მოსუო – ქალების სამეფო: საზოგადოება, რომელშიც უფროსი ქალია

ჰიმალაის მთებში, ლუგუს ტბის სიახლოვეს მოსუოს ტომი ცხოვრობს. მათი კომპლექსური საზოგადოებრივი სტრუქტურა კი ერთ-ერთი უკანასკნელი მატრიარქატული საზოგადოებაა თანამედროვე სამყაროში.

მოსუო – ეს ის ადგილია, სადაც ქალები მართავენ, ქორწინება არ არსებობს და საგვარეულო ხაზი დედის მხრიდან გრძელდება, სუფრის თავში ბებია ზის, თაობები კი ერთად ცხოვრობენ. „მოსიარულე ქორწინების“ პრაქტიკის გამო, ქალებს პარტნიორების შერჩევა და შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ეს სისტემა ქალის მმართველობას ანიჭებს უპირატესობას.

მოსუოს ტომი დაახლოებით 40 000-მდე ადამიანისგან შედგება. ისინი უკვე დიდი ხანია, რაც ლუგუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ იუნანისა და სიჩუანის პროვინციებში. მოსუოდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი – მანქანით 6 საათის სავალის მანძილზე მდებარეობს. სწორედ ასეთმა იზოლაციამ განაპირობა მათი კულტურის პრეზერვაცია.

მოსუო მატრიარქატული საზოგადოებაა – აქ ყველაფერს ქალები განაგებენ. ოჯახის უფროსად ოჯახის ყველაზე ასაკოვანი წევრი ქალი მიიჩნევა, რომლის შთამომავლობა (ქალიშვილები) მის გვარის გამგრძელებლად ითვლებიან.

მოსუოელი ქალები არიან გამჭრიახები და ფიზიკურად ძლიერები. მათ საქმიანობაში შედის ოჯახების მართვა, ბავშვების აღზრდა, მიწის დამუშავება, ცხოველების მოვლა და სხვა – ყველაფერი რაც სიცოცხლესთან და დაბადებასთან არის დაკავშირებული. ამის საპირისპიროდ, კაცებს „სიკვდილთან დაკავშირებული“ საქმიანობები აქვთ დავალებული – დასაფლავების ცერემონიების წარმართვა, ცხოველების დაკვლა და ა.შ.

თუმცა, ოჯახებში ყველაფერი თანაბრად ნაწილდება. აქ ნაკლებად არსებობს საკუთრების ცნება. მატრიარქის გარდა, მოსუოს ტრადიციულ სახლში შეხვდებით მის ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს. აქ ხშირად 3-4 თაობა ერთად ცხოვრობს, რადგან, დასავლური კულტურისგან განსხვავებით – მოსუოში ქორწინების ცნება (ისე, როგორც ჩვენ გვესმის) არ არსებობს – ქალებს ოჯახის დატოვება არ უწევთ.

მოსუოს კულტურის ყველაზე უნიკალური ნაწილი „მოსიარულე ქორწინების“ პრაქტიკაა. როდესაც მოსუო გოგონა გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მას აქვს უფლება, რომ პარტნიორი თავად აირჩიოს. არჩეული პარტნიორი ქალს მარტო ღამით სტუმრობს, დილით კი ვალდებულია რომ საკუთარ სახლში დაბრუნდეს. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ პროცესს „მოსიარულე ქორწინება“.  ამავდროულად, მოსუო ქალს შეუძლია, რომ პარტნიორი რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ შეიცვალოს.

ტრადიციული პატრიარქატული სისტემებისგან განსხვავებით და განსაკუთრებით ჩინურ კულტურაში, სადაც ქალები პარტნიორებს მათი სტატუსის მიხედვით ირჩევენ, მოსუოში ეს სრულიად სიყვარულზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მოსუო ქალები, პარტნიორებს იშვიათად იცვლიან, იმის მიუხედავად, რომ მათ საზოგადოებაში (პატრიარქატული საზოგადოებისგან განსხვავებით) ეს სრულიად მისაღებია.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ქალს ბავშვის გაჩენა უნდა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მისივე გადაწყვეტილებაა, თუ რამდენ ბავშვს გააჩენს და ვისგან, რადგან ბავშვები დედის გვარს იღებენ და დედის ოჯახში იზრდებიან (მამები თითქმის არ იღებენ მონაწილეობას ამ პროცესში).

მოსუო ოჯახში ასევე არ არსებობს სიტყვა – დეიდა. დედის დები ბავშვების დედად ითვლებიან. ამიტომაც, მათ აღზრდაზე პასუხისმგებლობას მთელი ოჯახი თანაბრად ინაწილებს (მათ შორის დედის ძმებიც). ოჯახებში გენდერული ბალანსის აღსადგენად, სხვა ოჯახებიდან ბავშვის შვილება ძველი პრაქტიკაა. სწორედ ამიტომ, ამ კულტურაში არასდროს შეხვდებით ქვრივებსა და ობოლ ბავშვებს. მეტიც, მოსუოს არ ახასიათებს კრიმინალი, დაპირისპირებები და ომები.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსუოს ჰარმონიული სისტემა რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოყალიბდა.  ტომების მმართველი ოჯახი პატრიარქატული სისტემით ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, ხალხის მართვის ძალაუფლება მამიდან შვილზე გადადიოდა. თუმცა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით კი ადგილობრივ ხალხში მათ მატრიარქატული სისტემა დანერგეს, რომელშიც ოჯახის უფროსობას ქალები ითავსებდნენ და სწორედ ასე ცადეს, რომ საზოგადოებაში კაცის გავლენა შეემცირებინათ. დროთა განმავლობაში კი მატრიარქატი იმდენად მყარი სისტემა გახდა, რომ მოსუოში ერთი ოჯახის ძალაუფლება დასრულდა.

თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. მოსუოს ტომებს არ გააჩნიათ დამწერლობა და ისტორიის გადაცემა მხოლოდ ზეპირად ხდებოდა. ამიტომაც, ძალიან რთული დასადგენია, თუ რამ გამოიწვია სისტემების ცვლილება.

საუკუნეების განმავლობაში მოსუოს ხალხი მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდა. თუმცა, უახლოეს ისტორიაში მომხდარმა ცვლილებებმა, მათი კულტურული ეროზია გამოიწვია. ჯერ კიდევ კულტურული რევოლუციისას, 1966-1976 წლებში ქვეყანაში მატრილინური ოჯახები აიკრძალა, მოგვიანებით, კი მოსუო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა.

დღეისათვის, უძველეს ტომს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი და ანთროპოლოგი სტუმრობს. ერთი მხრივ, ეკონომიკურმა განვითარებამ, ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური პრობლემებისა და იზოლაციისგან თავის დაღწევის შანსი მისცა. თუმცა, ამან ადგილობრივი კულტურის დაზიანება დაიწყო.

ახალგაზრდა მოსუო ქალები ჩინურ კულტურასთან უფრო მარტივად ადაპტირდებიან, ამიტომაც გახშირდა ტომის გარეთ ქორწინების შემთხვევები და სამსახურის საშოვნელად დიდ ქალაქებში წასვლა. ამასთან ერთად, ბევრი ტურისტი „მოსიარულე ქორწინების“ კულტურის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ასევე დიდია ფსიქოლოგიური წნეხის. ჩინელი ტურისტები ადგილობრივ მოსახლეობას პრიმიტიულად და უცნაურად მიიჩნევენ. ასევე გახშირდა „თანამედროვე მისიონერების“ რაოდენობაც, რომლებიც ადგილობრივებზე პატრიარქატული ღირებულებების მოხვევას ცდილობენ.

 

 

 

 

პუბლიკაციის ავტორი – თათია გოჩაშვილი

 

 

წინა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი წინასაარჩევნო გამოსვლაში აცხადებს, რომ ლგბტქი ადამიანები აღარ გამოჩნდებიან თურქეთში

შემდეგი

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ჰომოფობიური ნარატივები — როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების