ნია გვათუა და საქსესი — “ყველაფერი, რაც ქვიარ ადამიანებისგან ვისწავლე”

მე ვარ ნია გვათუა, პირველ რიგში დედა, მეორე რიგში ფოტოგრაფი. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ფოტოგრაფიით, ვარ დიჯეი და პირველი ქართული გეი ბარის, Success-ის მფლობელი.  

ყველაფერი დაიწყო ჩემი დიდი სიყვარულით ანდერგრაუნდ სივრცეების მიმართ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა და საკლუბო სივრცეები. ბევრი წელი ვცხოვრობდი ბარსელონაში და მოგზაურობისას ძალიან მიყვარდა ქვიარ სივრცეების მონახულება, ქვიარ ბარები და კლუბები ყოველთვის ჩემი საყვარელი ადგილები იყო ნებისმიერ ქვეყანაში.

პირველი მოგონება, გეი კლუბი “შანსი” და აკვარიუმში მოცურავე შიშველი გეი კაცები

დღევანდელი ჩემი საქმიანობა ძალიან მაგონებს ჩემს ბავშვობას. დედა ადრე გარდამეცვალა, ხუთი წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი მახსოვს, ჩემს ცხოვრებას მაინც დაეტყო მისი კვალი. პროფესიით მხატვარი იყო და ცხოვრობდა ბოჰემური ცხოვრების წესით, ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, უსმენდა იმ მუსიკას, რომელიც დღესაც ძალიან ცოცხალია, ჰქონდა გამორჩეული ხედვები. ხშირად დავდიოდი მასთან ერთად სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეში, კლუბებში და ბარებში. ხუთ წლამდე ვცხოვრობდი იტალიაში, მერე მოსკოვში.

კინოს კადრებივით მახსოვს: პატარა ვარ, დავიკარგე ერთ-ერთი კლუბში, ძალიან მეშინია, ადამიანებს ვერ ვცნობ, დაბალი ვარ, ფეხებში ვედები ყველას, ვიღაცამ სცენაზე ამიყვანა და კითხულობს, ვინ დაკარგა ბავშვი, ძალიან ვნერვიულობ, ვკანკალებ. წლების შემდეგ გავიგე, რომ მოსკოვურ გეი კლუბში დავკარგულვარ, რომელსაც “შანსი” ერქვა და რომელშიც უზარმაზარი აკვარიუმი იყო, სადაც შიშველი კაცები თევზებივით დაცურავდნენ.

დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებიც ძალიან კონსერვატორები არიან. ძალიან გამიჭირდა საქართველოში დაბრუნება, არ მომწონდა ახალი გარემო, მკაცრ ბებია-ბაბუასთან შეგუება. სტრესთან გამკლავების მიზნით, ეზოში, სადარბაზოსთან პატარა ბარივით გავხსენი, სადაც კოკა-კოლას ვყიდდი, ვაკეთებდი თოჯინების თეატრს. მქონდა სხვადასხვა წარმოდგენა, ვაცმევდი ჩემს მეზობლებს, მაკიაჟს ვუკეთებდი. ახლა რომ ვფიქრობ, დღესაც ზუსტად იგივეს ვაკეთებ, ოღონდ უფრო სერიოზულ დონეზე — ბარის მფლობელი ვარ და ქართველ დრეგ ქვინებთან ერთად ვაკეთებ შოუებს.

ახალი Success Bar-ის ისტორია

Success-ის ისტორია 2016 წლიდან იწყება. 26 წლის ვიყავი, როცა ჩემმა გეი მეგობარმა მთხოვა თბილისის  გეი ბარში, ძველ Success-ში წავსულიყავით. მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ იქ, თუმცა არ ვიცოდი, რომ გეი ბარი იყო, ბევრმა არ იცოდა. რომ მივედით, იმდენად ცუდი სიტუაცია დამხვდა, გული მომიკვდა — საშინელი ინტერიერი, ძალიან უგემოვნო განათება, ცუდი პლეილისტი, ძალიან ძვირი სასმელი. როცა დავინახე, რომ ერთადერთი ქვიარ ბარი ასეთ დღეში იყო, დავიწყე ფიქრი, მე როგორ გავაკეთებდი Success ბარს და რას შევცვლიდი.

ეს აზრი ამეკვიატა. სამი თვის განმავლობაში, როცა ჩავუვლიდი, თითქოს ეს ადგილი მეძახდა და დახმარებას ითხოვდა. წარმოვიდგენდი, რომ ჩემი იყო და ყველაფერს ვცვლიდი. თავიდან ბარის ძველ მეპატრონეს დავუკავშირდი, ვიცნობდი და შევთავაზე, გარკვეული თანხა მოეცა და ბარის გამართვაში დავეხმარებოდი. არც კი ვფიქრობდი, რომ ეს სივრცე ჩემი შეიძლება გამხდარიყო. ჩემი გათვლით, 2-3 თვეს გავატარებდი ბარის გაუმჯობესებაში და მერე ჩემს გზაზე წავიდოდი.

მეპატრონემ მითხრა, რომ ბარი საშინელ მდგომარეობაშია, ხელფასებსაც ვერ იხდიან და ვერც მაგ ფულს ვიშოვითო. მერე ისე დაემთხვა, რომ ჩემი პარტნიორის, ხუანის დახმარებით დავუკავშირდი ქართველ ბიზნესმენს, თემურ უგულავას, რომელმაც არც კი დამამთავრებინა იმის მოყოლა, რომ გეი ბარის გაკეთებას ვაპირებდი, პირდაპირ მომცა ფული. დავურეკე ბარის ძველ მეპატრონეს და შევთავაზე, მოექირავებინა ბარი და მე გავაცოცხლებდი ძველ საქსესს.

თავიდან ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი. ძველი თაობის გეები მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ რაც მკვდარია, ვერ გავაცოცხლებ. მე მაინც მჯეროდა, რომ საქსესი თავიდან დაიბადებოდა. ეს იყო 2016 წელს. ხუთი წელი შეიძლება არაფერია, მაგრამ მაშინ ბევრი რამე სხვანაირად იყო — მე მომიხსენიებდნენ, როგორც ჰეტეროსექსუალ ქალს, რომელმაც ლგბტ+ ადამიანებისთვის ბარის გაკეთება გადაწყვიტა. არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ქვიარი.

უსაფრთხო სივრცე და ქვიარ ადამიანების დამაკავშირებელი ადგილი 

მაშინ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რომ ქვიარ სივრცის გაკეთება აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება ყოფილიყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ლგბტქ+ ადამიანებისთვის, გაიზარდა საზოგადოების ინფორმაცია ლგბტქ+ საკითხების მიმართ, შეიცვალა დამოკიდებულებები. მგონია, რომ ამაში თავისი წვლილი Success-მაც შეიტანა, რომელიც ბევრი ლგბტქ+ ადამიანისთვის უსაფრთხო სივრცე, სახლი და დამაკავშირებელია.

მანამდეც ძალიან ბევრი კეთდებოდა ამ მიმართულებით, თუმცა Success აფეთქებასავით იყო ადამიანების გონებაში. მეც ბევრი რამ ვისწავლე — იქამდე ჩემს ცნობიერებააში არ არსებობდა ლგბტქ+, არსებობდა მხოლოდ გეი. საქსესის დახმარებით, როგორც მე, ისე ბევრმა სხვა ადამიანმა ვისწავლეთ, რომ ძალიან ბევრი სექსუალური იდენტობა არსებობს, რომ გენდერი ამოუწურავია. საქსემმა ხელი შეუწყო ერთგვარი მოძრაობის წარმოშობას. ეს ადამიანები ამ ქალაქში მანამდეც იყვნენ, მაგრამ დაქსაქსულები, საქსესსმა კი ყველანი ერთ პატარა სივრცეში გააერთიანა.

საქსესმა ხელი შეუწყო დრეგ კულტურის განვითარებასაც. თავიდან მინდოდა უცხოელი შემსრულებლები ჩამომეყვანა, მაგრამ მერე, როცა პირდაპირ შევეჯახე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და რასთანაც უწევდათ გამკლავება ლგბტქ+ ადამიანებს, გადავწყვიტე, სივრცე ადგილობრივი ქვიარ არტისტებისთვის დამეთმო. ასე გაჩნდა და განვითარდა დრეგ კულტურა ჩვენს ქვეყანაში.

ქართული და არაქართული Underground კულტურა

ქართული და არაქართული ანდერგრაუნდ სივრცეები ძალიან განსხვავდება. პირველი და ყველაზე მთავარი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით არაადამიანურია. ქართულ ანდერგრაუნდ კულტურას დიდი წარსული არ აქვს და ამ ყველაფერზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა. ქვიარ ადამიანები ამ სივრცეებში ახლახან გაჩნდნენ. მანამდეც იყვნენ, რა თქმა უნდა, თუმცა არ გვქონდა ქვიარ ღამეების სერია, რომელმაც ანდერგრაუნდ ცხოვრებას თავისი კვალი დაატყო.

ამასთან ერთად, ანდერგრაუნდ სივრცეებმა ერთგვარი თავშესაფრის როლი იკისრა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მენტალური პრობლემები; რომლებსაც აქვთ პრობლემები თავიანთ იდენტობასთან, ოჯახთან; ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ რეალიზებას და ეს სივრცეები აძლევენ ერთგვარად გაქცევის საშუალებას, სადაც ცოტა ხნით მაინც მოწყდებიან აფერგრაუნდის პრობლემებს და ყოველდღიურ გამოწვევებს.

ანდერგრაუნდ სივრცე არ არის მხოლოდ გართობა და ის ხშირად აქტივიზმის ფორმასაც იძენს, განსაკუთრებით ქვიარ ადამიანებისთვის. ადამიანები არ ცეკვავენ მხოლოდ გართობისთვის, მათი ერთად დგომა ამ ჰომოფობიურ გარემოში და სახელმწიფოში ნამდვილად პროტესტის ერთგვარი ფორმაა. ქართულ ანდერგრაუნდ სივრცეებში შეხვდებით უამრავ გაბედულ ადამიანს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და არ ეგუებიან ამ მჩაგვრელ სისტემას.

ყველაფერი რაც ქვიარ ადამიანებისგან ვისწავლე

საქსესმა და ქვიარ ადამიანებმა მასწავლეს, რომ საჭიროა ბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის; რომ არ უნდა შეუშინდე მოცემულობებს და მაინც გააგრძელო მიზნისკენ სვლა; არ უნდა დაიჯერო, თუ გეუბნებიან, რომ რაღაც არ შეგიძლია — ყველას ყველაფერი შეუძლია, მთავარია, შენი მიზნისკენ რაღაც ნაბიჯები გადადგა.

ქვიარ ადამიანები დამეხმარნენ, გავთავისუფლებულიყავი კომპლექსებისგან. ბევრჯერ ვყოფილვარ ივენთზე, სადაც მინახავს დიდი ზომის ადამიანი, რომელიც სექსუალურად წარმოაჩენს საკუთარ სხეულს და არ რცხვენია ამის. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთთან ჯაჭვურად ვართ გადაბმულები და მაგალითს ვაძლევთ ერთმანეთს. ეს ჯაჭვი ქვიარების შემთხვევაში ძალიან მყარია.

ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ვაძლევთ ძალას იმ მოცემულობაშიც, როცა გარე სამყარო არც ისე მეგობრულია ჩვენ მიმართ. ეს ჯაჭვი კი უფრო და უფრო იზრდება და ჩვენს საზოგადოებაში თავისუფალი, კომპლექსებისგან დაცლილი უფრო მეტი ადამიანი ჩნდება. მე ახლა უფრო მეტად გახსნილი ვარ, უფრო მეტად თავდაჯერებული, უფრო მეტად მიმღები.    

ბრმა და ცნობისმოყვარე ჰომოფობი

ჰომოფობია სინამდვილეში არის გამოუცდელობა. ჰომოფობი, ხშირ შემთხვევაში ისე, რომ არც იაზრებს და არც აანალიზებს, ირჩევს სიძულვილის გზას. ჩემი დაკვირვებით, ორი ტიპის ჰომოფობები არსებობენ: ერთი ბრმად ირჩევს ჰომოფობიას და თუ ასეთი ვინმე აღმოჩნდება საქსესში, იწყებს ყვირილს, ძალადობას და ამთავრებს პოლიციით და მეორე არის ცნობისმოყვარე ჰომოფობი, რომელიც მოქცეულია ჰომოფობიურ გავლენებში, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც დააჯერეს და ინტერესი უჩნდება, რომ მეტი გაიგოს. როცა ცნობისმოყვარე ჰომოფობი საქსეში აღმოჩნდება და ხვდება, რომ არაფერი სასწაული აქ არ ხდება, პირიქით, ძალიან მეგობრული საზოგადოებაა, მერე კიდევ და კიდევ მოდის, აქ უმეგობრდება ადამიანებს და იმ ძველ მეგობრებზეც ამბობს უარს. ბევრჯერ ყოფილა მსგავსი შემთხვევა ჩვენს ბარში — თავიდან ყველას რომ გვიკვირს, “ამას აქ რა უნდა” და მერე ძალიან ხშირი სტუმარი ხდება. 

სინამდვილეში, ჰომოფობი ადამიანიც არის მსხვერპლი. მათ მიმართ უნდა ვიყოთ ნაკლებად მკაცრები. ვიცი, რომ ხშირად რთულია მათ ქმედებებმა არ გაგაღიზიანოს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან სიყვარული უნდა ვაჩვენოთ. ქრისტეც ამას გვასწავლის, რომ სიძულვილზე მაღლა დავდგეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს სიძულვილისგან და ცრუ წარმოდგენებისგან გათავისუფლებაში.

მთავარი გამოწვევები ქვიარ ადამიანებისთვის და თანამედროვე ქალღმერთის დაბადება

ქვიარ ადამიანების ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს არის, რომ ამდენმა აგრესიამ, ამხელა სიძულვილმა არ გაგვაბოროტს და შევინარჩუნოთ საკუთარი თავი. ძალიან რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, არ დაკარგო სახე და არ დაიბოღმო, როცა ოჯახი ზურგს გაქცევს, საზოგადოებაში შენი ადგილი არ მოიძებნება და მომავლის სურათები ძალიან ბუნდოვანია. ამასთან ერთად, ყველაზე მთავარი გამოწვევაა, მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც ვართ, გავიცნოთ საკუთარი თავი. არ აქვს მნიშვნელობა გეი ხარ, ლესბოსელი თუ ტრანსგენდერი, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და არ უნდა გაურბოდე საკუთარ იდენტობებს, არ უნდა გაშინებდეს არც ფემინურობა შენში და არც მასკულინობა.

შეიძლება ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ თანამედროვე ქალღმერთი ვარ, ერთგვარი მედიუმი და განსაკუთრებული მისია მაქვს ამ სამყაროში. ყოველთვის ასე არ იყო, ნელ-ნელა მივედი აქამდე, ბევრი შრომის შედეგად და ამაში ყველაზე დიდი დამსახურება ქვიარ ადამიანებს მიუძღვით. ამდენმა ფერმა, ამდენმა დადებითმა ემოციამ, მუსიკამ, პლანეტებმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ასე ვიგრძნო თავი და ჩემი თავისუფლებაც ამაში მდგომარეობს, რომ გავაგრძელო ჩემი სპირიტუალური მოგზაურობა და განვიცადო ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

ფოტო: ნია გვათუას პირადი არქივი

 

წინა

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

შემდეგი

8 ფილმი, რომლის ცენტრშიც ბისექსუალი პერსონაჟები არიან

ბოლო სიახლეები

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook18Tweet0Shares18 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook2Tweet0Shares2 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook7Tweet0Shares7 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და