დრეგ ქვინობის დაუწერელი კანონები და HOMO ERECTUS დრეგის მიღმა

დრეგი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ღრმა ბავშვობიდან, თუმცა მაშინ არ ვიცოდი, ამისთვის სახელი თუ არსებობდა. მგონია, რომ მე არ მიპოვია დრეგი — დრეგმა მიპოვა და აღმომაჩინა. დრეგი გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში და გამოხატვაში. ჩემთვის დრეგ კულტურა იმითაც არის გამორჩეული, რომ ის საუკეთესო გზაა იმ ტკივილის, სევდის, სიხარულის, იმედგაცრუების თუ სხვა სპეციფიკური გრძნობების გადმოსაცემად, რაც უნიკალურად ქვიარ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.

როგორ შევქმნათ ხელოვნება იმისგან, რაც საზოგადოებამ არასერიოზულად მიიჩნია

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მეგობარმა დამირეკა, ნია გვათუა აკეთებს ბასიანზე შოუს და ქვინები ჭირდებაო. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, სახლში რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა გავპარულიყავი გვიან ღამით და მერე დილით ადრე, შოუს დამთავრების შემდეგ, როგორ უნდა დავბრუნებულიყავი. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა — გავიარეთ რამდენიმე რეპეტიცია, პროცესი ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. ჩემს პირველ შოუში იულია იყო ფარაონი და მე ვიყავი მისი მონა. შოუს დროს იულია გვამათრახებდა, მონები ვეფერებოდით, მე ყურძენს ვაჭმევდი. შოუში მონაწილეობდა Vanilla Ice — კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი ქვინი, რომელიც მოსეს როლს ასრულებდა და ფარაონის მონები გაგვათავისუფლა. დაუვიწყარი იყო ყველა ის ემოცია, რაც იმ ღამეს მივიღე ბასიანზე. ჰელოუინის ღამე იყო, ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებდა, ტაში არ წყდებოდა.

დრეგი ბევრისთვის ფემინურობასთან, სექს სამუშაოსთან ასოცირდება, თითქოს თვითგამოხატვის ეს ფორმა ხელოვნება არ არის და იაფფასიან გართობადაა მიჩნეული, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. თუმცა მესმის, რატომაც აღიქვამს საზოგადოება ასე — დრეგის მიმართ არასწორი წარმოდგენები გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები. ამასთან ერთად, დრეგი წინა პლანზე აყენებს ყველაფერს იმას, რის მიჩქმალვას და დამალვასაც ცდილობს საზოგადოება — შენ ხარ ფემინური, გამოდიხარ სცენაზე, როგორც ქალი, ირგებ იმ იმ როლს, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის მისაღები, აკეთებ ქალი შემსრულებლის პერფორმანსს იმ სიმღერებზე, რომლებიც საზოგადოებამ თავის დროზე არ მიიჩნია სათანადოდ ღირებულად. მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს — გაცვია კაბა, დგახარ ქუსლიან ფეხსაცმელზე, ატარებ მაკიაჟს. მათი გადმოსახედიდან თითქოს კლოუნი ხარ, თუმცა ჩვენთვის ეს პირიქით, გამოწვევაა. მომწონს, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მივდივართ ქართველი და არამარტო ქართველი ქვინები და იმისგან, რაც საზოგადოებამ არასერიოზულად მიიჩნია, ხელოვნებას ვაკეთებთ.

ინსპირაციები და მესიჯები ჰომო ერექტუსის შოუებს მიღმა

ფოტო: kerosene on ice

პირველი შოუს გაკეთების დროს გავიცანი იულია, ერთ-ერთი პირველი ქართველი დრეგ ქვინი, რომელიც ნამდვილი ინსპირაცია აღმოჩნდა ჩემთვის. იულია ძველი სკოლის დრეგ ქვინია, მისი დრეგი გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ნიუ-იორკელი ქვინების შემოქმედებით არის შთაგონებული, განსაკუთრებით დივაინით. აქვს გამოხატული მიმიკები, მოძრაობები, ემოციები, მისი შოუები მასშტაბებით ყოველთვის უფრო დიდია.

ჩემი ინსპირაცია არის თეატრიც, სასცენო ხელოვნებაც, ბროდვეიც, მიუზიკლები. მიყვარს ბროდვეის მომღერლები, Patti LuPone, Bernadette Petters, მიყვარს Lady Gaga და Pink, ორივემ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. ასევე, მიყვარს ჩემი ბავშვობისდროინდელი ანიმაციური ფილმები და stop-motion ფილმები, ტიმ ბარტონის შემოქმედება, კორალაინი და ა.შ. თუმცა ყველაზე დიდი ინსპირაცია მაინც ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩემ გვერდით ცხოვრობენ.

სწორედ ეს ადამიანები მასწავლიან, რომ უნდა გიყვარდეს, არ გეშინოდეს, გიხაროდეს, რომ ცოცხალი ხარ, რომ გტკივა, რომ რაღაცას გრძნობ. მინდა, ჩემი შოუებით ადამიანებს შევახსენო, რომ ხელი არ შევუშალოთ ერთმანეთს, პირიქით — ხელი შევუწყოთ განვითარებაში, წინსვლაში, ბედნიერებაში; მინდა, ადამიანებმა ჩემი შოუების ნახვისას ძალა იგრძნონ და დაიჯერონ საკუთარი თავის. არ მინდა, ჩემი ცხოვრება შიშმა წარმართოს, ქუჩაში გავლისას შემეშინდეს. არ მინდა შიშში ცხოვრება, რადგან ვიცი, რომ მე თუ შემეშინდება, ჩემი შიში გადამდები გახდება და სხვებსაც შეეშინდებათ.

დრეგ ქვინობის დაუწერელი კანონები

ჩემი მიდგომა ასეთია — დრეგ ქვინი მაშინ ხარ, როცა ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ. უნდა ისწავლო მეიქაფის გაკეთება საკუთარი ძალებით, კოსტიუმის შეკერვა, ფრჩხილების დაგრძელება, პარიკის დამზადება და ეს არის ალბათ დრეგის ყველაზე სახალისო ნაწილი. დრეგი არ არის მხოლოდ სცენაზე გამოსვლა, უფრო მეტი სამუშაო მანამდე გაქვს, სანამ სცენაზე გახვალ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სინამდვილეში, ძალიან დიდი საფასურის გადახდა გიწევს, თუმცა საფასურში უფრო სხვა რამეს ვგულისხმობ — ფულით ამ იდენტობას ვერ იყიდი, ის შენი ნაწილი უნდა იყოს.

მე მესმის, რომ ყველა ქვინი შეიძლება არ იყოს საუკეთესო მეიქაფ არტისტი, ან არ შეეძლოს კარგად კერვა, თუმცა ამ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. დრეგის კეთების დროს მეიქაფი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, რას გამოხატავს შენი სახე და მე მგონია, რომ ამას შენ მაგივრად სხვა ვერ გააკეთებს — თავად უნდა იცოდე ძალიან კარგად, რას გამოხატავს შენი მაკიაჟი ამა თუ იმ შოუს დროს.

დრეგმა მასწავლა სწრაფ და ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა, რადგან დრეგის სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად და ქაოტურად ხდება. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა 1-2 დღით ადრე გამიგია, რომ შოუ უნდა გავაკეთო და ძალიან მოკლე დროში დამიდგამს მთლიანი შოუ, მომიმზადებია კოსტიუმები, პარიკი, დეკორაციები და ა.შ.

HOMO ERECTUS დრეგის მიღმა

ბიოქიმიკოსი ვარ, მეოთხე კურსის სტუდენტი. ვმუშაობ ჩემი პროფესიით, მიყვარს ჩემი საქმე და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ყველაფერში ბევრი შრომა ჩავდე, მაგრამ ძალიან დაუფასებელი პროფესია ავირჩიე. მეცნიერ-მუშაკების ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმეა. ჩემი კოლეგების უმეტესობას, ვისაც უკვე დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს, ერთდროულად ბევრ სამსახურში უწევს მუშაობა იმისთვის, რომ მინიმალური მოთხოვნები დაიკმაყოფილოს. ხანდახან ძალიან ვიღლები, შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების შემდეგ ყოველ დღე ვფიქრობ, რომ მივატოვებ და მთელ დროს დრეგის კეთებას დავუთმობ, მაგრამ მაინც არ მეთმობა ეს პროფესია, რადგან, როგორც აღვნიშნე, მიყვარს ჩემი საქმე. 

ვარ ძალიან მხიარული, სოციალურად აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული ადამიანი. მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა, წერა, მუსიკის მოსმენა, ხატვა, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია. სულ მაქვს რომანტიკული პარტნიორის ძებნის კრიზისი, რატომღაც ძალიან დიდი მოთხოვნილება მაქვს, რომ ყოველთვის ვიღაც მიყვარდეს და ვიღაცას ვუყვარდე. ჩემთან ერთად დროის გატარება სახალისოა.

დრეგ კულტურის მომავალი და ფერადი ფურცლებით თამაში

დრეგი შენში აცოცხლებს იმ ბავშვს, რომელსაც გააჩნია შემოქმედებითი, დაუოკებელი ძალა, კრეატიული დრაივი, რომელიც მუდამ რაღაცას ეძებს, ახალ ფორმებს, ახალ გასართობს, ახალი რაღაცების შექმნას ცდილობს: ჭრის, კერავს, აწებებს. დრეგის კეთება ფერადი ფურცლებით თამაშს ჰგავს. აქ ყველაზე მთავარი სიამოვნებაა. როგორი გამართული შოუც არ უნდა გქონდეს, რაც არ უნდა დიდი დრამა დადგა, რაც არ უნდა შთამბეჭდავი კაბა გეცვას, ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრისგან სიამოვნება მიიღო, გაგიხარდეს და გაერთო.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ დროში მიწევს ცხოვრება, როცა ჩვენს ქვეყანაში დრეგი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული და სხვა ძალიან ნიჭიერ ქვინებთან ერთად, მეც შემიძლია ამაში წვლილის შეტანა. ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს ბევრი ინფორმაცია დრეგზე. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული დრეგი არ არის კომერციალიზებული, რაც ქვინებს საშუალებას გვაძლევს, უფრო თავისუფლად ვაკეთოთ შოუები და სათქმელი უფრო ნამდვილი იყოს. ქართული დრეგი სხვა ქვეყნების დრეგისგან ამით განსხვავდება — ყველაფერი ახლა იწყება და ძალიან საინტერესოა თვალის მიდევნება, როგორ იბადება რაღაც ახალი არაფრისგან.

 

 

ფოტო: kerosene on ice

ტექსტის ავტორი: ზურაბ აბაშიძე

წინა

თავცდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროებისთვის გაათავისუფლეს

შემდეგი

კატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ