AFP / Getty Images

ლიბანის ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მარგინალიზებულ ჯგუფებს ესხმის თავს

ნურს ლიბანში თავი ბოლომდე დაცულად არასდროს უგრძნია, მაგრამ გასულ რამდენიმე წელში, 25 წლის აფთიაქარმა ბეირუთიდან თავდაცვის მდგომარეობა მცირედით უკან მოიტოვა და ლგბტქი-მეგობრულ სივრცეებში მეგობრებთან შეხვედრა დაიწყო, მეტიც, დრეგ შოუებზე გამოსვლაც გადაწყვიტა.

ახლა სახლში დარჩენას ამჯობინებს, რადგან უსაფრთხოება ისეთი სათუო გახდა, როგორც არასდროს. ამის მიზეზი გასულ თვეს ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომ ჩაეშალა ყველა ღონისძიება, რომელიც „სექსუალური გადახრის პროპაგანდას“ ეწეოდა, რასაც სიძულვილის ენის გაბატონება მოჰყვა.

აღნიშნული ქმედება ბევრად მასშტაბური წინააღმდეგობის ნაწილია, რომელიც მარგინალიზებული ადამიანებისკენ არის მიმართული და აქტივისტების თქმით, მიზნად ისახავს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის თემებისგან ყურადღების გადატანას, რამაც პოპულაციის ¾ სიღარიბემდე მიიყვანა.

ერთ დროს საშუალო შემოსავლის ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი ინფლაციით მოტანილ გამოწვევებს, ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვას, სამედიცინო საშუალებების დანაკლისს უმკლავდება, ათიათასობით ადამიანმა კი ქვეყანა უკეთესი მომავლის იმედით დატოვა.

„თითქოს უნდოდათ, ადამიანების ყურადღება გადაეტანათ ყველა მიმდინარე ამბისგან და მათი ფოკუსი ამ პოპულისტური იდეისკენ მიემართათ“, — ამბობს ნური, რომელიც მეტსახელის გამოყენებას ამჯობინებს, რადგან ოჯახმა მისი ორიენტაციის შესახებ არ იცის.

სახელმწიფო უსაფრთხოების დანაყოფებმა ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებაზე მიიტანეს იერიში და ორგანიზატორები იძულებული გახადეს, რომ დაგეგმილი აქტივობები გაეუქმებინათ. ისინი Helem-ს, ქვეყნის პირველ ადვოკატირების ჯგუფსაც ეწვივნენ და სარეგისტრაციო დოკუმენტები და სხვა სახის დოკუმენტები მოითხოვეს.

ხელისუფლების ლგბტქი მოქალაქეებზე მიტანილ იერიშს რელიგიური წრის წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ლგბტქი ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ისინი არღვევენ საზოგადოების წარმოდგენებსა და ტრადიციებს და წინააღმდეგობაში არიან რელიგიურ სწავლებასთან“.

Helem-ის დირექტორის ტარეკ ზიდანის თქმით, ხელისუფლების ქმედებები „ლიბანელების ერთმანეთთან დაპირისპირებას იწვევს. ნათელია, რომ ამ გზით მორალური პანიკის დათესვა უნდოდათ, რათა ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური კატასტროფისგან ყურადღება გადაეტანათ“.

ლიბანში ეკონომიკური კრიზისი 2019 წლიდან მწვავდება და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს ყველაზე უარესია მათ შორის, რაც მსოფლიოს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან უნახავს. ლიბანური ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებით 90%-ით გაუარესდა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საწვავზე, გაზზე, ჯანდაცვის სერვისებზე და საკვებზე ხელმისაწვდომობის ფასად დაუჯდა.

მოქალაქეები და ექსპერტები კრიზისს ცუდ ფინანსურ მენეჯმენტსა და კორუფციას აბრალებენ, რასაც ლიბანის მმართველი ელიტის ბრალეულობად მიიჩნევენ.

მაისში, როცა ახლადარჩეულმა კანონმდებლებმა და ადვოკაციის ჯგუფებმა სამოქალაქო ქორწინების შესახებ აქტიურად საუბარი დაიწყეს, რელიგიურმა ლიდერებმა რელიგიურ წესრიგთან შეუსაბამობის გამო პროტესტი წამოიწყეს.

ლიბანში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ჯერ კიდევ კორონავირუსის ლოქდაუნისას კომიკოსი, შადენ ფაკი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგა მას შემდეგ, რაც მან სკეტჩში ქვეყნის პოლიცია გააკრიტიკა, რადგან ჰიგიენური საფენების შესაძენად გარეთ გასვლის უფლება არ მისცეს.

ივლისის დასაწყისში კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის ქვეყანაში მიბრუნების რისკებს ქმნის.

„ხელისუფლება ყურს იყრუებს კორუფციის, წამების, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე და ამის საპირწონედ რელიგიური ჯგუფებისა და ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების მხრიდან მარგინალიზებულ ჯგუფებზე თავდასხმას დაუყოვნებლივ მხარს უჭერს“, — აღნიშნავს აია მაჯუბი, Human Rights Watch-ის მკვლევარი ლიბანიდან.

მწვავდება დაპირისპირება მოქალაქეების ნაწილსა და რელიგიურ ჯგუფებს შორისაც.

ერთ-ერთ რეგიონში, სადაც რელიგიური წესრიგი განსაკუთრებით ხელშესახებია, პრაიდის თვის მხარდამჭერი ბილბორდები ჩამოხიეს. სხვა რეგიონში ძალადობრივად დაგმეს ლგბტქი ღონისძიებები, რელიგიურმა ლიდერებმა კი ბულინგისა და ძალადობის მიუხედავად აგრესიული ჯგუფებს მხარი დაუჭირეს.

დისკრიმინაციასთან და შეურაცხყოფებთან მუდმივი ბრძოლის მიუხედავად, ლიბანი ლგბტქი თემი არაბულ სამყაროში ყველაზე ძლიერი და ხილვადია. ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, მაგრამ მაინც მუშაობს არაერთი ლგბტქი ორგანიზაცია, ბარები და კლუბები კი უსაფრთხო სივრცეების შექმნას ცდილობენ.

ამჟამად ნური და მისი მეგობრები ჩვეულ ადგილებში შეხვედრას თავს არიდებენ, რადგან რეიდების რისკი მაღალია.

„WhatsApp-ის ჯგუფი გვაქვს და როცა რომელიმე ჩვენგანი გარეთ გადის ერთმანეთს ვატყობინებთ, ვეუბნებით იმასაც, დაახლოებით რა დროს ვაპირებთ სახლში დაბრუნებას“, — ამბობს ნური.

ლიბანის ეკონომიკური კრიზისი კვლავ უარესდება, აქტივისტები კი შიშობენ, რომ ეს მარგინალიზებულ ჯგუფებზე იერიშს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„სრულმასშტაბიანი თავდასხმის მომსწრეები ვართ, რადგან მმართველ რეჟიმს კონტროლის დაკარგვის შიში გაუჩნდა. ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ, რომ ისინი თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნიან. თავდაპირველად ლტოლვილები იქცნენ სამიზნედ და არავის ადარდებდა. ახლა ქვიარებს ესხმიან თავს და არც ეს აინტერესებს ვინმეს“, — აღნიშნავს ზიდანი.

წყარო: AP

წინა

Emmy 2022 –  ქვიარ მსახიობები და სერიალები ნომინანტებს შორის

შემდეგი

ლეიდი გაგას ბოლო ალბომის, Chromatica-ს საკონცერტო ტურნე დაიწყო

ბოლო სიახლეები

დედაენის ბაღში ირანის სოლიდარობის ღონისძიება გაიმართება

FacebookTweetLinkedInEmail 11 დეკემბერს, დედაენის ბაღში ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერი ღონისძიება, ირანის თავისუფლებისთვის გაიმართება, რომელზეც ქართველი ფოტოგრაფების

კინტოს სიმღერის მიხედვით შექმნილი ქართული ილუსტრაცია გეი სიყვარულზე

FacebookTweetLinkedInEmail Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, Kalioras Lika-მ გრაფიკული ილუსტრაცია მიუძღვნა სსრკ-ში, 1950-იან წლებში ჩაწერილ კინტოს სიმღერას, რომელთან