ბიბლია, ეს არის წიგნი, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ხშირად იყენებენ ქვიარ ადამიანების ჩაგვრისა და განკითხვისათვის, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ეს აგრესიულ ფუნდამენტალისტებს წარმოუდგენიათ.
წმინდა წერილში რამდენიმე ადგილია, სადაც მკაფიოდ იკითხება პერსონაჟებს შორის არსებული ჰომორომანტიკული ურთიერთობი. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, კონფესიური და მიკერძოებული პერსპექტივისაგან დაცლილი თეოლოგები და ბიბლეისტები ცდილობენ, ახსნან ის ურთიერთმიმართებები, ამ პიროვნებებს შორის რომ იყო, რომელსაც ისინი უბრალოდ „წრფელ მეგობრობას“ არ უკავშირებენ და თვლიან, რომ მათ შორის იყო განსაკუთრებული რომანტიკული ჰომოსექსუალური სიყვარული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წონადი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად, მოკლედ და გასაგებად ჩავუღრმავდე იმ მეტად ძვირფას და საინტერესო ურთიერთობას, რომელიც იონათანსა და დავითს შორის სუფევდა.
ქრისტიანული წმინდა წერილის პირველ ნაწილში – ძველ აღთქმაში – არის წიგნები, რომელსაც I და II მეფეთა ეწოდება (ზოგან I და II სამუელი), რომელიც სამეფო კარის ირგვლივ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. წიგნი გვიყვება გაერთიანებული ისრაელ-იუდეის მეფე დავითსა (მეფობდა ქრისტეს შობამდე 1010-970 წლებში) და იონათანს (მეფე სამუელის უფროსი ძე და ისრაელის გაერთიანებული სამეფოს პრინცი) შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ორ კაცს შორის არსებული რომანტიკული სიყვარული, თუმცა ეკლესიები საუკუნეებია ასწავლიან, რომ მათი ურთიერთობა უბრალოდ ძმური სიყვარულია. ბიბლიის ტექსტი სხვა რამეს მოგვითხრობს:
I მეფეთა 19:1-ში ვკითხულობთ: “და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი“ (მეფე საულს დავითი თავისი ტახტის მოცილედ ეგულებოდა, ამიტომაც მის განადგურებას ცდილობდა). წმინდა წერილში მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე რამდენიმე მკაფიო მინიშნებაა, რომელსაც თანდათან შემოგთავაზებთ, მანამ კი გეტყვით, რომ მათი სიყვარულის რომანტიკული ხასიათის კვლევა პირველმა ტომ ჰორნერმა (Tom Horner – ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი, სამეცნიერო ხარისხები მიღებული აქვს დიუკის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს მოუნთ სეინთ ვინსენტის კოლეჯში, ნიუ-იორკი) დაიწყო, რომელმაც დაწერა წიგნი – იონათანს უყვარდა დავითი: ჰომოსექსუალობა ბიბლიურ დროში(Jonathan Loved David: Homosexuality in Biblical Times), სადაც ის დეტალურად განიხილავს მათი სიყვარულის ჰომორომანტიულ ხასიათს ფილოლოგიური და კონტექსტუალური არგუმენტებით. ტომ ჰორნერის მოსაზრება გაიზიარა და შემდგომ განამტკიცა ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა და იელის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ჯონ ბოსუელმა (John Boswell, PHD), რომლის კვლევის ძირითადი საგანიც ჰომოსექსუალობისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართება იყო.
2 მეფეთა 1:25-ში დავითი ეუბნება იონათანს: „ძმაო, იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული.“ ვფიქრობ, ნებისმიერი დაკვირვებული მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს, თუ რა ტიპის სასიყვარულო ურთიერთობაზე მიგვანიშნებს ტექსტის დამწერი (თანაც მაშინ, როცა ჰომოსექსუალური კავშირები ჩაქოლვით ისჯებოდა, შეძლებისდაგვარად, დეტალურად გვიხსნის ამბავს). ამ პასაჟში, ორი მამაკაცის ურთიერთობა იგივე სიტყვებითა და აქცენტებით აღიწერება, როგორც ძველი აღთქმის სხვა ჰეტეროსექსუალური რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობები.
სუსან აქერმანი (Susan Ackerman), ამერიკელი ბიბლიის მკვლევარი და რელიგიის პროფესორი, აღნიშნავს, რომ ბიბლიის ტექსტში, მინიმუმ, 5 ადგილია, სადაც დიდია ალბათობა იმისა, რომ მინიშნება იყოს მათ შორის არსებულ ჰომოსექსუალურ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ეს პასაჟებია:
1. I მეფეთა 18:1-4 – „და როცა დავითმა დაამთავრა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული მის სულს, და შეიყვარა იგი იონათანმა, როგორც თავისი საკუთარი სული. და წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ დაანება მამის სახლში დაბრუნება. და შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი, როგორც თავისი საკუთარი სული. და განიძარცვა იონათანმა თავისი მოსასხამი და მისცა დავითს; მისცა აგრეთვე თავისი ჯაჭვ-ჭური, თავისი მახვილი და თავისი მშვილდ-კაპარჭი, და მთელი თავისი საჭურველი თავისი სარტყლიანად.“
2. I მეფეთა 19:1-2 – „და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი და შეატყობინა იონათანმა დავითს და უთხრა: „შენი მოკვლა უნდა მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.“
3. I მეფეთა 20:30-34 – „და განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „უკუღმართო და ურჩო ძეო, განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ძეს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად, რადგან, ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გააგზავნე მასთან და აქ მომიყვანე, რადგან უნდა მოკვდეს!“ და მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?“ და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. და მიხვდა იონათანი, რომ მამამისს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი დავითის მოკვლა. და ადგა იონათანი სუფრიდან განრისხებული და ლუკმა არ უჭამია ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ შეურაცხყო მამამისმა.“
4. I მეფეთა 23:15-17 – „და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით, და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ პირველი კაცი ვიქნები; მამაჩემმა, საულმა კარგად იცის ეს.“ და შეკრეს კავშირი ორივემ უფლის წინაშე.დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა.“
5. II მეფეთა 1:25-26 – „ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ გაცვდა საჭურველი!“
აქერმანი აღნიშნავს რომ ამ ხუთთაგან უმნიშვნელოვანეს არგუმენტად ბოლო გამოდგება, სადაც გარკვევით და ხასგასმითაა ნათქვამი ის, რაც ცხადყოფს მათი სიყვარულის რომანტიკულ ხასიათს : „შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული“.
რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია მტკიცებითი ფორმით იმის დაჟინება, რა სახის სასიყვარულო ურთიერთობა სუფევდა დავითსა და იონათანს შორის, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც მათი რომანტიკული ურთიერთობისა გვჯერა, საკმაოდ ბევრი არგუმენტით თავად ბიბლიის ტექსტი გვეხმიანება.
ამ მცირე მიმოხილვით, ჩემი მიზანი იყო, ქვიარ თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის შემეთავაზებინა ბიბლია, როგორც ამ კუთხით საინტერესო საკვლევი წიგნი, ის ხომ რახანია ფუნდამენტალისტთა დიდი მოწადინების შედეგად, სიძულვილის მაპროვოცირებელ წიგნად აღიქმება მრავალთა მიერ.
– თომა ლიპარტიანი – ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი.