უკრაინა - Page 3

/

უკრაინელი გეი მოხალისეები მზად არიან, იბრძოლონ ანტი-ლგბტქი პუტინის წინააღმდეგ

ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.

ოლენა შევჩენკო – აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

24 თებერვალს, რუსეთის მხრიდან ჩვენს ქალაქებზე მასიური თავდასხმის გამო, დილის 5 საათზე გამეღვიძა. უკრაინაში ჯერ კიდევ არავის შეუძლია იმის დაჯერება, რაც ახლა ხდება.

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა. შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს

უკრაინული საბავშვო წიგნი საქველმოქმედო მიზნებისთვის ინგლისურად გამოიცემა

„როცა გწერთ, ფანჯრებს მიღმა ბომბები დაფრინავენ და ჩემი სახლიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში, რუსი აგრესორები კიევის შემოგარენს ანადგურებენ“, – აღნიშნავს უკრაინელი ავტორი, ლარისა დენისენკო The

უკრაინა რუს დედებს ტყვედჩავარდნილი შვილების დაბრუნებას სთავაზობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტყვედჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებს შვილების წასაყვანად ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„დედა, შენი ომის მძევალი ვაჟი გელის! უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ტყვეები დედებს დაუბრუნონ, თუ ისინი უკრაინაში ჩავლენ“, – დაწერა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუკზე – „გთხოვთ, ეს გზავნილი ათასობით გაუბედურებულ რუს დედამდე მიიტანოთ, რომელთა შვილებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნენ“.

ფეისბუკ პოსტში მითითებულია ის ინსტრუქციებიც, რომლითაც რუსმა დედებმა უნდა იმოქმედონ, მათ შორის, სატელეფონო ზარით გაგება – ცოცხალია მათი შვილი თუ -არა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალურად გაწერა ის გზა, რომლის გავლაც რუს დედებს შვილების დასაბრუნებლად შეუძლიათ. მათ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან გამგზავრება შეუძლიათ, შემდეგ კი ესკორტის თანხლებით კიევამდე მისვლა.

„ჩვენ, უკრაინელი ხალხი, პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან შედარებით დედებსა და მათ დატყვევებულ შვილებს არ ვეომებით.’’ 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პუტინის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან 6 დღეში 6 ათასამდე რუსი სამხედრო მოკლეს.

„რუსი დედები შვილებს სრულიად უცხო ქვეყანაში კარგავენ. უბრალოდ, დაფიქრდით, 6 დღის განმავლობაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო გარდაიცვალა.’’ – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთს აქამდე არ გაუსაჯაროებია გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. დაუზუსტებელია გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობაც.

წყარო: Insider

უკრაინელი გეი მოხალისეები მზად არიან, იბრძოლონ ანტი-ლგბტქი პუტინის წინააღმდეგ

/

ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ. Keep Reading

გზები, რომლითაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შეძლებთ

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის გვერდით დგომა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება – საკვები და სამედიცინო საშუალებები სჭირდებათ. ასევე, აუცილებელია ფინანსური დახმარება, სწორი ინფორმაციის მაქსიმალურად ბევრ ადამიანამდე მიტანა და  დახმარების გზების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.  

ყველას შეგვიძლია, სხვადასხვა გზით დავეხმაროთ უკრაინას დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და აგრესორთან გამკლავებაში.

საქართველოს მოქალაქეებს უკრაინელების დახმარება არაერთ ინიციატივაში ჩართვით შეუძლიათ, რომელიც ფულად შემოწირულობას, პირველადი მოხმარების ნივთებს, სამედიცინო საშუალებებსა და სხვა სახის დახმარებას უკრაინელ ხალხს მიაწვდის.

საქართველოს ფოსტა ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები უკრაინაში უსასყიდლოდ გაგზავნონ, ამისთვის საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრს შეგიძლიათ მიმართოთ.

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია, დემოკრატიის მცველები, დროა, ლელო, ევროპული საქართველო და გირჩი – მეტი თავისუფლება, მედიკამენტებსა და პირველადი დახმარების ნივთებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებენ. თქვენთვის ხელსაყრელი მისამართისა და საჭირო მედიკამენტების სიის ნახვა სირცხვილიას ფეისბუკ გვერდზე შეგიძლიათ.

პოლიტიკურმა პარტიამ – დროა – და ტელეკომპანია ფორმულამ უკრაინის მხარდამჭერი ფონდი შექმნეს. ინიციატივას უერთდებიან „სამოქალაქო საზოგადოება, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი და უკრაინის საელჩო საქართველოში“. თანხის ჩარიცხვა საქართველოს ბანკის ანგარიშზე შეგიძლიათ.

უკრაინის დასახმარებლად შემოწირულობებს აგროვებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და შემოსული თანხა სრულად გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს. გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ და ვოლტმა ერთობლივი კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც ვოლტზე შემოწირულობის გაკეთებას შეძლებთ, რომელიც სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

უკრაინის საელჩო საქართველოში ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამედიცინო ნივთებს აგროვებს. დახმარების აღმოჩენას თბილისსა და ბათუმში შეძლებთ.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა კი უკრაინაში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები გამოაქვეყნა, რომელზე გადარიცხული თანხაც ომით დაზარალებული ქვიარ ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

თიბისი ბანკის ინიციატივით, უკრაინის დასახმარებლად თანხის გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეძლებთ, თანხის ჩარიცხვა საქართველოს ბანკის ფონდის – სიცოცხლის ხის ანგარიშზეც შეგიძლიათ, რომელიც სრულად ჩაერიცხება წითელ ჯვარს, უკრაინის მოქალაქეები ლიბერთიში საერთაშორისო გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე შეასრულებენ.

გარდა ამისა, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ანგარიში შექმნა, რომელზეც თანხის ჩარიცხვას სხვადასხვა ვალუტაში შეძლებთ და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინიის არმიას.

ომის დროს ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ შეგიძლიათ UNICEF-ს ინიციატივას შეუერთდეთ, რომელიც ფულად შემოწირულობას, 7,5 მილიონს, საფრთხეში მყოფი უკრაინელი ბავშვის დასახმარებლად მიმართავს ან საერთაშორისო ორგანიზაცია Voices of Children-ს ჩაურიცხოთ თანხა, რომელიც ომით ტრავმირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს.

უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ ქართველი არტისტებიც, შეიქმნა საიტი – artistsforukraine.com, რომელზეც ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების ატვირთვა 2 მარტამდე შეეძლებათ. ამის შემდეგ ნამუშევრების კრიპტოვალუტით შესყიდვის პროცესი დაიწყება, შეგროვებული თანხა კი სრულად ჩაირიცხება უკრაინის მთავრობის კრიპტოანგარიშებზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარება. შეგიძლიათ ფონდი საიმედოს ფეისბუკ ჯგუფს შეუერთდეთ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის პროდუქციას აგროვებს, ამასთან, უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის ინდივიდუალურ ინიციატივებს აჟღერებს. სასტუმრო საირმე უკრაინის მოქალაქეებს სასტუმროში განთავსებას უსასყიდლოდ სთავაზობს. თუ უკრაინის მოქალაქეების შეფარება შეგიძლიათ ან იცნობთ ადამიანებს, რომელთაც საცხოვრისის პრობლემა შეექმნათ, აღნიშნულ ბაზაში შეგიძლიათ ინფორმაციის დამატება ან სხვებისთვის გაზიარება. mapahelp-ზე კი შეგიძლიათ იმ ლოკაციების ნახვა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრისის პრობლემას მოუგვარებს. რესტორანი ვერაზე, ბროტპლატცი და პაიპსი კი უკრაინელებს უფასო კვებას სთავაზობს.

ევექსი კლინიკები უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.

უკრაინის დასახმარებლად წამოწყებული საერთაშორისო თუ ქართული ინიციატივებისთვისთვის თვალის მიდევნებას HelpUkraine.ge-ს ფეისბუკ გვერდზეც შეძლებთ.

გარდა ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარებისა, მნიშვნელოვანია რუსული პროდუქციის მოხმარების მაქსიმალურად შემცირება და უკრაინული პროდუქციის შეძენა. ელვისზე პროდუქციის შერჩევისას, შეგიძლიათ ნახოთ, რუსულია ის თუ არა. ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ ქართული აპლიკაცია – Scan Products, ამ გზით შტრიხკოდის დასკანერებისას, მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას გაიგებთ.

აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის სისტემებისთვის თანაბრად არის ხელმისაწვდომი.

ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაა, ამიტომ, თუ სოციალურ ქსელებში პრორუსული მედიასაშუალებებისა და ანგარიშების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადააწყდებით, დაარეპორტეთ ან გაავრცელეთ სოციალური ქსელებით და ხალხს სწორი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარეთ.

პუტინი ისტორიული მარცხისკენ მიისწრაფვის – იუვალ ნოახ ჰარარი

/

შესაძლოა, რუსებმა უკრაინა აიღონ კიდეც, მაგრამ უკრაინელებმა ბოლო დღეებში ყველას დაუმტკიცეს, რომ ისინი მათ ქვეყნის შენარჩუნების უფლებას არ მისცემენ.

ომიდან ერთ კვირაზე ნაკლები გავიდა და უფრო იზრდება მოლოდინი, რომ ვლადიმირ პუტინი ისტორიული მარცხისკენ მიისწრაფვის. შესაძლოა, ყველა ბრძოლა მოიგოს, მაგრამ ომს წააგებს. რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ პუტინის ოცნება მუდამ იმ ტყუილს ემყარებოდა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფო არ არის, უკრაინელი ხალხი რეალური არაა და თითქოს კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მცხოვრებნი მოსკოვის წესრიგისკენ მიილტვიან. ეს სრული სიცრუეა – უკრაინა ათასწლეულზე ხანგრძლივი ისტორიის ქვეყანაა და კიევი უკვე დიდი ქალაქი იყო, როცა მოსკოვი სოფელიც კი არ იყო. რუსმა დესპოტმა საკუთარი ტყუილი იმდენჯერ გაიმეორა, რომ, ალბათ, თვითონვე დაიჯერა.

როცა უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს აწყობდა, პუტინს ბევრ ყველასთვის ცნობილ ფაქტზე შეეძლო იმედების დამყარება. მან იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღება უკრაინისას ბევრად აღემატება. იცოდა, რომ ნატო უკრაინის დასახმარებლად სამხედრო შენაერთებს არ გაგზავნიდა. იცოდა, რომ ევროპის რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება დააყოვნებდა ისეთ ქვეყნებს, როგორიც გერმანიაა, რათა მკაცრი სანქციები გაეტარებინათ. ამ ფაქტებზე დაფუძნებით, მისი გეგმა უკრაინაზე სწრაფად და სრული ძალით დარტყმა იყო, ხელისუფლების ჩამოგდება, კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარება და დასავლეთის უძლური სანქციებისგან თავის დაძვრენა.

მაგრამ ამ გეგმას ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა. როგორც ამერიკელებმა ერაყში და საბჭოთა რეჟიმმა ავღანეთში იწვნიეს, ბევრად მარტივია ქვეყნის დაპყრობა, ვიდრე მისი შენარჩუნება. პუტინმა იცოდა, რომ უკრაინის დაპყრობის ძალა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელი ხალხი მოსკოვის მარიონეტულ რეჟიმს უბრალოდ შეეგუებოდა? პუტინმა ფსონი დადო, რომ ეს ასე მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ ყველას, ვინც უსმენდა, არაერთხელ აუხსნა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფო არაა, უკრაინელები კი რეალური ერი არ არიან. 2014 წელს, ყირიმის მცხოვრებლებმა, ფაქტობრივად,  რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობა არც კი გაუწიეს. 2022 წელი სხვაგვარად რატომ ჩაივლიდა?

ყველა ჩავლილი დღე სულ უფრო ცხადს ხდის, რომ პუტინის დადებული ფსონი წამგებიანია. უკრაინელი ხალხი მთელი გულით უწევს წინააღმდეგობას და მთელი მსოფლიოს თაყვანისცემაც დაიმსახურეს. წინ მძიმე დღეები გველის. იქნებ რუსებმა მთელი უკრაინის აღებაც შეძლონ, მაგრამ ომის მოსაგებად რუსეთს უკრაინის შენარჩუნება სჭირდება, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ უკრაინელი ხალხი ნებას მისცემს, რაც სულ უფრო ნაკლებსავარაუდო ჩანს. 

თითოეული განადგურებული რუსული ტანკი და თითოეული მოკლული რუსი ჯარისკაცი უკრაინელთა წინააღმდეგობის ძალას ზრდის. ყოველი მოკლული უკრაინელი კი ამძაფრებს უკრაინელთა სიძულვილს. სიძულვილი ყველაზე მახინჯი ემოციაა, მაგრამ ჩაგრული ერებისთვის სიძულვილი საიდუმლო განძია. გულში შემონახული სიძულვილი შეიძლება თაობებს ეყოს წინააღმდეგობის რესურსად. რუსეთის იმპერიის აღსადგენად რუსეთს სისხლისღვრის გარეშე გამარჯვება სჭირდება, რომელიც სიძულვილისგან თავისუფალ მშვიდობას მოიტანს. რაც უფრო მეტი უკრაინელის სისხლს დაღვრის, პუტინის ოცნების ასრულება მით უფრო არარეალური გახდება. რუსეთის იმპერიის სიკვდილის ცნობაზე მიხაილ გორბაჩოვის სახელი კი არ დაიწერება, არამედ პუტინის. გორბაჩოვმა რუსებს და უკრაინელებს ნათესაობის განცდა დაუტოვა, პუტინმა კი ისინი მტრებად აქცია. ამით გარანტია შექმნა, რომ უკრაინელი ერი სამომავლოდ თვითგამორკვევას რუსეთთან წინააღმდეგობით შეძლებს.

სახელმწიფოებს ამბები აგებენ. თითოეულ განვლილ დღეს ახალი ამბავი მოსდევს, რომელსაც უკრაინელები მხოლოდ სიმძიმილში კი არა, ათწლეულების და თაობების შემდეგაც მოჰყვებიან. პრეზიდენტი, რომელმაც დედაქალაქის დატოვებაზე უარი თქვა და აშშ-ს განუცხადა, რომ გამგზავრება კი არა, სამხედრო დახმარება სჭირდება, ჯარისკაცები გველის კუნძულიდან, რომლებმაც რუსების სამხედრო ხომალდს უთხრეს – „შეგეცით“, მოქალაქეები, რომლებმაც რუსულ ტანკებს გზა გადაუკეტეს – ესაა ამბები, რომლებზეც სახელმწიფო შენდება და ისინი სამომავლოდ ტანკების რაოდენობაზე მეტად ფასეული იქნებიან.

რუსმა დესპოტმა ეს ისევე უნდა იცოდეს, როგორც სხვებმა. ბავშვობიდან ლენინგრადის ალყისას რუსული სიმამაცის დიეტაზე იზრდებოდა. ახალ თვითონაც ქმნის ასეთ ამბებს, მაგრამ ჰიტლერის როლში გვევლინება.

უკრაინელთა სიმამაცის ამბები მხოლოდ უკრაინისთვის კი არ ქმნის გამოსავალს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ისინი ევროპის სახელმწიფოებს, აშშ-ს ადმინისტრაციას და რუსეთის ჩაგრულ მოქალაქეებსაც კი მხნეობას მატებენ. თუ უკრაინელები შიშველი ხელებით ტანკის შეჩერებას ბედავენ, გერმანიამ მათი ანტი-სარაკეტო აღჭურვილობით მომარაგება უნდა გაბედოს, აშშ-ს ხელისუფლებამ უნდა გაბედოს და რუსეთი Swift-ის ფინანსური სისტემიდან ჩახსნას, რუსეთის მოქალაქეებმა კი უნდა გაბედონ და უგუნური ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია მოაწყონ.

სამწუხაროდ, ეს ომი დიდი ალბათობით დიდხანს გასტანს, მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ბოლო რამდენიმე დღემ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფოა, უკრაინელები რეალური ერი არიან და მათ ნამდვილად არ სურთ რუსეთის ახალი იმპერიის დაქვემდებარებაში ყოფნა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, ეს გზავნილი კრემლის სქელი კედლების მიღმა როდის შეაღწევს.

წყარო: The Guardian

პუტინის მიმქრალი დიდება და საბჭოთა ოცნება, რომელიც მარტივად შესასრულებელი არ აღმოჩნდა

/

სიახლე არავისთვის არის, რომ პუტინის 22-წლიანი მმართველობა საბჭოთა სენტიმენტებით არის ნასაზრდოები. ქვეყნის მართვის სადავეების ერთპიროვნული ფლობა და საკუთარი თავისგან მითის შექმნის ვნება, ამ სენტიმენტის დადასტურებაა, რასაც პუტინის საბჭოთა ლიდერებით შეპყრობა ემატება. 

ჯერ კიდევ 2005 წელს, პუტინმა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. რუსი ხალხისთვის კი – ნამდვილი ტრაგედია. ათეულობით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის საზღვრების მიღმა აღმოჩნდა.’’

Russia passes bill that could keep Putin in power until 2036
Alexei Nikolsky / AP

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მართლაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო, რომელმაც ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ სახელმწიფოებს თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს შენებისთვის ეფექტური გზების ძიებისკენ უბიძგა, პუტინის გულისწყვეტა „ისტორიული რუსეთის“ დაშლას უკავშირდება. 

„ეს საბჭოთა კავშირად წოდებული ისტორიული რუსეთისთვის საყრდენის გამოცლა იყო. სრულიად სხვა სახელმწიფოდ ვიქეცით და ათასწლეულის განმავლობაში ნაშენები რეალობა დაიკარგა.“ – აღნიშნა პუტინმა გასულ წელს და ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის საბჭოთა კავშირი რუსეთის იმპერიის განვითარების ზენიტი იყო, სწორედ ამიტომ თვლის უკრაინას, საქართველოსა და ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა სახელმწიფოებს „რუსეთის განუყოფელ ნაწილად“. როცა საუბარი გვაქვს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, რომლებმაც საკუთარი ორიენტირი დასავლეთისკენ მიმართეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან ნატოსა თუ ევროკავშირის წევრები, პუტინის გულისტკივილი კიდევ უფრო ძლიერია. საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელი ლიდერი ხედავს, რომ ნელ-ნელა ხელიდან ეცლება „ისტორიული რუსეთი“ და ის სულ უფრო მარტო რჩება. 

აღნიშნული სენტიმენტები საუკეთესოდ ხსნის რუსეთის ამჯერად უკრაინისკენ მიმართულ აგრესიას, რომელიც, შესაძლოა, პუტინის განწირულ მცდელობას მივაწეროთ, რაც გეოპოლიტიკური მდგომარეობის ათწლეულების წინანდელ რეალობაში დაბრუნებას უკავშირდება, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც დამანგრეველია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს საზღვრები უფრო და უფრო გაფართოვდა, დაფარა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის ტერიტორია და რუსეთის საზღვრებამდე მიაღწია. უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს ღია კარი რუსეთის საზღვართან სამხედრო ალიანსის კიდევ უფრო ვრცელ ტერიტორიაზე განფენის შესაძლებლობას ქმნის, რაც რუსეთს, პირველ რიგში კი პუტინის მიერ მორგებულ „დიდებული პოლიტიკური ლიდერის“ როლს, საფრთხეს უქმნის.

გავლენების გადანაწილება, გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება ეკონომიკური ურთიერთობების გაანალიზების გარეშე, შეუძლებელია.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, 2019-2021 წლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, 24 თებერვალს ტვიტერზე დაწერა: „განრისხებული ვარ ჩვენი ისტორიული კრახით. საქართველოს, ყირიმისა და დონბასის შემდეგაც კი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, რათა პუტინი დამფრთხალიყო… მოლაპარაკება უმთავრესია, თუმცა ამას სამხედრო მზაობა უნდა უმაგრებდეს ზურგს, რომელიც მოლაპარაკებებზე უარის თქმის შანსს მოსპობს.’’

კრამპ-კარენბაუერის ტვიტში სამხედრო მზაობაზეა საუბარი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ის მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობებია, რომელიც დასავლეთს რუსეთთან აქვს. ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური მდგომარეობა ხისტი ნაბიჯების გადადგმას ართულებს, რაც ბევრად ზრდის ადამიანურ დანაკარგს, ეკონომიკური ზიანის მოცულობას და მსოფლიოში მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

დიდი ხანია, დასავლეთი ხვდება, რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტს საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს და მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთზე მიბმული ენერგოუზრუნველყოფა აქამდე უცვლელია. ევროკავშირის ნავთობის იმპორტის 25% და გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის, მეტიც, აწ უკვე შეჩერებული Nord Stream 2-ის გაზსადენ მილს, რომელსაც რუსეთი და გერმანია უნდა დაეკავშირებინა, ამ ქვეყნის გაზმომარაგება უნდა გაეორმაგებინა.

გაზმომარაგების სტრატეგიის გადახედვა ხანგრძლივი, რთული, დიდი ფინანსურ რესურსთან დაკავშირებული პროცესია, რომელიც ერთ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა რუსეთთან ახალი კავშირების გაბმა და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, სამომავლოდ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ხმის ამაღლების რეალურ შესაძლებლობებს მოსპობს.

ამასთან, უკრაინა 44-მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც მარცვლეულის ექსპორტით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, ჯამურად, რუსეთისა და უკრაინის ხორბალზე საერთაშორისო ექსპორტის მეოთხედი მოდის. ასევე, უკრაინა რკინისა და ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია.  ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობა საქართველოზე ბევრად დიდია, შესაბამისად, უკრაინაზე გავლენის მოპოვებისთვის, გნებავთ, მისი ოკუპაციისთვის მიმდინარე პროცესზე სათანადო რეაგირების არქონა, დასავლეთს ბევრად ძვირად დაუჯდება.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა მკაცრი სანქციების დაწესება გადაწყვიტა, სწორედ უკრაინის პოტენციალია. რუსეთის უკრაინისკენ მიმართული სამხედრო აგრესიისას, პუტინის მოლოდინი იყო, რომ რუსეთის ეკონომიკური გავლენა დასავლეთს ხელ-ფეხს შეუკრავდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ უკრაინა იმაზე დიდი ლუკმაა, ვიდრე რუსეთს შეუძლია გადაყლაპოს.

Financial Times

უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, ამიტომ კონფლიქტში ალიანსის პირდაპირი მონაწილეობა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ფართოდ გავრცელებული ნარატივი, რომ დასავლეთი არაფერს აკეთებს და მხოლოდ „შეშფოთებას“ გამოხატავს, არასწორია. რა თქმა უნდა, შეიძლება მსჯელობა იმაზე, არის თუ არა გატარებული სანქციები და აღმოჩენილი დახმარება საკმარისი ან, დასავლეთი ზედმეტად გვიან ხომ არ გამოფხიზლდა, თუმცა ფაქტია – რუსეთის დიდი ხნის წინ დაწყებული მზადება თავდასხმისთვის, საბოლოოდ მაინც შოკურ მოქმედებებამდე მივიდა, რომელსაც უკრაინა სწრაფად უნდა გაეტეხა. ეს ასე არ მოხდა, რუსულ ჯარს კი ნელ-ნელა ელევა ძალა და ვეღარ მიიწევს წინ ისე სწრაფად, როგორც საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში.

რუსულ ჯარს მხნეობისთვის არ აქვს ყველაზე მთავარი – ისინი საკუთარ სამშობლოს არ იცავენ, სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა სურთ, მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს და უკრაინელი ხალხის მორალურად გატეხას ცდილობენ. რუსების მიერ მიღწეულ „პროგრესზე“ დაკვირვებაც ამის მაჩვენებელია, გავრცელებული კადრები, რომლებზეც უკრაინელი ქალები მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ, ტანკის წინ გადამდგარი მოქალაქეების ვიდეო, კუნძულზე ალყაში მოქცეული უკრაინელების რუსებთან საუბრის ჩანაწერი თუ მრავალი სხვა სულისკვეთების მაგალითი კი უკრაინელების რუსეთზე გამარჯვებაა. 

უკრაინელი ხალხი რუსული გავლენისგან სრულად თავისუფალია, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რუსეთმა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რამ დაკარგა. უკრაინელთა 70%-ს უკრაინის გამარჯვების სჯერა, 91% კი ზელენსკის მოქმედებებს მხარს უჭერს. 300 ათასზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, თუმცა 2 დღეში 100 ათასი უკრაინის მოქალაქე არმიაში გაწევრიანდა, სხვა ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი კი ქვეყანაში ბრუნდება. 

უკრაინა რუსეთთან მებრძოლი გმირების სამშობლოდ იქცა, რომელიც საკუთარ ისტორიას რუსეთისგან თავისუფალი წერს, ყოველი ახალი სამოქალაქო თავადების შემთხვევა, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს, უკრაინის გათავისუფლების მანიშნებელია.

უკრაინა მთელი მსოფლიოს სასაუბრო თემად იქცა, რუსული სახელისუფლებო გამოცემები კი – კიბერთავდასხმების სამიზნედ. პუტინის მკაცრმა ცენზურამაც აზრი დაკარგა. შესაძლოა, საბჭოთა დიდებით დაბრმავებულ პუტინს არ გაახსენდა, რომ ახლა უმთავრესი იარაღი ინფორმაციაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს და ნელ-ნელა ხელიდან ეცლება ყველა საიმედო საყრდენი. სხვა რა მიზეზით უნდა აიხსნას დეზინფორმაციაზე დამყარებული რუსული აგრესია, რომლისაც აღარავის სჯერა. პუტინმა უკრაინაზე თავდასხმას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, თუმცა ამ მიზანს არც მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიში ემსახურება, არც უკრაინის დიდ ქალაქებზე მიტანილი დარტყმა და, რა თქმა უნდა, არც ბირთვული მზაობა, რომელიც, შესაძლოა, პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვისაც კი კითხვის ნიშნებს აჩენს.

კომუნისტური ფრაქციის წევრმა, დუმის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა ტვიტერზე დაწერა: „ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემით მშვიდობას დავუჭირე მხარი და არა – ომს. რუსეთის დამცველ ფარად ქცევას და არა დონბასისა და კიევის დაბომბვას.“

იქამდე კომუნისტური პარტიის კიდევ ერთმა წევრმა უკრაინის ოკუპაციის განზრახვის შესრულება არარეალურად მიიჩნია.

ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელმა, DNS-მა კი გასულ კვირაში პროდუქციის ნაწილის ფასების 30%-მდე ზრდა დააანონსა. კომპანიის მთავარმა დირექტორმა, დიმიტრი ალექსეევმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „არ მესმის, რუსეთი ომში რატომ არის ჩაბმული, შეიარაღებული რატომ არის?“

Evgenia Novozhenina / Reuters

პუტინის რუსეთის ხანგრძლივმა მეგობარმა ჩინეთმა კი, რომელიც რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექსპორტით, ასევე იმპორტით, რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად არაფერი გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, პუტინმა ბირთვული შემაკავებელ ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა, რომლის დაქვემდებარებაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებიცაა.

შეიძლება ეს პუტინის კიდევ ერთი თითის დაქნევაა დასავლეთისთვის, მაგრამ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰერი ეჭვს გამოთქვამს, „პუტინი ისევ რაციონალური მოთამაშეა“ თუ – არა.

Reuters

პუტინის ყოველი ახალი გადაწყვეტილება: დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა თუ ბირთვული მზაობა, რუსეთის მეგობარ სახელმწიფოებს მხარდაჭერის გამოცხადებისგან თავის შეკავებას უადვილებს. სულ უფრო მცირდება იმ არგუმენტების რიცხვი, სამხედრო მოქმედებებში ჩართვას რომ ახსნიდა, ამიტომ, თუნდაც ჩინეთისთვის, ბევრად მნიშვნელოვან ამოცანად საკუთარი საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნება იქცა, ეკონომიკურ გიგანტს შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. ამავდროულად, ბევრად მარტივია უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, რადგან რუსეთის აგრესია ყველასთვის ცხადი გახდა, ალბათ, ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა ისტორიაში პირველად ქვეყანას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, ყოველდღიურად იზრდება ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ოდენობა. 

რუსული ტყუილებისგან იწმინდება დასავლეთი და პრორუსულ სახელისუფლებო მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობები რჩებათ, აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების წყაროდ რუსული ნარატივისგან თავისუფალი მედია იქცა, რაც გავლენას კიდევ უფრო ამცირებს.

„ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირის მასშტაბით. სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ Russia Today-ს და Sputnik-ს, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოებს, ისინი ვეღარ შეძლებენ ტყუილების გავრცელებას, რათა პუტინის ომი გაამართლონ.“ – დაწერა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.

რუსეთში გამართულ აქციებზე მოქალაქეებს აპატიმრებენ, ფასები მაღლა იწევს, რუსული რუბლი გაუფასურდა. თითქოს, პუტინს უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მითი, რომლის შექმნაც პუტინს საკუთარი თავისგან უნდოდა, შეიძლება ითქვას, არ შედგა, ამიტომ ძნელია თქმა, რას მოიმოქმედებს კუთხეში მიმწყვდეული მხეცი.

ვახო ქარელი

ქართველი ხალხის მხარდაჭერამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხს შეუძლია, ქვეყნის სახედ იქცეს და ხელისუფლების დუმილი გადაფაროს, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა:

„შესანიშნავი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც თბილისში და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ შეიკრიბა. ზოგჯერ მოქალაქეები არ არიან ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლებაზე უკეთესები არიან.“

იქნებ უწყვეტმა აქციებმა და უკრაინის დასახმარებლად წამოწყებულმა სამოქალაქო ინიციატივებმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაანახოს, რომ მხსნელის ძებნა ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო და შეგვიძლია, ჩვენ ვიქცეთ ცვლილებების საწყისად.

თბილისში მიმდინარე აქციებზე განსაკუთრებით ერთი ბანერი მენიშნა, რომელიც მოზარდებს ეჭირათ ხელში: „ჩვენს თაობას ემახსოვრება“.

სოციალური ქსელებით, უსაზღვრო ინფორმაციით აღჭურვილმა ახალმა თაობამ ზუსტად იცის, ვინ არის მტერი, ვინ ცდილობს, მშვიდობა ომით ჩაანაცვლოს და ტყუილისა და სიმართლის გარჩევაც ბევრად უკეთ შეუძლიათ, რაც რუსეთზე გამარჯვების მანიშნებელია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა და საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ ღიაა, ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ ხელისუფლებას მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა: ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოყო და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მოქალაქებიისა და სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივით, უკრაინაში გასაგზავნად პირველადი დახმარების ნივთები გროვდება, საქართველოს წითელი ჯვარი კი შემოწირულობებს აგროვებს.

რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რომლის სადავეები, როგორც ჩანს, უკრაინამ აიღო ხელში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრისას არსებითი შედეგის მიღწევის არ სჯერა, მაგრამ „დაე, სცადონ და უკრაინის თითოეულ მოქალაქეს გაუფანტონ ეჭვი“, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ომის შეჩერება არ სცადა.

ყოველი ახალი ღამე, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის დიდ ქალაქებზე რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას ელის და ყოველი ახალი დღე, როცა უკრაინა საკუთარ პოზიციებს არ თმობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დამანგრეველი შედეგების გამო და იმ მიზეზით, რომ რუსული მხარე ერთსულოვანი არ არის, სულ უფრო აცლის ძალას რუსულ ჯარს, რომლის გეგმებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას უკრაინა დღემდე ახერხებს.

ახლა ერთი მთავარი კითხვა რჩება – რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა, რომლისთვისაც უკან დახევა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, აგრესიის გაძლიერება კი მხარდამჭერებს კიდევ უფრო სკეპტიკურად განაწყობს, რადგან რუსეთისთვის მძიმე ტვირთად იქცევა. ეს ის ჩიხია, რომლიდანაც პუტინი მსხვერპლის გარეშე ვერ გამოვა, რა თქმა უნდა, თუ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა როგორღაც გამოძებნა. 

ოლენა შევჩენკო – აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

24 თებერვალს, რუსეთის მხრიდან ჩვენს ქალაქებზე მასიური თავდასხმის გამო, დილის 5 საათზე გამეღვიძა. უკრაინაში ჯერ კიდევ არავის შეუძლია იმის დაჯერება, რაც ახლა ხდება. Keep Reading

მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები — სირცხვილია, დროა, დემოკრატიის მცველები, შეცვალე და ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

rhdr

აქციის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას, რომლის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მზარდი აგრესია სამხედრო დაპირისპირების მოლოდინს ქმნის. შეკრებილებმა და სიტყვით გამომსვლელებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, საქართველოს ხელისუფლების დუმილი და აღნიშნეს, რომ უკრაინის საზღვართან მიმდინარე პროცესი საქართველოს სუვერენიტეტს პირდაპირ საფრთხეს უქმნის და რეგიონში მშვიდობის გარანტიებს ზიანს აყენებს.

უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია მარიამ გეგუჩაძის ორგანიზებით, ხვალ, კიევში გაიმართება, აქციაზე უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.

 

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა.

შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა იყო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ დავით გელაშვილის თქმით, საქართველოს ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის, რადგან რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ნატოში გაწევრიანება კი ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. 

„რუსეთის აგრესია საქართველოს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, რადგან რუსეთს გაცხადებული აქვს, რომ არ სურს უკრაინისა და რუსეთის ნატოში გაწევრიანება, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ფრონტის ხაზიც უკრაინაში გადის და ეს საქართველოს ომიცაა.“ – აღნიშნა დავით გელაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი დასავლელი პარტნიორების მოლოდინებს არ პასუხობს, რაც საყვედურის მიზეზად იქცა და სამომავლოდ ჩვენს ინტერესებზე საზიანოდ აისახება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 1 თებერვალს მიიღო, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. 

19 თებერვალს, უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ქცია იგეგმება, რომლის ორგანიზატორებიც აქტივისტური ჯგუფები და ოპოზიციური ლიდერები არიან.