საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა.
10 იანვარს, საბერძნეთის ჯანმრთელობის მინისტრმა თანოს პლევრისმა განკარგულება გამოსცა, რომელიც სისხლის დონაციის მსურველი ადამიანების სარეგისტრაციო ფორმის განახლებას გულისხმობს. ახალ დოკუმენტში აღარ იქნება პუნქტი, რომელიც გეი ურთიერთობებს დონაციაზე შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იყო.
აღნიშნული ცვლილება 1977 წელს დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს და სტაბილურ ურთიერთობაში მყოფ გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაცია შეზღუდვის გარეშე შეეძლებათ. ცვლილებების მიღებამდე კაცებს სისხლის ჩაბარებამდე 3-თვიან პერიოდში სქესობრივი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ, ამიერიდან დონაციამდე ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციისა ერთი და იმავე შინაარსის ფორმას შეავსებს.
არაერთი ქვეყანა დღემდე იყენებს დრომოჭმულ აკრძალვებს, რომლებიც გეი და ბისექსუალ კაცებს 1980-იანი წლების აივ-ეპიდემიის გამო დაუწესეს.
წყარო: Mashable