ახლოვდება 30 ოქტომბერი – დღე, როდესაც ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და მათ შორის, თბილისშიც, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პოლიტიკოსები ამ დროს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ და ხშირად, ამ პერიოდში თავს არიდებენ არასასურველ თუ მათთვის არამომგებიან თემაზე კომენტარის გაკეთებას.
ნინო წილოსანი, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, გამონაკლისი გამოდგა და ,,ქვიარისთვის” საინტერესო საკითხებს წერილობით უპასუხა.
წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელია.
- ლგბტ თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან (სკოლებში სასწავლო მოდული, საგანმანათლებლო კამპანიები და ა. შ.)
,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმით, გათვალისწინებულია დიალოგის გაღრმავება მცირედწარმოდგენილ ჯგუფებთან, მათ შორის, ლბგტ+ თემის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაღრმავდება თანამშრომლობა საკონსულტაციო საბჭოებთან, საკონსულტაციო საბჭოებში ჩართულები არიან LGBTQI, შშმ, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა მცირედწარმოდგენილი ჯგუფების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.
2021 წლის მაისში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან შეიქმნა ელჩების საკონსულტაციო საბჭო (EDI) თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, მათ შორის, ლგბტ+ თემის გამოწვევებისა და საჭიროებების საკითხებზე სამუშაოდ. საბჭოში შედიან ის საელჩოები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს გენდერული თანასწორობის პროცესებს ქვეყანაში. აღნიშნული ჯგუფი პროაქტიულად იღებს ინფორმაციას პარლამენტისგან თანასწორობის საკითხზე მიმდინარე საქმიანობის შესახებ, რასაც ამ მოწვევის პარლამენტი ახორციელებს და განახორციელებს მომდევნო წლების მანძილზე. მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლოს გაიგზავნა პირველი კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი. წელიწადში ორჯერ დაგეგმილია ყოველწლიური შეხვედრები. აღნიშნულ პროცესებში მხარდამჭერი დონორია ორგანიზაცია NDI.
2021 წლის 17 მაისს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. პოსტში, საბჭომ ცალსახად დაგმო დისკრიმინაცია, ჰომო/ტრანსფობიური თავდასხმები ლგბტ+ წარმომადგენლებზე და ხაზი გაუსვა COVID-19-ის პანდემიის მძიმე გავლენას ლგბტ+ თემზე. მიმდინარე პერიოდში საბჭოს ჰქონდა კომუნიკაცია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და NDI-სთან ლგბტ+ თემის საკითხებზე სისტემური მუშაობის დასაწყებად.”
- პარლამენტარების მხრიდან ქვიარ თემის მიმართ სიძულვილის ენის გაკონტროლება და დისციპლინარული ზომების მიღება საპარლამენტო ეთიკის კომისიის მხრიდან
,,საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს რიგი ძირითადი პრინციპებით. მათ შორის, თანასწორობის პრინციპით, რომელიც განამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას. საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება. პარლამენტის ეთიკის საბჭო შეისწავლის და მონიტორინგს უწევს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს. ზოგადად, ეთიკის საბჭოს მუშაობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საბჭოს საქმიანობაში ჰქონდა გარკვეული შეფერხებები, მათ შორის, სამწუხაროდ, არ ჰყავდა თავმჯდომარე. აუცილებელია, მალე აღმოიფხვრას საბჭოს ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი გარემოებები, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს ხოლმე პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ყველა სავარაუდო შემთხვევას.”
- დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლება სახელმწიფო ორგანოებში
,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდიკატორის შემუშავებაზე, რომლის საფუძველზეც გამოჩნდება პარლამენტში შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის საჭიროებები, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების საჭიროება.”
- დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში
,,საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ – აღნიშნული კანონის პირველი მუხლით, აკრძალულია შემდეგი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაცია: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით.”
- სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლა – ეფექტური გამოძიება და სათანადო სასჯელი, სოგის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის) ნიშნით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ სტატისტიკის მოგროვება – რამდენი საქმე გამოიძიეს, რამდენი პირი დაისაჯა, რა სასჯელი შეუფარდეს დამნაშავეს, სოგის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა პენიტენციურ დაწესებულებებში
,,გენდერული თანასწორობის საბჭო რეგულარულად ისმენს ანგარიშებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების საქმიანობის შესახებ, მათ შორის, 2021 წლის პერიოდში საბჭომ მოისმინა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი უწყებების ანგარიშები. გარდა ამისა, საბჭო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, რეგულარულად გამოითხოვს სტატისტიკურ ინფორმაციას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისაგან, აგრეთვე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაგან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლისათვის, საბჭო გეგმავს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლის, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარებას.”
- ლგბტქი თემისთვის ხელმისაწვდომი სერვისების კვლევა – რამდენად უზრუნველყოფილია საჭირო სერვისები და რამდენად ხარისხიანი სერვისების მიწოდება ხდება (აივ ტესტირება, სოციალური, სამედიცინო, იურიდიული, ფსიქოლოგიური მომსახურეობა და ა. შ.)
,,ამჟამად, საბჭო მუშაობს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლებაზე, რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ასპექტებს. მათ შორის, (ამონარიდი კონცეფციის პროექტიდან): ,,სახელმწიფო ახდენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სრული უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი ზომების მიღებას, მათ შორის სერვისების განვითარებითა და სათანადო დაფინანსებით, სერვისებზე ინფორმირებულობის გაზრდით, ჯანდაცვის პროვაიდერების გადამზადებისა და შესაბამისი აქტორების ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელის შეწყობით. სახელმწიფო განსაკუთრებულ ზომებს იღებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების სექსუალური და რეპორდუქციული უფლებების დასაცავად და მათი წვდომის გასაზრდელად აღნიშნულ სერვისებზე, რომელთა შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, LGBTQI+ ადამიანები, პროსტიტუციაში ჩართული ქალები, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.“
- ტრანსგენდერი პირებისთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება; ტრანსგენდერი პირებისთვის საპასპორტო სქესის შეცვლის გაადვილება; ინტერსექსი პირების საჭიროებების კვლევა – საჭიროებების განსაზღვრა; უსახლკარო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ლგბტქი თემის წევრებისთვის თავშესაფრის ორგანიზება; სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის მიღება
,,აღნიშნული საკითხები სხვადასხვა მოკვლევებსა და ანგარიშებში აისახება, თუმცა, რადგან 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმა ახლა უნდა იქნას შემუშავებული, საბჭო გეგმავს, უფრო დეტალურად მოიკვლიოს LGBTQI თემის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტული საკითხები, რაზეც საბჭომ განსაკუთრებულად უნდა იმუშაოს.”
ავტორი: თამარ ქუთათელაძე