ჰელოუინი

/

12 ქვიარ ჰორორ ფილმი ჰელოუინისთვის

ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჰორორის ჟანრის ფილმები. ქვიარ თემატიკას ჰორორის ჟანრში მრავალწლიანი ისტორია აქვს. თუ გასულ საუკუნეში ქვიარ პერსონაჟები მეორეხარისხოვან პერსონაჟად ან ფილმის მთავარ ბოროტმოქმედებად იყვნენ წარმოდგენილები, დროსთან

/

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება. დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ. საღამოს მასპინძელი

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.

საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.

ფოტო: Tbilisi Pride

THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.

12 ქვიარ ჰორორ ფილმი ჰელოუინისთვის

/

ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჰორორის ჟანრის ფილმები. ქვიარ თემატიკას ჰორორის ჟანრში მრავალწლიანი ისტორია აქვს. თუ გასულ საუკუნეში ქვიარ პერსონაჟები მეორეხარისხოვან პერსონაჟად ან ფილმის მთავარ ბოროტმოქმედებად იყვნენ წარმოდგენილები, დროსთან ერთად ამ ტენდენციამ სახე იცვალა და ჰორორის შემქმნელები ქვიარ ადამიანების უფრო მრავალფეროვან და საინტერესო რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.

გთავაზობთ ქვიარ ჰორორ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა შორის არის როგორც ჟანრის საკულტო, ასევე შედარებით ახალი ფილმები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიდა ეკრანებზე.

Knife + Heart

 

Knife + Heart იენ გონსალესის 2018 წლის ჰორორ ფილმია, რომელიც მეოცე საუკუნის იტალიური კინოს საკულტო ჟანრის, ჯიალოს ტრადიციებს იმეორებს. ფილმში მოქმედება 70-იან წლებში ვითარდება და ეფუძნება გეი პორნოგრაფიის პროდიუსერის, ენ-მარი ტენსის ისტორიას, რომლის როლსაც ვანესა პარადისი ასრულებს.

წითელი განათებებით და ღამის კლუბების ხმაურით გაჟღენთილი ფილმი გვიამბობს გეი პორნო პროდიუსერი ქალის, ენის და მისი მარჯვენა ხელის, არჩიბალდის ისტორიას. ენი ლესბოსელ საყვარელთან შერიგებას ამბიციური პორნო ფილმის გადაღებით ცდილობს, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ფილმის ერთ-ერთ მსახიობს სასტიკად მოკლავენ და ენი უცნაურ გამოძიებაში ჩაერთვება.

The Haunting

The Haunting შირლი ჯექსონის 1959 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის წიგნს, „ჰილჰაუსის მოჩვენებას“ ეფუძნება და გვიამბობს ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს მიყრუებულ აგარაკზე ატარებენ და ცდილობენ ამოხსნან, რა საიდუმლოებებს მალავს სახლი.

2018 წლის წიგნის ნეტფლიქსისეულ ადაპტაციაში ერთ-ერთი პერსონაჟი, თეო ქვიარია, თუმცა წიგნის 1963 წლის ეკრანიზაციაში ეს არ ჩანს. ამის შესახებ ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წელში მსახიობმა კლერ ბლუმმა ისაუბრა კიდეც და თქვა, რომ კინოსტუდიამ სცენარიდან ამოჭრა ყველა ის სცენა, სადაც ნახსენები იყო, რომ თეო ქვიარია.

Bit

Bit 2019 წლის ჰორორ ფილმია, რომლის მთავარ როლში ტრანსგენდერი მსახიობი, ნიკოლ მაინსი გვევლინება. ეს კიდევ ერთი ფილმია ვამპირებზე, თუმცა სხვა მრავალი ფილმისგან განსხვავებით, ბრედ მიშელ ელმორის ფილმში ვერ შეხვდებით ვამპირი ქალების გადამეტებულ სექსუალიზებას.

Coming-of-age ჟანრის ფილმი ახალგაზრდა ტრანს გოგოს ისტორიას გვიამბობს. ლორელი სკოლის დამთავრების შემდეგ ძმასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადადის საცხოვრებლად. ერთ-ერთი ღამის გართობის დროს, გოგო ვამპირებს გადაეყრება და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ვამპირებით და ზებუნებრივ არსებებზე მონადირეებით დატვირთული ფილმი საუკეთესო თავშესაქცევია ოქტომბრის დღეებში.

Jennifer’s Body

Jennifer’s Body 2009 წლის ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელიც თავის დროზე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. ფილმმა ვერ დაიმსახურა დიდი მოწონება, თუმცა წლების შემდეგ, განსაკუთრებით Me Too მოძრაობის გააქტიურების მერე ის მრავალმა მაყურებელმა შეიყვარა და საკულტო ჰორორის ჟანრის ფილმად იქცა.

ფილმი იწყება წარწერით „ჯოჯოხეთი არის თინეიჯერი გოგო“ და მასში მთავარ როლებს მეგან ფოქსი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ. ფილმი გვიამბობს თინეიჯერული ურთიერთობების სისასტიკეზე და დემონური ძალებით შეპყრობილ ჯენიფერზე, რომელიც თანასკოლელ მამაკაცებს სასტიკად უსწორდება, მისი მეგობარი გოგო, ნიდი კი მის შეჩერებას ცდილობს.

Daughters of Darkness

Daughters of Darkness 1971 წლის ეროტიკული ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელიც რეალურ ფაქტებს და ისტორიულ ფიგურას, ელიზაბეტ ბატორის, იგივე სისხლიანი გრაფინიას ბიოგრაფიას ეფუძნება. ბატორ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი. იგი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ცხოვრობდა და მას 600-მდე ქალი ჰყავს მოკლული.

ფილმი ახალდაქორწინებული წყვილის გაცნობით იწყება, რომელიც თაფლობის თვეს ბელგიის ერთ-ერთი ქალაქში ატარებს. ისინი მალევე შეხვდებიან ახალგაზრდა, მისტიკურ გრაფინიას, რომელიც იმავე სასტუმროში დაბინავდება. ჟანრის კლასიკად მიჩნეულ ფილმში მთავარ როლში დელფინ სეირიგი გვევლინება.

Let the Right One In


Let the Right One In 2008 წლის შვედური ფილმია, რომელიც ამავე სახელწოდების 2004 წლის ჰორორის ჟანრის რომანს ეფუძნება. ფილმმა, რომელიც ადამიანური ბუნების ბნელ მხარეებზე და ბულინგზე გვიამბობს, მალევე მოიპოვა პოპულარობა და არაერთი პრესტიჟული პრემია. ფილმის გამოსვლიდან 2 წელში კი ამერიკული რიმეიქიც გადაიღეს

მთავარ როლში ოსკარი გვევლინება, რომელიც სტოკჰოლმის გარეუბანში დედასთან ერთად ცხოვრობს. ოსკარი სკოლაში ბულინგის მსხვერპლია და ცდილობს, შური იძიოს თანატოლებზე, რის გამოც მეზობელ გოგოს, ელის დაუმეგობრდება.

The Hunger

The Hunger 1983 წლის საკულტო ჟანრის ეროტიკული ჰორორია, რომელშიც მთავარ როლებში სიუზენ სარანდონი, კეტრინ დენევი და დევიდ ბოუვი გვევლინებიან. ფილმი ვიტლი სტრაიბერის რომანს ეფუძნება და იგი მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელ ფილმად არის მიჩნეული.

The Hunger გვიამბობს ექიმი სარა რობერტსის და ვამპირი წყვილის სასიყვარულო სამკუთხედზე. ჯონი, რომელიც ორი საუკუნეა ვამპირია, დაბერებას იწყებს, სწორედ ამიტომ თავის პარტნიორ ვამპირთან, მირიანთან ერთად გადაწყვეტს გერონტოლოგ სარა რობერტსთან დაახლოებას, რომელიც დაბერების და ძილის ფენომენს იკვლევს.

Stranger by the Lake

Stranger by the Lake 2013 წლის ეროტიკული ჟანრის ფრანგული ჰორორია, რომელიც ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა კინოს კრიტიკოსების დადებითი შეფასება. ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა და Queer Palm-ის პრიზით დაჯილდოვდა.

Stranger by the Lake გვიამბობს ორი კაცის, ფრენკის და მიშელის ურთიერთობაზე. ფრენკი რეგულარულად სტუმრობს ნუდისტურ პლაჟს, რომელიც პოპულარული გასართობია გეი კაცებისთვის. სწორედ ნუდისტურ პლაჟზე დაუმეგობრდება მიშელს, რომლის მიმართაც მალევე გაუჩნდება რომანტიკული მიჯაჭვულობა, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ მიშელი ცივსისხლიანი მკვლელია.

Thelma

 

Thelma 2017 წლის ტრილერის ჟანრის ნორვეგიული ფილმია, რომელიც გასული წლის გახმაურებული ფილმის, The Worst Person in The World-ის რეჟისორს, ჯოაკიმ ტრიერს ეკუთვნის. ფილმი ნორვეგიამ ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც გააგზავნა, თუმცა ნომინაცია ვერ მიიღო.

Thelma ახალგაზრდა ქალის, თელმას ისტორიას გვიამბობს, რომელიც ულტრა-რელიგიურ ოჯახში კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და უჭირს მეგობრების გაჩენა. ერთ დღესაც, გოგო უნივერსიტეტში სასწავლებლად სხვა ქალაქში მიემგზავრება და რომანტიკული გრძნობები უჩნდება ანიას მიმართ, თუმცა მისი დანახვისას ყოველთვის ეწყება ეპილეფსიური შეტევები. იგი მალევე აღმოაჩენს, რომ ახალმა გრძნობამ ზებუნებრივი ძალები შესძინა.

Hellbent

 

Hellbent კიდევ ერთი ამერიკული ფილმია, რომელიც ჰორორის საკულტო ქვეჟანრის, სლეშერის ტრადიციებს იმეორებს. 2004 წელს გადაღებული Hellbent პირველი ქვიარ სლეშერ ფილმია, რომელიც სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩენს ქვიარ ადამიანებს ჰორორის ჟანრში. შემზარავ ფილმში უხვად შეხვდებით სისხლს და დაუნდობელ სცენებს.

სიუჟეტი დასავლეთ ჰოლივუდში ვითარდება. მეგობრების ჯგუფი ჰელოუინის აღნიშვნას გადაწყვეტს, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ნიღბიანი მკვლელი მათზე ნადირობას დაიწყებს. ფილმი იმეორებს 80-იანი წლების ჰორორ ფილმებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, თუმცა ამასთან ერთად ახალ პერსპექტივას სთავაზობს მაყურებელს.

Fear Street ტრილოგია

Fear Street Netflix-ის კინო პროდუქტია. ფილმი რ.ლ. სტაინის წიგნების სერიას ეფუძნება, რომელიც პირველად 1989 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ 80 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოვიდა. ტრილოგიის სამივე ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვიდა და იგეგმება მისი გაგრძელებაც.

ტრილოგიის პირველ ფილმში მაყურებელი 1994 წელში მოგზაურობს და თინეიჯერებთან ერთად ცდილობს, გადაარჩინოს დაწყევლილი ქალაქი. მეორე ნაწილში მოქმედება 1978 წელში ინაცვლებს, სადაც მთავარი პერსონაჟები აგრძელებენ ბოროტ ძალებთან ბრძოლას. ფილმის მესამე ნაწილში თინეიჯერების გუნდს შორეულ 1666 წელში მოუწევს გადანაცვლება.

Interview With the Vampire

Interview With the Vampire 1994 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ტომ კრუზი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ფილმი, რომელიც ენ რაისის წიგნების სერიას ეფუძნება, ვამპირების თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. ის ორი ოსკარის ნომინაციით დაჯილდოვდა.

Interview With the Vampire-ში მოქმედება ორი ვამპირის, ლესტატის და ლუისის გარშემო ვითარდება. ისტორია შორეული 1791 წლიდან იწყება, როცა ლესტატმა ლუისი ვამპირად გადააქცია. ფილმი გვიამბობს თითქმის ორსაუკუნოვან ისტორიას. მართალია, სიუჟეტში ნაკლებად არის ნაჩვენები ლესტატის და ლუისის ქვიარობა, თუმცა წიგნების მოყვარულები მარტივად შენიშნავენ ქვეტექსტებს ამერიკელი ავტორის რომანში.