29 ნოემბერს, აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ფედერალურ აღიარებას.
ეს კანონპროექტი შტატებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების და რასებსშორისი ქორწინებების შეზღუდვას ვერ უკრძალავს, თუკი უზენაესმა სასამართლომ მათ ამის უფლება მისცა, თუმცა ის დაავალდებულებს ფედერალურ მთავრობას, აღიაროს ქორწინება, თუკი ის კანონიერი იყო იმ შტატში, რომელშიც შესრულდა.
კანონპროექტის მიზანია, შეზღუდოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პოტენციური გადაწყვეტილება ქორწინების თანასწორობის წინააღმდეგ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ სასამართლომ გააუქმოს 2015 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც ქორწინების თანასწორობა ქვეყნის მასშტაბით გახადა კანონიერი.
„დღეს ხანგრძლივი, მაგრამ მტკიცე მარში თანასწორობისთვის კიდევ ერთი ნაბიჯით წავიდა წინ. ამ კანონპროექტის მიღებით სენატი ღიად აცხადებს იმას, რაც ყველა ამერიკელმა უნდა მოისმინოს: განურჩევლად იმისა, თუ ვინ ხარ ან ვინ გიყვარს, იმსახურებ ღირსებასა და თანასწორობას კანონის წინაშე“, — განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
კანონპროექტი 61 ხმით მიიღეს 36-ის წინააღმდეგ. მას მხარი დაუჭირა 49 დემოკრატმა და 12 რესპუბლიკელმა. სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაადასტუროს, რაც, სავარაუდოდ, ამ წლის დასრულებამდე მოხდება.
აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ში დაახლოებით 568 000 ერთი და იმავე სქესის წყვილი ცხოვრობს.