ბისექსუალი

საფრანგეთში გეი და ბი კაცები სისხლის დონაციას დისკრიმინაციის გარეშე შეძლებენ

16 მარტიდან გეი კაცები სისხლის დონაციისას იმავე პროცედურებს გაივლიან, რასაც ჰეტეროსექსუალები და სექსუალური ორიენტაციის დასახელება აღარ მოუწევთ. საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, აღნიშნული ცვლილება დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის მიიღეს. 2016 წლიდან, გეი ურთიერთობაში

/

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცები სისხლის დონაციას შეზღუდვის გარეშე შეძლებენ

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა. 10 იანვარს, საბერძნეთის ჯანმრთელობის მინისტრმა თანოს პლევრისმა განკარგულება გამოსცა, რომელიც სისხლის დონაციის მსურველი ადამიანების სარეგისტრაციო ფორმის განახლებას გულისხმობს. ახალ დოკუმენტში აღარ იქნება პუნქტი, რომელიც გეი ურთიერთობებს დონაციაზე შეზღუდვის დაწესების წინაპირობა

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ. ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ ან/და სექსუალურ მიზიდულობას ერთზე

რას ნიშნავს ლგბტქი?

აკრონიმი ლგბტქი ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს აღნიშნავს. აღნიშნული აბრევიატურის დამკვიდრებამდე, ლგბტქი თემის აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებდნენ სიტყვას გეი, მოგვიანებით კი ლგბ-ს.

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ.

ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ ან/და სექსუალურ მიზიდულობას ერთზე მეტი სქესის ან გენდერის მიმართ. ბისექსუალ ადამიანს შეიძლება იზიდავდეს განსხვავებული და იმავე სქესის/გენდერის ადამიანები (მაგალითად, ქალები, კაცები ან არაბინარული ადამიანები).

ამ სტატიაში განხილულია, ზუსტად რას ნიშნავს ბისექსუალობა და რა გავრცელებული მითები არსებობს მასზე.

იხილეთ აგრეთვე ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

ზუსტად რას გულისხმობს ბისექსუალობა?

ბევრი ადამიანი „ბისექსუალს“ იყენებს როგორც ქოლგა-ტერმინს ორი ან მეტი გენდერის მიმართ მიზიდულობის აღსანიშნად. თუმცა, რამდენიმე ადამიანს რომ ჰკითხოთ, რას ნიშნავს მათთვის ბისექსუალობა, შეიძლება, განსხვავებული პასუხები მიიღოთ.

ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ შეიძლება ბისექსუალი იყოთ; როცა იცნობთ ვინმეს, ვინც ბისექსუალია; ან როცა, უბრალოდ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს ბისექსუალობა.

ამიტომ, მოდით, განვიხილოთ რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბისექსუალობის არსს.

ზოგი ადამიანისთვის ეს ტერმინი გენდერულ ბინარულობას აძლიერებს

ტერმინი „ბისექსუალი“ აუცილებლად მხოლოდ ქალებისა და კაცების მიმართ მიზიდულობას არ აღნიშნავს, თუმცა ზოგი ადამიანი ამ ტერმინს სწორედ ასე აღიქვამს. მათთვის ბისექსუალობა გამორიცხავს არაბინარულ გენდერულ იდენტობებს, ზოგჯერ კი, ტრანსგენდერ ადამიანებს.

სწორედ ამიტომ, მეტი ინკლუზიურობისთვის ისინი შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „პანსექსუალი“ ან „ქვიარი“.

იხილეთ აგრეთვე რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

ზოგისთვის მას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს

ისტორიულად, ტერმინი „ბისექსუალი“ აღნიშნავდა არა „კაცსა და ქალს“, არამედ „იმავეს და საპირისპიროს“ — ანუ, მიზიდულობას შენი გენდერის და შენგან განსხვავებული გენდერის მქონე ადამიანების მიმართ.

ამ ტერმინის ერთ-ერთი პოპულარული განმარტება შექმნა ბისექსუალმა აქტივისტმა რობინ ოქსმა:

„მე საკუთარ თავს ბისექსუალს იმიტომ ვუწოდებ, რომ ვამბობ, რომ მაქვს იმის პოტენციალი, რომ რომანტიკულად და/ან სექსუალურად მიმიზიდონ ერთზე მეტი სქესის და/ან გენდერის ადამიანებმა. არააუცილებლად ერთდროულად, არააუცილებლად ერთნაირად და არააუცილებლად ერთი და იმავე დოზით“.

ეს განმარტება უფრო გასაგებია, როდესაც დავაკვირდებით, რას აღნიშნავს ტერმინი „ჰომოსექსუალი“ — მიზიდულობას იმავეს მიმართ — და „ჰეტეროსექსუალი“ — მიზიდულობას განსხვავებულის მიმართ. ბისექსუალობა შეიძლება მოიცავდეს „იმავესაც“ და „განსხვავებულსაც“.

ერთი რამ ყველასთვის ცხადია: ბისექსუალობა 50/50-ზე მიზიდულობა არაა

მართალია, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის განმარტებები შეიძლება ბისექსუალობის გააზრებაში დაგეხმაროთ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ბისექსუალი ადამიანები „ნახევრად გეი“ და „ნახევრად ჰეტეროები“ არიან.

ბისექსუალობა დამოუკიდებელი, უნიკალური იდენტობაა და არა — გეიდ ან ჰეტეროსექსუალად ყოფნის განშტოება.

ზოგ ადამიანს იზიდავს სისგენდერი კაცები და სისგენდერი ქალები

შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ბისექსუალ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მას მხოლოდ სისგენდერი კაცები და სისგენდერი ქალები იზიდავს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის ყველა ბისექსუალისთვის.

ბისექსუალობის ეს განმარტება შეიძლება დაფუძნებული იყოს გარკვეულ მცდარ წარმოდგენებზე გენდერის შესახებ, ვინაიდან ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვინმეს დანახვისას იმის მიხვედრა, კაცია ის თუ ქალი და სისგენდერია ის თუ არა.

ზოგს კი გენდერის სპექტრზე მყოფი ადამიანები იზიდავს

უამრავ ბისექსუალ ადამიანს იზიდავს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანები, ასევე, უამრავი ბისექსუალი ადამიანი თავადაა ტრანსგენდერი ან არაბინარული. ამიტომაც ბევრისთვის „ბისექსუალობა“ ინკლუზიური ტერმინია, რომელიც გენდერის სპექტრს მთლიანად მოიცავს.

ზოგ ბისექსუალს ერთი გენდერი უფრო იზიდავს, ვიდრე მეორე

ბისექსუალობაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო შეიძლება გეგონოთ, რომ ბისექსუალად იდენტიფიცირების „უფლება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ, თუკი რამდენიმე გენდერი თანაბრად გიზიდავთ. ეს ასე ნამდვილად არ არის.

ბევრ ბისექსუალ ადამიანს ერთი გენდერი უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე სხვა და მათი ბისექსუალობა აბსოლუტურად ვალიდურია.

► გახსოვდეთ, რომ ვინც და რა დოზითაც არ უნდა გიზიდავდეთ, თქვენი გრძნობები ვალიდურია. თუკი ბისექსუალობის ჩვეულ აღწერაში საკუთარ თავს ვერ ხედავთ — არ იდარდოთ. სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბისექსუალად ყოფნის ბევრი გზა არსებობს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს სექსუალობის მრავალფეროვნებას.

გაითვალისწინეთ — რჩევები და მითები ბისექსუალობაზე

საპირისპირო გენდერის ადამიანთან ურთიერთობები ჰეტეროსექსუალად არ გაქცევთ

ურთიერთობაში ყოფნა კიდევ ერთი რამაა, რამაც შეიძლება დაგაფიქროთ, ხართ თუ არა „საკმარისად ბისექსუალი“. მაგალითად, თუკი ქალი ხართ და კაცთან მონოგამიური ურთიერთობა გაქვთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბისექსუალი აღარ ხართ?

ცხადია, ეს ასე არ არის. ბისექსუალობა მიზიდულობაა და არა ის, თუ ვისთან გაქვთ ამჟამად ურთიერთობა და რა ტიპისაა ეს ურთიერთობა.

ზოგ ბისექსუალ ადამიანს სხვადასხვა ტიპის მიზიდულობა აქვს სხვადასხვა გენდერის მიმართ

ზოგჯერ ასევე შესაძლებელია, რომ ბისექსუალ ადამიანს სხვადასხვა ტიპის მიზიდულობა ჰქონდეს სხვადასხვა გენდერის მიმართ. მაგალითად, მას შეიძლება რომანტიკულად იზიდავდეს რამდენიმე გენდერი, მაგრამ სექსუალური მიზიდულობა მხოლოდ კაცების მიმართ ჰქონდეს. ან, შესაძლოა, სექსუალური მიზიდულობა საერთოდ არ გქონდეთ არავის მიმართ, მაგრამ გრძნობდეთ რომანტიკულ მიზიდულობას და იყოთ ბირომანტიკული.

ამას ზოგჯერ შერეულ ორიენტაციას უწოდებენ: რომანტიკული მიზიდულობის ქონა ერთი (ან არცერთი) გენდერის მიმართ, მაგრამ სექსუალური მიზიდულობა — მეორის (ან არცერთის) მიმართ.

თავისუფლად შეიძლება, იყოთ ერთდროულად ბისექსუალიც და ბირომანტიკულიც, ან იყოთ მხოლოდ რომელიმე მათგანი და შესაბამისად, პარალელურად არომანტიკული ან ასექსუალი.

იხილეთ აგრეთვე 7 რამ, რაც არომანტიკული ადამიანების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბისექსუალობა არ არის „ფაზა“

ბისექსუალობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ის, რომ ბისექსუალობა, სინამდვილეში, არ არსებობს და ის უბრალოდ „ფაზაა“, რომელსაც გეი ადამიანები გადიან.

ეს ასე არ არის. მართალია, ზოგ ქვიარ ადამიანს სექსუალური თვითგამორკვევის გზაზე უფიქრია, რომ ბისექსუალია, მოგვიანებით კი აღმოუჩენია, რომ მხოლოდ იმავე გენდერის მიმართ აქვს მიზიდულობა, თუმცა ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა და არა — ზოგადი ჭეშმარიტება და ის არ უარყოფს ბისექსუალობის არსებობს. უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბისექსუალად იდენტიფიცირდება და ორი ან მეტი გენდერის მიმართ აქვს მიზიდულობა.

თუკი ბისექსუალობის თქვენეული გაგება იცვლება, ეს ნორმალურია

თუკი აღმოჩნდა, რომ ბისექსუალობა ის არ არის, რასაც ფიქრობდით და თუ თქვენთვის მისი განმარტება შეიცვალა — ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მეტიც, ბევრი ბისექსუალი გადის მსგავს გზას, როდესაც საკუთარი სექსუალობის უკეთ გააზრებას ცდილობს.

არ ხართ ვალდებული, ბისექსუალობის რომელიმე განმარტებაში ან ჩარჩოებში მოიქციოთ თავი, თუკი ეს თქვენთვის არ არის კომფორტული. მიეცით საკუთარ თავს უფლება, გამოიკვლიოთ და განმარტოთ საკუთარი სექსუალობა ისე, როგორც ეს თავად გსურთ.

და თუკი აღარ ფიქრობთ, რომ ბისექსუალი ხართ, ესეც ნორმალურია

ზოგი ადამიანის სექსუალობა ფლუიდურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუ ერთ დროს ფიქრობდით, რომ ბისექსუალი იყავით, მაგრამ ახლა აღარ ხართ.

გარდა ამისა, შეიძლება, დროსთან ერთად უფრო მეტი რამ გაიგოთ საკუთარ თავსა და სექსუალობაზე და გაიაზროთ, რომ ბისექსუალი (ან რომელიმე სხვა ორიენტაცია) არც არასდროს ყოფილხართ. ამაში სამარცხვინო არაფერია — სექსუალური თვითგამორკვევის გზა ყველასთვის ინდივიდუალურია.

იხილეთ აგრეთვე როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?

სექსუალური ორიენტაცია იგივე არ არის, რაც სექსუალური გამოცდილება

გახსოვდეთ, რომ თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი სქესის ან გენდერის ადამიანთან გქონდეთ სექსუალური ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალი ხართ. სექსუალური ორიენტაცია მიზიდულობაა და არა — გამოცდილება.

გარდა ამისა, ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი შეიძლება იყოს პოლიამორული ან მონოგამი. ბისექსუალობა არ განსაზღვრავს იმას, რამდენად მონოგამი ხართ ან არ ხართ ან რამდენად ერთგული შეგიძლიათ იყოთ თქვენს პარტნიორთან. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე.

იხილეთ აგრეთვე ყველაფერი პოლიამორიის შესახებ

რაც მთავარია, შეგიძლიათ საკუთარ თავს ის უწოდოთ, რასაც ისურვებთ

ამ ყველაფრის წაკითხვის მერე თუ ფიქრობთ, რომ „ტექნიკურად“ ბისექსუალი ხართ, მაგრამ მაინც გგონიათ, რომ ეს ტერმინი კარგად ვერ აღწერს თქვენს გამოცდილებას ან არ მოგწონთ ის, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საკუთარი სექსუალური იდენტობა.

შესაძლოა, გსურდეთ, რომ საკუთარ თავს უწოდოთ „ბისექსუალი“, „პანსექსუალი“, „გეი“, „ქვიარი“, „სექსუალურად ფლუიდური“, ნებისმიერი სხვა ტერმინი ან, სულაც, არცერთი — ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

წყარო: Healthline

გიორგი ჟღენტი — ბისექსუალი ვარ და ჩემს იდენტობას სიამაყით ვიღებ

მე ვარ გიორგი, 20 წლის, ქალაქ ბათუმიდან.

გავიზარდე ბათუმის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, ძველ ბათუმში, ე.წ. იტალიურ ეზოში. ზოგადად, ბათუმი გამორჩეულია ქალაქია თავისი კოლორიტულობით და მრავალფეროვნებით, მაგრამ ქალაქის ამ ნაწილში განსაკუთრებულად იგრძნობა ბათუმის სული, რომელიც წარუშლელად აისახება იქ მაცხოვრებელთა პიროვნულობაზე. იტალიური ეზო დასახლების ისეთი ტიპია, სადაც წაშლილია ზღვარი პირადსა და საჯარო ცხოვრებას შორის, სადაც კედლებიც და კარებიც კი პირობითია და მეზობლებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ვერ ვიტყოდი, რომ ეს შემაწუხებელია, რადგან თავიდანვე ეჩვევი, რომ მეზობელი ოჯახის წევრია, შენზე ყველაფერი იცის, ერთმანეთზე ზრუნავთ, თუ გემრიელ კერძს მოამზადებს, აუცილებლად  გაგასინჯებს, წვიმის დროს სარეცხს მოგიხსნის და ავადმყოფობის დროს ათასგვარ წამალს შემოგაშველებს.

ბავშვობა შესანიშნავი იყო, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში და წიგნები. მშობლები მაქსიმალურ თავისუფლებას მაძლევდნენ, არასდროს არაფერში მზღუდავდნენ და მიტოვებდნენ საშუალებას, თავად მიმეღო გადაწყვეტილებები, ოღონდ პასუხისმგებლობაც ჩემზე უნდა ყოფილიყო. ამან ჩემს პიროვნებაზე ძალიან იმოქმედა, უამრავი საჭირო თვისება შევიძინე და დამოუკიდებლობაც ვისწავლე.

ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემი კონსტრუქტორებია, რომლებითაც ქალაქებს ვაშენებდი, წარმოვიდგენდი, რომ მერი ვარ, ვქმნიდი ფულად ერთეულებს, ვაგებდი გზებს და ვოცნებობდი, რომ მომავალში ამას რეალურ ცხოვრებაშიც გავაკეთებდი.

იმ ასაკიდანვე ვიცოდი, რომ პოლიტიკოსობა მინდოდა და აზრი მას შემდეგ არ შემიცვლია.

იდეალური გარემო ასე წარმომიდგენია — როცა საჯაროდ ქამინგაუთის საჭიროება აღარ იქნება, ადამიანები ისე მიიღებენ იდენტობას და სექსუალობას, როგორც ხვეულ თმას, ცისფერ თვალებს ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელს.

ახლა თბილისში ვცხოვრობ, დედასთან ერთად, ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. თავიდან აქაური “კორპუსული” ცხოვრება კომფორტულად მომეჩვენა. მეზობლები უკითხავად აღარ შემოდიოდნენ სახლში და პირადი ცხოვრებაშიც მეტ-ნაკლებად ვერ ერეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ბათუმური ეზო მომენატრა და ჩემშიც არის ბათუმის დიდი კვალი.

სკოლა — ადგილი, სადაც სილაღეს კარგავ

ცუდი მოგონებები კი სკოლას უკავშირდება. სამწუხაროდ, ქართული სკოლა საბჭოთა მემკვიდრეობაა, სადაც ბავშვების სტანდარტიზებას და ინდოქტრინაციას პირველივე დღიდან იწყებენ. თითქოს სილაღეს კარგავ, გეკრძალება კითხვების დასმა და იჯერებ, რომ შენი მოსაზრება უმნიშვნელოა, რადგან ის არასდროს შეიძლება იყოს “სწორი” უფროსის მოსაზრებასთან მიმართებით. სკოლაშივე გასწავლიან მორჩილებას, შენი არსებობა ათქულიანი სისტემით ფასდება.

შემდეგ ზრდასრულ ცხოვრებაში შენდაუნებურად ეძებ “უფროსებს”, რომლებიც მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ და უკვე მათი მოსაზრებების ჩრდილში გააგრძელებ ცხოვრებას. ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა, თუმცა შედარებით ნაკლებად, რადგან დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა სკოლაში კონფლიქტურ სიტუაციებში და შესაბამისად, არც მე მეშინოდა პროტესტის გამოთქმის და უსარგებლო წესების დარღვევის. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სკოლაშიც იყვნენ ნათელი წერტილები, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას გვაჩვევდნენ და ისეთ რამეებს გვასწავლიდნენ, რაც პიროვნულად გვზრდიდა, თუმცა ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან და მათი ძალისხმევა საერთო სიტუაციას ვერ ცვლის.

“მეშინოდა, რომ “ასეთი” მარტო მე აღმოვჩნდებოდი”

ჩემმა იდენტობამ და სექსუალობამ გამოვლინება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არც კი ვიცოდი ამ სიტყვების არსებობის შესახებ. ბაღში რაღაც პერიოდი გოგო მომწონდა, ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობდი და ეს ყველამ იცოდა. შემდეგ ბიჭი მომეწონა, თუმცა ამის შესახებ ხმას არ ვიღებდი, ვხვდებოდი, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ამაზე იგივე რეაქცია არ ექნებოდათ. ბავშვი ვიყავი და მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რატომ იყო ასე და რა პრობლემებს შემიქმნიდა ეს მომავალში, უბრალოდ ვიღებდი ამას მოცემულობად და ვცდილობდი, მის მიმართ სიმპათია სხვებისგან ფარულად გამომეხატა.

ქამინგაუთის შემდეგ დედამ მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა, რომ ვუყვარვარ და საკუთარ შვილზე უარს არასდროს იტყვის.

ბაღის შემდეგ თინეიჯერობამდე ამ საკითხს აღარ მივბრუნებივარ — თითქოს თაროზე შემოვდე და გადავწყვიტე, დამევიწყებინა, რადგან ვერ ვიგებდი მის არსს, გამოხატვის დასაშვებ ფორმებს, მეშინოდა, რომ “ასეთი” მარტო მე აღმოვჩნდებოდი. მაშინ ეს ტრავმული არ იყო, რადგან ბავშვური გონება ამაზე არ ფიქრობდა და ვერ აანალიზებდა, უბრალოდ, ამ გადმოსახედიდან ვიხსენებ პატარა გიორგის ქცევებს, რომელიც მაშინ, ალბათ, ქვეცნობიერის კარნახით ხდებოდა და ასეთ ახსნას ვუძებნი მათ.

თვითგამორკვევა და დამალვის მცდელობები

სირთულეები თინეიჯერობისას დაიწყო, როცა კიდევ მომეწონა ბიჭი. მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს აკრძალული და დაუშვებელი იყო. შესაბამისად, ვცდილობდი მეპოვა ამ გრძნობების მიზეზი, განკურნების საშუალება. 18 წლამდე, როცა პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან ჩემი იდენტობა, მთელი არსებით ვცდილობდი, გამექრო ის, მეთხოვა დახმარება ღმერთისთვის. უამრავჯერ მივიღე გადაწყვეტილება, მთელი ცხოვრება დამემალა ეს ამბავი, მათ შორის საკუთარი თავისთვისაც. მაგრამ როგორც უკვე ქამინგაუთის დროს დავწერე, იდენტობა ისეთი რამ არის, ვერაფერი დათრგუნავს ისე, რომ პატარა ნაპერწკალმა ვერ შეძლოს მისი უეცრად გაღვივება.

რაღაც მომენტში იდენტობისა და სექსუალობის თემაზე სტატიების კითხვა დავიწყე, ტელევიზიის მეშვეობით ჩემნაირი ადამიანები დავინახე და ნელ-ნელა დავძლიე ყველა ჩანერგილი ცრურწმენა, შიში, კომპლექსი და მივიღე საკუთარი თავი.


“ქამინგაუთი არის ყველაზე მძლავრი ქმედება, სოციალური და პოლიტიკური აქტი”

ქამინგაუთთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები მომისმენია თემის წევრების მხრიდან. მათ შორის, როცა რამდენიმე დღის წინ საჯარო ქამინგაუთი გავაკეთე Facebook-ზე, მკითხეს, რაში მჭირდებოდა და რას მარგებდა ეს. ყველა პოზიციას აქვს არსებობის უფლება. ჩემი გადმოსახედიდან, ადამიანი სოციალური არსებაა და მას აქვს ისეთი სოციალური მოთხოვნილებები, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა, თვითგამოხატვა და ეს ყოველივე შეუძლებელია, თუ გიწევს დამალო ისეთი რამ, რაც შენს პიროვნებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, შეუძლებელია პირადი ცხოვრება მუდმივად დამალული იყოს, რადგან პირადი ცხოვრება მხოლოდ საძინებელში დახურულ კარს მიღმა არ მიმდინარეობს და მის შესახებ სხვა ადამიანებიც იგებენ. ამიტომ დიდად არჩევანიც არ არის.

ქამინგაუთს ან თავად გააკეთებ ან აუთინგის მსხვერპლი გახდები და სხვა გამხელს ადრე თუ გვიან. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს, ზოგისთვის ქამინგაუთი პირდაპირ სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც მოვლენა, ქამინგაუთი არის ყველაზე მძლავრი ქმედება, სოციალური და პოლიტიკური აქტი, რომელიც არსებულ რეალობას უკეთესობისკენ ცვლის.

პირველად ქამინგაუთი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან გავაკეთე, რომელიც ასევე დაქამინგაუთდა, ორმაგი ქამინგაუთი გამოგვივიდა მეგობრებს, რომლებიც თურმე წლების განმავლობაში საერთო პრობლემის წინაშე ვიდექით და ერთმანეთსაც კი ვუმალავდით. ეს იყო დიდი შვება. ემოციურად ეს საჯარო ქამინგაუთს არც შეედრება — პირველი სულ სხვაა, მაშინ ჯერ კიდევ გგონია, რომ რაღაც გარყვნილს ჩადიხარ და ვერავინ გაგიგებს, ამიტომ მიღება უფრო ფასობს.

ქამინგაუთის გამო არავინ დამიკარგავს, ამ ქმედებამდე ყველა ის ადამიანი, ვინც ვფიქრობდი, რომ არ მაღიარებდა, ბუნებრივად ჩამოვიცილე და მათთან ემოციური კავშირი გავწყვიტე, ხოლო ყველა სხვამ მიმიღო და მხარს მიჭერს, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ანეიტრალებს იმ ტრავმებსა და კომპლექსებს, რომლებიც ბავშვობასა და თინეიჯერობაში საზოგადოებამ მომაყენა.

დედამ სოციალური ქსელებიდან გაიგო, რადგან პირისპირ ამის თქმა ვერ გავბედე. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, ვიცოდი, რომ ჩემზე უარს არ იტყოდა, სახლიდან არ გამაგდებდა, მაგრამ მეშინოდა, რაიმე ჰომოფობიური არ ეთქვა, რაც მთლიანად ჩამოშლიდა ჩემს წლების განმავლობაში ნაშენებ თვითშეფასებას, იმედს და ბოლომდე გამანადგურებდა. თუმცა მისი რეაქცია გასაკვირად სწორი და ეთიკური იყო. მეორე დღეს შევხვდით და ვისაუბრეთ, ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებზე. მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა, რომ ვუყვარვარ და საკუთარ შვილზე უარს არასდროს იტყვის.

ნებისმიერი დევნა უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას და გადამწყვეტ მომენტში მას ყველა აღიარებს. ქვიარ ადამიანებმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

ჩემი საჯარო ქამინგაუთიდან დიდი დრო არ გასულა, ამიტომ ნათესავების და მეზობლების რეაქციები ჯერ უცნობია. ვიცი, რომ გარკვეულ დისკომფორტს ჩემი ოჯახის წევრებიც იგრძნობენ და ეს ყველაზე ტრავმულია ჩემთვის, რადგან მე მიჩვეული ვარ ჰომოფობიას, მაგრამ ჩემ გამო ოჯახზე საზოგადოების ზეწოლა განსაკუთრებით მძიმე იქნება და ეს ახალი ეტაპია, რომელიც მათთან ერთად უნდა გავიარო. ამის გამო დანაშაულის მაქვს, მაგრამ არ მივცემ საშუალებას, შიგნიდან დამამარცხოს. საზოგადოების ჰომოფობიურ ნაწილის ეს ბერკეტი ხელიდან ოდესმე უნდა გამოვაცალოთ.

გადაწყვეტილება ქვეყანაში დარჩენაზე

უამრავ ქვიარს ვიცნობ, რომელმაც ჰომოფობიის გამო ქვეყანა დატოვა. ვერაფერში ვამტყუნებ მათ, ბრძოლა და გმირობა ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო. ევროპაში წასვლაზე დედამაც მითხრა, მაგრამ მე ემიგრაციაში წასვლას არ ვაპირებ. აქაურ ჰომოფობიაზე მეტად იმ გრძნობის უფრო მეშინია, რომელიც წასვლის შემთხვევაში დამეუფლება, სისუსტის და დამარცხების. პატრიოტობაც მგონი ეს არის, როცა რჩები იქ, სადაც შესაძლოა, საუკეთესოდ არ გრძნობ თავს, მაგრამ იმედს არ კარგავ, რომ წვლილს შეიტან სიტუაციის გაუმჯობესებაში. თანაც, გაღებული მსხვერპლი უკვე იმდენად დიდია, იმდენი ქვიარი მოკლეს, რომ წასვლის უფლებას მორალი არ მაძლევს.


ქვიარ ურთიერთობების სირთულეები საქართველოში

ქვიარ ადამიანებისთვის ურთიერთობები დამატებითი ტრავმაა, რადგან რთულია ჯანსაღი ურთიერთობების აშენება, როცა იმალები და არ გიღებენ. გარდა ამისა, ბევრჯერ საკუთარ თავშიც და სხვა ქვიარებშიც შემიმჩნევია კომპლექსები, შიშები, ტრავმები, რომლებიც არ იძლევიან საშუალებას ისე წარმართო ურთიერთობები, რომ ეს ორივესთვის სასიამოვნო და სასარგებლო იყოს. ურთიერთობების შენება ჩემთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არასდროს მინახავს ჯანსაღი როლური მოდელი. ხშირად ვერ ვუმკლავდები რაღაც მომენტებს და ტოქსიკურად ვექცევი საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც აქვთ, რადგან საქართველოში ნებისმიერი სოციალური კავშირი ხშირად არაჯანსაღია.

მინდა, ქუჩაში გავიდე და ვიყვირო ჩემს ბისექსუალობაზე. არა იმიტომ, რომ ვინმეს დაინტერესება გამოვიწვიო, არამედ ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს, რომ არავინ მომაქციოს ყურადღება. იდეალური გარემოც ასე წარმომიდგენია — როცა საჯაროდ ქამინგაუთის საჭიროება აღარ იქნება, ადამიანები ისე მიიღებენ იდენტობას და სექსუალობას, როგორც ხვეულ თმას, ცისფერ თვალებს ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელს.

უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ სპექტრს ვაჩვენოთ ჩვენი ელექტორალური ძალა, რათა მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ ჩვენი უფლებების დასაცავად. არ ვართ ცოტანი.

საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი+ თემის მიმართ შეცვლილია. ეს ყველა იმ ორგანიზაციის დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში თემის ხილვადობას და ამასთან ერთად, მიმღებლობას ზრდიდა. ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ქამინგაუთს არ შეუშინდნენ მაშინ, როცა ეს კიდევ უფრო რთული და საშიში იყო. Მათი ძალისხმევის წყალობით, ნელ-ნელა იზრდება მიმღებლობა საზოგადოებაში.

“ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ”

კარგად ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც თვითგამორკვევის პროცესში არიან. მათ ვურჩევდი, რომ არასდროს დაკარგონ უკეთესი მომავლის იმედი და იბრძოლონ მისთვის. გაიაზრონ, რომ ცხოვრება ერთია და არავინ და არაფერია საკუთარ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი. გამოიყენონ ყველა შანსი და მიიღონ კარგი განათლება, რადგან მხოლოდ ეს არის გარანტი იმისა, რომ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. იცოდნენ, რომ თუ ოჯახის წევრებს არ ირჩევენ, მეგობრების შეცვლა შესაძლებელია და მოძებნონ ისეთი სივრცე, სადაც დამალვა არ მოუწევთ — ასეთი პატარა სივრცეები ეხმარება ადამიანს, გადაიტანოს რთული პერიოდი და დაელოდოს მომენტს, როცა ბოლომდე მიიღებს საკუთარ თავს, საკმარისად დამოუკიდებელი გახდება და დამალვაც აღარ იქნება საჭირო.

ქართული ქვიარ აქტივიზმი არის ძალა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, რადგან სიყვარული შეუძლებელია იყოს დანაშაული. ნებისმიერი დევნა უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას და გადამწყვეტ მომენტში მას ყველა აღიარებს. იმ მომენტამდე ქვიარ ადამიანებმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ სპექტრს ვაჩვენოთ ჩვენი ელექტორალური ძალა, რათა მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ ჩვენი უფლებების დასაცავად. არ ვართ ცოტანი, საარჩევნო უფლება ფარულია, ამიტომ საჯარო ქამინგაუთის გარეშეც შესაძლებელია გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ.

10 წლის შემდეგ საკუთარ თავს ბათუმში ვხედავ, საიდანაც ვგეგმავ პროფესიული კარიერის დაწყებას. სასიამოვნო მზიან ამინდში, სამსახურიდან გამოვდივარ და მივდივარ ბათუმის პირველ პრაიდზე.

რას ნიშნავს ლგბტქი?

აკრონიმი ლგბტქი ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს აღნიშნავს. აღნიშნული აბრევიატურის დამკვიდრებამდე, ლგბტქი თემის აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებდნენ სიტყვას გეი, მოგვიანებით კი ლგბ-ს. ლგბტქი კი გამოყენებაში 1990-იანებიდან ჩნდება.

ტერმინების დამკვიდრების მცირე ისტორიის შემდეგ, აბრევიატურის შემადგენელი თითოეული სიტყვა განვიხილოთ.

ესბოსელი — ქალი, რომელსაც რომანტიკულად და სექსუალურად იზიდავს ქალები.

ეი — კაცი, რომელსაც რომანტიკულად და სექსუალურად იზიდავს კაცები.

ისექსუალი — ადამიანი, რომელსაც რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ.


რანსგენდერი — ქოლგა, კრებითი ტერმინი. ნიშნავს ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობა, გამოხატვა და ქცევა არ ემთხვევა მისი ბიოლოგიური სქესის მახასიათებლებისა და სქესთან მიბმული გენდერული როლის მოლოდინებს.

ვიარი — აერთიანებს ყველა ადამიანს, რომელიც არაჰეტერონორმატიულია. ტერმინი მოიცავს ადამიანებს, რომლებიც, როგორც სექსუალური პრეფერენციის, ასევე — გენდერული იდენტობის მიხედვით, არაკონფორმულები არიან არსებული ჰეტერონორმატიული გარემოს მიმართ.


ნტერსექსი — ადამიანი, რომელიც სექსუალურ-რეპროდუქციული ანატომიის ვარიაციებით დაიბადა, რაც შეიძლება გამოიხატოს ქრომოსომულ, ჰორმონალურ და ფიზიოლოგიურ დონეზე.

ტერმინების დამკვიდრებისა და გამოყენების მცირე ისტორია

საუკუნეების განმავლობაში ლესბოსელი ასოცირებული იყო  ბერძნულ კუნძულ ლესბოსის სახელწოდებასთან. ამავე კუნძულზე დაიბადა პოეტი საფო, რომელიც ლექსებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების სიყვარულს უძღვნიდა.

სიტყვა ლესბოსელი პირველად მე-16 საუკუნეში გამოიყენეს, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კუნძულ ლესბოსს უკავშირდებოდა. ლესბოსელის მნიშვნელობაში მისი თანამედროვე გამოყენება მე-19 საუკუნიდან დამკვიდრდა, როცა საფოს პოეზია ქალების სიყვარულთან გახდა ასოცირებული.


იმის გამო, რომ მეოცე საუკუნეში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების სიყვარული აკრძალული იყო, ტერმინს გეი
შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვის ლგბტქი ადამიანების მიერ გამოყენებას 1960-იანებში ვაწყდებით, როცა აქტივისტებმა დეკადების განმავლობაში შეურაცხმყოფელ სიტყვად აღქმული ტერმინის დაბრუნება განიზრახეს. ამ ქმედებით ისინი ერთი და იმავე სქესი მქონე ადამიანების ურთიერთობის წინააღმდეგ არსებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით, 1980 წელს, ესეისტმა ედმუნდ ვაითმა განაცხადა, რომ ტერმინმა გეი დაიკავა და გადაფარა სხვა შესატყვისი სიტყვები, რომლებიც იმ კაცების აღსაწერად გამოიყენებოდა, რომლებსაც ემოციურად და ფიზიკურად კაცები იზიდავდნენ.

1859 წელს, ანატომისტმა რობერტ ბენტლიმ სიტყვა ბისექსუალი პირველად გამოიყენა. სიტყვის ახლანდელი გაგება თავდაპირველ გამოყენებას მნიშვნელოვნად სცდებოდა და აღწერდა ერთსა და იმავე სხეულში მდედრისა და მამრის მახასიათებლებს.

ტერმინის ახლანდელი მნიშვნელობის დამკვიდრებაში მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებსა და ფსიქოლოგებს მიუძღვით წვლილი. მათ შორის იყვნენ ევოლუციის მკვლევრები, ჰენრი ჰეველოკ ელისი და რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგი, რომელთა განცხადებით, თითოეულ სქესში ლატენტური ბისექსუალობა არსებობს.

1990-იანებიდან ტერმინებმა ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი (ლგბ) ფეხი მოიკიდა, როგორც ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, განმათავისუფლებელ აქტივიზმში. მიუხედავად ამისა, ტერმინ ტრანსგენდერის აკრონიმში გაერთიანებას მეტი დრო დასჭირდა. სიტყვის გამოყენების პრეცედენტებს 1960-იანი წლებიდან ვაწყდებით. მაგალითად, 1965 წელს გამოცემულ ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოში, რომელიც პოპულარული გახდა აქტივისტის, ვირჯინია პრინცის გამო. ვირჯინია სქესსა და გენდერს ერთმანეთისგან განასხვავებდა და აცხადებდა, რომ ისინი განცალკევებული ცნებებია.

2000-იანი წლებიდან საზოგადოებამ ტერმინის ფართო გამოყენება დაიწყო. სიტყვამ ტრანსგენდერმა ლგბტქი აკრონიმში დაიმკვიდრა თავი და ნელ-ნელა ჩაანაცვლა სხვა, შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დამამცირებელი იყო.

აკრონიმში -ც შედარებით მოგვიანებით გაჩნდა. 1910-იან წლებში ქვიარი გამოიყენებოდა იმ ადამიანთა შეურაცხყოფისთვის, რომლებიც განცალკევებულები იყვნენ ჰეტერონორმატიული საზოგადოებისგან. 1990-იან წლებში აქტივისტებმა სიტყვა ქვიარის დაბრუნება განიზრახეს, როგორც ეს სიტყვა გეის შემთხვევაში წარმატებით მოხდა. ამის განსახორციელებლად მათ აქტიურად დაიწყეს ქვიარის გამოყენება.

ტერმინის ინტერსექსი გამოყენება ექიმებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ ადამიანების აღსაწერად დაიწყეს, ვისი ანატომიაც განსხვავებული იყო სქესის ტრადიციული ბინარული გაგებისგან.

1970-იანებში აქტივისტებმა და ინტერსექსი თემის წევრებმა საჯაროდ დაიწყეს ტერმინის დამკვიდრების საჭიროებაზე საუბარი. ინტერსექსი ადამიანების პირველი საჯარო დემონსტრაცია 1996 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. აქტივისტებმა გამოიყენეს ისეთი ტერმინები, როგორიცაა ჰერმაფროდიტი, ინტერსექსი. აქტივისტების მოთხოვნით, ექიმებს პაციენტებთან შეუთანხმებელი ქირურგიული ოპერაციები უნდა შეეწყვიტათ. სწორედ ამ დღის პროტესტის შედეგად ჩაეყარა საფუძველი ინტერსექსი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დღეს.

წყაროები:

საფრანგეთში გეი და ბი კაცები სისხლის დონაციას დისკრიმინაციის გარეშე შეძლებენ

16 მარტიდან გეი კაცები სისხლის დონაციისას იმავე პროცედურებს გაივლიან, რასაც ჰეტეროსექსუალები და სექსუალური ორიენტაციის დასახელება აღარ მოუწევთ. საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, აღნიშნული ცვლილება დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის მიიღეს.

2016 წლიდან, გეი ურთიერთობაში მყოფ კაცებს სისხლის დონაცია შეეძლოთ, თუმცა სისხლის გაღებამდე სქესობრივი კავშირი ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონოდათ, ეს ვადა 2019 წელს 4 თვემდე შემცირდა, ახლა კი საბოლოო ცვლილება სისხლის დონაციისას თანასწორ მოპყრობას უზრუნველყოფს.

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცები სისხლის დონაციას შეზღუდვის გარეშე შეძლებენ

/

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა.

10 იანვარს, საბერძნეთის ჯანმრთელობის მინისტრმა თანოს პლევრისმა განკარგულება გამოსცა, რომელიც სისხლის დონაციის მსურველი ადამიანების სარეგისტრაციო ფორმის განახლებას გულისხმობს. ახალ დოკუმენტში აღარ იქნება პუნქტი, რომელიც გეი ურთიერთობებს დონაციაზე შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იყო.

აღნიშნული ცვლილება 1977 წელს დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს და სტაბილურ ურთიერთობაში მყოფ გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაცია შეზღუდვის გარეშე შეეძლებათ. ცვლილებების მიღებამდე კაცებს სისხლის ჩაბარებამდე 3-თვიან პერიოდში სქესობრივი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ, ამიერიდან დონაციამდე ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციისა ერთი და იმავე შინაარსის ფორმას შეავსებს.

არაერთი ქვეყანა დღემდე იყენებს დრომოჭმულ აკრძალვებს, რომლებიც გეი და ბისექსუალ კაცებს 1980-იანი წლების აივ-ეპიდემიის გამო დაუწესეს.

წყარო: Mashable