BBC-ზე RuPaul’s Drag Race UK vs The World-ის პრემიერა დღეს შედგა. ახალი საერთაშორისო დრეგ შეჯიბრი შოუს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებს გააერთიანებს, რომელთაც შოუს განმავლობაში სხვადასხვა ნიჭის გამოვლენა, დასამახსოვრებელი სამოსის სცენაზე წარდგენა და ლიფ სინქ ბრძოლებში მონაწილეობა მოუწევთ.
საერთაშორისო დრეგ შეჯიბრის პირველი სეზონის მასპინძელი დიდი ბრიტანეთია, რომელსაც ბაგა ჩიფზი, შეროლ ჰოული და ბლუ ჰაიდრენჯა წარადგენენ, გარდა ამისა, შოუში იხილავთ მო ჰართსა და შეჯიბრის არაერთგზის მონაწილე ჯუჯუბის აშშ-დან, ჯიმბოს და ლემონს კანადიდან, ჯანეი ჯაკეის ნიდერლანდებიდან და დრეგ რეის ტაილანდის ჟიურის წევრს, ფენჯაინა ჰილსს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონის მასპინძელი სხვა ქვეყანა იქნება და შოუს ევროვიზიის ფორმატი ექნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მიმდინარე სეზონის გამარჯვებული ქვეყანა მომდევნო მასპინძელის როლში მოგვევლინება.
შოუს ჟიურის წევრებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები იქნებიან: რუპოლი, მიშელ ვისაჟი, ალან კარი და გრეემ ნორტონი, თუმცა ქვინების ბედს კონკრეტული ეპიზოდის საუკეთესო დრეგ შემსრულებელი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც საუკეთესო შედეგის მქონე ორ ქვინს შორის ლიფ სინქ შეჯიბრი მოეწყობა.
ფოტო: BBC