ქართული ოცნება

ფლანგვის დეტექტორმა ალტ-ინფოს ფინანსები და ქართულ ოცნებასთან კავშირები შეისწავლა

ფლანგვის დეტექტორმა პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის ფინანსები და მთავრობასთან ურთიერთობა შეისწავლა, რომლითაც ქართულ ოცნებასთან სავარაუდო კავშირები იკვეთება.  კონსერვატიული პარტიის ოფისების გახსნას პროტესტი არაერთ ქალაქში მოჰყვა, თუმცა ფლანგვის დეტექტორის

ფლანგვის დეტექტორმა ალტ-ინფოს ფინანსები და ქართულ ოცნებასთან კავშირები შეისწავლა

ფლანგვის დეტექტორმა პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის ფინანსები და მთავრობასთან ურთიერთობა შეისწავლა, რომლითაც ქართულ ოცნებასთან სავარაუდო კავშირები იკვეთება. 

კონსერვატიული პარტიის ოფისების გახსნას პროტესტი არაერთ ქალაქში მოჰყვა, თუმცა ფლანგვის დეტექტორის თანახმად, ზოგიერთ ქალაქში პარტიამ საოფისე ფართის ქირაობა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დახმარებით შეძლო.

წყალტუბოს რეგიონული ოფისი ალტ-ინფომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ მხეიძის შვილისგან, რეზო მხეიძისგან იქირავა. აღსანიშნავია, რომ ფართის თანამესაკუთრე რუსეთის მოქალაქე, აკაკი ლორთქიფანიძეა. გარდა ამისა, კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისების რამდენიმე ხელმძღვანელი და პარტიის წევრი ადგილობრივი მერიის ა(ა)იპ-ებშიც არიან დასაქმებული.

ფლანგვის დეტექტორმა კონსერვატიული მოძრაობის ფინანსებიც შეისწავლა და დაადგინა, რომ დაჯგუფების თქმით, პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი ალტ-ინფოს ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ორჯერ არის ნასამართლევი. პირველად წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით, რა დროსაც მისი ადვოკატი ქართული ოცნების ამჟამინდელი ლიდერი მამუკა მდინარაძე იყო. მორგოშია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მეორედ 2016 წელს არის შემჩნეული, როცა პატრიოტთა ალიანსს კანონით გათვალისიწნებულ წლიურ შემოწირულობაზე, 60 ათას ლარზე მეტი თანხა შესწირა. მორგოშიას 180 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რაზეც უარი განაცხადა და ამის გამო 2017 წლიდან მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული.

მორგოშიას ქონება ვერ დაუყადაღეს, რადგან საკუთარ სახელზე არც აქტივები და არც უძრავი ქონება აქვს გაფორმებული. ალტ-ინფოს ლიდერი მამიდის, ციალა მორგოშიას და ძმის, გიორგი მორგოშიას დახმარებით წარმართავს ფინანსურ ოპერაციებს.

გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორის მიგნებით, მორგოშიების ოჯახი მერიასთან კავშირებშია შემჩნეული. გიორგი მორგოშია მერიასთან დეველოპერული კომპანიის შუამავალი იყო და ამ გარიგების წყალობით 800 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და $110 ათასი გადაეცა. ალტ-ინფოს ლიდერის ძმამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად 3 თვე მოითხოვა, რაც აღნიშნული გარიგებისთვის მცირე დროა, ამასთან ის არქიტექტურის სამსახურის ჩანაწერებში არ იძებნება. გიორგი მორგოშია მერიასთან შუამავლის როლში კიდევ ერთ ეპიზოდში გვევლინება, რომლისთვისაც 400 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიიღო.

ფლანგვის დეტექტორის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საეჭვოა, რადგან 2021 წელს გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს ჰგავს, რომელშიც ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და სხვა პრორუსული დაჯგუფების, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობენ, როგორ მისცა კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას უკანონო მშენებლობის უფლება ორჯერ.

ფლანგვის დეტექტორის მიერ მომზადებული სრული მასალის ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.