საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა ვენეციის კომისიას და სთხოვს, რომ აღარ განიხილოს სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე პარლამენტის თხოვნა და შეაჩერონ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი “რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა ვენეციის კომისიას და სთხოვს, რომ აღარ განიხილოს სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე პარლამენტის თხოვნა და შეაჩერონ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი
“რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.
შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი”, — აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.
აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.
მამუკა მდინარაძის განაცხადებით ,რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 21 მარტს გავა და ჩავარდება. მისივე თქმით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს