საზოგადოების ტიპები და გენდერული ჩაგვრა

დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც გვაშფოთებს. საზოგადოებაში, სადაც გენდერული ჩაგვრა, უთანასწორობა, დისკრიმინაცია ნორმალიზებულია.

როგორ გახდა სამყარო ასეთი? როგორ მივიღეთ საზოგადოება, რომელშიც ჩაგვრა, უთანასწორობა, ძალადობა ნორმად იქცა?

ადამიანებს, მუდამ გვაინტერესებს ჩვენი ქცევის მოტივი. ვცდილობთ მას სხვადასხვა ახსნა მოვუძებნოთ. საზოგადოება ჩაგვრასა და დისკრიმინაციას, ზოგჯერ, „ბუნების კანონით“, გაუცნობიერებელი სტერეოტიპებით ან სოციუმში დამკვიდრებული ნორმებით, ცრურწმენებით ამართლებს. თუმცა დღეს მეცნიერები საზოგადოებაში ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაზე უფრო ზუსტ და ამომწურავ პასუხებსაც გვთავაზობენ.

სოციოლოგია, როგორც მეცნიერება საზოგადოებას განმარტავს, როგორც ურთიერთობის სისტემას, რომელიც ინდივიდებს აერთიანებს . სწორედ საზოგადოებაში ყალიბდება კულტურული ნორმები, რომელიც გენდერულ როლებს, სოციალურ სტატუსებსა და მიღებულ ან მიუღებელ ქცევის ნორმებსაც განსაზღვრავს.

ისტორიის მანძილზე სხვდასხვა ტიპის საზოგადოება ჩამოყალიბდა და ფორმაც იცვალა. დროთა განმავლობაში ამ უძველეს ადამიანთა გაერთიანებებში საფუძველი ჩაეყარა: გენდერულ როლებს, სოციალურად მიღებული თუ მიუღებელი ქცევის მოდელებს და რაღაც ეტაპზე ქალების ჩაგვრა ნორმად იქცა.

პირველი, უძველესი საზოგადოება შემგროვებლებისა და მონადირეების გაერთიანებაა.

მონადირეები და შემგროვებლები ამ ტიპის საზოგადოებაში ადამიანები ტომების სახით ცხოვრობენ, ისინი სარჩოს ნადირობითა და შემგროვებლობით იძენენ. მათ ძირითად ქონებას სანადირო და მიწის დასამუშავებელი იარაღები წარმოადგენს, ამიტომ საზოგადოების წევრებს შორის მატერიალური ქონების მხრივ განსხვავება ძალიან მცირეა, ისინი არ იყოფიან მდიდრებად და ღარიბებად.

მონადირეებისა და შემგროვებლების საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ასაკის მიხედვით ხდება. „უხუცესების“ ანუ ყველაზე ხანდაზმული ადამიანების სიტყვას ტომში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ძირითადად კონფლიქტების მოგვარებას ემსახურება. ამ საზოგადოებაში არ ვხვდებით ბელადებს. მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „მონაწილეობითია“ და ამ დროს ტომი ერთად იკრიბება.

მონადირეები არ არიან დაინტერესებული იმაზე მეტი მატერიალური დოვლათის მოგროვებით, რაც მათ ძირითად მოთხოვნებს ესაჭიროება. ადამიანები შეიძლება მარტო წავიდნენ სანადიროდ, მაგრამ ისინი ყოველთვის თანაბრად ანაწილებენ ნადავლს ტომის სხვა წევრებისთვის. ამიტომ, ამ საზოგადოებისთვის, ომი დღევანდელი გაგებით, სრულიად უცნობია.

მონადირეებისა და შემგროვებლების ტომში არ ვხვდებით კლასობრივ თუ გენდერულ ჩაგვას. შრომა განაწილებულია, მამაკაცები თითქმის ყოველთვის მონადირეები არიან, ხოლო ქალები აგროვებენ მცენარეულ საკვებს და ზრდიან ბავშვებს.

ამ პერიოდში ქალები კაცების თანასწორებად განიხილებიან, რადგან ქალის მიერ შეგროვებული ბუნებრივი სარჩო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცის ნანადირევი. ხორცის შენახვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და ნადირობაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ კაცები ნაკლებ დროს უთმობენ ნადირობას, ქალები კი ყოველდღიურად შემგროვებლობით არიან დაკავებულები. მათ შრომას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ქალს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

ინგლისელი სოციოლოგის, ენტონ გიდენსის აზრით მონადირეები და შემგროვებლები არ არიან უბრალოდ პრიმიტიული ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც აღარ შეადგენს ჩვენი ინტერესის საგანს: ”მათი კულტურის შესწავლა უფრო ნათლად დაგვანახებს, რომ ზოგიერთი ჩვენი ინსტიტუტი ძლიერ დაშორებულია ადამიანური ცხოვრების „ბუნებრივ“ მახასითებლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ იმ პირობების იდეალიზება, რომელშიც მონადირეები და შემგროვებლები ცხოვრობდნენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ომი არ არსებობდა, რომ არ არის განსაკუთრებული უთანასწორობა სიმდიდრესა და ძალაუფლებაში, და რომ მეტი ყურადღება თანამშრომლობას ექცევა, ვიდრე შეჯიბრს ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ინდუსტრიული ცივილიზაციის მიერ შექმნილი სამყარო ყოველთვის „პროგრესული“ არ არის.”

მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა საზოგადოება 

დაახლოებით 20 000 წლის წინ, ადამიანები დამატებითი სარჩოს მოსაპოვებლად იწყებენ ცხოველთა მოშინაურებას და მიწის დამუშავებას. მესაქონლეთა საზოგადოება ცხოველებს იშინაურებს და მომთაბარედ ცხოვრობს, ხოლო მიწათმოქმედებს პური მოჰყავთ. ბევრ მათგანს შერეული მეურნეობა აქვს. ამ საზოგადოების ადამიანებში ხშირია მეომრული სულისკვეთება. მესაქონლეები დარბევითა და ძარცვითაც ირჩენენ თავს .

მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა საზოგადოებაში იწყება ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ტომის ბელადები და მხედართმთავრები მხოლოდ კაცები არიან, რადგან ისინი ფიზიკურ ძალას ფლობენ, ამიტომ პიროვნულ ძალაუფლებასაც ინარჩუნებენ. ქონების გადანაწილებაშიც უთანასწორობაა.

მიწათმოქმედების საზოგადოების ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდში ქალი კვლავ მამაკაცის თანასწორად განიხილებოდა. სწორედ ქალს ანდობდნენ მიწის ნაყოფიერების შეფასებას. მეცნიერების გარკვეული ნაწილის აზრით, ქალები მიიჩნევიან პირველი სამუშაო იარაღის შემქმნელებადაც, რადგან შემგროვებლობა უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ნადირობა, შემგროვებლები კი ქალები იყვნენ და ლოგიკურია, რომ პირველი იარაღის გამომგონებლები ქალები ყოფილიყვნენ.

მიწათმოქმედების განვითარებასთან ერთად ქალი თანდათან კარგავს მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში. ისინი ნელ-ნელა ეთიშებიან სამეურნეო საქმიანობას. საზოგადოება პატრიარქატზე გადადის, რადგან რაც უფრო იზრდება დასამუშავებელი მიწის ნაკვეთის სიდიდე, მით უფრო მეტი ფიზიკური ძალა და შრომა სჭირდება მას. იზრდება მოთხოვნა მუშახელზეც. ოჯახები მრავალშვილიანები ხდებიან და ქალი უდიდეს დროს ორულობასა და ბავშვების მოვლაში ატარებს. რაც უფრო მცირდება ქალის როლი სამეურნეო საქმიანობაში, მით უფრო სუსტდებოდა მისი მნიშვნელობა და სტატუსი. ქალი ნელ-ნელა კარგავს კერძო საკუთრების უფლებას და მემკვირდეობა არა დედიდან შვილზე, არამედ მამიდან შვილზე გადადის. სოციალური თანასწორობიდან ქალი იერარქიულად დაბალ საფეხურზე ჩამოდის და მისი ეკონომიკური თუ უფლებრივი მდგომარეობაც უარესდება.

არაინდუსტრიული ცივილიზაციები ანუ ტრადიციული სახელმწიფოები

ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლიდან მოყოლებული არსებობდა დიდი საზოგადოებები, რომლებიც განსხვავდებოდნენ საზოგადოების მანამდე არსებული ტიპებისგან. ამ საზოგადოებაში ქალაქები  განვითარებულ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ, სადაც მეფეები და იმპერატორები მკვეთრად განსხვავებულ ქონებრივ და ძალაუფლებრივ რესურსებს ფლობენ. ამ საზოგადოების ადამიანებში წერა-კითხვა, მეცნიერება და ხელოვნება უკვე განვითარებულია, ამიტომ მათი მისამართით, ხშირად ტერმინი ტრადიციული სახელმწიფო გამოიყენება (ჩინეთის, იაპონიის, რომის იმპერიები).

ტრადიციულ სახელმწიფოებში ნათლად იკვეთება კლასობრივი დაყოფა. ძალაუფლებას არისტოკრატი კაცების გაბატონებული კლასი ფლობს. ისინი მატერიალურ კომფორტსა და ფუფუნებაში ცხოვრობენ. ხოლო, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი უმძიმეს მატერიალურ სიდუხჭირეში უწევს არსებობა. ამ საზოგადოების საერთო ნიშანი მონათმფლობელობაა.

თუკი მონადირეთა საზოგადოებაში შრომა ქალებსა და კაცებს შორის მარტივად და თანაბრად იყო გადანაწილებული, ტრადიციულ საზოგადოებაში დასაქმება უფრო რთულად და მკაცრად ნაწილდება სქესის მიხედვით. ქალების შრომა უმთავრესად ოჯახსა და მინდორში მუშაობით შემოიფარგლება, ხოლო კაცები ვაჭრის, კარისკაცის, სახელმწიფო მოსამსახურის სახით გვევლინებიან.

სხვდასხვა ტრადიციულ სახელმწიფოში, მათი კულტურიდან გამომდინარე, ქალისთვის მეტნაკლებად განსხვავებული ქცევის ნორმები არსებობდა, თუმცა ყველა კულტურაში ქალებს ერთი საერთო ჰქონდათ – გენდერული ნიშნით ჩაგვრა და სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უთანასწორობა. არც ერთი ქალი კაცის თანასწორად არ განიხილებოდა, პირიქით, ისინი კაცის საკუთრებას წარმოადგენდნენ. გათხოვებამდე ქალი მამას, გათხოვების შემდეგ კი ქმარს ემორჩილებოდა. მაგალითისთვის, ჩინეთში ქალი არც პოლიკიტური და არც სოციალური სტატუსით არ სარგებლობდა. ისინი არ ფლობდნენ მატერიალურ ქონებას. ძველ საბერძნეთში კი თავისუფლადშობილ ქალს მოქალაქის სტატუსი ენიჭებოდა, თუმცა მას არ ეძლეოდა ხმის უფლება. ქალების ძირითადი საქმიანობა ბავშვებზე ზრუნვა და საოჯახო საქმეები იყო .

ზოგადად, ამ საზოგადეობის ქალებზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან  პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობას სრულიად ჩამოშორებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოებაში წერა-კითხვა და მეცნიერება უკვე განვითარებული იყო, ქალებისთვის განათლება ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მათ არ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, შესაბამისად, ქალებს საკუთარი ისტორიისა და სათქმელის გადმოცემის საშუალებაც არ ეძლეოდათ.

ინდუსტრიული საზოგადოებები 

ინდუსტრიალიზაცია XVlll საუკუნის ინგლისში იწყება, როგორც „სამრეწველო რევოლუციის“ შედეგი. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა (მანქანა-დანადგარები: სართავი დაზგა, ორთქმავალი და ა.შ) ადამიანების საარსებო წყაროს მოპოვება გააუმჯობესა.

პირველი, მეორე და მესამე მსოფლიოს საზოგადოებები

XX საუკუნიდან მსოფლიოს სამ ნაწილად ჰყოფენ საზოგადოების ტიპების მიხედვით. პირველი მსოფლიოს ქვეყნები ამერიკასთან ერთად, ევროპის ინდუსტრიული ქყევნები (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ტასმანია, მელანეზია) და იაპონიაა. პირველი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს მმართველობის მრავალპარტიული, საპარლამენტო სისტემა.

მეორე მსოფლიოს საზოგადოება კი კომუნისტურ საზოგადოებას მოიაზრებდა (საბჭოთა კავშირი, აღმოსავლეთ ევროპა, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, აღმოსავლეთ გერმანიისა და უნგრეთის ჩათვლით). მეორე მსოფლიოს საზოგადოებებს ჰქონდათ ცენტალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკა, რაც ძალიან უმნიშვნელოს ხდიდა კერძო საკუთრებას ან კონკურენტულ ეკონომიკურ მეწარმეობას.

მესამე მსოფლიო კონკრეტულ გაერთიანებას არ წარმოადგენს, აქ შემავალი ქვეყნები დასავლურ საზოგადოებებს ეკონომიკურად ჩამორჩება. თუმცა ზოგიერთი ქვეყნა აქტიურად და წარმატებულად ერთვება ინდუსტრიალიზაციაში (ბრაზილია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, სინგაპური და ტაივანი) და ისინი ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებად განიხილებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საზოგადოებებში სიმდიდრე და სამომხმარებლო სწრაფვა ქორწინების, ოჯახის ტრადიციულ ფორმებთან და სოფლების სიღატაკესთან ერთად არსებობს.

ინდუსტრიალიზმის ბუმის პერიოდში ქალებს შრომის ორმაგი ტვირთი დააწვათ: სახლის აუნაზღაურებელ საქმეებს (ბავშვებისა და ოჯახის წევრების მოვლა) სახლის გარეთ, კაცებთან შედარებით დაბალი ხელფასით ანაზღაურებული შრომა დაემატა. სოციალისტურ საზოგადოებაში კი ქალის საყოველთაო ექსპლუატაციის მიზნით საბჭოთა კავშირმა ქალი და მამაკაცი კანონის წინაშე გაათანაბრა. მათ „რაბოტნიცების“ და „კოლხოზების“ შრომა სჭირდებოდათ, რომ განვითარებული სოციალიზმი აეშენებინათ ამიტომ „დედობაც“ კი ქალური ეგოიმზმის გამოვლინებად განიხილებოდა .

საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა საზოგადოების ფორმები. კაცები ქმნიდნენ, ცვლიდნენ, ადგენდნენ მათთვის მისაღებ წესებს. ისინი კარნახობდნენ მსოფლიოს და ქალებს როგორ ეცხოვრათ, ეაზროვნათ, ემოქმედათ. კაცები ფლობდნენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ რესურსებს. ისინი წარმატებას აღწევდნენ ყველგან: პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში. ქალები კი მორჩილად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ოჯახის მომვლელის ფუნქციას მანამ, სანამ არ აჯანყდნენ და საკუთარი უფლებებისთვის, თანასწორობისთვის ბრძოლა არ დაიწყეს.

მსოფლიოს ისტორია უსამართლოა, ასე შეაფასა კაცობრიობის ამბავი იუვალ ნოახ ჰარარიმ.  და მაინც, როგორ მივიღეთ ის უთანასწორობა, გენდერული ჩაგვრა და დისკრიმინაცია, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ?

თუკი ზემოთ მოყოლილ ფაქტებს შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ ადამიანები ხელოვნურად ქმნიდნენ იერარქიებს, სოციალურ კლასებს, ეკონომიკურ პრივილეგიებს და ამას ღმერთის ან „ბუნების კანონის“ სახელით აკეთებდნენ. თუმცა, როგორც დავინახეთ, იერარქია ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია. საზოგადოების დაყოფა პრივილეგირებულ და დაქვემდებარებულ წევრებად წარმოსახვითი წესრიგის შესაქმნელად მოიგონეს. სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიამ ისიც აჩვენა, რომ ადამიანთა გაერთიანებებს ძალიან უჭირთ და ფაქტიურად, არც შეუძლიათ იერარქიებისა და უსამართლო დისკრიმინაციების გარეშე ცხოვრება. წარმოსახვითი წესრიგის დასამყარებლად, გაერთიანების წევრებს გამუდმებულად ჰყოფენ კატეგორიებად: წარჩინებულებად, მდაბიოებად, თეთრკანიანებად, შავკანიანებად, ქალებად, კაცებად. სწორედ ეს კატეგორიები არეგულირებს ადამიანების ურთიერთობებს ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს სამართლებრივად, პოლიტიკურად ან სოციალურად სხვებზე აღმატებულ მდგომარეობაში ამყოფებს. საზოგადოებამ იერარქიების და უპირატესობების მინიჭებით მართვისა და კომუნიკაციის ფორმები გააიოლა. ის ადამიანს წინასწარ კარნახობს როგორ მოიქცნენ, ან თუ რას ელიან მათგან. მაგალითისთვის, ჰამურაბის კანონმა ადამიანები წარჩინებულებად, მდაბიოებად და მონებად დაჰყო. წარჩინებულებს ყველაფერი საუკეთესო ერგებოდათ, მდაბიოებს კი ის, რაც წარჩინებულებს გადაურჩებოდათ. ინდოელი მმართველები ირწმუნებოდნენ, რომ ინდური კასტობრივი სისტემა, ადამიანების დისკრიმინაცია და ჩაგვრა შემთხვევითი ისტროიული მოვლენა კი არა, არამედ კოსმოსური რეალობის გამოვლინება იყო. 1776 წელს ადამიანების თანასწორობის გამოცხადების მიუხედავად, ამერიკელების მიერ შექმნილი წარმოსახვითი წესრიგიც იერარქიული გახლდათ. ის უპირატესობას კაცებს ანიჭებდა, ქალებს კი უუფლებო მდგომარეობაში ტოვებდა.

მიწათმოქმედების განვითარებიდან მოყოლებული, კაცებს ქალებზე მეტად აფასებდნენ. ნებისმიერ საზოგადოებაში კაცად ყოფნა სჯობდა. გენდერულ იერარქიას, ქალებად და კაცებად დაყოფას ყველა საზოგადოება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მიწათმოქმედების განვითარებიდან მოყოლებული, კაცები უპირატესობით სარგებლობენ. ქალებად და კაცებად დაყოფაც, როგორც ინდური კასტური სისტემა ან ამერიკის რასობრივი სისტემა, წარმოსახვის ნაყოფია, და ის მხოლოდ და მხოლოდ, კაცების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება. პატრიარქატი კაცებს კაცურად, ხოლო ქალებს ქალურად აზროვნებას და ქცევას ავალდებულებდა. ნებისმიერი, ვინც ამ დადგენილ ნორმებს დაარღვევდა, უმკაცრესად, საზოგადოებიდან გარიყვით ისჯებოდა. ასე შეიქმნა მითები „ქალის ბუნებაზეც“: „ქალი ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე კაცი“, „ქალი კაცს უნდა ემორჩილებოდეს“, „ქალის საქმე სახლის დალაგებაა“, „ქალს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში“. ყველა ეს დისკრიმინაციული, ცრუ წარმოდგენები საუკუნეების მანძილზე ქალების სამართავად იქმნებოდა და მხოლოდ ერთ მიზანს – კაცების დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

უახლესმა ისტორიამ ცხადჰყო, რომ ქალების გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები არაფრით განსხვავდება კაცების უნარებისგან. ქალებმა უამრავჯერ დაამსხვრიეს სტერეოტიპები და ცრუ წაროდგენები მათ შესაძლებლობებზე. ქალები ძალიან კარგი ლიდერები, მმართველები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, არტისტები არიან და ისინი ისეთივე წარმატებით მოღვაწეობენ ნებისმიერ სფეროში, როგორც კაცები.

სტატიის ავტორი – თეო ქავთარაშვილი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი, ქალთა უფლებების აქტივისტი.

ლიტერატურა:

Anthony Giddens, Sociology, Polity Press, 1997 (qarTuli Targmani) D

David C. Geary “Male, Female:The Evolution of Human Sex Differences”, Second Edition, 2010

M. Cartwright “Women in Ancient China” World History Encyclopedia, 2017

ლ. გაფრინდაშვილი „ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ“, Heinrich Boll Stiftung, 2014 წ.

ი.ნ. ჰარარი „საპიენსი კაცობრიობის მოკლე ისტორია“ ბაკურ სულაკაური, 2011წ.

წინა

სოდომისა და გომორას განადგურების მიზეზი წმინდა წერილის მიხედვით

შემდეგი

პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები: გაუცხოება შეცნობის მიზნით

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,