ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რომელიც LGBTQ თემის პრობლემების გაშუქებაზე მუშაობს, ყოველთვის სასურველი და საინტერესო რესპონდენტები არიან პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები – არასდროს უთქვამთ, რომ ქალი სპიკერებისგან ამეღო კომენტარი, კონკრეტულ თემაზე პასუხისგან თავის არიდების გამო.
არჩევნების წინა დღეს გიგა ბოკერიას დავუკავშირდი.მიუხედავად პოლიტიკურად დაძაბული და რთული დღეებისა, მან ვრცლად და ამომწურად უპასუხა ჩემ მიერ დასმულ ყველა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება ლგბტქ+ პრობლემების მოგვარება საქართველოში.
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე
,,მთავრობის უმთავრესი ვალდებულება იმ კანონის ეფექტურად გამოყენებაა, რომელიც წლების წინ იყო მიღებული (თუ არ ვცდები, 2011 წელს), მაგრამ, ფაქტობრივად, არ ამოქმედებულა. ეს არის კანონი, როდესაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის ბევრად უფრო მძიმედ ისჯები, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალური მოტივით ჩადენილი დანაშაულისას. ჩვენ ვხედავთ, რომ წლებია, ეს საქართველოში არ გამოიყენება, რაც ძალიან სიმპტომატური ამბავია. კლიმატს ქვეყანაში განსაზღვრავს ის, თუ როგორ ექცევა მთავრობა იმ ხალხს, რომელიც მიდრეკლია ძალადობისკენ, ზოგადად, ძალადობს და განსაკუთრებით, სიძულვილის მოტივით უმცირესობების ჯგუფების მიმართ, ასეთ სასჯელს აქვს შემაკავებელი ეფექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამაგალითოდ დასჯა.
მე სკეპტიკურად ვუყურებ და მეტიც – სახიფათოდ მეჩვენება მთავრობის მხრიდან საზოგადოების „აღზრდის“ მცდელობა, თუნდაც ცოდნის ამაღლების მოტივით, მგონია, რომ ეს საზოგადოებამ თავად უნდა გააკეთოს. თუმცა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ – პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც ძალაუფლება აქვს იმ მომენტში – უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ. პოლიტიკოსების რიტორიკა და პოზიცია ამ საკითხებზე, მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ასევე, წინააღმდეგი ვარ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის, ჩემთვის სრულიად მიუღებელი სიძულვილის ჯგუფებისაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძალადობისკენ მოწოდება ხდება, რომელიც აშკარა და მყისიერ საფრთხეს ქმნის. მე ეს პრინციპულად არასწორი მგონია და დამატებით სახიფათოდ მიმაჩნია, თუ მთავრობას ვაძლევთ შინაარსში „შესვლის“ უფლებას, რაც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, უმცირესობების წინააღმდეგ გამოიყენება ხოლმე. ამის მაგალითია „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ კრიმინალაზაციის მოთხოვნა შავრაზმული ჯგუფების მხრიდან. მათი სიტყვის თავისუფლება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ მორალურ იზოლაციაში უნდა მოვახვედროთ ყველა, ვინც უმცირესობების მიმართ სიძულვილს ქადაგებს.
რომ შევაჯამო: პირველი, ძალადობის აღკვეთა და მოძალადეების სამაგალითოდ დასჯა; მეორე – სიძულვილის მქადაგებელთა მორალური იზოლაცია. ეს ორი არის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ვითარებას შეცვლის. და მესამე – მიუხედავად იმისა, რომ კერძო შრომით ურთიერთობებში მთავრობის ჩარევის წინააღმდეგი ვარ, არის გამონაკლისები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სამედიცინო პროფესია. აქ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს დემონიზებული უმცირესობებისთვის დისკრიმინაციის აღკვეთა. სახელმწიფოს ასევე პოზიტიური ვალდებულება აქვს, თავშესაფრით უზრუნველყოს უმცირესობისადმი კუთვნილების გამო დევნილი ადამიანები მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია მათი ფუნდამენტური ნეგატიური უფლებების დასაცავად და ეს ყველაზე უფრო ხშირად ასეა ლგბტქ+ უმცირესობისთვის.
რაც შეეხება ქორწინების საკითხს, მე ვთვლი, რომ აქ სწორი გზა არა ქორწინების დეფინიციის გაფართოებაა, არამედ საერთოდ რეგულაციის მოხსნა. მთავრობისა და ბიუროკრატიის საქმე არ არის იმის მონიტორინგი, თუ ვინ დაქორწინდა, ვისთვის რას ნიშნავს ქორწინება და ოჯახი. ვისაც კონკრეტული რელიგიური მრწამსი ან შეხედულებები გააჩნია და სურს, რომ მაგალითად, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვარი დაიწეროს, იქ, ბუნებრივია, ჯვრისწერა მოხდება ქალსა და კაცს შორის იმიტომ, რომ ასეთია ამ კონფესიის მრწამსი და ვისაც სურს, რომ უბრალოდ სამოქალაქო ურთიერთობები გააფორმონ ერთმანეთთან, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყვნენ, ამის სრული უფლება უნდა ქონდეთ. ადამიანებს სრული უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ თავიანთი გენდერი და იდენტობა და ჩვენ ამ უფლებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც, მაგალითად, სქესი ან ასაკია, ადამიანს შეუძლია, საზოგადოება ან მთავრობა დაავალდებულოს, რომ მისი თვითაღქმა იქნას გაზიარებული ოფიციალურ დოკუმენტებში.
ზოგადად, ჯერჯერობით ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა ლგბტქ ადამიანების სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების დაცვის საკთხში. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის, საქართველოს საზოგადოებაში (არა მარტო საქართველოს საზოგადოებაში) ღრმა სტიგმა არსებობს ლგბტქ უმცირესობების წინააღმდეგ. ეს სერიოზული ფაქტორია, მარამ ამას ზემოდან ემატება ჯერ გავლენის მქონე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების როლი, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილის (საბედნიეროდ, არა ყველასი) როლი, რომლებიც წლებია ამ სიძულვილს აღვივებენ. პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც ამ ნიშნით ოპონენტების დემონიზებას, ამ საკითხზე საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამოყენებას ცდილობენ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლება, რომელმაც 5 ივლისს განსაკუთრებით სასტიკად და უტიფრად გვაჩვენა არა მხოლოდ დაუსჯელობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ძალადობისკენ და აორგანიზებდნენ მას, არამედ, პრაქტიკულად, მათთან ერთად დაგეგმა და განახორციელა ძალადობა.
ეს ალიანსი უკვე წლებია გრძელდება. იგივე ადამიანებს, 5 ივლისის ორგანიზატორებს, იქამდეც არაერთხელ დაუორგანიზებიათ საჯაროდ ძალადობრივი ქმედებები სხვადასხვა უმცირესობების წინააღმდეგ და მათ ჰქონდათ და აქვთ დაუსჯელობის გარანტია ხელისუფლებისგან. ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს აქტიურობდნენ, რამოდენიმე წლის წინ საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგონას ჯგუფური გაუპატიურებით და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდნენ.”
ავტორი: თამარ ქუთათელაძე