FILIPPO MONTEFORTE/ AFP / Getty Images

პუტინი რუსეთის მარცხს უფლებადამცველებს დააბრალებს – ლგბტქი აქტივისტები რუსეთს ტოვებენ

პეტერბურგში მყოფი ლგბტქი ჯგუფ Coming Out-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ვორონოვმა Pink News-თან საუბარში აღნიშნა, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმაზე თვალის მიდევნებით, ნათელი გახდა, რა მოხდებოდა მომავალში. 

მისი ჯგუფი და სხვა ადამიანის უფლებადამცველები რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და ომის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები არიან, ამიტომ კრემლისთვის მომავალში ნომერ პირველი მტრები გახდებიან. მსგავს საბაბს ხელისუფლება ათწლეულებია ეძებს.

დევნა უკვე დაიწყო. ვორონოვის თქმით, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა, ომის დაწყების პარალელურად, აქტივისტების სახლები და ოფისები დაარბიეს, ზოგიერთი კი ქაღალდის ნაგლეჯის აღმოჩენისთვის დააკავეს.

„რუსეთმა ომი უკვე წააგო: მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის არმია ვერაფერს უხერხებს ბევრად პატარა ქვეყანას, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სუსტია“, – ამბობს ვორონოვი და ამატებს – „აქ გაურკვეველი ომის მოგება ან წაგება კი არაა, საკითხავია, რას მოიმიზეზებენ, როცა ომს წააგებენ: მარცხი დაბრალდება უფლებადამცველებს, მათი თქმით, „უცხოეთის ჯაშუშებს“ და „ტრადიციული ღირებულებების“ მოღალატეებს, ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ იყო. ომის წაგების ტვირთს ჩვენ აგვკიდებენ“.

მომავლის მოლოდინით დაზაფრულმა ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრების საზღვარგარეთ გადაყვანა იგეგმება, რაც უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია. მისი თქმით, მხარდაჭერის სერვისებისა და ადვოკატირების პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.

„ვშიშობ, რუსეთიდან საქმიანობის გაგრძელება ციხისკენ გზა იქნება“, – ამბობს ვორონოვი.

უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ქმედებებს დასასრული არ უჩანს. 24 თებერვლიდან დღემდე, სულ მცირე, 847 სამოქალაქო პირი მოკლეს, უკრაინელთა ნაწილმა, 3 მილიონზე მეტმა, ქვეყანა დატოვა.

„როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შოკში ვიყავით. ამას არავინ ელოდა და, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა კიდეც“, – აღნიშნავს ვორონოვი.

ლგბტქი რუსებისთვის უბრალოდ არსებობაც კი წლებია არალეგალური იყო, თუ, რა თქმა უნდა, მათ არსებობას ვინმე აღიარებდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

პუტინის პოლიტიკური გზამკვლევი დიდი ხანია საბჭოთა დროის ნოსტალგიაა. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის შემოღება, რაც „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ ხსენებასაც კი კრძალავს, მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ქორწინების თანასწორობაზე დაწესებული აკრძალვები კიდევ უფრო გაამკაცრა და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალურად აღიარების ყველა შესაძლებლობის მოსპობაც განიზრახა. ამიტომ, ვორონოვს არ გაჰკვირვებია ხელისუფლების ქმედებები ომის პერიოდში. 

„ომის პირველ კვირებში უამრავი ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ დამოუკიდებელი აქტივისტი იქცა პოლიციის ჩხრეკის სამიზნედ, დაარბიეს ოფისები და სახლები. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ვორონოვი.

პუტინმა აქამდე არნახული სიმკაცრე გამოიჩინა სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ახალმა კანონმა აკრძალა მნიშვნელოვანი სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა, ამავე დროს ოპონენტებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სისხლისღვრის შესახებ ინფორმაციის გაშუქება აეკრძალათ და ეს კრიმინალურ ქმედებად ჩაითვალა. ზოგიერთი რუსული გამოცემა სასჯელის შიშით დაიხურა, რამაც რუსები მხოლოდ სახელისუფლებო მედიის იმედად დატოვა.

რუსეთის ქმედებებისთვის ,,ომის’’ პირდაპირ დაძახებაც კი კრიმინალურ აქტად ჩაითვალა – კრემლი კვირებია ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“.

„არც ისე რთულია, აკონტროლო ადამიანები, რომელთაც საჭიროებები აქვთ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა – არა“, – ამბობს Comin Out-ის დირექტორი.

ვორონოვის თქმით, ნახა, როგორ აკავებდნენ არა მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ომის გასაპროტესტებლად, არამედ ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ სუფთა ქაღალდი ეჭირათ ხელში.

„რუსების უმეტესობას არ ესმის, რა კატასტროფა ხდება. ისინი უბრალოდ ვერ ფიქრობენ ამ პოლიტიკურ ამბებზე – ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა ჭამონ, როგორ გადაიხადონ ქირა და ასე შემდეგ. უკვე 20 წელია, სახელმწიფო ამას აკეთებს“, – აღნიშნავს ვორონოვი.

ვორონოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ მის ორგანიზაციას, რომელიც ქვიარ ადამიანებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს რუსეთიდან წასვლის სურვილით.

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდათ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა აიძულონ, სხვები კი რუსეთს გართულებული საცხოვრებელი პირობების გამო ტოვებენ. ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ლგბტქი რუსები ბევრად მოწყვლადები არიან, ძალადობრივი თავდასხმის მუდმივი საფრთხე აქვთ, გამოიმუშავებენ ბევრად ნაკლებს და აქვთ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ბევრად უარესი მდგომარეობა.

„ახლა რუსეთში ახალი ერა იწყება – ბნელი და ღარიბი. როგორც ჩანს, ამ ახალ ერაში ლგბტქი ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება და ამას უმეტესობა ხვდება. რუსეთის ხელისუფლება მუდამ მტრებს ეძებს და ეს მტრები ახლა უფლებადამცველები, ლგბტქი ხალხი და აქტივისტები არიან, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია, დასავლეთი და სხვები“, – ამბობს ვორონოვი.

Coming Out-ის დირექტორის თქმით, პუტინის რუსეთს მთელი მსოფლიო მტრად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ეს მაინც გააერთიანებს – „ვიმედოვნებ და ვნატრობ, რომ უკრაინაში მალე ყველაფერი მშვიდობიანად იქნება“.

წინა

ომში გაღვიძებული უკრაინელი ლგბტქი ლტოლვილების სამი ამბავი

შემდეგი

რუსეთის ომი უკრაინაში აივ-კლინიკების მუშაობასა და მედიკამენტების მიწოდებას აფერხებს

ბოლო სიახლეები

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Facebook35Tweet0Shares35 Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3

ალტ-ინფოს ცნობით, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავეს

Facebook27Tweet0Shares27 2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

Facebook12Tweet0Shares12 26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ

კაფე მზიურთან ლგბტქი დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს

Facebook163Tweet0Shares163 კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის