ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

რა არის ადიქცია, ადიქციების ნეირობიოლოგიური მექანიზმი

 ადიქცია ინგლისური სიტყვიდან “addiction” მოდის და დამოკიდებულებას ნიშნავს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებაზე და ქცევაზე,  მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საჭმელზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ.

განასხვავებენ ფიზკიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აღკვეთის სინდრომის სახით, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს ნივთიერების შეწყვეტის შედეგად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ძლიერ ლტოლვასა და სურვილში დამოკიდებულების ობიექტის მიმართ.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე  ორივე სახის დამოკიდებულება ვითარდება – ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ადიქცია გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, მის კოგნიციებზე (ფიქრებზე), აღქმაზე, აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში შედის როგორც ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, მარიხუანა და სხვა, ასევე ფსიქოტროპული წამლები (დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები), ასევე ალკოჰოლი, თამბაქო, ყავა და ჩაი.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსხვავდებიან როგორც მიჩვევის, ისე ზიანის მაჩვენებლითა და პოტენციალით, თუმცა ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო, რომლებიც მიჩნეულია ნაკლებ საშიშად და დამაზიანებლად, სინამდვილეში მეტად ფართოდ არის გავცელებული და დიდი ზიანის მომტანია როგორც ადამიანების სიოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფოსთვის.

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს დამოკიდებულებას. დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ნივთიერების კომპულსიური მიღებით ან კომპულსიური ქცევით. (შოპოჰოლიზმი, საკვების მიღება და ა.შ.)

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია – ICD 10 განსაზღვრავს დამოკიდებულების არსებობის მახასიათებლებსა და ნიშნებს.

დამოკიდებულება სახეზეა 3 ან მეტი ნიშნის ერთდროულად არსებობისას გარკვეული დროის მანძილზე ბოლო 12 თვეში:

  • ტოლერანტობა
  • აღკვეთის სინდრომი
  • ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების კომპულსური სურვილი
  • ნივთიერების მოხმარების ქცევის კონტროლის სიძნელეები
  • ალტერნატიული ინტერესების პროგრესული უგულვებელყოფა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების სასარგებლოდ
  • ნივთიერებათა მოპოვებისთვის მეტი დროის/ენერგიის დათმობა
  • ნივთიერების მოხმარება მიუხედავად მავნე ნეგატიური შედეგებისა

ნებისმიერ აქტივობას, რომელიც ჩვენთვის სიამოვნების მომტანია  – იქნება ეს მუსიკის მოსმენა თუ ლამაზი სურათის ხილვა, ააქტიურებს ჩვენი ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემას, რომელიც მეხსიერებაზე, მოძრაობაზე, სიამოვნებასა და მოტივაციაზეა პასუხისმგებელი და გამოიყოფა დოფამინი. ტვინი იმახსოვრებს იმ გარემოებას/ქცევას, რომელმაც გამოიწვია სიამოვნება, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით და ვახორციელებთ იმ ქცევას, რაც სიამოვნების მომტანია ჩვენთვის. ანალოგიური ზემოქმედება აქვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ჩვენი ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე, რომელიც ხელს უწყობს დოფამინების გაცილებით დიდი რაოდენობით გამომუშავებას და სიამოვნების განცდას. დროთა განმავლობაში ადამიანი განიცდის ტოლერანტობას, ერთგვარ შემგუებლობას დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში სხვა სასიამოვნო აქტივობები აღარ ანიჭებს მას სიამოვნებას ისე, როგორც ადიქციამდე იყო. ასევე, ადამიანი ვეღარ იღებს ისეთ სიამოვნებას დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, როგორც დასაწყისში.

ფსიქოაქტიური ნივთიერებებიდან, მაგალითად, კოკაინს შეუძლია დიდი რაოდენობით დოფამინების გამომუშავება, ვიდრე ნიკოტინს. ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება სხვადასხვანაირად ახდენს ზემოქმედებას ტვინზე, ამიტომაც განსხვავდება მაგალითად, ალკოჰოლის ზემოქმედება კოკაინის ზემოქმედებისგან.

ადიქციის წარმოშობის თეორიები

 ფსიქოაქტიური ნივთიერებებს ადამიანები უძველესი დროიდან მოყოლებული მოიხმარდნენ. რამდენი ხანიც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრობლემა, პარალელურად, არსებობს კითხვა – რატომ? რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს ან რატომ უვითარდება მას ქცევითი დამოკიდებულება – გემბლინგი, შემგროვებლობა, კვებითი დამოკიდებულება და სხვა. ცალსახა პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მეცნიერების სხვადასხვა დარგები და მიმდინარეობები გვთავაზობენ ჰიპოთეზებს და დაძლევის მექნიზმებს.

გამოვყოფ რამდენიმე ჰიპოთეზას:

ბიოლოგიური: ერთ-ერთი ჰიპოთეზა, თუ რატომ მოიხმარენ ნარკოტიკს ეფუძნება იმას, რომ ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემა ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების განწყობა. ოჯახებსა და იდენტურ ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგჯერ, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ხდება დამოკიდებული ნივთიერებაზე, თუმცა აღნიშნული თეორია არ გამორიცხავს გარემოს ძლიერ ფაქტორს და მის ზემოქმედებას ინდივიდზე.

ფსიქოლოგიური: ქცევითი ანუ ბიჰევიორული ფსიქოლოგია ქცევას განიხილავს, როგორც რექაციას ამა თუ იმ სტიმულზე. ადამიანები დაისწავლიან სხვადასხვა ქცევას და დასწავლა ხორციელდება იმის მიხედვით, რას იღებს ადამიანი ქცევის შედეგად – დაჯილდოვებას თუ დასჯას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კონკრეტული ნივთიერების მიღებას მოყვა გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სავარაუდოა, რომ იზრდება ქცევის განმეორების ალბათობა.

კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელიც შემეცნებით პროცესებს (აღქმა, შეგრძნება, აზროვნება, მეხსიერება და ა.შ.) შეისწავლის, ამბობს, რომ ადამიანის აზრები/კოგნიციები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ განაპირობებს, მათ შორის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. მაგალითად, აზროვნების პატერნმა – ,,სიგარეტი მეტად თავდაჯერებულს გამხდის და ბევრი მეგობარი მეყოლება” შესაძლოა, თამბაქოს დამოკიდებულებამდე მიიყვანოს ადამიანი.

გარემო ფაქტორები: გარემო, ოჯახი და სოციუმი დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ჩამოყალიბებსასა და უნარ-ჩვევებზე. სიღარიბემ, ინფორმაციაზე წვდომის შეუძლებლობამ და მისთვის მნიშვნელოვან ჯგუფში ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების წახალისებამ შესაძლოა ჯერ ექსპერიმენტირებამდე, შემდეგ კი ადიქციის ჩამოყალიბებამდე მივიდეს ადამიანი.  

კითხვაზე – რატომ იწყებს ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას, ცალსახა პასუხი არ არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ექსპერიმენტირება, გარემოსა და სოციუმის ზეგავლენა, ხელმისაწვდომობა ან სხვა ფაქტორი/ფაქტორები. ასევე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ იმპულსურ და ეგოცენტრულ, ან შფოთვისკენ მიდრეკილ ადამიანს ცალსახად აქვს მაღალი პრედისპოზია ნარკოტიკების მოხმარებისადმი.

კითხვაზე – რატომ აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აცნობიერებს მის მავნე ზეგავლენას, პასუხი დამოკიდებულების ბუნებაშია. აგრძელებს მოხმარებას, რადგან დამოკიდებულია ადიქციის ობიექტზე ფსიქოლოგიურად და რიგ შემთხვევაში, ფიზიკურადაც.

ადიქციის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოციალურ მდგომარეობაზე

დამოკიდებულება ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ზიანი, რომელსაც ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს, ვარირებს მსუბუქიდან ძლიერამდე, არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ზემოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და ამძიმებს ადამიანების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. მენტალური პრობლემებიდან, ყველაზე ხშირად ვლინდება დეპრესია, შფოთვა, პარანოია.

  • დეპრესია – არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს ფსიქოატიურ ნივთიერებების მოხმარებასა და დეპრესიას შორის. ნივთიერებების ზემოქმედება ტვინის გარკვეულ უბნებზე იმდენად დიდია, რომ მათი ავადმოხმარება იწვევს დეპრესიასა და სხვა აშლილობებს.
  • შფოთვა – ზოგიერთი მასტიმულირებელი ნივთიერებები, მაგალითად, კოკაინი და ნიკოტონი, იწვევს შფოთვით აშლილობებს და პანიკურ შეტევებს.
  • პარანოია – კოკაინის და მარიხუანას გრძელვადიანმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს პარანოია. ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბევრი ნარკოტიკი არალეგალურია და მომხმარებელს აქვს მუდმივი შიში იმისა, რომ ერთ დღეს დაიჭერენ.

ფიზიკური ზიანი, რომელსაც განიცდის ადამიანი ფსიქოატიური ნივთიერებების შედეგად, ყველაზე ხშირად გამოიხატება შემდეგი სახით:

  • თირკმელები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გრძელვადიანმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება – დეჰიდრატაცია, კუნთების ფუნქციის მოშლა, სხეულის ტემპერატურის მატება ზიანს აყენებს თირკმელების მუშაობას, რომელიც დროთა განმავლობაში ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

  • ღვიძლი

ცნობილია, რომ ალკოჰოლის ჭარბად და დიდხანს გამოყენება ზიანს აყენებს ღვიძლს. თუმცა, ოპიოიდებისა და სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებაც იგივენაირად ზემოქმედებს ღვიძლზე, როგორც ალკოჰოლი. ღვიძლი ზიანდება ნაწიბურების, ნეკროზებისა და ქრონიკული ანთების შედეგად.

  • გული

გულის ფუნქცინირებაზე ბევრი ფსიქოატიური ნივთიერება ზემოქმედებს. ზიანი მრავალნაირია, გულსცემისა და არტერიული წნევის მატებით დაწყებული, თრომბოზითა და ინსულტით დამთავრებული.

  • ფილტვები

ფილტვებს დიდ ზიანს აყენებს როგორც თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, ასევე, მარიხუანა და კოკაინი. გარდა პირდაპირი დაზიანებისა, ისეთი ნარკოტიკი, როგორიცაა ჰეროინი, რომელიც იწვევს სუნთქვის შენელებას, ასევე იწვევს ფილტვების სერიოზულ პრობლემებს.

ფსიქოატიური ნივთიერებები იწვევს მოკლევადიან ზიანსაც, რომელიც გამოიხატება თავბრუსხევაში, თავის ტკივილში და ა.შ. აქვეითებს იმუნიტეტს.

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

დამოკიდებული ადამიანის, (იქნება ეს გემბლინგი, ალკოჰოლზე თუ ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულება), ოჯახის წევრები ხშირად ხდებიან მის ქცევაზე დამოკიდებულნი. ისინი უგულებელყოფენ საკუთარ საჭიროებებს, სურვილებსა და ემოციებს. უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება და ზიანდება მათი ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. ტერმინი თანადამოკიდებულება აღწერს ადიქციის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მდგომარეობას, რომელიც ემოციურად არის დამანგრეველი ან/და ძალადობრივი.

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები საკმაოდ ყურადსაღებია. მაგალითად, ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის ალკოჰოლის ავადმოხმარების გამო 1,6%-ს ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში. საქართველოში თამბაქოს მომხმარებელია მოსახლეობის 31%. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი. რესპონდენტთა 15,9% აცხადებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა, მისი მოხმარების მინიმალური ასაკი კაცებში 9, ხოლო ქალებში 12 წელია. აზარტულ თამაშებში ჩართულობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღნიშნა რესპონდენტთა 31,3%-მა. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური ფაქტიც, NCDC-ის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, ხოლო შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება 10%-მა.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და სხვადასხვა დამოკიდებულებებთან ბრძოლა დღემდე გამოწვევად რჩება მსოფლიოში. დასავლეთის ქვეყნებში ადიქციებთან მუშაობის გამოცდილება დაგროვდა, რომელსაც, გარკვეულწილად, საქართველოც იზიარებს საკანონმდებლო დონეზე. ადიქციების მიმართ ცნობიერების გაზრდა, რაც გულისხმობს მათ შორის მავნეობის შესახებ ინფორმაციას, დამოკიდებულებებთან მომუშავე სერვისების არსებობა, მოქნილი საკანონმდებლო პოლიტიკა – ეს არის იმ მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მსოფლიოს სსვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ეფექტურად და რომლისკენაც უნდა მივილტვოდეთ.

 

 

 

 

 

გამოყენებული მასალა:

ბექაია ნ. (2021). ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

თოფურიძე მ., ქაქუთია ნ., სხირტლაძე ლ. (2015). 2015 წლის თამბაქოსა და სხვა ქცევითი რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმირებულობის, შეხედულებებისა და ქცევის (KAP) ეროვნული კვლევის ანგარიში

კირთაძე ი., ოთიაშვილი დ., ტაბატაძე მ. (2015). ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში

ჯავახიშვილი ჯ. (2017). ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.

ESPAD (2016). ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგები

ESPAD (2019) ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი.

Koob G.F. & Dr. Simon E.J. (2010). The Neurobiology of Addiction: Where We Have Been and Where We Are Going

წინა

ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალებები და მათი ეფექტები

შემდეგი

უილიამ შექსპირი უდავოდ ბისექსუალი იყო

ბოლო სიახლეები

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ

რატომ კლავენ ქვიარებს

FacebookTweetLinkedInEmail ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით ჩადენილი