ვარდისფერი სამკუთხედი – ნაცისტური დევნის სიმბოლო, რომელიც ქვიარ აქტივიზმის ნაწილად იქცა

ვარდისფერი სამკუთხედი ქვიარ აქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, რომლის გამოყენებაც ქვიარ უფლებებისთვის მებრძოლმა ადამიანებმა 70-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ ამ ფერად სიმბოლოს ბევრად ხანგრძლივი და სამწუხარო ისტორია აქვს. ნაცისტებმა ებრაელებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის, გეი ადამიანებს კი ვარდისფერი სამკუთხედის ტარება აიძულეს. ვარდისფერი სამკუთხედი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ ადამიანს იერარქიის ბოლო საფეხურზე აყენებდა.

ნაცისტების ქვიარ ადამიანებისკენ მიმართულ აგრესიას კიდევ უფრო ღრმა ფესვები აქვს. 1871 წელს, გერმანიის გაერთიანებასთან ერთად, კანონმდებლობაში 175-ე პარაგრაფი შევიდა. ჩანაწერი, რომელიც „არაბუნებრივი მისწრაფებების“ მსგავს ქმედებებში შემჩნეულ კაცებს საპატიმროშიც კი აგზავნიდა. 1877 წელს, პარაგრაფი კიდევ უფრო დაკონკრეტდა და გაჩნდა მითითება, რომ „არაბუნებრივი მისწრაფებები“ სექსს ან სექსუალურ ქცევას გულისხმობდა. 175-ე პარაგრაფი ეფექტურად ვერ მუშაობდა, რადგან გეი ურთიერთობები ტაბუ იყო და ადამიანის ამ ნიშნით გასამართლება – თითქმის შეუძლებელი. ხშირად, ბრალის წარდგენის ერთადერთი საშუალება, აღიარებითი ჩვენება იყო, ამიტომ პოლიცია გეი კაცების შეკრების ადგილებს უთვალთვალებდა. პარაგრაფის ძალაში შესვლამ ქვიარ ადამიანები უფრო კიდევ უფრო გააძლიერა. ისტორიკოს რობერტ ბიჩის თქმით, ირონიულია, მაგრამ კანონმა სექსუალური ინტერესების შესახებ სამეცნიერო დაინტერესება გაზარდა, რაც მოგვიანებით გეი უფლებებისთვის ბრძოლის საფუძველი გახდა.

ფოტო: Auschwitz Exibition

აშშ-ს ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის  (USHMM) თანახმად, 1930-იან წლებში, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარაგრაფი ძალმომრეობის ბევრად ეფექტურ საშუალებად იქცა. ჰიტლერი გეი კაცებს გერმანიის ბატონობის მიღწევის დამაბრკოლებელ ფაქტორად თვლიდა, რადგან არიული რასის გამრავლებას ხელს ვერ შეუწყობდნენ. ამ დროს დაიწყო გეი-მეგობრული ბარების თუ თავშეყრის ადგილების დახურვა, განადგურდა წიგნები, რომლებიც სექსუალობის კვლევას შეეხებოდა, ასევე, გაუქმდა გეი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციები. 1934 წელს, იმ ნაცისტი ლიდერების დაკავების ოპერაცია (გრძელი დანების ღამე) მოეწყო, რომელთაც ჰიტლერის ძალაუფლების დამხობის მცდელობა ედებოდათ ბრალად. აღნიშნული ოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ლიდერის, ერნსტ რემის დაკავების ერთ-ერთ გამამართლებელ საბაბად ნაცისტური რეჟიმი მის სექსუალურ ორიენტაციას ასახელებდა.

1871 წლის პარაგრაფის შესწორებული ნაცისტური ვერსია ძალაში 1935 წელს შევიდა, რომლის საფუძველზეც უკანონოდ ჩაითვალა კაცებს შორის გაცვლილი მზერა თუ შეხება, რომელიც სექსუალური ხასიათის იყო. შესწორებამ რეჟიმს კაცების ჭორის საფუძველზე დაკავების შესაძლებლობაც კი მისცა, თუმცა პარაგრაფი ლესბოსურ ურთიერთობებს არ ითვალისწინებდა. გესტაპო პარაგრაფის დამრღვევთა „ვარდისფერ სიებს“ აწარმოებდა. 1933-1945 წლებში დაახლოებით 100 ათასი კაცი დააკავეს 175-ე პარაგრაფის დარღვევისთვის, რომელთა ნახევარი საპატიმროში გაგზავნეს. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5-დან 15 ათას ადამიანამდე საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, თუმცა გარდაცვლილთა სავარაუდო რაოდენობა უცნობია, რაც არასათანადო დოკუმენტაციის და გადარჩენილთა დუმილის ბრალია. 175-ე პარაგრაფი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ეფექტური იყო, რის გამოც არაერთი გადარჩენილი შიშსა და სირცხვილს განიცდიდა.

რამდენიმე გადარჩენილისა და ზედამხედველის მონათხრობის თანახმად, ვარდისფერ სამკუთხედიან ადამიანებს აცალკევებდნენ, რადგან მათ სექსუალურ სურვილებს გადამდებად მიიჩნევდნენ. არაერთი კაცი დაასაჭურისეს, ზოგიერთს ტიფის დასამარცხებლად და ჰომოსექსუალობისგან განკურნებისთვის მიმდინარე სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. გეი კაცებს „გამოსწორების“ მიზნით, ტესტოსტერონის ინექციებს უკეთებდნენ. ამავდროულად, ზოგიერთი ზედამხედველი საკვებისა და მძიმე სამუშაოს არიდების სანაცვლოდ, სამკუთხედის მატარებელი კაცებისგან სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას ითხოვდა და მათ „თოჯინა ბიჭებად“ მოიხსენიებდა.

და მაინც, ომის დასრულებისას დაპატიმრების შიში არ გამქრალა, ნაცისტების მიერ ჩასწორებული პარაგრაფი 1969 წლამდე გამოიყენებოდა. 1969 წლიდან კი გეი ურთიერთობები 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის დეკრიმინალიზებული გახდა. USHMM-ის ერთ-ერთი კურატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირე ძალები გერმანიის ნაცისტური ნარჩენებისგან გაწმენდას ცდილობდნენ, აღნიშნული პარაგრაფი მაინც დარჩა, ალბათ, იმიტომ, რომ მათაც ისეთივე ანტი-გეი კანონები ჰქონდათ, როგორიც გერმანიას. 175-ე პარაგრაფის სრული ანულირება 1994 წელს მოხდა. 70-80-იანი წლებში, ამერიკაში გეი გამათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად, ჰოლოკოსტის დროს გეი კაცების დევნის ფაქტებზე ცნობადობა ბევრად გაიზარდა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტის გასაჯაროებაც დაიწყო.

ყოფილი „თოჯინა ბიჭის“ ჰაინც ჰეგერის 1972 წლის მემუარები – კაცი ვარდისფერი სამკუთხედით ბანაკის ზედამხედველთა მხრიდან პატიმართა წამების ფაქტებზე ჰყვებოდა. ჰეგერის თქმით, ზედამხედველები სათესლე ჯირკვლებს ცხელ წყალში აყოფინებდნენ და ცოცხით აუპატიურებდნენ. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ უფრო ცხადი ინფორმაცია 1977 წელს გამოქვეყნდა, როცა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა რუდიგერ ლატმანმა სტატისტიკური ანალიზი გაავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, რომ, შესაძლოა, ბანაკებში მოხვედრილი გეი კაცების 60%-მდე გარდაცვლილიყო. ვარდისფერი სამკუთხედი ქვიარ უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების სიმბოლოდ იმავე წელს მოიხსენიეს. TIME-ში სტატია გამოქვეყნდა გეი უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებზე, რომლებმაც ერთ-ერთი პროტესტისას ტანსაცმელზე ვარდისფერი სამკუთხედები დაიმაგრეს. მასალაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული სიმბოლო ნაცისტური გერმანიის დროინდელი დავითის ყვითელ ვარსკვლავზე აკეთებდა მინიშნებას, თუმცა ერთ-ერთმა მკითხველმა გამოცემას მისწერა, რომ ეს მინიშნება კი არა, წარსულში არსებული სიმბოლოს ხელახალი გამოყენება იყო და აღნიშნავდა, რომ „გეი ადამიანები ვარდისფერ სამკუთხედს ატარებენ, რათა წარსული გაიხსენონ და პირობა დადონ, რომ ისტორია აღარასდროს განმეორდება“.

1979 წელს, მარტინ შერმანის ჰეგერის მემუარებით შთაგონებული პიესა – Bent, ბროდვეიზე წარმატებით დაიდგა. შერმანმა მოგვიანებით თქვა, რომ პიესა ჰოლოკოსტის მკვლევარ, რიჩარდ პლანტის კვლევასაც ეფუძნებოდა, რომელიც გამოქვეყნებული იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო, რადგან ტაბუდადებულ თემას ეხებოდა. კვლევა წიგნად გარკვეული დროის შემდეგ გამოქვეყნდა, სახელწოდებით – ვარდისფერი სამკუთხედი: ნაცისტების ომი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ.

იმ დროისთვის ქვიარ თემი სხვა საფრთხეს ებრძოდა – აივ-ინფექციას და შიდსს. აქტივისტებმა, რომელთაც ჯანდაცვის სისტემის კრიზისის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად ორგანიზაცია ACT-UP (იმოქმედე) დააარსეს, ვარდისფერი სამკუთხედი აირჩიეს კამპანიის სიმბოლოდ და მანიფესტში აღნიშნეს, რომ „გეი ადამიანების ჩაგვრის ფაქტებსა და განადგურების მცდელობაზე ისეთივე დუმილი, როგორიც უწინ, უნდა შეწყდეს, რათა გადარჩენა შევძლოთ.’’

„იმ დროს საჯარო დისკუსია იყო გაჩაღებული, რომელიც ფაქტობრივად გეი კაცების ბანაკებში გაგზავნაზე მიანიშნებდა, რათა ეპიდემია შემწყდარიყო“, – ამბობდა კამპანიის სიმბოლოს დიზაინერი ავრამ ფინკენშტაინი, რომელმაც ჩათვალა, რომ მსგავს რადიკალურ განცხადებებზე საპასუხოდ რადიკალური ქმედებები იყო საჭირო, ამიტომ სამკუთხედი კიდევ უფრო მკვეთრი ვარდისფერი გახდა და ორგანიზაციის მთავარი პოსტერის – დუმილი=სიკვდილი – შუაგულში მოექცა.

ვარდისფერი სამკუთხედი ჩეჩნეთში გეი კაცების ჩაგვრის საპროტესტო დემონსტრაციებისასაც აქტიურად გამოიყენებოდა, მაგალითად, 2017 წელს, ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობაზე პროტესტის მონაწილეებმა ვარდისფერი სამკუთხედი გამოსახეს წარწერით – „დახურეთ სიკვდილის ბანაკები“. 3 თვის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ ჰოლოკოსტისას ჰომოსექსუალობის გამო დევნილ კაცებს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და გადარჩენილი კაცებისთვის ბანაკში გატარებულ ყოველ წელზე 1 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო. ეს გადაწყვეტილება ოფიციალური ბოდიშის მოხდიდან 15 წლის და ჰოლოკოსტის გეი მსხვერპლებისთვის მემორიალის დადგმიდან 10 წლის შემდეგ მიიღეს. კიდევ ერთი ცნობილი მემორიალი სან ფრანცისკოში მდებარე ვარდისფერი სამკუთხედის პარკია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბანაკში მყოფი ბოლო გადარჩენილი, რომლის შესახებაც დადასტურებით ვიცით, რუდოლფ ბრაზდა იყო. ის 2011 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქვიარ აქტივისიტების სიმბოლოდ ქცეული ვარდისფერი სამკუთხედი თანასწორობისთვის ბრძოლის ნიშანი კიდევ დიდხანს იქნება, მუდამ გაგვახსენებს წარსულის მძიმე გამოცდილებას და ადამიანებს, რომლებიც ჩაგვრის, დევნისა და სიძულვილის ობიექტებად იქცნენ.

სტატიის თარგმანი: Olivia B. Waxman / Time

მთავარი ფოტო: Corbis / Getty Images

წინა

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ლგბტ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით

შემდეგი

რომის პაპი მშობლებს ქვიარ შვილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების