თალიბანის ავღანეთში ლგბტქი ადამიანები სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან

Human Rights Watch-ისა და OutRight Action International-ის ანგარიშის მიხედვით, ლესბოსელი, გეი და ტრანსგენდერი ავღანელები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც დაწესებულ გენდერულ ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდიან, უფრო და უფრო  უიმედო მდგომარეობაში ვარდებიან და თალიბანის ავღანეთში სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. 

43-გვერდიანი ანგარიში – „ცად რომ ამაღლდეთ, მაინც გიპოვით: ავღანეთში მცხოვრები LGBT ადამიანები თალიბანის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“ 60 ქვიარ ავღანელთან ინტერვიუს ემყარება. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ თალიბანის წევრები სექსუალური ორიენტაციის გამო თავს დაესხნენ ან დაემუქრნენ. სხვები ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან თუ იმ პარტნიორებისგან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ, რომლებიც თალიბანს უჭერენ მხარს ან თვლიან, რომ LGBT ადამიანებზე თავდასხმა მათი პირადი უსაფრთხოებისთვის სასიკეთო იქნება. გამოკითხულთა ნაწილს, თალიბანის წევრების ან მათი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმების გამო, სახლიდან გაქცევა მოუწია. სხვებს კი წლების განმავლობაში ნაშენები ცხოვრება ერთ ღამეში თვალწინ დაენგრათ და სამიზნედ იქცნენ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. 

„ჯგუფური გაუპატიურების, თავდასხმის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ LGBT ავღანელებს ვესაუბრეთ, რომელთაც იმედი არ აქვთ, რომ სახელმწიფო უწყებები დაიცავენ. ქვეყნის დატოვების მსურველი LGBT ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რადგან ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებშიც კრიმინალიზებულია. ძნელია თქმა, რამდენად სამწუხარო და თავზარდამცემია LGBT ადამიანებისთვის თალიბანის რეჟიმის დაბრუნება“, – აღნიშნა . ლესტერ ფედერმა, OutRight Action International-ის საგანგებო კვლევების ხელმძღვანელმა.

რესპონდენტთა უმეტესობა ავღანეთში ცხოვრობს, ნაწილმა კი თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა. ამ ქვეყნების ანტი-LGBT კანონებზე დარდის გარდა, ემიგრანტების საზრუნავი ემიგრანტის სტატუსის მოპოვებაა, რაც დეპორტაციის რისკის წინაშე აყენებთ.

LGBT ადამიანებისთვის ავღანეთი თალიბანის რეჟიმის მიერ სრული კონტროლის მოპოვებამდეც საშიში ქვეყანა იყო. 2018 წელს, იმდროინდელმა პრეზიდენტმა, აშრაფ განიმ დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალურ კავშირს კრძალავდა და კრიმინალურ აქტად მიიჩნევდა. გამოკითხულ LGBT ადამიანებს თალიბანის დაბრუნებამდეც უწევდათ არაადამიანური მოპყრობის ატანა, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, ბავშვთა და იძულებითი ქორწინების, ფიზიკური ძალადობის, სკოლიდან გარიცხვის, მუქარისა და იძულებითი ქამინგაუთის. უმეტესობას საკუთარი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის ოჯახისგან, მეგობრებისგან თუ კოლეგებისგან დამალვა უწევდა

თუმცა, თალიბანის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა. თალიბანმა იქამდე არსებულ ანტი-LGBT კანონებს გადახედა და ლიდერების ნაწილმა ფიცი დადო, რომ LGBT ადამიანების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებდნენ. გასულ წელს, თალიბანის პრესსამსახურის უფროსმა Reuters-ის ჟურნალისტს უთხრა: „LGBT… ეს შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება“.

თალიბანის წევრმა მოსამართლემ კი ქაბულის დაცემამდე, გერმანულ გამოცემა Bild-ს  განუცხადა, რომ „ჰომოსექსუალებისთვის მხოლოდ 2 ტიპის სასჯელი შეიძლება არსებობდეს: ჩაქოლვა ან კედელთან მიყენება, რომელიც ზედ დაექცევათ“. თალიბანის ღირსებისა და მანკიერების 2020 წლის გზამკვლევის მიხედვით, რელიგიურმა ლიდერებმა ერთი და იმავე სქესის ურთიერთობებზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ, ჰომოსექსუალობის მტკიცებულებები კი სამინისტროს რაიონულ ხელმძღვანელს შემდგომი შესწავლისა და სასჯელის დაკისრების მიზნით უნდა წარუდგინონ.

თალიბანის რეჟიმმა არაერთხელ გააჟღერა, რომ ადამიანების უფლებებს პატივს სცემენ, თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი მოხდა, მათ შორის, შურისძიების მიზნით მკვლელობების, ქალთა მიმართ სისტემური დისკრიმინაციის, თავისუფალი გამოხატვისა და მედიის მუშაობაზე დაწესებული ცენზურის, ასევე მიწის მიტაცების. თალიბანის წევრებმა და მხარდამჭერებმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით LGBT ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები წამოიწყეს.

გეი კაცის თქმით, თალიბანის წევრებმა საკონტროლო პუნქტთან დააკავეს, სცემეს და ჯგუფურად გააუპატიურეს, რა დროსაც მიმართავდნენ – „ამიერიდან, როცა შენი პოვნა მოგვინდება, ამას შევძლებთ და იმას დაგმართებთ, რაც მოგვესურვება“. ლესბოსელმა ქალმა კი აღნიშნა, რომ თალიბანის მოსვლის შემდეგ მისი ნაცნობები დაჯგუფებას შეუერთდნენ და სექსუალური ორიენტაციის გამო მოკვლით დაემუქრნენ.

გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია თავშესაფრის ისეთ ქვეყანაში ძიება იქნება, რომელიც LGBT ადამიანების უფლებებს სათანადოდ იცავს, მაგრამ ქვიარ ავღანელების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს დაცულ ქვეყნებამდე მიღწევას. გაერთიანებული სამეფო ერთადერთია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ LGBT ავღანელთა მცირე ნაწილი შეიფარა. LGBT ავღანელებთან მომუშავე ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ასობით ადამიანი უკავშირდება და საერთაშორისო დაცვასა და თავშესაფარს ითხოვს.

„თალიბანმა ფაქტობრივად პირობა დადო, რომ LGBT ავღანელების უფლებებს არ დაიცავს. აუცილებელია, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებამ თალიბანზე ზეწოლის გაძლიერებით LGBT ადამიანების უფლებებზე იზრუნოს და თავშესაფრის მსურველი ავღანელები შეიფაროს, რადგან მათ თალიბანის ავღანეთში და მეზობელ ქვეყნებში სერიოზული საფრთხე ემუქრებათ“, – განაცხადა ჰითერ ბარმა, HRW-ს ქალთა უფლებების ხელმძღვანელმა.

კონკრეტული შემთხვევები

(ყველა სახელი შეცვლილია)

 

რამიზ ს.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, რამიზ ს. ხელფასის ასაღებად იმდროინდელ სამსახურში მივიდა. 20 წლის რამიზი ოფისში უკვე აღარ დადიოდა, რადგან მისი სამსახური თალიბანის პოტენციური სამიზნე იყო. საკონტროლო პუნქტის გავლისას შეიარაღებულმა კაცმა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი ტერმინით მიმართა. ერთმა კაცმა კისერში და მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა. რამიზი მანქანაში ჩატენეს და სხვა ადგილას გადაიყვანეს, სადაც ოთხმა კაცმა სცემა და 8 საათის განმავლობაში ჯგუფურად აუპატიურებდნენ. გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთმა კაცმა უთხრა, რომ ისევ იპოვიდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, რამიზს აცნობეს, რომ მის ძველ სამსახურში 2 კაცი იყო მისული, რომლებიც მის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდნენ. რამიზი მიიმალა, თალიბანის წევრები კი მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და რამიზის სახლში 3 დღე გაატარეს, ოჯახის წევრებს დაკითხვა მოუწყვეს და სცემეს. რამიზი სამალავ ადგილს თითქმის არ ტოვებდა, ერთადერთხელ მივიდა ექიმთან, რა დროსაც თალიბანის წევრმა სცემა, რომელმაც სავარაუდოდ წინა თავდასხმაზეც იცოდა.

ჰამიდ ნ.

თალიბანის მიერ ქაბულის აღებიდან 2 კვირის შემდეგ, ჰამიდს შეყვარებული ბიჭის მშობლები ესტუმრნენ. წყვილი ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდა და თითქმის ერთი წელი ურთიერთობაში იყვნენ, თუმცა, მშობლებს უბრალოდ მეგობრები ეგონათ. მშობლებმა განუცხადეს, რომ მათი ვაჟი 2-3 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, თუმცა, შეყვარებული არც ჰამიდს ჰყავდა ნანახი. მომდევნო დღეს ბიჭის სხეული მშობლებმა იპოვეს და ჰამიდს უთხრეს, რომ შესაძლოა მათი შვილი გეი ურთიერთობის გამო მოეკლათ. „ეს ჩემთვისაც გაფრთხილებასავით იყო“, – აღნიშნა ჰამიდმა, რომელმაც ქვეყნის სასწრაფოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრუშნა ი.

ბუშნა პატარა სოფელში, ბიძის ოჯახში ცხოვრობდა. გასული წლის ივლისში, ქაბულის აღებამდე 6 კვირით ადრე, ბრუშნას ნათესავებმა გოგო შეყვარებულთან ერთად შეამჩნიეს და ბრუშნას ბიძას აცნობეს. ბიძას მისი მოკვლა სურდა, რათა „რათა ოჯახი სირცხვილისგან ეხსნა“. ბრუშნამ გაქცევა შეძლო და ქალაქში, მშობლების სახლში დაბრუნდა, მისი ნათესავები და ბიძა კი ბრუშნას მოკვლას ითხოვდნენ, რაზეც მშობლებმა უარი განაცხადეს და გოგო კაცზე დანიშნეს, რომელმაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არ იცოდა. ბიძა და ნათესავები არც ამან დააკმაყოფილა. წინა ხელისუფლების დროს ბრუშნა ისე არ წუხდა – „იმ დროს თალიბანი კი არა, პოლიცია იყო და ასე მარტივად ვერ მომკლავდნენ“, – აღნიშნა ბრუშნამ. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბრუშნას ბიძა და ნათესავები დაჯგუფებას შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ გოგოს მოკვლის უფლება ჰქონდათ, თუ ამას მამამისი არ გააკეთებდა. მშობლებმა ქორწინება დააჩქარეს და ბრუშნა უარის გამო სცემეს, შემდეგ ქმარს ფული გადაუხადეს, რათა მეზობელ ქვეყანაში გადასულიყვნენ. ერთ-ერთმა ნათესავმა ბრუშნას ქმარს გოგოს ორიენტაციის შესახებ უთხრა. ბრუშნას თქმით, ამჟამად ქმარი თითქმის ყოველდღიურად სცემს და სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევს. „ვშიშობ, რომ ქმარი ან ბიძაშვილი მომკლავს“, – აღნიშნა ბურშნამ მცირე სატელეფონო საუბრისას.

ფარიდ ქ.

20 წელს გადაცილებული ფარიდის თქმით, აგვისტოში მეზობელს გამოუტყდა, რომ მოსწონდა. მეზობლისგან უარყოფა არ უგრძნია, ამიტომ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ურთიერთობა გაეგრძელებინათ. „თალიბანის მოსვლის შემდეგ ვწერდი და შევნიშნე, რომ თალიბანის წევრების ფოტო ედო. მივწერე და ვკითხე, რატომ შეუერთდა თალიბანს, რაზეც მიპასუხა, რომ მე კარგი ადამიანი არ ვიყავი, რადგან გეი ვარ. მუქარისშემცველ შეტყობინებებს მწერდა. მითხრა, ცაშიც რომ ამაღლდე, მაინც გიპოვით. დაგაპატიმრებთ, რადგან თალიბანის წევრებს შენს შესახებ ინფორმაცია მივაწოდე“, – იხსენებს ფარიდი, რომლის სახლშიც თალიბანის წევრები არაერთხელ მივიდნენ, თუმცა, ბიჭს ოჯახი მალავდა, სანამ ქვეყნიდან გაღწევას შეძლებდა.

რეზა

როცა თალიბანმა ქალაქი აიღო, აიმალ . და არიან . 2 სხვა ტრანსგენდერ ქალთან ერთად მიტოვებული ჰოსტელის ტერიტორიაზე დაიმალნენ და მეზობლების შეურაცხყოფის ატანა უწევდათ. მათი მეგობარი რეზა კაცივით ინიღბებოდა და მეგობრებს საკვებით ამარაგებდა. „ყოველ წუთს გვემუქრებოდნენ, გვირეკავდნენ. ბავშვებიც კი გვეუბნებოდნენ, ისევ აქ ხართ? თალიბანმა კიდევ არ დაგაკავათ?“, – ჰყვება აიმალი.

თალიბანის მმართველობის მე-6 კვირას მეზობლებმა მოქმედება გადაწყვიტეს და ოქტომბრის ერთ დილას, ვიღაცამ რეზას კარზე კაკუნი ატეხა, როცა კარი გააღო 20-ზე მეტი მეზობელი რეზას თავს დაესხა, სცემა და ტანსაცმელი შემოახია. არიანი ჩარევას შეეცადა და ერთ-ერთ ქალს ჰკითხა, ასე რატომ იქცეოდნენ. მან კი უპასუხა, რომ საზოგადოებას აბინძურებდნენ, რასაც თალიბანს შეატყობინებდნენ და ისინი გააქრობდნენ.

რეზას მეგობრები გაიქცნენ, კუთვნილი ნივთებიც არ წაუღიათ. აიმალმა გაქცევისას პოლიციის მანქანა დაინახა და თვალი მოჰკრა, როგორ დააბეს რეზა უცნობმა კაცებმა. მოგვიანებით, აიმალი სამეზობლოში მალულად მივიდა, რათა რეზას შესახებ რაიმე გაეგო, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ უთხრა, რომ შიშველი რეზა პოლიციის მანქანაში ჩასვეს. არიანმა და აიმალმა რეზას შესახებ 10 დღეზე მეტი არაფერი იცოდნენ, მეგობრები რეზამ მოძებნა, მას შემდეგ, რაც თალიბანის წევრებმა ქუჩაში კაცის ტანსაცმლით და უტელეფონოდ დააგდეს. რეზას სხეული დალურჯებებით იყო სავსე, ცხვირი გატეხილი, თავი გადაპარსული და დასერილი ჰქონდა, თალიბანის წევრებმა წარბებიც გადაპარსეს.

„საზოგადოებისთვის და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ნიშანი იქნები. ეს გაკვეთილია, რომელიც გართობაზე და სექს-სამუშაოზე უარს გათქმევინებს“, – უთხრეს რეზას თალიბანის წევრებმა, რომლებსაც რეზა პოლიციის შენობაში ჰყავდათ გამომწყვდეული და ყოველდღე სცემდნენ. არიანის თქმით, რეზა იხსენებდა, რომ ერთ-ერთი კაცი მოკვლით დაემუქრა, თუ ქალაქში თვალს მოჰკრავდა. არიანმა რეზას საკვები და ავტობუსის ბილეთი უყიდა, რათა ოჯახში დაბრუნებულიყო, მაგრამ მათ რეზა უარყვეს და სახლში დარჩენის უფლება არ მისცეს. არიანს რეზას შესახებ მას მერე არ სმენია.

წინა

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია აიკრძალა

შემდეგი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ლგბტ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,