5 ეტაპი, რომელიც აივ ინფიცირების შემდეგ გავიარე

აივ ინფექციის პრევენციისა და თავდაცვის გზების შესახებ უმეტესობამ ბევრი რამ იცის.

დაცული სექსისა და PrEP პროგრამაში ჩართვის პროპაგანდა მნიშვნელოვანია, მაგრამ დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. 2021 წელს საქართველოში კიდევ 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებით დღემდე არასწორი წარმოდგენები და შიშები აქვს, რაც 80-იანი წლების შოკური გავლენის ბრალია. ახლად აღმოჩენილ ვირუსთან გამკლავების გზები არ არსებობდა და დაინფიცირება ხშირად ადამიანის სიკვდილსაც იწვევდა, მაგრამ დიდი ხანია უკურნებელი სენი მართვად დიაგნოზად იქცა.

აივ დადებითის სტატუსის გაგება სწორედ ამ საერთო განწყობის გამოა რთული და ექიმთან ვიზიტის შემდეგ ვრცელ ემოციურ სპექტრს გადიხარ, რომელთან გამკლავებაც მარტივი არაა და ძნელად მოიძებნება ისეთი მაგალითები და პერსონალური გამოცდილებები, რომელიც ამ პროცესს მცირედით მაინც გაამარტივებდა.

2021 წელს გამოვლენილი 492 ახალი შემთხვევიდან, ერთ-ერთი ვარ და ამ სტატიაში იმ 5 ეტაპზე მოგიყვებით, რომელიც სტატუსის გაგების შემდეგ გავიარე.

ბრაზი

Francesco Ciccolella / The Independent

აივ ინფექციაზე სტატუსის გაგებამდეც ბევრი რამ ვიცოდი — მუდმივად ვეცნობოდი სიახლეებს, პანდემიის აფეთქების პერიოდზე გადაღებული არაერთი ფილმიც ნანახი მქონდა და ვფიქრობდი, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩემს განწყობებზე გავლენას არ ახდენდა. ამიტომ, სტატუსის გაგებისას, რამდენიმე მიზეზის გამო ვიგრძენი ბრაზი:

  • გავბრაზდი, რადგან აქტიური სექსუალური ცხოვრება არ მქონდა, თანაც, უსაფრთხო სექსის აუცილებლობაც კარგად მესმოდა;
  • საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და თავდაჯერების უეცარი დაკარგვის გამოც გავბრაზდი, რადგან იქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ სტერეოტიპებს ყურადღებას არ ვაქცევდი;
  • ყველაზე მძიმედ კი ადამიანების მიმართ ბრაზი გადავაგორე, რადგან იმის გაცნობიერება, რომ სხვებში ან საკუთარ თავში დამნაშავე არ უნდა ეძებო, ემოციურად დამღლელი პროცესია.

სტატუსის გაგებისას, უმთავრესია, საკუთარ თავს ნებისმიერი რეაქციის, ემოციის უფლება მისცეთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი, მტკივნეული სიახლეა, რომელთან თანაარსებობასაც ყველაფრის გადაფასებით, იქამდე არსებული წარმოდგენების ხელახლა გააზრებით სწავლობთ.

სასოწარკვეთა

The New York Times

აივ დადებითის სტატუსს კიდევ ერთი სირთულე ახლავს თან — მედიკამენტური მკურნალობის დაწყება, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში გეხმარება და სისხლში ვირუსის დონეს იმდენად ამცირებს, რომ ვირუსის გადაცემის რისკი ნულამდე დადის.

მედიკამენტი, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიიღო, დიდი ზომის ტაბლეტია და მიღების შემდეგ, შესაძლოა გაიფიქროთ, რომ მთელი ცხოვრება ამ პროცედურის შესრულება მძიმე პასუხისმგებლობაა, თანაც, მკურნალობის ამ მეთოდს მრავალი გვერდითი ეფექტი ახლავს.

თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ოფლიანობა, კოშმარები, დეპრესიული განწყობების გაძლიერება ის გვერდითი მოვლენებია, რომელიც ზოგიერთ ადამიანში ნაკლებად ვლინდება. მე კი თითქმის ყველა ეს შეგრძნება გავიარე და პირველი აბის მიღების შემდეგ თავი უიმედოდ ვიგრძენი. მოტივაციის დაკარგვა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ძნელად ავიტანე და მედიკამენტურ მკურნალობაზე გადასვლის პირველ დღეებში სასოწარკვეთილი ვიყავი.

გვერდითი ეფექტები დაახლოებით 2 კვირა გრძელდება, ამის მერე კი მკურნალობა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ გიშლით. მთავარია, აბი სისტემატიურად მიიღოთ, რაც ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია.

იზოლაცია

freepik

სტატუსის გაგებისა და მედიკამენტურ მკურნალობაზე გადასვლისას მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება კიდევ ერთი სირთულეა. შეიძლება გეგონოთ, რომ გარშემომყოფები ვერ გაიგებენ იმ სირთულეს, რომელთან გამკლავებაც მოგიწიათ.

ინფიცირებისთანავე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს სტატუსზე ღიად უნდა მესაუბრა და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების უმეტესობისგან მხარდაჭერაც ვიგრძენი. თუმცა გაცნობის საიტებზე ღიად მითითებული სტატუსი მაინც ბარიერი აღმოჩნდა. ახლადგაცნობილი ადამიანები არასწორი წარმოდგენების გამო არაეთიკურ შეფასებებს და უხეშობასაც არ ერიდებოდნენ. ამან მიმახვედრა, რომ ყველაფერი ისე მარტივად სულაც არ არის და ადამიანს შეიძლება ვერაფერი გააგებინო, თუ ამის წინასწარგანწყობა არ აქვს. ამიტომ ნეგატიური გავლენებისგან თავის დაცვა და ჩემი სანაცნობო წრის შევიწროება გადავწყვიტე, რაც მენტალური ჯანმრთელობის შენებაში კი დამეხმარა, თუმცა გამბედაობას მაინც მძიმე დარტყმა მიაყენა.

პასუხისმგებლობის აღება

Marta Pucci / Hello Clue

პირველ თვეს „ჩაგდებულმა“ 1-2 აბმა შფოთვა გამიმძაფრა, რამაც მიმახვედრა, რომ მკურნალობა ჩემი რუტინის ისეთივე ნაწილად უნდა მექცია, როგორიც კბილების გამოხეხვა ან საკვების მიღებაა. მცირედით შეცვლილი რეალობის გათავისება კი იმის გააზრებაში დამეხმარა, რომ აივ დადებითის სტატუსი ჩემი პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა დავივიწყო. ყოველდღიურად ვიზრუნო იმაზე, რომ მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას ყურადღება მივაქციო და გარშემო შემოვიკრიბო ის ადამიანები, რომლებიც ღიად საუბარს, სიახლეების მიღებას, შეკითხვების დასმას არ ერიდებიან.

გამარჯვება

Unitaid

ინფიცირებიდან 6 თვეში ჩემს სისხლში ვირუსის დონე ნულამდეა დაყვანილი, რაც, პრაქტიკულად, ჯანმრთელი მდგომარეობაა. ყოველდღიური მედიკამენტი კი ჩემი რუტინის ორგანული ნაწილია. ის დისკომფორტი და უიმედობა, რომელიც თვეების წინ მქონდა, დღეს უკვე აღარ მაწუხებს. სტატუსის გაგების შემდეგ ცხოვრებაში პირველად ვაქციე საკუთარი თავი პრიორიტეტად, რასაც იქამდე მნიშვნელობას საერთოდ არ ვანიჭებდი. ეს გამარჯვება კი გარშემომყოფების მხარდაჭერამ და, რაც ყველაზე მთავარია, ჩემივე თავმა შემაძლებინა.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

წინა

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დაამსხვრიეს აივ/შიდსთან დაკავშირებულ სტიგმები

შემდეგი

დედა, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების