შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ღიად ჰომოსექსუალი მღვდელი – ლარს გარდფელდტი კარლ იოჰანის სამრევლოდან, უარს ამბობს ჰეტეროსექსუალი წყვილების დაქორწინებაზე და მიუთითებს მღვდლის ინდივიდუალურ უფლებაზე, არ დააქორწინოს წყვილი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში.
შვედეთის ეკლესია ამჟამად მღვდლებს აძლევს უფლებას, უარი თქვან კონკრეტული წყვილების დაქორწინებაზე, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ პარტნიორებს შორის კავშირის პრობლემაა. როგორც წესი, აღნიშნული უფლებამოსილება ისეთ შემთხვევებს ეხება, როგორიცაა მხარეების ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მაგრამ ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ჰომოსექსუალობას და ამაზე გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ სასულიერო პირებს.
შვედეთის რადიოსთან საუბრისას, გარდფელდტმა, რომელიც მრევლს უძღვება, თქვა, რომ იგი აღარ დააქორწინებს საპირისპირო სქესის წყვილებს, რათა ,,აჩვენოს ორი ზრდასრული ადამიანისთვის ნებაყოფლობით ქორწინებაზე უარის თქმის აბსურდულობა”. როგორც გაზეთი Expressen იტყობინება, მღვდელი წუხს, რომ აღარ დააქორწინებს ჰეტეროსექსუალ წყვილებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მას სურს საზოგადოებას დაანახოს, ,,თეოლოგიურად და ეთიკურად” რამდენად დასაგმობია ეკლესიის დღევანდელი პოზიცია.
გარდფელდტმა თქვა: ,,ჩვენ არ უნდა მივიღოთ ახალი ანტი-ლგბტ მღვდლები. ჩვენ აღარ უნდა ვაკურთხოთ მღვდლები, რომლებიც ქადაგებენ იმას, რომ ჰომოსექსუალები არასრულფასოვანი ადამიანები არიან”.
გარდფელდტს სურს, ეკლესიამ დაძლიოს ჰომოფობია!
შვედმა მღვდელმა ასევე მოუწოდა ეკლესიას, დაძლიოს ჰომოფობია ეკლესიის შიგნით, რაც გეი მღვდლების უარყოფაში გამოიხატება. გარდფელდტმა თქვა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეპისკოპოსები მკაცრ ზომებს მიიღებენ. ღიად ჰომოსექსუალმა სასულიერო პირებმა მოუწოდეს შვედეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის პირებს, დაიცვან ქვიარ ადამიანების უფლებები 19 სექტემბრის საეკლესიო არჩევნებამდე ,,კეთილსინდისიერი უარის თქმის” წესის გაუქმებით, რაც მღვდლების ნაწილს უფლებას აძლევს, უარი უთხრას ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინებაზე.
წყარო: republicworld.com