გუშინ ხულოში პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ოფისი გაიხსნა, თუმცა ადგილობრივებმა დაჯგუფების წევრებს ფართი იმავე დღესვე დაატოვებინეს. აღნიშნული ინფორმაცია სოლიდარობის თემის წევრმა, ედო ჯავახიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.
„სხვების არ ვიცი, მაგრამ ხულოში გახსნის დღესვე მივახურეთ ალტ-ინფოს ოფისი. დათო სოლომონიძეს შევატყობინე თუ არა, ვინ იყვნენ, მაშინვე მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაუშვა თავისი ფართიდან“, – დაწერა ჯავახიძემ ფეისბუკზე.
ალტ-ინფოს ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა სხვა ქალაქებშიც: გორში პრორუსული დაჯგუფების ოფისს წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში კი ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს. ამასთან, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ პეტიცია გაავრცელა, რომლითაც საქართველოში ალტ-ინფოსა და რუსული სახელმწიფო არხებისთვის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას 10 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.