საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ ბელგრადში, ევროპრაიდის კონფერენციაზე საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპრაიდის ფარგლებში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მორიგი თემატური განხილვა მოეწყო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებმა ლგბტქი
საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ ბელგრადში, ევროპრაიდის კონფერენციაზე საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.
სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპრაიდის ფარგლებში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მორიგი თემატური განხილვა მოეწყო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებმა ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც ამ პროცესებს ახლავს თან.
თამარ კორძაიამ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ასევე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვქონდა და ტრადიციულად, კანონის მიღებას ე.წ. ნაციონალისტური ძალები, სიძულვილის ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც რუსულ ნარატივს აჟღერებდნენ, თითქოს ეს ნაციონალურ იდენტობას დაგვაკარგვინებდა. ამ წინააღმდეგობას მხარს უჭერდა მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საქართველოში საკმაოდ ძლიერია და ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ჩვენ ვიყავით მძლავრი წინააღმდეგობის წინაშე, სადაც ნაციონალური იდენტობა ებრძოდა, პირობითად, გენდერულ იდენტობას, რადგან ამ ტერმინის ამოღებას ითხოვდნენ კანონიდან, რაც მას შინაარსს გამოაცლიდა”, — აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მისი თქმით, პრემიერმინისტრმა “სიტუაციის განსამუხტად” იდეა გააჟღერა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პარალელურად, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომლითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვრებოდა.
“პრემიერმა საკუთარი პირობის შესრულება გადაწყვიტა და ამ პროცესებმა რესპუბლიკური პარტია დაანგრია. პარტიაში ძალიან მძლავრი დისკუსია იყო, უნდა მოგვეწერა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხელი. პარტიის შიგნით კენჭისყრით აპირებდნენ საკითხის გადაწყვეტას და ამის წინააღმდეგ გამოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანის უფლებები კენჭისყრის ნაწილი იყოს იმ პარტიის შიგნით, რომელიც ლიბერალური ღირებულებებით გამოდის საზოგადოების წინაშე. ჩემმა პოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ ამის შემდეგ პარტიის წევრების ნახევარმა პარტია დატოვა. მე ვფიქრობ, ეს მაინც გამარჯვება იყო, რადგან პოზიციების მკაფიოობა ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია პარლამენტში ვერ მოხვდა”, — განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიას აზრით, ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი რესპუბლიკური პარტიის სახელით საკრებულოს არჩევნებში ღიად ლესბოსელი აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის მონაწილეობა იყო.
“სამწუხაროდ, მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორებულა, თუმცა ამ საარჩევნო კამპანიის შემდეგ პოლიტიკოსების მხრიდან ღია თავდასხმა ლგბტქი თემის წარმომადგენლებზე სირცხვილია და ცუდი ტონია, ეს გარდატეხა მნიშვნელოვანი იყო. საქართველოში ზიზღზე აგებული პოლიტიკა არ მუშაობს, ყველა კანდიდატი, რომელიც თავის საარჩევნო კამპანიას აგებდა ლგბტ თემის წინააღმდეგ, იმაზე, რომ ეს ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არის, ვერ იღებს ხმებს. მაგრამ, როგორც წესი, ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან ხელისუფლების მხარდაჭერილნი”, – თქვა კორძაიამ.
კორძაიას თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა გაიაზრონ — სიძულვილთან შეწინააღმდეგება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად იგრძნობს, მათი ვალდებულებაა.
“ჩემი რწმენით, პოლიტიკაში მოდიხარ იმისთვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლებები. ყველაზე რთულია ბრძოლა შსს-სთან, უსაფრთხოების სამსახურებთან, რადგან ისინი, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების შეზღუდვას მუდმივად ცდილობენ. მგონია, ჩემი მისია ამ პარლამენტშიც ისაა, მათ გავაგებინო — არსებობს ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება არის მის სამსახურში; უსაფრთხოება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ თავისუფლები, ბედნიერები და თანასწორები. ეს არ არის მარტივი თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე გამოწვევების პირობებში, მაგრამ მე მაინც მჯერა და ალბათ ასე ვიქნები მუდამ, რომ პოლიტიკის საფუძველი არის ადამიანის უფლებების დაცვა”, — აღნიშნა თამარ კორძაიამ.
ევროპრაიდი 2022 სერბეთში, ბელგრადში მიმდინარეობს. ღონისძიებისთვის მზადებას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა. ულტრამემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფებმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართეს, რასაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა — მან ევროპრაიდის გაუქმება დააანონსა. კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და 12 სექტემბერს ევროპრაიდი დაიწყო, თუმცა 13 სექტემბერს სერბულმა პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა. ბელგრად პრაიდმა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. ამასთან, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას მარშის მონაწილეთა დაცვისკენ მოუწოდეს, რაც საბოლოოდ ხელისუფლების მიერ მარშის მხარდაჭერით დასრულდა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს