/

როგორ შეიძლება მოგვარდეს ქვიარ თემის პრობლემები საქართველოში – პოლიტიკოსების კომენტარები

30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. პოლიტიკოსები 24/7-ზე მუშაობენ ამომრჩევლების დასარწმუნებლად.

ჩვენ კვლავ შევეხმიანეთ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და დავუსვით მხოლოდ ორი კითხვა – რა იციან LGBTQ+ თემის პრობლემებზე და როგორ ესახებათ ამ პრობლემების მოგვარება. ჩემი, როგორც ქვიარ თემებზე მომუშავე ჟურნალისტის მიზანია, რომ ამ საკითხებზე არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსებმა ისაუბრონ, ვისაც ხშირად მიმართავენ ჟურნალისტები – ზოგადად, ყველამ. ფაქტი ერთია, პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად შეცვლილები არიან და თვლიან, რომ ქვიარ თემის პრობლემები სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

გიორგი კანდელაკი – ევროპული საქართველო

,,საქართველოში LGBTQ თემი მძიმე უფლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად დგანან სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და წართმეული აქვთ კონსტიტუციური უფლებები – მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტრანს თემისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლება ჰომოფობიური, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამხალისებელია – როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითა და დამნაშავეების დაუსჯელობით. ის წლების განმავლობაში ქმნის და ახალისებს ძალადობრივ, მარბიელ ჯგუფებს, რომლებიც ქვიარ ადამიანებზე ნადირობენ. ამავე დროს, მთავრობა ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში აკეთებს ამას პუტინის რეჟიმი – ქვეყნის ცივილიზებული დასავლური გზით განვითარების დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ, ეს საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანისა და უმცირესობების უფლებებით, ეს ეროვნული უსაფრთხოების თემაცაა. ამ ყველაფრის ტრაგიკული ილუსტრაცია იყო 5 ივლისი, როცა მთავრობა ღია და დაუფარავ ალიანსში შევიდა ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ძალადობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან და მათ დაუსჯელობის გარანტია მისცა.

ამავე დროს, ამ ყველაფერში საპატრიარქოც არცთუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობს. საპატრიარქოს სწორედ იმ ფიგურების აქტიურობა, რომლებიც პოლიტიკური და ანტიდასავლური გეოპოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევიან, გვაფიქრებინებს, რომ მათ არა თეოლოგიური, არამედ სრულიად სხვა რამ ამოძრავებთ – მათი სულისკვეთება ეწინააღმდეგება ტოლერანტურ და არსით ევროპულ მსოფლმხედველობას, რომელსაც ტოტალიტარული რეჟიმების მიერ განადგურებული ისეთი ლიდერები ატარებდნენ, როგორებიც ამბროსი ხელაია და გრიგოლ ფერაძე იყვნენ.

ჯამში, ქვიარ თემის მდგომარეობა, სიმძიმის თვალსაზრისით, შეიძლება შეფასდეს მეტაფორით – ჯოჯოხეთური. ამ პრობლემების გადაჭრის მთავარი გასაღები იმგვარ ხელისუფლებაშია, რომელიც უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხოებას და სპეციალურ საჭიროებებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც სათანადოდ ვერ იცავს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღმოფხვრას სჭირდება მტკიცე ნება, დემოკრატიული და თავისუფლების იდეალების რწმენა და კანონის წინაშე თანასწორი გარემოს უზრუნველსაყოფად გადადგმული მრავალი ნაბიჯი.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გაჩნდეს იმის აღქმა, რომ კანონით უზრუნველყოფილ უფლებებზე ერთი რომელიმე ჯგუფისთვის უარის თქმა ანგრევს მთლიანად სახელმწიფო კონსტრუქციას და ახეირებს მათ, ვინც საქართველოს თავისუფალი სამყაროს ნაწილად გახდომას ეწინააღმდეგება.”

ზურა გირჩი ჯაფარიძე- ,,გირჩი – მეტი თავისუფლება”

,,მთავარი პრობლემა ადამიანების ტვინებშია, მოსახლეობის ნაწილს ტვინში აქვს გამჯდარი ჰომოფობია და ქსენოფობია. დანარჩენი პრობლემებიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. საბოლოოდ, გამოსავალი არის განათლება და ისევ განათლება. წარმოდგენების შეცვლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით, უფროს თაობაში. მინდა, გითხრათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემების მოგვარება რთულია.

ჩემი აზრით, აქედან გამოსავალი არის ეკონომიკური განვითარება და განათლება. მე არ მჯერა, რომ ჩვენი ტიპის საზოგადოებაში შეიძლება ჩაერიო და რაღაც შეცვალო. ჰომოფობია ხომ არ არის ერთი ან ორი ადამიანის პრობლემა, ჰომოფობია არის სახელისუფლებო სტრუქტურებში, ძალოვან უწყებებში, ყველგან… ამიტომ, მე ნაკლებად მჯერა, რომ რომელიღაც კოდექსში შეიძლება რაღაც ჩაასწორო და ამან რამეს უშველოს. მე მჯერა იმისი, რომ ამას სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ადამიანების აზროვნების შეცვლა და ნელ-ნელა მოიხსნება ეს პრობლემა. ზოგადად, ბევრი და საჯაროდ ამ პრობლემებზე საუბარი – ეს არის გამოსავალი.

პოლიტიკური სპექტრი ცდილობს, არ გაანაწყენოს მოსახლეობა და თუ თვლის, რომ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა არის ჰომოფობიური, ცხადია, ერიდებიან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას. არის რაღაც, სადაც მე მაქვს განსხვავებული აზრი ლგბტ ჯგუფების მოთხოვნებზე, მაგრამ მათი უფლებები რომ უნდა იყოს დაცული და ძალადობის მსხვერპლი არ უნდა იყვნენ, მაგ ნაწილში მაქვს სრული თანხვედრა. პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, იმას უყურებენ, თუ რა იქნება მათთვის ელექტორალურად მომგებიანი. იმის გამო, რომ მე ყოველთვის ღიად ვიცავ ლგბტქ+ თემის უფლებებს და ამას ღიად ვაფიქსირებ, ჩემი ოპონენტები, განსაკუთრებით რეგიონებში, დადიან ხალხში და ჩემზე ამბობენ, რომ აი, ეს არის ,,პიდარასტი.”

მე რომ მიწევს რთული კონცეფციის ახსნა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანო ქვეყანა ეკონომიკური პრობლემებიდან და ა.შ. ისინი ამ მარტივი მესიჯით მოძრაობენ. იმ ნაწილშიც, რომ მე მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ვარ, ამბობენ ჩემზე, რომ აი, ნარკომანია. აი, ასე ხდება ამ საზოგადოებაში, ასეთი მესიჯბოქსები მუშაობს.”

ოთო ზაკალაშვილი – გირჩი

,,ზოგადად, არავის უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში და მათ შორის, არც ქვიარ თემის. ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ჰომოფობი, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, როდესაც ის არ აზიანებს სხვას და არ ძალადობს, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ჰომოფობებს.

მე არაერთხელ გამიგონია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე მომხდარა ძალადობა და ეს ყოველთვის დამიგმია.ზოგადად, ჰომოფობიურ საზოგადოებაში რაც უნდა არაჰომოფობიურად იყო წარმოდგენილი, მაინც რთულია ეს სოციუმის გამო. აი, მაგალითად, ზოგი ვერ აქირავებს თემის წევრზე ბინას იმის გამო, რომ ეს მის რეპუტაციაზე იმოქმედებს ცუდად. ამ ადამიანებისაც მესმის, უჭირთ საზოგადოების წინააღმდეგ ღიად წასვლა.

მიმაჩნია, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ქვიარ თემზე, თემის პრობლემებზე. თუნდაც იმაზე, რომ ჰომოფობია სირცხვილია. ადამიანის უფლებების ჭრილში რომ ვისაუბროთ, ქვიარ თემისთვის და არა მარტო ქვიარ თემისთვის, გვჭირდება სასამართლო რეფორმა. მხოლოდ ასე შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები. ჩვენ თუ ამას არ მოვაგვარებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მუდამ დავრჩებით პრობლემების ამარა იმიტომ, რომ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო და ჰომოფობიური განწყობის მქონე ხალხი ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც უნდათ.”

სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი

,,ბევრი პრობლემაა და პირადადაც მიმუშავია ამაზე – ჯანმრთელობის, სამედიცინო სერვისების მიუწვდომლობა და ა.შ. სხვადასხვა კვლევებშიც ჩანს, რომ მარტო სამედიცინო პრობლემები არ არის, თემს ასევე აქვს იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. მაგრამ მე, როგორც სპეციალისტი, აქცენტს სამედიცინო სერვისებზე ვაკეთებ.

ბოლო 15 წელს რომ გადავხედოთ, იმ სტიგმისა და დისკრიმინაციის მხრივ, რაც თემის მიმართ არსებობს, თითქოს რაღაც პრობლემები შემცირებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის პრობლემები, პირიქით. ჩემი აზრით, გამოსავალია საზოგადოების განათლების გაზრდა, მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომ რაღაც მითებითა და სტერეოტიპებით არ იაზროვნოს. ზოგადად, არა მხოლოდ ლგბტქ+ თემს, ყველას აწუხებს სოციალური პრობლემები, მაგრამ თემის შემთხვევაში, ეს ორმაგად რთულია. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი კონსტიტუციის, კონსტიტუციაში კი გარკვევით წერია, რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება.

ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა ახალისებდნენ. აი, გავიხსენოთ 5 ივლისი – თუ წახალისება არ იქნება სახელმწიფოსგან, ასეთი ჯგუფები მსგავს ღია ქმედებებს ვერ გაბედავენ. ერთი მიმართულებაა სახელმწიფოს სწორი ქმედებები, მტკიცე და მკაცრი პოზიცია, რომ ქვიარ თემის უფლებები უნდა იყოს დაცული და ყველა ძალადობრივი შემთხვევა სათანადოდ იყოს გამოძიებულ-დასჯილი. მეორე ხაზი – ესაა საზოგადოების განათლება, ინფორმირება, რასაც აკეთებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტების ფარგლებში. მაგრამ ესაა ზღვაში წვეთი, ამაში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

ჩვენ არ ვართ ტოლერანტულები განსხვავებული პოზიციების მიმართ, განსხვავებული აზრისადმი. ზოგადად, აგრესიასაც სწორედ ჩაგრული ჯგუფების მიმართ გამოვხატავთ. ცალკეული ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებების მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს შეუძლებელია. სახელმწიფოსთან ერთად ამ ორგანიზაციებთან კოორდინაციით, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგი მივიღოთ.”

ანა წითლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,მე ბევრი რამ ვიცი ქვიარ თემის პრობლემებზე და პირადადაც ხშირად დავხმარებივარ. მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა შემთხვევა,როცა საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდა თემის წარმომადგენელს. ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდა და მე უბრალოდ ჩართული ვიყავი ამ ამბავში, ვეხმარებოდი საცხოვრებლის მოძიებაში, პრობლემების მოგვარებაში. თქვენც იცით, რომ რეგიონში განსაკუთრებულად პრობლემურია ასეთი საკითხების მოგვარება. პირადად მქონია ჩემს გარემოცვაში, მიმუშავია იმაზე, რომ საცხოვრებელი ჰქონოდათ, საზოგადოებისგან წნეხის ქვეშ არ ყოფილიყვნენ და თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს როლი – ის უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ამ ადამიანების უფლებები იქნება დაცული, მან უნდა შეძლოს თავისი მოქალაქეების დაცვა. ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკაში განათლებული პირები იქნებიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ლგბტქ თემის წევრებს ჰქონდეთ უფლება, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ და სახელმწიფომ უნდა მისცეს ამის საშუალება.

უბრალოდ, მთავარია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს საჯარო განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.”

ვატო სურგულაძე – ლელო

,,ეს ძალიან კომპლექსური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაკლია განათლება და პატივისცემა სხვების მიმართ. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და მისი გამოხატვის უფლება. უნდა ისწავლებოდეს ადამიანის აზრის მიღება, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არ გაწუხებს და არ აგებს შენზე პასუხს.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ტოლერანტული ერი ვართ. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ახსნით. ჩვენ რაც უფრო მეტს ავუხსნით მათ და დავანახებთ, რომ დისკრიმინაცია და ჰომოფობია ცუდია, მეტი ტრენინგით, მეტი განათლებით, ასე მესახება ამის მოგვარება.

ამისთვის დიდი გზის გავლა მოგვიწევს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით. თუმცა, მოგეხსენებათ, როგორ ნეგატიურ როლს თამაშობს სახელმწიფო ამ ამბავში, მხოლოდ 17 მაისი და 5 ივლისი კმარა გასახსენებლად. მართლაც რომ ყოველდღიურ ჩაგვრას განიცდიან თემის წევრები და ამის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

წინა

ინტერსექსი ადამიანების დროშის მნიშვნელობა და მისი შექმნის ისტორია

შემდეგი

გენდერის სამართლებრივი აღიარების პრობლემა და გამოწვევები

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი