ალი მალიკოვი, მოზარდი აზერბაიჯანიდან, რომელიც მოსწავლეებსა და სკოლას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობასა და უმოქმედობაში ამხელს

აზერბაიჯანის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, 16 წლის ალი მალიკოვი, სკოლასა და მოსწავლეებს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობასა და ბულინგში ამხელს.

ალი მალიკოვმა განცხადება 23 ნოემბერს, ფეისბუქზე გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ მოზარდების მხრიდან ძალადობის ატანა წლების განმავლობაში უწევდა, ბულერები კი მისი და მეზობელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

„წლებია საშუალო სკოლაში ბულინგისა და ძალადობის მომსწრე ვარ, რისი მიზეზიც ჩემი სექსუალური ორიენტაციაა. შემთხვევებზე ღიად საუბრის მიუხედავად, არავის უმოქმედია. ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მოძალადეებმა გაიგეს და დამამცირებელი ტერმინებით მომართვა დაიწყეს, რაზეც ყურადღება გავამახვილე და საპასუხო რეაქციაც უფრო დამძიმდა. მეზობელი სკოლის მოსწავლეებიც არ ერიდებოდნენ უხეშობას. ერთ ერთი შემთხვევისას, მოძალადეს დანაც კი ჰქონდა და არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდებოდა, მეგობრებთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ალის თქმით, მისი ფოტო ონლაინ სივრცეში გაავრცელეს და ხალხს მოუწოდეს, რომ თუ სადმე დაინახავდნენ, არ დაენდოთ. მე-9 კლასში კი შეურაცხმყოფელი მოპყრობის მსხვერპლი მასწავლებლის მხრიდანაც გახდა, თუმცა მოძალადე მასწავლებელი ისევ ამ სკოლაში ასწავლის.

„მე-9 კლასამდე სკოლის დერეფანშიც კი შეშინებული დავდიოდი. სპორტის მასწავლებელმა ჩემი წიგნაკი კლასელების წინ დახია, კალამი დამიმტვრია და მომმართავდა შეურაცხმყოფელი ტერმინებით იმის გამო, რომ შარფს ვატარებდი“, — ჰყვება ალი და მე-10 კლასსაც იხსენებს, რა დროსაც მისი ტრანსგენდერი მეგობარი ქუჩაში ქვებით ჩაქოლეს — „კორონავირუსის პანდემიისას, როცა სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ჩემი ტრანსგენდერი მეგობარი ქუჩაში ქვებით ჩაქოლეს და უთხრეს, რომ მე და ის ყველას სახელს ვუტეხდით. აღნიშნული შემთხვევის შედეგად, ჩემმა მეგობარმა თავის ტრავმა მიიღო, ის რამდენიმეჯერ სკოლის ტუალეტში სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა, თუმცა ამ დროისთვის შემთხვევაზე საუბარი არ სურს“.

ალის თქმით, მანდატურთან და სკოლის დირექტორთან არაერთხელ დაფიქსირებული საჩივრის მიუხედავად, არაფერს აკეთებენ მდგომარეობის შესაცვლელად. ეს მდგომარეობა კი ზეწოლას კიდევ უფრო ამძაფრებს, მოძალადეები შეურაცხმყოფელი ტერმინებით სკოლის წარმომადგენლების თანდასწრებითაც მიმართავენ. ბულინგის ატანა ყველა იმ ადამიანს უწევს, ვინც მხარდაჭერას ცდილობს. ალი მალიკოვი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად ჰომოფობიური განწყობებისა, ოჯახის წევრები ამ სიტუაციაში მხარს უჭერენ.

„ჩემი ოჯახის წევრები ჰომოფობიურად არიან განწყობილი, თუმცა ამ სიტუაციაში მხარს მიჭერენ, რადგან ხვდებიან, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ. მეგობრები კი ისედაც LGBTQ+ ადამიანების მხარდამჭერები ან თემის წევრები არიან. სკოლის დირექტორს, იაჰია აბასოვსაც შევხვდი, რამდენიმეჯერ ჩემი მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში, თუმცა მან არაფერი მოიმოქმედა. ნათლად დავაფიქსირე ჩემი წუხილი და აღვნიშნე, რომ ძალადობის ატანა მხოლოდ მე არ მიწევს. საპასუხოდ აბასოვმა ჩემს მშობლებს განუცხადა, რომ 10 მშობლის საჩივრის საფუძველზე, შესაძლოა, სკოლიდან გამრიცხონ. მუდმივად დამცირებისა და მუქარის ატანა მიწევს, ამის გამო კი ისევ მე უნდა დამსაჯონ?!” — ამბობს ალი.

ალი სკოლის მენეჯერის ასისტენტთან საუბარსაც იხსენებს, რა დროსაც ასისტენტმა უთხრა, რომ: „ბულერები მუდმივად კონფლიქტს იწვევენ და არ შეიცვლებიან“. სკოლის ფსიქოლოგმა კი 16 წლის მოზარდს მოუწოდა — „შეწყვიტე პროპაგანდა, ისინი მაინც არ შეიცვლებიან“.

„ვის აღარ ვესაუბრე, ყოველთვის ვაფიქსირებ საპასუხო რეაქციას და მხოლოდ იმისკენ მომიწოდებენ, რომ ძალადობაზე საუბარი და წერა შევწყვიტო. მათთვის მხოლოდ სკოლის რეპუტაციაა მნიშვნელოვანი. დირექტორმა მითხრა კიდეც, რომ სკოლის რეპუტაციას ვვნებდი”, — ამბობს ალი.

16 წლის მოზარდი ახლახან მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს, როცა მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე დანით გადაადგილდებოდა. ალის თქმით, თუ მსგავსი შემთხვევები გაგრძელდება, უსაფრთხოების მიზნით სკოლაში მისვლას აღარ აპირებს.

„თუ ამ ტექსტს კითხულობთ, მინდა იცოდეთ, რომ პირადი უსაფრთხოების მიზნით სკოლაში სიარულზე უარს ვამბობ. მიმდინარე სიტუაცია ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის დიდი დარტყმაა“, — აცხადებს ალი და აღნიშნავს, რომ ფსიქოსოციალურ და სამართლებრივ მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი უწევს — LGBTQ+ ორგანიზაცია, რომელიც ერთ წელზე მეტია არსებობს.

ალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნებისგან მიმდინარე პროცესის გაშუქებას ელის და იმედს გამოთქვამს, რომ ბულინგის ატანა სამომავლოდ ნაკლებ მოზარდს მოუწევს.

„მინდა, მეზობელ ქვეყნებს მიმდინარე პროცესის უფრო ფართოდ გავრცელება ვთხოვო. ბულინგი ყველგან ხდება. მრავალი თინეიჯერი მუდმივ ძალადობას ეწირება. ყველაზე დიდი სამიზნე კი ქვიარ ადამიანები და ქალები არიან. მსურს, დისკუსია გამოვიწვიო და სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალო. ახლა სიჩუმის დრო არაა, უნდა ვისაუბროთ კიდევ უფრო ხმამაღლა, რათა ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემების აღმოფხვრა შევძლოთ. ჩემი პრობლემის მოგვარებას და სწავლის გაგრძელებასაც ველი და იმედია, სახელმწიფო უწყებებსაც ექნებათ რეაქცია… საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი ქვიარ მოსწავლე სწავლობს, სასწავლო სისტემაში არაერთი ქვიარ პირია ჩართული და მათ ბულინგის ატანა არ უნდა უწევდეთ“, — ამბობს საუბრის დასასრულს ალი მალიკოვი.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

წინა

დედა, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ

შემდეგი

ბრიტნი სპირსი 40 წლისაა: პოპ პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების