კვლევა გენდერული კვოტების შესახებ — თეორია და პრაქტიკა საქართველოში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამისა და გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კვლევა “სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ანალიზი: 2020 და 2021 წლების არჩევნების თეორია და პრაქტიკა საქართველოში”.

კვლევა მიზნად ისახავდა სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის და მისი პრაქტიკაში აღსრულების შესწავლას, არსებული პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენასა და სავალდებულო გენდერული კვოტების მიღების შემდეგ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას.

კვლევამ არჩევნებამდე არსებული მდგომარეობა, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი შეაფასა და ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბა:

  • გენდერული თანასწორობა, მათ შორის, პოლიტიკაში ქალების როლის გაძლიერება საზოგადოების მოთხოვნაა;
  • პოლიტიკურ პარტიებში სავალდებულო გენდერული კვოტის მიმართ დამოკიდებულება, ზოგადად, დადებითია;
  • პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ან სუსტად აქვთ გაწერილი და დანერგილი შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა;
  • გამოწვევად რჩება სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების ვადა;
  • გამოწვევად რჩება სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია;
  • პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ქალი კანდიდატების მოძიების, მოზიდვის, ჩართვის და დაწინაურების მკაფიოდ გაწერილი წესები, რაც თავისთავად აფერხებს მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • ქალი კანდიდატების/პოლიტიკოსებისთვის საჯაროობა განსაკუთრებით რთულია;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის გამოწვევად რჩება არასაარჩევნო პერიოდში პარტიის ყოველდღიური საქმიანობა;
  • წამახალისებელი ფინანსური მექანიზმის არსებული მოდელი არაეფექტიანია და საჭიროებს გადახედვას.

რაც შეეხება ძირითად რეკომენდაციებს, კვლევის მიხედვით, მათ შორის არსებითია:

  • პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი შინაარსობრივი მონაწილეობისა და ჩართულობის ზრდა. ამისთვის, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან, განავითარონ და დანერგონ შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა. მათ შორის, შიდაპარტიული გენდერული კვოტის დანერგვის, რესურსების თანაბარი გადანაწილების, კანდიდატების მოზიდვის და პროფესიული განვითარების სისტემების გაუმჯობესების გზით.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საკანონმდებლო ჩარჩო და გაიზარდოს სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების ვადა. კერძოდ, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდირებულია, საარჩევნო კოდექსში გაუქმდეს ჩანაწერი სავალდებულო გენდერული კვოტის კონკრეტული ვადით (2028 და 2032 წლები) შეზღუდვის შესახებ.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საკანონმდებლო ჩარჩო და გაიზარდოს სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია. კერძოდ, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდირებულია, საარჩევნო კოდექსით საქართველოს პარლამენტის 2024 წლის და მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის დადგენა, ხოლო 2032 წლიდან – პარიტეტის პრინციპზე გადასვლა (ორ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი). ადგილობრივი თვითმმართველობის 2025 წლის და მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ორ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის დადგენა.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს წამახალისებელი ფინანსური მექანიზმის მოქმედების ვადა და მისი მიზნობრიობის გაზრდისათვის, შეიცვალოს ფინანსური მექანიზმის გამოყენების ფორმულა.

კვლევის ფარგლებში 40 სიღრმისეული ინტერვიუ და 6 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელის, მოქალაქეების, გირჩის, საქართველოსთვის, საქარათველოს ლეიბორისტული პარტიის, დროას, ანა დოლიძე – ხალხისთვის პარტიის წევრებმა და სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

“სავალდებულო გენდერულ კვოტაზე საუბრისას, რესპონდენტი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათი პარტიები მხარს უჭერენ გენდერულ კვოტირებას. მეტიც, რამდენიმე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩვენებისთვის „ბოლო წუთს შეცვლილმა კანონპროექტმა და გენდერული კვოტის პროცენტულობის შემცირებამ“ მათში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რაც შეეხება არასაპარლამენტო და ახლადშექმნილ პარტიებს, მათ არ აქვთ გენდერულ კვოტირებაზე გამოკვეთილი ოფიციალური პოზიცია და აცხადებენ, რომ სხვა პარტიების მსგავსად, აღნიშნულ თემას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც”, — აღნიშნულოა დოკუმენტში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, სავალდებულო გენდერულმა კვოტამ ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კერძოდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას პროპორციული სიით 31.4% (441) ქალი, ხოლო მაჟორიტარული წესით 7.6% (50) ქალი აირჩა. ჯამში, ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში 24%-მდე გაიზარდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად პროგრესისა, საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ კრიტიკულ მასას (30%-40%), რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად.

“თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით. ამ პროცესში არსებითად გადამწყვეტია ქალების პოლიტიკური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

კვლევა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის ფარგლებში, „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ასევე მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

წინა

აქონდროპლაზია — იშვიათი დიაგნოზი, რომელზეც მეტი უნდა გაიგოთ

შემდეგი

გეი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი კატარში დაგეგმილი პროტესტისას დააკავეს

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ