რა საინტერესოა ცხოვრება. სამი თვე გავიდა, რაც ემიგრაციაში ვარ. ვცდილობ, არ ავყვე ნერვებს და ფსიქიკა არ შევირყიო, მაგრამ ამაოდ. დღეს პირველად ვარ უძლური და უყველაფრო.
რატომ? იმიტომ, რომ დავტოვე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი! რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რისკზე წავიდა ჩემი გაჩენით – ცუდი ჯანმრთელობის გამო, ფიზიოლოგიური მშობიარობა რისკი იყო, რადგან მეოთხე შვილი ვიყავი.
რატომ დავტოვე? მე არ დავტოვე – დამატოვებინეს, რადგან არ მეძლეოდა სრულფასოვანი ადამიანური ცხოვრება, რადგან ყველა მთხოვდა, მათი ცხოვრებით მეცხოვრა.
რა მენატრება? ყველაზე მეტად მენატრება მისი გამოხედვა, მისი სუნი, მისი სითბო, მისი გაბრაზებული სახე. ოდესღაც თქვენც მიიღებთ სამაგიეროს იმის გამო, რომ ეს ყველაფერი წამართვით და ვალდებული გამხადეთ, გავქცეულიყავი თქვენგან და დამეტოვებინა ყველაზე საყვარელი ადამიანი. ჩემი გმირი და იდეალური დედა. ალბათ, ეგ არის თქვენი მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა – დედას წართვა შვილი.
,,განსხვავებულია” – ამას გეუბნებათ თქვენი ღმერთი და იესო? მე ამ ყველაფერსაც გადავიტან, რადგან ჩემში არის სიყვარული და სიკეთე. აი, თქვენ კი ძალიან მეცოდებით, რომ დიდხანს იცხოვრებთ მაგ სიბნელეში.
დედა, ჩვენ ამასაც გადავიტანთ, რადგან ერთად მე და შენ ბევრი გადაგვიტანია. მშივრები ვყოფილვართ და ქუჩაშიც გვიძინია, რადგან მოძალადე გვყავდა გვერდით. მოძალადე მოკვდა და სამუდამოდ დასამარდა! თუმცა უფრო მეტი მოძალდე აღმოჩნდა ჩვენ გარშემო.
დედა, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ, ყველაზე მეტად მენატრები. არ იდარდო, მე ვცდილობ, კარგად ვიყო და ერთად ყველაფერს შევძლებთ. მიყვარხარ და გპირდები, მალე მნახავ. მიყვარხარ უზომოდ და მადლობა, რომ ამირჩიე შენს შვილად, მიმიღე ასეთი განსხვავებული და ჩემ გამო ბევრი ტალახის სროლა აიტანე.
ვერასდროს გადავიხდი შენს ვალს.
პაკო ტაბატაძე