რომის პაპმა ფრანცისკემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვიარ მოზარდების მშობლებმა, შვილებზე უარის თქმის ნაცვლად, მათ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ. „არასოდეს დაგმოთ ისინი“, – თქვა მან.
რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ეს განცხადება ყოველკვირეულ აუდიენციაზე გააკეთა. მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებსაც მშობლები შვილების აღზრდის პროცესში ხშირად ხვდებიან.
2020 წელს პაპმა განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარმა ოჯახებმა მიიღონ და აღიარონ. მან ასევე აღნიშნა, რომ კათოლიკურ ეკლესიას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ქორწინების თანასწორობას, მაგრამ შეუძლია, მიემხროს კანონებს, რომლებიც ერთი და იმავე სქესის წყვილების ერთობლივ უფლებებს აღიარებს.
მსოფლიოში კათოლიკური ეკლესიის 1.3 მილიარდზე მეტი წევრი ცხოვრობს. მისი კონსერვატორი წევრები აცხადებენ, რომ პაპი ჰომოსექსუალობის შესახებ არაერთგვაროვანი შეტყობინებების გაჟღერებას აგრძელებს, რაც ზოგიერთი მორწმუნისთვის დამაბნეველია.
გასულ თვეში, ვატიკანის დეპარტამენტმა ლგბტქი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მიყენებული ტკივილისთვის, რაც თავიანთი ვებგვერდიდან კათოლიკე გეების უფლებების დამცველი იმ ჯგუფის ბმულის წაშლამ გამოიწვია, რომელიც 2023 წლის ვატიკანის შეხვედრისთვის ემზადებოდა ეკლესიის სამომავლო მიმართულებების განსახილველად. ხოლო თვის დასაწყისში ფრანცისკემ ამერიკელ მონაზონს, ჟანინ გრამიკს მადლობა გადაუხადა ხუთი ათწლეულის განმავლობაში ლგბტქი კათოლიკეების ადვოკატირებისა და მსახურებისთვის.