ალბათ, Tinder-ზე, Grindr-ზე ან ონლაინ გაცნობის სხვა აპლიკაციებში ხშირად შეგიმჩნევიათ პროფილში მითითებული ფრაზა „აქტი ვარ“ ან „პასი ვარ“. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ეს რაღაცნაირად სექსუალურ პრეფერენციებს უკავშირდება, თუმცა ზუსტად რას ნიშნავს, იყო „აქტი“,
BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის:
- ბონდაჟი (ინგლ. Bondage) — სექსის დროს პარტნიორის ფიზიკურად დაბმა, მაგალითად, ხელბორკილებით, თოკით ან რაიმე ფორმის ზონრით;
- დისციპლინა (ინგლ. Discipline) — სექსუალური პრაქტიკა, რომლის დროსაც დომინანტი პარტნიორი ადგენს წესებს, რომლებსაც მორჩილი პარტნიორი უნდა დაემორჩილოს;
- დომინაცია (ინგლ. Dominance) — სექსის დროს პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის ფლობა;
- მორჩილება („სუბმისია“; ინგლ. Submission) — სექსის დროს ძალაუფლებისა და კონტროლის გაცემა და დომინანტი პარტნიორის სურვილზე დამორჩილება;
- სადომაზოხიზმი (ინგლ. Sadomasochism) — სექსუალური კმაყოფილების განცდა ფიზიკური ტკივილის ან დამცირების მიყენებით (სადიზმი) ან მიღებით (მაზოხიზმი).
BDSM-ში, როგორც წესი, პარტნიორები ირგებენ სპეციფიკურ როლებს, რომლებიდანაც ერთ-ერთი დომინანტია, მეორე კი — მორჩილი. დომინანტ ადამიანს ხშირად აღწერენ ტერმინებით „დომინანტი“ (ინგლ. Dominant), „ბატონი/ქალბატონი“ (ინგლ. Master/Mistress) ან „აქტი“ (აქტიური, ტოპი; ინგლ. Top), მორჩილ ადამიანს კი — ტერმინებით „მორჩილი“ („საბმისივი“; ინგლ. Submissive), „მონა“ (ინგლ. Slave) ან „პასი“ (პასიური, ბოთომი; ინგლ. Bottom).
იხილეთ აგრეთვე ჩვენი სტატია რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“?
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დომინანტი-მორჩილი როლური თამაშისთვის ორივე (ან მეტი) პარტნიორის თანხმობაა საჭირო, რაც მას სექსუალური ძალადობისგან განასხვავებს. მეტიც, BDSM თემში ხშირად გამოიყენება ფრაზა „უსაფრთხო, გააზრებული და შეთანხმებული“ (ინგლ. Safe, Sane and Consensual, იგივე SSC), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერი ტიპის BDSM აქტივობა ჩამოთვლილთაგან სამივე უნდა იყოს.
მართალია, ის ხშირად ტაბუდ ან ნორმიდან „გადახრადაა“ წარმოჩენილი, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ BDSM საკმაოდ ხშირი სექსუალური ფანტაზია და პრაქტიკაა მრავალი ადამიანისა და წყვილისთვის.
BDSM-ის ფორმები
არსებობს სექსუალური „თამაშების“ რამდენიმე ფორმა, რომელიც შეიძლება BDSM-ის დროს განხორციელდეს. მათ შორისაა:
- ასაკის თამაში (ე.წ. „ეიჯ-ფლეი“; ინგლ. Age play): თავის მოჩვენება, რომ ხართ სხვა ასაკის, უფრო ნაკლების ან მეტის;
- სუნთქვის თამაში (ე.წ. „ბრეზ-ფლეი“; ინგლ. Breath play): სუნთქვის შეკავებაზე ორიენტირებული აქტივობები სექსუალური აქტის დროს;
- ზღვრული თამაში (ე.წ. „ეჯ-ფლეი“; ინგლ. Edge play): ის BDSM აქტივობები, რომლებიც შედარებით უფრო სახიფათოდ მიიჩნევა. „ზღვრული თამაშის“ დროს ხდება „უსაფრთხო, გააზრებული და შეთანხმებული“ მოქმედებების „ზღვრამდე“ მიყვანა;
- გენდერის თამაში (ე.წ. „ჯენდერ-ფლეი“; ინგლ. Gender play): თავის მოჩვენება, რომ ხართ სხვა გენდერის;
- დარტყმის თამაში (ე.წ. „იმფექთ-ფლეი“; ინგლ. Impact play): სხეულზე დარტყმა ხელით ან რაიმე ხელსაწყოთი (მაგალითად, მათრახით ან როზგით);
- ტკივილის თამაში (ე.წ. „ფეინ-ფლეი“; ინგლ. Pain play): როდესაც სექსუალური აქტივობა მოიცავს პარტნიორისთვის ან საკუთარი თავისთვის ტკივილის განზრახ მიყენებას (ცხადია, თანხმობის და სურვილის საფუძველზე). ამაში შეიძლება შედიოდეს გაშოლტვა, კბენა, ხელის დარტყმა და კაწვრა, ასევე სხვა მოქმედებები, რომლებიც მოიცავს მათრახს, როზგს და ბრტყელთავიან ჯოხს;
- როლური თამაში (ე.წ. „როლ-ფლეი“; ინგლ. Role play): თავის მოჩვენება, რომ სხვა იდენტობა გაქვთ სექსუალური აქტივობის დროს;
- დამცირება: მოიცავს პარტნიორის დამცირებას, შეურაცხყოფას, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ა.შ. მას ხშირად თან ახლავს BDSM-ის ფიზიკური ასპექტებიც, როგორიცაა ბონდაჟი ან ტკივილის თამაში;
- შიბარი: ბონდაჟის არტისტული ფორმა, რომელიც იაპონიიდან მომდინარეობს და რომლის დროსაც დომინანტი თავის მორჩილს ფერადი ბაწრებით აბამს სპეციალური, ჩახლართული პატერნებით.
BDSM-ის მონაწილეები ასევე შეიძლება დაესწრონ ე.წ. „ფლეი-ფართის“ („თამაშის წვეულება“; ინგლ. Play party) — სოციალურ შეკრებას, რომელზეც დამსწრეები BDSM აქტივობებში მონაწილეობენ.
BDSM-ის ტერმინები
BDSM-ის უსაფრთხოების ზომებსა და სასარგებლო მხარეებზე მეტის გაგებამდე, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს რამდენიმე ხშირად გამოყენებული ტერმინის ცოდნა. ამ ტერმინებს შორისაა:
- აქტისშემდგომი ზრუნვა (ე.წ. „აფთერქეარი“; ინგლ. Aftercare): პარტნიორისთვის მენტალური და ფიზიკური მხარდაჭერის შეთავაზება BDSM-ის შემდეგ;
- დავარდნა (ე.წ. „დროფი“; ინგლ. Drop): მენტალურად და ფიზიკურად გამოფიტვის შეგრძნება BDSM-ის შემდეგ;
- დილეგი (ე.წ. „დანჯენი“; ინგლ. Dungeon): სპეციალური ლოკაცია, სადაც იმართება BDSM;
- ფეტიში: სექსუალური სიამოვნების მიღება სპეციფიკური სხეულის ნაწილისგან, ნივთისგან ან გამოცდილებისგან;
- მსუბუქი ზღვარი: ის, რის გაკეთებასაც პარტნიორი ორჭოფობს, მაგრამ რაც შეიძლება სცადოს;
- მკაცრი ზღვარი: ის, რასაც პარტნიორი არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს BDSM-ის დროს;
- „ქინქი“ (ინგლ. Kink): ნებისმიერი სექსუალური პრაქტიკა, რომელიც არასტანდარტულია;
- „მანჩი“ (ინგლ. Munch): წვეულება, ხშირად საჯარო, რომელზეც BDSM-ით დაინტერესებული ადამიანები იკრიბებიან;
- პროტოკოლი: წესები, რომლებზეც თანხმდებიან პარტნიორები BDSM-ის დროს;
- სცენა: ტერმინი, რომელიც BDSM-ის აქტის აღსაწერად გამოიყენება;
- „სვიჩი“ (ინგლ. Switch): BDSM-ის დროს დომინანტისა და მორჩილის პოზიციების გაცვლა ან ადამიანი, რომელსაც ორივე როლის მორგება შეუძლია.
BDSM და უსაფრთხოების ზომები
ვინაიდან BDSM-ში შეიძლება ფიგურირებდეს ტკივილი და დამცირება ან როლური თამაშები, რომლებსაც დომინაცია და მორჩილება ახასიათებს, მას გარკვეული უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღება სჭირდება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ BDSM-ში მონაწილე არცერთი ადამიანის სექსუალური საზღვრები არ დაირღვეს.
თანხმობა
BDSM აქტივობებში მონაწილეობისას ყველა მონაწილის თანხმობა აუცილებელია, თანაც აუცილებელია, თანხმობა არ იყოს მხოლოდ „ნაგულისხმევი“ და ის პირდაპირ და უშუალოდ გასცეს ყველა მონაწილემ — თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი თანახმაა, ჩაერთოს ამ აქტივობებში, მაგრამ სინამდვილეში ის არ არის თანახმა, თქვენ პოტენციურად სექსუალური ძალადობის ჩამდენი გახდებით.
იმაში დასარწმუნებლად, რომ პარტნიორი BDSM-ის დაგეგმილ აქტივობებში ჩართვაზე თანახმაა, აქტამდე გაესაუბრეთ მას და განიხილეთ, რა მოგწონთ თითოეულს და რა განიჭებთ სექსუალურ სიამოვნებას, ასევე, გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი საზღვრები (ის, რაზე მეტის გაკეთებაც თქვენთვის მიუღებელია). ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ორივემ (ან მეტმა) დადებითი გამოცდილება მიიღოთ და თქვენს ინდივიდუალურ კომფორტის ზონებში დარჩეთ.
მოლაპარაკებები სექსამდე
BDSM-ის სცენაში მონაწილეობამდე გაესაუბრეთ პარტნიორს და დათქვით, რას გააკეთებთ და რას არ გააკეთებთ. გადაწყვიტეთ, ვინ იქნება დომინანტი და ვინ მორჩილი, ან თუ რომელიმე აპირებთ, რომ იყოთ ე.წ. „სვიჩი“ (სცენის განმავლობაში შეიცვლით როლს) და რა ტიპის „თამაშში“ ჩაერთვებით. ამის წინასწარ შეთანხმების წყალობით ორივეს გეცოდინებათ, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ ამ გამოცდილების დროს.
უსაფრთხო სიტყვები
უსაფრთხო სიტყვა არის წინასწარ განსაზღვრული სიტყვა, რომელიც BDSM-ში მონაწილე ადამიანს შეუძლია წარმოთქვას, თუკი ის, რაც აქტის დროს ხდება, მისთვის აღარაა კომფორტული ან/და მისაღები და სურს, რომ გაჩერდეთ.
წინასწარ დათქვით თქვენი უსაფრთხო სიტყვა და გაუზიარეთ პარტნიორს. თუკი რომელიმე თქვენთან ამ სიტყვას იტყვის BDSM-ის აქტის განმავლობაში, ნებისმიერი აქტივობა მყისიერად უნდა შეწყვიტოთ თქვენც და თქვენმა პარტნიორ(ებ)მაც.
„მწვანე-ყვითელი-წითელი“ სისტემა
BDSM-ში მონაწილე ზოგი წყვილი „მწვანე-ყვითელი-წითელი“ სისტემის გამოყენებას ამჯობინებს. შუქნიშნის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც „მწვანე“ ნიშნავს გაგრძელებას, „ყვითელი“ — შენელებას და „წითელი“ — გაჩერებას.
ამ ტიპის სისტემის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, BDSM-ის დროს კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს პარტნიორთან და უთხრათ მას, რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ის, რაც ახლა ხდება და გააგებინოთ, ზღვარს ხომ არ უახლოვდება ან ხომ არ უნდა გაჩერდეს.
BDSM-ის დადებითი მხარეები
ბოლო დროს განხორციელებულმა კვლევებმა, რომლებიც BDSM-სა და სხეულზე მის ეფექტებს შეისწავლიდა, საინტერესო შედეგები აჩვენა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ BDSM პრაქტიკებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტიც აქვს.
გაუმჯობესებული მენტალური ჯანმრთელობა
ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრები დააკვირდნენ იმ ადამიანების პიროვნულ მახასიათებლებს, ურთიერთობებში ქცევის ფორმებსა და ზოგად კეთილდღეობას, რომლებიც BDSM-ით იყვნენ დაკავებულები. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, კვლევამ აჩვენა, რომ ამ სექსუალურ პრაქტიკებში ჩართული ადამიანები:
- უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს თავიანთ ურთიერთობებში;
- უფრო კეთილსინდისიერად ექცეოდნენ სხვებს;
- იყვნენ უფრო ექსტრავერტები;
- ნაკლებად მგრძნობიარეები იყვნენ სხვათა დამოკიდებულებების მიმართ;
- მათ ჰქონდათ უკეთესი მენტალური კეთილდღეობა;
- ჰქონდათ უფრო მეტი მიმღეობა სიახლეების გამოცდის მიმართ;
- ნაკლებად აწუხებდათ შფოთვა.
შემცირებული სტრესი
კვლევამ აჩვენა, რომ BDSM-ში მონაწილე ადამიანები ამ აქტივობების დროს ცნობიერების სხვა დონეზე გადადიან, რომელიც ჰგავს იოგით დაკავებული ადამიანის მედიტაციურ მდგომარეობას ან მარათონში მონაწილის ეიფორიულ მდგომარეობას. ეს აქტივობები აუმჯობესებს ჯანმრთელობას, რადგან ამცირებს ჩვენ სხეულში ჰორმონ კორტიზოლის დონეს. BDSM-ში მონაწილეობას ზოგჯერ მსგავსი ეფექტი აქვს.
მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ დომინანტ როლში მყოფ პარტნიორებს BDSM-ის სესიის შემდეგ სხეულში კორტიზოლის დონე უმცირდებოდათ. კორტიზოლი „სტრესის ჰორმონის“ სახელითაა ცნობილი და ის ჯანმრთელობის არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მათ შორის, მაღალ წნევასთან, დათრგუნულ იმუნიტეტთან და ინსულინისადმი რეზისტენტობასთან.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ზოგი მონაწილე BDSM-ს „სპირიტუალურ გამოცდილებად“ მიიჩნევდა.
უკეთესი ურთიერთობები
მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ წარმატებულ სადომაზოხისტურ სცენებში მონაწილეობა ზრდის პარტნიორებს შორის დაკავშირებულობისა და ინტიმურობის განცდას. მართალია, ამის ზუსტი მიზეზები ცხადი არ არის, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ რომანტიკულ პარტნიორებთან ერთი და იმავე რუტინული აქტივობების ნაცვლად ახალი აქტივობებით დაკავება ზრდის ინტიმურობას.
ამას ადასტურებს კიდევ ერთი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა, როგორ რეაგირებს ტვინი ახალი რაღაცების კეთებისას. დაქორწინებული წყვილების ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ ახალი აქტივობების ერთად კეთება ტვინის „დაჯილდოების სისტემას“ ააქტიურებს და სხეულში დიდი რაოდენობით გამოყოფს დოფამინს, ბედნიერების ჰორმონს, ასევე, სხვა ნივთიერებებს, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებს.
BDSM-ის პოტენციური საფრთხეები
მართალია, BDSM შეიძლება სახალისო იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. ნებისმიერი სპეციფიკური ჩაცმულობის, აღჭურვილობისა თუ სათამაშოების გამოყენებამდე კარგად გათვითცნობიერდით, როგორ უნდა გამოიყენოთ ის უსაფრთხოდ, სანამ უშუალოდ საქმეში გამოცდიდეთ. მაგალითად, ბონდაჟს და „ტკივილის თამაშს“ შეიძლება დაზიანება მოჰყვეს, თუკი ფრთხილად არ იმოქმედებთ და აღჭურვილობას სწორად არ გამოიყენებთ.
BDSM-ის აქტივობებით უსაფრთხოდ დაკავებაში ამ თემაზე მეტის კითხვა და საგანმანათლებლო ვიდეოების ყურება დაგეხმარებათ.
ასევე, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ BDSM ყველასთვის არ არის. ბევრ ადამიანს აქვს ფანტაზიები BDSM-თან დაკავშირებულ აქტივობებზე, თუმცა მათ არააუცილებლად მოსწონთ იგივე უშუალოდ პრაქტიკაში. ზოგს ურჩევნია BDSM-ს სცენები იკითხოს ან იხილოს, ისე რომ თვითონ არ გამოცადოს იგივე საკუთარ თავზე.
BDSM-ით ვარ დაინტერესებული — როგორ დავიწყო?
თუკი გსურთ, BDSM თქვენც სცადოთ, არსებობს BDSM-ის რამდენიმე მსუბუქი პრაქტიკა, რომელიც დამწყებთათვის შესაფერისია. მათ შორისაა:
- თმის მოქაჩვა;
- თვალების ახვევა;
- მსუბუქი გაშოლტვა (ე.წ. „სფენქინგი“; ინგლ. Spanking);
- დაბმა შარფით, ჰალსტუხით ან რამე მსგავსი ქსოვილით;
- როლური თამაშები.
ეროტიკული თამაშების უფრო ინტენსიური ფორმებისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნები და სტატიები BDSM-ზე ან უყუროთ საგანმანათლებლო ვიდეოებს. ზოგი BDSM პრაქტიკა შეიძლება სახიფათო იყოს და დაზიანებაც მოჰყვეს, თუკი უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ მიიღებთ. და, როგორც უკვე ვახსენეთ, გახსოვდეთ, რომ BDSM აქტივობები ფრთხილად უნდა შეათანხმოთ წინასწარ, რათა მასში მონაწილე ყველა ადამიანს კარგად ესმოდეს, რა ელის.
დასაწყისისთვის უმჯობესია, უფრო მეტი გაიგოთ BDSM-ზე და გაარკვიოთ, რა გსურთ მისგან, ასევე, გაარკვიოთ, როგორ შეგიძლიათ ამ სურვილების გამოხატვა, იქნება ეს უკვე არსებულ პარტნიორთან თუ ახალ ადამიანთან. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ენდობოდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც BDSM აქტივობით კავდებით. თუკი რაიმეს გაკეთებამდე საკმარისად კომფორტულად არ გრძნობთ თავს, არ იჩქაროთ და არაფერი დააძალოთ საკუთარ თავს თუ პარტნიორს.
„გააკეთეთ ის, რაც გრძნობთ, რომ ბუნებრივია; არ შეგეშინდეთ ხმის ამოღების და დასვით შეკითხვები. ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია მოიპოვება, დაწყებული წიგნებით და დამთავრებული საგანმანათლებლო კლასებით. გამოცადეთ ახალი აქტივობები სანდო ადამიანთან, თუმცა ამ ნდობის მოპოვებას იმდენი დრო დაუთმეთ, რამდენიც საჭიროა“, — ამბობს Them.us-თან ინტერვიუში შარლოტ სარტრი (ინგლ. Charlotte Sartre), პორნოვარსკვლავი და Kink.com-ის რეჟისორი.
იმის გამორკვევა, თუ BDSM-ის რომელი ასპექტები მოგწონთ და რომლებს აარიდებდით თავს, საკვანძოა საიმისოდ, რომ თქვენი BDSM გამოცდილება სასიამოვნო გამოვიდეს და თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეთ. საკუთარი სურვილების უკეთ გააზრების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაზე ფიქრიც, საერთოდ რატომ გსურთ BDSM-ით დაკავება. რამდენადაც ფართოა იმ სექსუალური აქტებისა და დინამიკების სპექტრი, რომელსაც BDSM მოიცავს, იმდენადვე მრავალფეროვანია ის მიზეზები, თუ რატომ სურთ ადამიანებს ამ აქტივობებით დაკავება. იმის გარკვევა, თუ რა გამოძრავებთ თქვენ და რატომ გსურთ BDSM-ის ცდა, დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რისი მიღება შეგიძლიათ მისგან.
„ბევრი ჩემი კლიენტი BDSM-ს იყენებს საიმისოდ, რომ ჰქონდეს ისეთი სექსი, რომელშიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, მას შემდეგ, რაც მათ სექსუალური ტრავმა გამოიარეს. ამ გზით ისინი მომხდარზე მართვის სადავეების დაბრუნებას ახერხებენ“, — ამბობს გოდექს ჰარუ (ინგლ. Goddexx Haru), ცნობილი დომინატრიქსი და სექსუალური განათლების მენტორი, — „მე განსაკუთრებით მომწონს „გენდერის თამაში“ — სხვადასხვა გენდერული იარლიყისა და ექსპრესიის ირგვლივ თამაში სექსის დროს შეიძლება გასაოცრად ძლიერი გზა აღმოჩნდეს საკუთარი გენდერისა და სექსუალობის შესასწავლად. მე, როგორც ტრანს ადამიანს, მიმაჩნია, რომ გენდერთან დაკავშირებულ იმ გზებთან თამაში, რომლებითაც მე აღვიქვამ საკუთარ სხეულსა და თავს, შეგრძნების დონეზე შეიძლება იყოს იმის მიღწევის საშუალება, რომ დავიბრუნო კონტროლი და ავტონომია საკუთარ სხეულსა და იმ წარმოდგენებზე, რომლებითაც სამყარო ცდილობს ჩემზე იარლიყების მოკვრას“.
საბოლოოდ, BDSM შეიძლება დაგეხმაროთ, გადაეშვათ საკუთარი იდენტობის სხვა ნაწილში, ასევე, დაგეხმაროთ, რომ უფრო ჩართული იყოთ სექსში ან, უბრალოდ, კარგი დრო გაატაროთ. BDSM-ში ჩაერთეთ იმ დოზით, რა დოზითაც თავად გსურთ. ნელ-ნელა გაზარდეთ და შექმენით კომფორტი და ნდობა პარტნიორ(ებ)თან, ან, თუკი ვინმე უფრო გამოცდილთან გსურთ BDSM-ში ჩართვა, მიმართეთ პროფესიონალ „დომს“ (შემოკლებით „დომინანტს“; ინგლ. Dom/Domme) ან „საბს“ (შემოკლებით „მორჩილს“; ინგლ. Sub). ეს ძალიან ფართო კულტურაა, რომელიც იმის თავისუფლებას გაძლევთ, რომ მასში იმ ფორმით ჩაერთოთ, რა ფორმითაც გსურთ.
რჩევები BDSM-ით დაკავებისთვის
BDSM-ის სამყაროს საკუთარი სუბკულტურები და ტერმინოლოგია აქვს. დამწყებთათვის ის შეიძლება ცოტა შემაშინებელი ჩანდეს, მაგრამ არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ახალი გამოცდილებების მიღებაში დაგეხმარებათ:
- გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია საკვანძოა — ჯერ კიდევ დაწყებამდე აუცილებელია, ესაუბროთ პარტნიორს და გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ინტერესები და საზღვრები. განსაკუთრებით, თუკი რაიმე ისეთით კავდებით, რაც BDSM-ის ნაწილია, ეს აუცილებლად უნდა გქონდეთ წინასწარ შეთანხმებული პარტნიორთან.
- დაიწყეთ ნელა — BDSM-ის მსუბუქი პრაქტიკები კარგი დასაწყისია იმის უკეთ გასააზრებლად, რა მოგწონთ და რასთან გრძნობთ თავს კომფორტულად. მაგალითად, სექსუალური სცენების როლებით გათამაშება ან „ბინძური საუბარი“ (ე.წ. „დერთი-თოქი“; ინგლ. Dirty talk) საკუთარი ფანტაზიების გამორკვევაში დაგეხმარებათ.
- გულდასმით მოაწყვეთ სცენა — BDSM-ის სცენის მოწყობისას ჩართეთ ამ პროცესში თქვენი ყველა შეგრძნება. შესაბამისი განათება, სურნელოვანი სანთლები, ნაზი მუსიკა და ეროტიკული ჩაცმულობა BDSM-ისთვის შესაფერისი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.
- დათქვით უსაფრთხო სიტყვა და არ მოგერიდოთ მისი გამოყენება — BDSM სახალისო უნდა იყოს მასში მონაწილე თითოეული ადამიანისთვის. ამიტომაც, თუკი რაღაც არ მოგწონთ ან ზედმეტად არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ეს ხმამაღლა თქვათ და რამე სხვა სცადოთ.
BDSM და სტერეოტიპები
მეინსტრიმული კულტურა და მედია BDSM-ს ხშირად თავზეხელაღებულ, სახიფათო და არაჯანსაღ რამედ წარმოაჩენს. სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებში ფეტიშისტები ხშირად საეჭვო რეპუტაციის მქონე, არაეთიკურ კანონდამრღვევებად ან მოძალადეებად არიან წარმოჩენილები. თუმცა, BDSM-ს ამგვარ სტერეოტიპებში არამხოლოდ მედია აქცევს:
2013 წელს მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის გამოსვლამდე, ფეტიშიზმსა და სადომაზოხიზმში მონაწილეობა მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალების მიერ მენტალურ აშლილობად მიიჩნეოდა. საბედნიეროდ, უფრო „ქინქი“ — უკომპლექსო და „არატრადიციული“ — სექსის მიმართ განწყობები ბოლო დროს შეიცვალა. თუმცა, BDSM-ით დაინტერესება კაცობრიობისთვის ახალი რამ არაა. ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდათ თავგადასავლებით და სიახლეებით აღსავსე სექსი.
მაგალითად, 2005 წლის დურექსის გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულების 20% ბონდაჟის რაიმე ფორმას იყენებდა სექსის დროს. ჯერ კიდევ 1956 წელს კინსის ინსტიტუტის კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანების 50%-ს მოსწონდა ეროტიკული კბენა. შესაძლოა, უფრო „ქინქი“ სექსი იმაზე უფრო ხშირად არ გვქონდეს, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა, თუმცა აშკარაა, რომ მასზე ახლა ბევრად მეტს ვსაუბრობთ ღიად.
BDSM და ლგბტქი თემი
მართალია, ყველა, ვინც BDSM-ში მონაწილეობს, არ არის ქვიარი და არც ყველა ქვიარ ადამიანს მოსწონს BDSM, მაგრამ ეს ორი თემი ისტორიულად ბევრ ასპექტში მნიშვნელოვნად თანაეკვეთება ერთმანეთს. მაგალითად, ტყავის სამოსი, რაც ბევრისთვის BDSM-ში შედის, ამ ჩაცმულობის მოყვარული თემები და მისთვის განკუთვნილი ბარები მნიშვნელოვან თავშესაფრად იქცა ლგბტქი ადამიანებისთვის 1940-იან წლებში და არამხოლოდ. ფეტიშისა და ლგბტქი თემის გადაჯაჭვული ბუნება დღემდე დავის საგანია, ასევე, დღემდე მიმდინარეობს განხილვა, რამდენად მიეკუთვნებიან ფეტიშისტები პრაიდს.
BDSM ავტომატურად „ქვიარი“ არ არის, თუმცა, ვინაიდან BDSM-ის დინამიკები სექსისადმი არანორმატიულ დამოკიდებულებად მიიჩნევა, მისი ფესვები ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობასთან ღრმადაა დაკავშირებული.
გოდექს ჰარუ მათ, ვისაც სურს, მეტი გაიგონ ქვიარ თემში BDSM-ის ისტორიაზე და სპეციფიკურად ქვიარობასა და BDSM-თან დაკავშირებულ პრობლემებზე, ურჩევს, წაიკითხონ გაი ბოლდუინის წიგნი „Ties that Bind“.
წყაროები: VerywellMind, Them.us
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა
ალბათ, Tinder-ზე, Grindr-ზე ან ონლაინ გაცნობის სხვა აპლიკაციებში ხშირად შეგიმჩნევიათ პროფილში მითითებული ფრაზა „აქტი ვარ“ ან „პასი ვარ“. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ეს რაღაცნაირად სექსუალურ პრეფერენციებს უკავშირდება, თუმცა ზუსტად რას ნიშნავს, იყო „აქტი“, „პასი“ ან „უნი“ სექსის დროს?
„აქტი“, „პასი“ და „უნი“ არის ტერმინები, რომლებითაც ადამიანის სექსუალური პრეფერენციები აღიწერება. ყველაზე პირდაპირი და მარტივი განმარტებაა, რომ „აქტს“, ანუ „ტოპს“, მოსწონს, როდესაც თვითონ აკონტროლებს სიტუაციას, რაც ხშირად გულისხმობს პენეტრაციულ (შემღწევ) სექსში აქტიურობას და გამცემობას, ხოლო „პასს“, ანუ „ბოთომს“, უნდა, რომ კონტროლის სადავეები რაღაც დონეზე სხვას დაუთმოს, რაც ხშირად გულისხმობს პენეტრაციულ სექსში პასიურობას და მიმღებობას. მათთვის, ვინც „უნი“, ანუ „ვერსია“, ორივე პოზიცია და ძალაუფლების დინამიკა თანაბრად სასურველია. ცხადია, ეს მხოლოდ გამარტივებული (და ცოტა მოძველებული) პასუხია, რადგან ყველა ადამიანს თავისი პირადი საზღვრები და პრეფერენციები აქვს.
ზოგი თეორიის თანახმად, ქვიარ თემმა სექსუალური პრეფერენციების აღსაწერად „ტოპისა“ და „ბოთომის“ გამოყენება 1960-იან და 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვიარებმა შეიმუშავეს „საიდუმლო ენა“ — ერთგვარი მანიშნებლები, მაგალითად, სხვადასხვა ფერის ცხვირსახოცები და ბენდენები — საკუთარი სექსუალური პრეფერენციების გასამჟღავნებლად ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეს დაახლოებით იმავე დროს მოხდა, როდესაც ტერმინი „ვერსი“ ქვიარ-ლექსიკონის ნაწილი გახდა.
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ტერმინები „ტოპი“, „ბოთომი“ და „ვერსი“ ექსკლუზიურად ქვიარ კაცებისთვის არ არის და ისინი შეიძლება ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობაში გამოიყენოთ — ზოგჯერ სისგენდერ ჰეტეროსექსუალ კაცებსაც მოსწონთ სტრაპონი. გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი „აქტობს“ და „პასობს“ პენეტრაციის გარეშე და არცერთი კატეგორიზაცია თუ ტერმინი არ არის ყოვლისმომცველი. იმ ადამიანების აღსანიშნავად, ვისაც პენეტრაცია საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა, ასევე გამოიყენება ტერმინი „საიდი“, რომელზეც ამ სტატიაში მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ საბაზისო ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს, იყო „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“.
რას ნიშნავს „აქტი“, ანუ „ტოპი“?
„აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თვითონ აკონტროლებდეს სიტუაციას.
Carly S.-ის, Spectrum Boutique-ის სიამოვნების პედაგოგის თანახმად, აქტობას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მათ შორის, ე.წ. „თითაობა“ („ფინგერინგი“; ინგლ. Fingering), ორალური სექსის გაცემა ან მიღება, პენისით ან სტრაპონით პენეტრაცია (შეღწევა) პარტნიორის სხეულში და სხვა აქტები, რომლებშიც ადამიანი ფლობს კონტროლს პარტნიორის სიამოვნებაზე.
„აქტობა აუცილებლად იმის მექანიკას არ გულისხმობს, თუ როგორ აქვს ვიღაცას სექსი, არამედ ძალაუფლების ისეთ დინამიკას, სადაც ერთი ადამიანი „უძღვება“ სექსს და უფრო მეტად განსაზღვრავს იმას, თუ რა აქტივობები მოხდება სექსში“, — ამბობს Carly S.
მართალია, სექსში კონტროლის ქონის იდეა „აქტობის“ ზოგადი გააზრებისთვის ხელშემწყობია, მაგრამ Spectrum Boutique-ის დამაარსებელი, ზოი ლიგონი ამბობს, რომ „აქტობის“ სტანდარტული განმარტებები არასაკმარისია სექსუალური იდენტობების ნიუანსების აღსაწერად.
ასეთ განმარტებებს, მისი თქმით, „აკლია ისეთი ნიუანსები, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. „Power bottom“, რომელიც სექსუალური აქტების მიმღებია, მაგრამ სიტუაციას აკონტროლებს, ან ე.წ. „Service top“, რომელიც ასრულებს ამ აქტებს, მაგრამ იღებს ბრძანებებს. ზოგჯერ, სულაც არ ხდება არავითარი „ძალაუფლების მიმოცვლა“ და სექსი, უბრალოდ, სექსია, ან ზოგჯერ სქესობრივი აქტი არ ხდება და არის მხოლოდ ძალაუფლების მიმოცვლა“.
საბოლოოდ, „აქტობა“ არის სპექტრი, რომელიც სექსუალური იდენტობების დიდ დიაპაზონს მოიცავს. მაგალითად, „Stone top“ არის ისეთი აქტი, რომელიც ასრულებს მოქმედებებს და „გასცემს“, მაგრამ არ სურს საპასუხოდ რაიმეს მიღება. განურჩევლად იმისა, თუ რა არის თქვენი პარტნიორის როლი და პრეფერენცია, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფორმის სექსამდე ისაუბროთ და განსაზღვროთ ზუსტი საზღვრები.
როგორ ვიყოთ „აქტი“ სექსის დროს
არ არსებობს „აქტობის“ სწორი გზა — ყველას განსხვავებული სურვილები აქვს და მთავარი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, არის პარტნიორთან კომუნიკაცია. თუკი სექსში კონტროლის ქონა გსურთ, ჰკითხეთ პარტნიორს, რა აინტერესებს და რა არის მისი საზღვრები.
მნიშვნელოვანია, რომ სექსში „აქტად“ ყოფნის დროს ხშირად გადაამოწმოთ პარტნიორთან, როგორ გრძნობს თავს, რადგან პენეტრაცია შეიძლება მტკივნეული იყოს. დაიწყეთ ნელა და პატივი ეცით პარტნიორის ტკივილის ამტანობას, მოდუნებულობისა და კომფორტის დონეს.
„მხოლოდ იმის თქმა, რომ „აქტი ვარ“, საკმარის ინფორმაციას არ იძლევა საიმისოდ, რომ გაიგო, რა მოსწონს და არ მოსწონს ადამიანს სექსში. სწორედ ამაშია კარგი სექსის საიდუმლო — საუბარში“, — ამბობს ლიგონი.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ არსებობს „აქტობის“ უამრავი სხვადასხვა გზა. პერფორმანსზე შფოთვა და დარდი აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერექციის ქონა ან დომინანტობა „აქტობისთვის“ აუცილებელი არ არის.
რას ნიშნავს „პასი“, ანუ „ბოთომი“?
აქტობის საპირისპიროდ, „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ. ეს საკმაოდ ზოგადი დეფინიციაა და ბუნდოვანია, მაგალითად, ორალურის დროს, ვინ შეიძლება იყოს „პასი“ და ვინ „აქტი“.
„როდესაც პასზე ვფიქრობ, უფრო ისეთ ადამიანს წარმოვიდგენ, რომელსაც სურს, იყოს მეტად მორჩილი და/ან მიიღოს მითითებები“, — ამბობს ჯიმანეკია ებორნი, ტრავმების სპეციალისტი და სექსუალობის პედაგოგი.
მიუხედავად ამისა, Carly S. განმარტავს, რომ ზოგი „პასი“ მაინც შეიძლება იყოს უფრო დომინანტური და ჰქონდეს კონტროლი სექსში. აქტობის მსგავსად, პასობაც სპექტრია. მაგალითად, ე.წ. „Power bottom“ არის ისეთი „პასი“, რომელიც სექსის დროს პარტნიორს ეუბნება, რა გააკეთოს. ე.წ. „Bratty bottom-ებს“, როგორც წესი, მოსწონთ სექსის დროს აქტების „წვალება“ და მათი დაკნინება. პასობის სხვა ქვეკატეგორიებს შორისაა ე.წ. „Stone bottom-ები“, იგივე „ბალიშის პრინცესები“ (ინგლ. Pillow Princess), რომლებსაც, როგორც წესი, სექსის დროს მხოლოდ სიამოვნების მიღება სურთ და გაცემით არ არიან დაინტერესებულები.
მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის, ადამიანის სექსუალური იდენტობისგან განურჩევლად, საკვანძო ასპექტია კომუნიკაცია და იმაში გარკვევა, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს პარტნიორს სექსის დროს, რაც იმის წინაპირობაა, რომ სექსში ყველამ დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.
როგორ ვიყოთ „პასი“ სექსის დროს
ლიგონის თქმით, ისევე, როგორც ყველა სხვა ფორმის სექსის შემთხვევაში, პარტნიორთან სექსამდე და სექსის დროს კომუნიკაცია აუცილებელია. დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო საზღვარი დაადგინეთ და ესაუბრეთ პარტნიორს იმაზე, თუ რა გსიამოვნებთ და პროცესის დროსაც გააგრძელეთ ამაზე კომუნიკაცია. იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი და სიამოვნება მიიღოთ, აუცილებელი არაა, სექსში კონტროლს თქვენ ფლობდეთ.
ლიგონის თქმით, არცერთ კატეგორიასა თუ „იარლიყს“ არ შეუძლია ადამიანის იდეალურად აღწერა და სწორედ ამიტომაა კომუნიკაცია საკვანძო, განურჩევლად სექსუალური იდენტობისგან.
„ადამიანებს ვურჩევ, თავად განსაზღვრონ, რას ნიშნავს ეს ტერმინები მათთვის, რათა პარტნიორებს უფრო დაწვრილებით მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების შესახებ, რადგან ფიქრების წაკითხვა არავის შეუძლია. ეს ტერმინები კარგი საწყისი წერტილია დისკუსიის დასაწყებად, მაგრამ არასწორია რაღაც დასკვნების გამოტანა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი ვიღაცისთვის, თუკი ამას არ კითხავთ“, — ამბობს ის.
თუკი ჯერ კარგად არ იცით, რა საზღვრები გაქვთ სექსში, კარლი გთავაზობთ, გამოიკვლიოთ საკუთარი სხეული მასტურბაციის მეშვეობით. პენეტრაცია, შესაძლოა, თავიდან მტკივნეული იყოს, ამიტომაც თუკი ეს ისეთი რამაა, რაც გინდათ სცადოთ, როგორც პასმა, შეიძლება წინასწარ სექს-სათამაშოების გამოყენება და ვარჯიში დაგეხმაროთ.
„თავიდან მარტომ გამოიკვლიეთ საკუთარი სხეული, იქნება ეს თითებისა თუ სექს-სათამაშოების დახმარებით, ან, უბრალოდ, ამ თემაზე წიგნების კითხვით. სექსამდე გარკვეული ცოდნის ქონა საშუალებას მოგცემთ, უფრო თავდაჯერებული იყოთ და უკეთ გამოთქვათ თქვენი საზღვრები, სურვილები, საჭიროებები“ — ამბობს კარლი.
რას ნიშნავს „უნი“, ანუ „ვერსი“?
„უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც. „უნის“ ასევე შეიძლება მოსწონდეს აქტობის კონკრეტული ნაწილები და პასობის კონკრეტული ნაწილები, მაგრამ არ სურდეს „აქტის“ ან „პასის“ როლის სრულად შესრულება.
„უნი არის ადამიანი, რომელსაც ორივე როლს შორის მონაცვლეობა შეუძლია, რადგან ის უნივერსალურია. უნივერსალები ბევრი მიზეზით ცვლიან თავიანთ როლს, იქნება ეს აქტივობა, პარტნიორი, კვირის დღე თუ თავიანთი საცვლის ფერი. მათთვის, შესაძლოა, მოტივაცია იყო საკუთარი თავისა და პარტნიორისთვის ყველაზე დიდი სიამოვნების მინიჭება“, — ამბობს შანაი ადამსი, სექსუალობის პროფესიონალი.
როგორ ვიყოთ „უნი“ სექსის დროს
ადამსის რეკომენდაციაა, რომ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ განასახიერებთ აქტობისა და პასობის ენერგიას სექსს მიღმა და ეს სექსში შემოიტანოთ უნივერსალობის დროს.
„თუკი გინდათ, რომ „აქტი“ იყოთ, და ყველაზე დომინანტური რამ, რასაც აკეთებთ, Starbuck-ის შეკვეთაა, ეს ენერგია სექსში შემოიტანეთ. ესაუბრეთ პარტნიორს ბრძანებების მიცემაზე ან იმის თქმაზე, თუ რა გააკეთოს. თუკი გინდათ, რომ უფრო მორჩილი იყოთ და გიყვართ ის შეგრძნება, როდესაც სხვების სიამოვნებაზე ფოკუსირდებით და არა — თქვენსაზე, შემოიტანეთ ეს ენერგია სექსში. ფოკუსირდით თქვენს პარტნიორზე“, — ამბობს ადამსი.
Carly S.-ის თქმით, სექსის დროს უნივერსალობისთვის ფლუიდურობა და კომუნიკაცია საკვანძოა.
„იყავით მოქნილი და ღია იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს და როგორია დინამიკა სხვა ადამიანთან“, — ამბობს ის.
საბოლოოდ, „აქტი“, „პასი“ და „უნი“ არის სპექტრი, რომლის ზუსტი დეფინიციებიც ყველასთვის სხვადასხვაგვარია. თუკი არ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტერმინი შეგეფერებათ, ნუ იფიქრებთ, რომ აუცილებლად მათგან რომელიმეს უნდა მოერგოთ, რათა სრულფასოვანი სექსი გქონდეთ.
„ზედმეტად ნუ მიეჯაჭვებით სახელსა თუ იარლიყს. საერთოდაც არ არის საჭირო, ის გქონდეთ, ამიტომ ჩამოაშორეთ ეს ტვირთი საკუთარ თავს. ეს ტერმინები შეიძლება გამოგადგეთ, როდესაც გამოხატავთ, თუ როგორ გსურთ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, მაგრამ თუკი არცერთი ტერმინი არ მოგწონთ, არ ხართ ვალდებული, ისინი გამოიყენოთ“, — ამბობს ებორნი.
რას ნიშნავს „საიდი“?
რა ხდება, თუკი ადამიანი არც „აქტია“, არც „პასი“ და არც „უნი“ — თუკი მას საერთოდ არ სურს ანალური სექსით დაკავება? სწორედ ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი როლების გარდა, 2013 წელს ასევე შეიქმნა ტერმინი „საიდი“ (ინგლ. Side — „გვერდი(თი)“), რომელიც 2022 წლის მაისში ოფიციალურად დაემატა Grindr-ის როლების სიას.
Urban Dictionary-ს განმარტებით, „საიდი“ აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს, მაგალითად, ორალურ სექსს, ორმხრივ მასტურბაციას ან ე.წ. „მშრალად ხახუნს“ (ინგლ. Frottage ან Dry humping).
„საიდებს“, როგორც წესი, სექსის დროს ურჩევნიათ კოცნა, ჩახუტება, ორალური სექსი (მინეტი და ე.წ. „რიმინგი“), ორმხრივი მასტურბაცია და მშრალად ხახუნი — ერთი სიტყვით, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სხვა სექსუალურ აქტივობებს, გარდა ანალური პენეტრაციისა. შესაძლოა, მათ გამოცდილი ჰქონდეთ ანალური სექსი, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ეს მათთვის არ არის ეროტიკული ან სასურველი. ზოგს ასევე შეიძლება მოსწონდეს ანალური სტიმულაციის მიღება ან გაცემა თითით, მაგრამ არა — ამაზე მეტი.
გახსოვდეთ, რომ პენეტრაციული სექსი არ არის ვალდებულება და აუცილებლობა. სექსი პენეტრაციის გარეშე ისეთივე სრულყოფილი სექსია, როგორიც ნებისმიერი სხვა. ყველა ადამიანი განსხვავებულია და სექსში ყველას თავისი ფანტაზიები, სურვილები და პრეფერენციები აქვს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა