ვერ პოულობდა“.

სახელმწიფო, რომლისთვისაც ადამიანზე ზრუნვა პრიორიტეტად ვერ იქცა

პუბლიკა

საზოგადოება კაცების პირად ცხოვრებას ღირსებისშემლახავად არ მიიჩნევს, განსხვავებით ქალებისგან, ეს საშიში მდგომარეობაა, რომელიც აქტიურ როლში ყოფნას ართულებს – ქალებს, რომელთაც პირადი ცხოვრება აქვთ, დამნაშავედ თვლიან.

თანასწორობის აუცილებლობაზე საუბრისას წარსულის გამოცდილებასაც შევეხეთ. სამირას თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფომ ვერ შეძლო, რომ ადამიანთა სოციალურ საჭიროებებზე მორგებულ სახელმწიფოდ შემდგარიყო, რამაც კიდევ უფრო უარეს მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ახლა კი, როცა ქალებს, რომლებსაც პირადი ცხოვრება აქვთ, დამნაშავეებად თვლიან და, თანაც, საყოველთაო მოსმენების გარემოში გვიწევს არსებობა, ქალების აქიტიურობა კიდევ უფრო რთულია.

„ჩემს გარემოცვაზე დაკვირვებით თუ ვიტყვი, ადრე ადამიანებს საკუთარ სოციუმში ჰქონდათ მეტი თანასწორობა, მაგრამ თავიუსფლება არ ჰქონიათ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ეკონომიკურმა კოლაფსმა პრიორიტეტების გადალაგება გამოიწვია, განათლება, თანასწორობა, თვითგანვითარება გახდა მეორეხარისხოვანი, მთავარი თვითგდარჩენა იყო, ამიტომ ვერ შევდექით იმ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ადამიანის დაცვა, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განვითარების ხელშეწყობა, სათანადო განათლებით უზრუნველყოფა იქნებოდა პრიორიტეტი. ამ მდგომარეობამ თანასწორობასაც ზიანი მიაყენა, რაც თავისუფალ დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენთან უგულებელყოფილია სოციალური უზრუნველყოფა. უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, აქტიური ქალები პოლიტიკაშიც არიან, მაგრამ მათი როლი, როგორც გადაწყვეტილებების მიმღების, მაინც ზედაპირულია, ქალების ხმა ბევრად აქტიურად უნდა ისმოდეს, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საერთო პოლიტიკის გამტარებლები კი არ იყვნენ, მათი ინდივიდუალური ხმა, აზრი ისმოდეს. თანაც, ახლანდელ მდგომარეობაში, როცა მოსმენებს საყოველთაო ხასიათი აქვს, ქალებს ბევრად მეტი აქვთ დასაკარგი, რადგან ჩვენი პირადი ცხოვრება ბევრად დიდი განხილვის საგანია და საზოგადოება კაცების პირად ცხოვრებას ღირსებისშემლახავად არ მიიჩნევს, განსხვავებით ქალებისგან, ეს საშიში მდგომარეობაა, რომელიც აქტიურ როლში ყოფნას ართულებს – ქალებს, რომელთაც პირადი ცხოვრება აქვთ, დამნაშავედ თვლიან“.

„სამირას თემა“, რომელიც ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია

Samira Bayramova / Facebook

რადიკალურ ჯგუფებთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი, რადგან ვსაუბრობდი თანასწორობაზე, რელიგიურ უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანაბარი შესაძლებლობების აუცილებლობაზე.

მიუხედავად მუქარებისა, მისი რეპუტაციის შელახვის გამუდმებული მცდელობისა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა – უფლებადაცვითი საქმიანობა არ შეუწყვეტია, მეტიც, აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ თანასწორობის საკითხებზე მუშაობა, არამედ სხვა სოციალური საჭიროებების გადაჭრის გზების ძიებაც, ალბათ, სწორედ ამან მოიტანა მოსახლეობასთან კავშირი, ხვდებოდნენ, რომ უფლებადამცველსა და ხალხს შორის ბევრად მეტი შეხების წერტილი არსებობს, ვიდრე განმასხვავებელი ნიშანი.

„10 წლის წინ ,,გენდერი’’ ბევრისთვის იყო უცხო სიტყვა, ნაადრევი ქორწინება საერთოდ არ იყო სასაუბრო თემა. უფლებადაცვითი საქმიანობის პირველ პერიოდში ნაადრევ ქორწინებას და გენდერის საკითხებს ,,სამირას თემას’’ ეძახდნენ, სოციალურ ქსელებშიც, სხვადასხვა ამბის გავრცელებისას, ყოველთვის იყენებდნენ ამ სიტყვებს. ეს სამირას თემა არაა, ეს არის ყველას პრობლემა, რომელიც ჩემი იდენტიფიცირებული არაა.

ვამჩნევ, რომ ტენდენცია რაღაცნაირად შეცვალა. მიხვდნენ, რომ ეს არ არის რელიგიის, კულტურის თუ მენტალიტეტის ნაწილი. თავიდან, როცა ოჯახში მივდიოდით პოლიციელთან ერთად, საქმეში ერთვებოდა მთელი სანათესაო, სამეზობლო, რის გამოც ურთიერთობის გაფუჭება მომიწია ნათესავებთან, ნაცნობებთან თუ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რადგან ხშირად იყო შემთხვევა, როცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავებთან ვიკვეთებოდით. ხშირი იყო მუქარაც – მირეკავდნენ, მწერდნენ, ყალბი ანგარიშებიდან მიგზავნიდნენ შეტყობინებებს, სოციალურ ქსელებში პირდაპირ სახელითა და გვარით მლანძღავდნენ, ხალხს მოუწოდებდნენ, რომ სოფელში არ შევეშვი, რადგან ხალხის კულტურის შელახვას ვცდილობდი. როცა სოფლებში მივდიოდი, თვითმმართველობის წარმომადგენლებს არ მოსწონდათ, რადგან ვსაუბრობდი ნაადრევ ქორწინებაზე და ამასთან, ადგილობრივთა სხვა პრობლემებსაც ვააშკარავებდი, იქნებოდა ეს წყალმომარაგება თუ რაიმე სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხი.

ხალხი მეუბნებოდა, რომ მათი ხმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებამდე არ მიდიოდა და დახმარებას გვთხოვდნენ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონდა. ხშირად, როცა სოფლებში ჩავდიოდი ადგილობრივების მოთხოვნით, ლაივს ვრთავდით და განვიხილავდით ადგილობრივ პრობლემებს, რაც გაღიზიანებას იწვევდა. თვითმმართველობაში ხშირად ჩემს განაცხადს არც კი განიხილავდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ, არ რეაგირებდნენ მუქარისშემცველ განცხადებებზე და მეუბნებოდნენ, რომ საფრთხისშემცველს ვერაფერს ხედავდნენ, პოლიცია, ფაქტობრივად, არ გვიცავდა, არადა ფეისბუკის გვერდზე დაწერილი პოსტების გამოც კი გამოძიებაზე მიბარებდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ დავდე ესა თუ ის პოსტი, რა იყო მიზეზი.

აქტიურად ვსაუბრობდი პრობლემებზე და მედიის თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უფრო მეტად დაინტერესდნენ, ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა საკითხის მოკვლევას ცდილობდნენ, რასაც ისევ ჩემს ორგანიზებულად თვლიდნენ. 

ვსაუბრობდი ადგილობრივი თვითმმართველობის უმოქმედობაზე, რადიკალურ ჯგუფებთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი, რადგან ვსაუბრობდი თანასწორობაზე, რელიგიურ უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანაბარი შესაძლებლობების აუცილებლობაზე, რაც ბევრს აწუხებდა.

მრავალ სხვადასხვა დონეზე მიწევდა საქმის გარკვევა: პოლიციასთან, თვითმმართველობასთან, ხალხთან, რელიგიურ ჯგუფებთან, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის წევრებიც არ ცნობენ თანასწორობის პოლიტიკას, მუშაობენ შოვინისტურ საკითხებზე. მსგავსი ორგანიზაციები ფინანსდებიან იმ სახელმწიფოებისგან, რომელთა ინტერესების გამტარებლებიც ეს ჯგუფები არიან და ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან შიდა ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მიზანია. თვალთვალი და ადევნება სოფლებში შეხვედრებზე სიარულისას ჩვეულებრივი ამბავი იყო’’.

რას აკეთებს სახელმწიფო ადრეულ ასაკში მარტოდარჩენილი ქალების გასაძლიერებლად?

Batumelebi | მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA
Humman Trafficking search

ცნობიერების ამაღლება კი კარგია, მაგრამ კანონის აღსრულება როცა პრობლემაა და, ფაქტობრივად, უფუნქციო კანონები გვაქვს, ადამიანი რჩება ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის გარეშე.

სამირა ბაირამოვა მეუბნება, რომ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ისევ სახელმწიფოს არასათანადო ჩართულობაა, რაც ხშირად იმის რისკსაც ქმნის, რომ უფლებადამცველთა ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება. სამირა სვამს კითხვას, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი ქალების სოციალიზაციას ხელი შეუწყოს? და ამ კითხვაზე პასუხიც აქვს: შეიძლება ითქვას, რომ არაფერს.

„ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ახლაც არის, ისე აღარ, როგორც წლების წინ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ უკვე ხვდებიან, ეს პრობლემაა, კანონით ისჯება, არაა კულტურისა და რელიგიის ნაწილი. მოზარდებიც უკეთ ხვდებიან, ნაადრევი ქორწინება რამდენად დიდი პრობლემაა მათი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. აუცილებელია ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების განგრძობითი მუშაობა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მეტი ჩართულობა, საკითხით მეტად დაინტერესება. ჩვენ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლებაზე ან კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მივმართოთ, მაგრამ ისევ მივდივართ სახელმწიფოს როლზე. ეს არის მასშტაბური პრობლემა, რომელიც მოიცავს პოლიციასთან ურთიერთობის ფორმას, სასამართლო პროცესის სწორად წარმართვას, საგანმანათლებლო ინიციატივებს და თუ სახელმწიფოს მონდომება არასათანადო იქნება, არაფერს მოიმოქმედებენ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შრომაც წყალში იყრება.

კიდევ ერთი პრობლემა ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი ქალებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებაა, მაგალითად, რუსთავში არის ასეთი ცენტრი და დმანისიდან 200 კილომეტრის გავლა ბევრისთვის რთულია, პრობლემურია თავშესაფარში განთავსების საკითხიც, რადგან ხშირად გადატვირთულია საცხოვრისები, ამას ემატება ქალების ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევა, რაც განსაკუთრებით რთულია.

განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფის პრობლემაა, ალიმენტის გადახდის სირთულე, რადგან ხშირად ადამიანებს ხელფასი ანგარიშზე არ ერიცხებათ, ხელზე იღებენ და ეს მთელი სირთულის ქალზე დაკისრებას იწვევს, ამის გამო, ბევრი ქალი ძალადობრივი ოჯახიდან წამოსვლას ვერ ბედავს, ვერ ბრუნდებიან ოჯახში, რადგან მათგან წინააღმდეგობა ხვდებათ.

მაგალითად, შედგა ნაადრევი ქორწინება, გოგოს ამ ოჯახში ცხოვრება არ უნდა და დროებით თავშესაფარში გადადის, ამ დროის გასვლის შემდეგ რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ამ ადამიანის სრული სოციალიზაცია მოხდეს, საზოგადოებაც ხშირად მზად არ არის, რომ განქორწინებული ქალი მიიღოს, მისთვის აღარ არსებობს არც სკოლა, არც საზოგადოება, არც სისტემა, რომელიც მას საკუთარი თავის დამკვიდრებაში ხელს შეუწყობს, ის აღიქმება „სახელგაფუჭებულ“ ქალად და ხშირად ჩაგვრას ნორმალურ მდგომარეობად თვლიან.

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები იყო, როცა კაცს ვერ დააკისრეს ალიმენტი, რადგან ხელფასს ხელზე იღებდა, სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, კაცის მამაზე იყო გაფორმებული და წილს ვერ მოითხოვდა ქალი, ფაქტობრივად, ამ დროს მცირე ასაკის ქალმა ყველაფრის შენება ნულიდან უნდა დაიწყოს. ცნობიერების ამაღლება კი კარგია, მაგრამ კანონის აღსრულება როცა პრობლემაა და, ფაქტობრივად, უფუნქციო კანონები გვაქვს, ადამიანი რჩება ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის გარეშე. როცა სხვა მსხვერპლი ხედავს, რომ მის მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა რთული გზა გაიარა, გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს – არ მიმართავს სასამართლოს, არ მოდის ჩვენთან, რადგან ის უიმედოა. იცის წარუმატებელი შემთხვევები და აქვს განცდა, რომ მისი შემთხვევაც არ იქნება განსხვავებული. ის ფიქრობს, რომ თუ მაინც ტანჯვის გზა უნდა გაიაროს, სჯობს, თავზე ჭერი, საკვები ჰქონდეს და ძალადობას ითმენს.

რეგიონებში ოჯახში ძალადობის პრობლემა ბევრად მძაფრად დგას, რადგან სერვისული ორგანიზაციების მუშაობა ბევრად რთულია. ამიტომ, აუცილებელია, იყოს უფასო ბაღი, კეთილმოწყობილი სკოლა, უნდა ისწავლებოდეს სექსუალური განათლების საკითხები, ეს ცუდი რატომ შეიძლება იყოს?! უნდა ტარდებოდეს ტრენინგები, ადამიანებმა მცირე ასაკიდან უნდა იცოდნენ, რა არის და როგორ. სკოლა თავისუფალი და თანასწორი გარემოს შემქმნელი უნდა იყოს, სადაც ადამიანებს არ ექნებათ განცდა, რომ ვინმეზე უპირატესნი არიან, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება“.

დანაკლისი, რომელიც აქტივიზმის მიმართულებით არსებობს და ახალგაზრდები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე რესურსის შემქმნელებად იქცნენ

No turning back: Women human rights defenders remain steadfast in perilous times | openDemocracy
openDemocracy

გვჭირდება პრაქტიკული მუშაობა, რათა გამოწვევების დაძლევა შევძლოთ და ამ დროს რესურსი უკვე აღარ გვყოფნის. ჩემი აზრით, უმთავრესი პრაქტიკული მუშაობა, პასუხისმგებლობის აღებაა, ცვლილებას სჭირდება მეტი ძალისხმევა.

მეუბნება, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, ბევრად მეტი ორგანიზაცია მუშაობს თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხზე, თუმცა თვლის, რომ პრაქტიკული მუშაობის ნაწილში, რაც ცვლილებების მოტანისთვის აუცილებელია, რესურსების დიდი დანაკლისი გვაქვს.

„ახლა ბევრად მეტი ორგანიზაცია მუშაობს თანასწორობისა და გენდერის საკითხებზე და ბევრად მეტი ახალგაზრდაც არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ არაერთი ახალგაზრდის აქტივიზმი მაინც სოციალურ ქსელებს ემყარება, არადა პრაქტიკული მუშაობა, ადვოკატირების პროცესში ჩართვა, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ხმის სოციალურ ქსელებში გაჟღერება, სხვადასხვა საკითხის წინწამოწევა, ცნობიერების ამაღლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ვიცით პრობლემის არსი, ის გზებიც ვიცით, რომლითაც პრობლემა უნდა გადაიჭრას და რა ხდება მერე? გვჭირდება პრაქტიკული მუშაობა, რათა გამოწვევების დაძლევა შევძლოთ და ამ დროს რესურსი უკვე აღარ გვყოფნის. ჩემი აზრით, უმთავრესი პრაქტიკული მუშაობა, პასუხისმგებლობის აღებაა, ცვლილებას სჭირდება მეტი ძალისხმევა.

ბევრი სტუდენტი, როცა მიხვდა, რომ რესურსებზე წვდომის პრობლემაა, თვითონ გახდა ადგილობრივ დონეზე ამ რესურსის შემქმნელი. საკუთარ სახლებში გახსნეს სათემო ცენტრები, სადაც ასწავლიან ინგლისურს, ქართულს, ხატვას, ფარავენ არაფორმალური განათლების ნაწილს. ეს ძალიან კარგი პროცესია, რადგან ბევრ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღემდე არ არის და ბავშვებს ქალაქთან, სხვებთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ვერ სოციალიზდებიან, ამას დაემატა პანდემიის გამოწვევებიც და, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდები იზოლირებულები არიან, ამიტომ სათემო ცენტრები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

დიასახლისებისთვის, რომელთაც მთელი დღე სახლში ყოფნა უწევთ, გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, უნდა შეიქმნას შესაძლებლობები, რომლებიც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან ამის გარეშე ვერ ვითარდები. როცა ადამიანს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ის ვერც სწავლას ახერხებს, არც პირად განვითარებაზე ზრუნვისთვის რჩება დრო. სოფლებში უნდა იყოს სოციალიზაციის სივრცეები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სოფელში თუ თემში უნდა იყოს მუშა კულტურის სახლები, რომლებიც კი არის, მაგრამ დაკეტილია და მხოლოდ არჩევნების პერიოდში მუშაობენ, რათა ხალხი ხმის მისაცემად მივიდეს. ადამიანები არ მონაწილეობენ კულტურულ და სოციალურ პროცესებში, ვერ არიან აქტიურები. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფერი არსებობს, არც პარკი, არც ნორმალური გზა, კეთილმოწყობილი სტადიონები, არის სკოლა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მოზარდების საჭიროებებს. არაერთ სოფელში წყალმომარაგების პრობლემაა და ეს პანდემიის დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, ვატარებდით კამპანიებს ჰიგიენის პიროებების დაცვის აუცილებლობაზე, ხელების ხშირად დაბანის მნიშვნელობაზე და ხალხი გვეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობას ჰგავდა, რადგან მათ არ აქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი – წყალი. როცა სასმელი წყლის ყიდვაც კი გიწევს, როგორ უნდა იფიქრო უფრო მეტზე’’.

ნოვრუზ ბაირამი – ეროვნული დღესასწაული, რომელიც შეიძლება ინტეგრაციის გზად იქცეს

Baia Pataraia / Facebook

შეიძლება აღვადგინოთ დავიწყებული ტრადიციული დღესასწაულები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სოციალიზაციის კერას შექმნის. კულტურა აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს, ამიტომ შეიძლება ინტეგრაციის გზად იქცეს. 

თანასწორობის, სოციალიზაციისა და ეთნიკური ინტეგრაციის მიღწევის გზად კულტურული ინტეგრაცია დაისახა, ამიტომ ბოლო წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეროვნული დღესასწაულების როლის წინ წამოწევას ანიჭებს, თანაც, ისეთ დღესასწაულებს, როგორიც ნოვრუზ ბაირამია, ტურისტული პოტენციალის მქონე ღონისძიებად თვლის, თუმცა ეს სახელმწიფოს არ აინტერესებს. 

„ჩემი მთავარი მიზანი ადამიანთა თანასწორობის, სოციალიზების, ინტეგრაციის ხელშეწყობაა და ვთვლი, რომ კულტურა არის ეფექტური გზა ამის მისაღწევად, ამიტომ, ახლა ვცდილობ, ამ მიმართულებით გავაძლიერო მუშაობა. ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნოვრუზ ბაირამი, რომელსაც ბევრი ადამიანი აღნიშნავს, შესაბამისად, კარგი გზაა სოციალიზაციისთვის, ინტეგრაციისთვის, რადგან მხოლოდ რელიგიური უმცირესობებისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, სხვებიც დაინტერესებული არიან. ეს არის კულტურის ნაწილი, ტრადიციული დღესასწაული, რომელშიც ადამიანთა დიდი ნაწილი უნდა იყოს ჩართული, ამიტომ წარვადგინე განაცხადი, რომლითაც ნოვრუზ ბაირამი ოფიციალური დასვენების დღედ უნდა გამოცხადებულიყო და 21 მარტი უნდა ყოფილიყო საერთო დღესასწაული [ნოვრუზ ბაირამი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ოფიციალური დასვენების დღეა, მაგრამ არა მთლიანად საქართველოში], თუმცა ამ ინიციატივაზე უარყოფითი პასუხი მივიღე. ნოვრუზ ბაირამი ქართულ საისტორიო წყაროებში თუ მხატვრულ ძეგლებში დიდი ხანია მოხსენიებულია, ჩვენი არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია და შეიძლება მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებადაც იქცეს. სახელმწიფო კი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რელგიური უმცირესობები, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან თარიღებზე თანხმობა მაინც არაა. გარდა ამისა, შეიძლება აღვადგინოთ დავიწყებული ტრადიციული დღესასწაულები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სოციალიზაციის კერას შექმნის. კულტურა აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს, ამიტომ შეიძლება ინტეგრაციის გზად იქცეს. 

კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც აქტიურად ვფიქრობ, არის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა. Საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სკოლამ ქართული ენა ვერ ასწავლა, რადგან სახელმწიფომ სათანადოდ არ მოინდომა, შეიქმნა ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ იწყება და ამ კურსის ფინანსურად უზრუნველყოფა ისევ ინდივიდის ვალდებულებაა, რატომ უნდა იყოს ადამიანი პასუხისმგებელი სახელმწიფოს ხარვეზებზე, თანაც, ამ პროგრამის მონაწილე ადამიანებისთვის უფასო პრიორიტეტული პროგრამები აღარ არის უფასოდ ხელმისწავდომი.

ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტკა არის პრობლემური, მოქალაქეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ინტეგრაცია შეძლოს. შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო არის კერძო ინსტიტუტი, რომლის მომსახურების მისაღებადაც ფულის გადახდა სჭირდებათ. კიდევ ერთი გაუგებარი მიდგომაა აზერბაიჯანის ჩართვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელების ინტეგრაციის საკითხში, რატომ უნდა იყოს საქართველოს მცხოვრებთა ინტეგრაცია სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებული, მაგალითად, აზერბაიჯანმა გახსნა სპორტული კომპლექსი, შექმნეს ინტეგრაციის ცენტრი, ახორციელებენ სხვა ინიციატივებს. ჩვენ გადასახდების გადამხდელები ვართ, რომელთა საჭიროებებიც სახელმწიფოს არ ადარდებს. 

პანდემიის პერიოდში მოხდა დისკრიმინაციის ფაქტი, რომელიც ამ პრობლემის არსს უკეთ ხსნის. სახელმწიფო დღესასწაულებისას კომენდანტის საათი მოხსნეს, ერთ-ერთი სპორტული თამაშის გამოც კი გააუქმეს, ჩვენ ნოვრუზ ბაირამის დროს ოფიციალურად მოვითხოვეთ, რომ რამდენიმე საათით მოეხსნათ შეზღუდვა. ეს მოთხოვნა რელიგიურ საკითხთა კომინტეტში გადაამისამართეს, რაც არასწორია, ეს არის ეროვნული დღესასწაული და მისი კვალიფიცირებაც ასე უნდა მოხდეს. ამ მოთხოვნაზე რა თქმა უნდა უარი მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიმართა საზოგადოებამაც, პარტიებმაც, სახალხო დამცველმაც, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 21 მარტს ქუჩაში გამოვსულიყავი და აღმენიშნა დღესასწაული, რისიც არავის სჯეროდა. ამ დღეს ქუჩაში მაინც გამოვედი, შემომიერთდნენ მეგობრები თბილისიდან, ადგილობრივებიც, გააშუქა მედიამაც, პრეზიდენტმა მხარი დამიჭირა და შევძელით ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა, მაგრამ ამ დროს, როცა მასშტაბური ღონისძიებაა, პოლიცია წესრიგის დასაცავად ადგილზე უნდა იყოს, ისინი კი მარნეულიდან უბრალოდ გაქრნენ, არადა მასაშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული უნდა იყოს ყველა, პასუხისმგებლობა სრულად ჩვენ დაგვეკისრა. ჩემს აქტივისტურ საქმიანობაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როცა ყველას დავანახეთ, რომ ქალებს აქვთ დიდი ძალა და შეუძლიათ ცვლილებების მოტანა, ბევრი რამის შეცვლა. ჩვენ, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ქალებს, გვიწევს სახელმწიფოს ორმაგ სტანდარტებთან პირისპირ დარჩენა და ამიტომ ხშირად აქტიურად არ ვართ ჩართული სოციალურ პროცესებში“.

პრორუსული ძალები, რომლებიც ეთნიკურ შუღლს აღვივებენ, მაგრამ დაუსჯელები რჩებიან

სახელმწიფოს ოფიციალურ საგარეო კურსთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც ყველა საერთაშორისო შეთანხმებასთან, კონვენციასთან აცდენაში არიან, რატომ უნდა ახერხებდნენ გავლენის გამტკიცებას?

საუბრის ბოლოს ისევ ალტ-ინფოს მივუბრუნდით. მითხრა, რომ დესტრუქციულ ძალებთან დაპირისპირების შემთხვევა სწორედ პანდემიის პერიოდში ჰქონდა, ამიტომ კარგად ხვდება, რამდენად საშიშია მსგავსი ძალის მიერ გავლენის განმტკიცება.

„ალტ-ინფოსთან დაკავშირებით განცხადება ასე უბრალოდ კი არ გამიკეთებია, პირდაპირ უკავშირდება ჩემს გამოცდილებას. პანდემიის პერიოდში მე და ერთ-ერთი ისლამური ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერიის წინააღმდეგ შევიტანეთ სარჩელი, რადგან ვთვლიდით, რომ მარნეულში გამოყოფილი თანხა იყო დისკრიმინაციული. რაიონში, სადაც უმრავლესობა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია, თანხა არ უნდა იყოს არაპროპორციულად გამოყოფილი. რაიონის უმრავლესობას თუ უმცირესობა შეადგენს, მის საჭიროებებზე გამოყოფილი თანხა არ უნდა იყოს 30-ჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მათთვის გამოყოფილი თანხა საერთოდ გაუქმებულიყო, რადგან ისინი ისედაც სახელმწიფოსგან კონტრიბუციას იღებენ, რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებითი თანხა მათი საჭიროებებისთვის, ეს ხომ უსაფუძვლოა. მინდოდა, ეს თანხა მოხმარებოდა სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და შშმ პირების საჭიროებებს.

სასამართლომ საქმეში მესამე მხარედ ჩართო ეპარქია, მაგრამ არა სხვა რელიგიური ორგანიზაცია, არადა ჩვენი მიმართვა მერიას ეხებოდა. მაშინ ეპარქიის ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები, უმცირესობის წარმომადგენლები ვიყავით და რა უფლებით შეგვქონდა საჩივარი მერიაში, როგორ გვყოფნიდა გამბედაობა, ფაქტობრივად, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებად მიგვიჩნიეს. ეპარქიას ახლო კავშირები ჰქონდა ,,ქართულ მარშთან’’ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მარში თუ ალტ-ინფო. იმ პერიოდში ჩამოვიდნენ დაჯგუფების წარმომადგენლები, გამართეს დიდი აქცია მარნეულში, პრორუსულმა მედიამ ჩემი რეპუტაციის დასაზიანებლად სტატიები დაწერა, ობიექტივზე პირდაპირ სეპარატისტი მიწოდეს და გადაცემა გააკეთეს ჩემ შესახებ, დამაბრალეს ეთნიკური შუღლის გაღვივება. 

ალბათ, პანდემიის პერიოდი რომ არ დამთხვეოდა, ჩემთვის ქუჩაში სიარულიც საფრთხისშემცველი იქნებოდა, რადგან სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ წამოვიდა სიძულვილის ტალღა, გინება, ლანძღვა. სამსახურში როცა მივდიოდი, მანქანით ადევნების ფაქტებიც იყო, კუთხეში მიმწყვდევდნენ და მანქანის შეჯახებით მაშინებდნენ. ეს გზა მაქვს გავლილი და ამიტომ კარგად ვხვდები, რამდენად საშიშია ამ ადამიანების, მსგავსი დაჯგუფებების მარნეულში ყოფნა. მაშინაც დამიბარეს სუსში დაკითხვაზე, როგორც დაზარალებული, მაგრამ გამოკითხვა ისე წარმართეს, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე. ამ ამბავმა დამანახა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ დაგვიცვას დესტრუქციული ძალებისგან.

სად არის სახელმწიფო, როცა ორ მხარეს შორის დაპირისპირებაა, იმართება აქციები, არ არის აქტივისტების თუ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული, რატომ არ აკავებს დესტრუქციული ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც ეთნოკონფლიქტის ხელშემწყობნი არიან?

ახლა კი ძველად ქართული მარშის ოფისთან ვხედავ ალტ-ინფოს, რომელშიც დასაქმებულნი არიან იგივე ადამიანები, რომლებიც მაშინ და მას შემდეგ ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ. დავით გარეჯის ამბების დროსაც იგივეს ცდილობდნენ, უნდოდათ, ეს მოვლენები დაეკავშირებინათ ეთნიკურად აზერბაიჯანელებთან. სახელმწიფოს ოფიციალურ საგარეო კურსთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც ყველა საერთაშორისო შეთანხმებასთან, კონვენციასთან აცდენაში არიან, რატომ უნდა ახერხებდნენ გავლენის გამტკიცებას? როგორც ჩანს, სახელმწიფოა დაინტერესებული ამ ჯგუფების საქმიანობით, ისე როგორ მოახერხებდნენ მარტივად ოფისების გახსნას, მუშაობას, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას? თანაც, ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან ეს ძალები. არსებობს არაერთი კითხვა, თუმცა სახელმწიფოს პასუხები არ აქვს“.

14 მარტს, ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში სამირა ბაირამოვამ მარნეულში ალტ-ინფოს ოფისის ბანერზე უკრაინის დროშა გამოსახა და წარწერა დატოვა – „რუსეთი ოკუპანტია“, რასაც აქტივისტის მისამართით მუქარისშემცველი გზავნილების გავრცელება მოჰყვა. სამირამ აღნიშნულ გზავნილებთან დაკავშირებით პოლიციას საჩივრით მიმართა და დაკითხვაზეც დაიბარეს. აქტივისტმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მარნეულის ალტ ინფოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონი ქოჩქიანი პოლიციაში უჩივის და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.