მარტი 2024

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

/

5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ამერიკასა და კანადაში ქვიარ ქალები 50%-ით მეტად განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ორსულობის დროს, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები. ასევე, ორსული ქვიარ ქალები ნაკლებად მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას პოსტპარტუმ დეპრესიის შემთხვევაში მანამ, სანამ სიმპტომები არ დამძიმდება.

ორსული ქვიარ ქალების დეპრესია და ფსიქიკიური ჯანმრთელობის პრობლემები დიდწილად განპირობებულია ჰომოფობიითა და ტრასნფობიით, ასევე სამედიცინო პროცედურებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით.

ჰომოფობია და ტრანსფობია საფრთხეს უქმნის ადამიანის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას. ცოტა ხნის წინ ამერიკის კიბოს ასოციაციამ (ACS) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად ჰომოფობიამ და ტრანსფობიამ შესაძლოა არაპირდაპირ გაზარდოს კიბოს განვითარების რისკები ქვიარ ადამიანებში. მუდმივი სტრესი ქვიარებს უბიძგებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ. ხშირად ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღება ხდება მოჩვენებითი გამკლავების მექანიზმი. გარდა ამისა, უმცირესობათა სტრესი თავისთავად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც იწვევს კორტიზოლოს მატებას და შედეგად ბიო-ქიმიური პროცესების ცვლილებას. აღნიშნული ცვლილებები ადრე თუ გვიან ასიახება ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების სახით.

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

/

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. დაკავებულმა 19 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო ერთ-ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა, რადგან მან სქესობრივ კავშირზე უარი თქვა.

ასევე,  უწყების ცნობით,  გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა.

გამომძიებლებმა დაკავებულის ტელეფონში აღმოაჩინეს სხვა ქალებთან კომუნიკაციის ფაქტები: ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარისა და შანტაჟის შემცველი მესიჯები. ჯამში აღმოჩენილია 200-მდე ქალის 5000-მდე ფოტო და ვიდეო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.

 

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით.

28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია, ინდიანას შტატიდან. მუშაობს კაფეში მიმტანად და სიმღერა მისი ყველაზე დიდი გატაცებაა. მღერის 11 წლიდან, მოუხედავად იმისა, რომ დედასთან ერთად იმ დროისთვის ქუჩაში აღმოჩნდა და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გაიარა მის ცხოვრებაში. ტრანზიციის პერიოდში მანდ ბევრი ახლობელი ადამიანი დაკარგა. ეს მისთვის მტკივნეული გამოცდილება იყო, თუმცა დღეს არ ადანაშაულებს მათ, ვინც ზურგი აქცია.

American Idol-ის ჟიურის წევრები კეტი პერი, ლაიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი აღფრთოვანებული უსმენენ, როგორ ასრულებს ამარი ბრიტნი სპირსის სიმღერას “Toxic.”

“Problemista” – ტილდა სვინტონისა და ხულიო ტორესის ტანდემი ახალ ფილმში

/

კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ.

ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების დიზაინერის (ხულიო ტორესი) შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მის სამუშაო ვიზას ვადა ეწურება, ხოლო ამერიკაში დარჩენის ერთადერთი საშუალებაა ეთანამშრომლოს ექსცენტრიულ და ხელოვნების სფეროშო გარიყულ არტისტს ელიზაბეტს (ტილდა სვინტონი).

ფილმში აღწერილია მიგრანტების რთული გზა, რომელსაც გადიან სხვა ქვეყანაში. ადამიანებს, რომელთაც არ დაედგომებათ საკუთარ ქვეყანაში, თუმცა უწევთ ურთულესი პირობებისა და ბარიერების გადალახვა უცხო ქვეყანაში დარჩენისა და ადაპტაციისთვის.

“Problemista”-ს პრემიერა 2023 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა გაფიცვების გამო 2024 წელს გადაიდო. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ხულიო ტორესია.

ტილდა სვინტონმა ტორესთან მუშაობას შესანიშნავი გამოცდილება უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი დამგობრდნენ.

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

/

6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა.

კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. გამოცემა იკვლევს: როგორ ვლინდება გენდერული ფლუიდურობა და როგორია ქვიარ ნაკვალევი ხელოვნებაში, როგორ არის მანიფესტირებული ის სხვადასხვა დეკადაში და სხვადასხვა მედიუმში – გრაფიკა, ფერწერა, ფოტო, პერფორმანსი, ვიდეო თუ სხვა ვიზუალური პრაქტიკა.

Creative Collective Spectrum-ი ქვიარ წიგნის პრეზენტაციის ჩაშლასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად.
„გატყობინებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც უნდა გამართულიყო 6 მარტს, “აჭარა ჯგუფის” მფლობელობაში არსებული სასტუმრო Stamba Hotel შენობაში განთავსებულ Tbilisi Photography & Multimedia Museum-ში. დაგეგმილ პრეზენტაციაზე არაერთი მცდელობის მიუხედავად აბსურდული მიზეზებით უარი გვეთქვა.
გამოცემა, რომელზე მუშაობაც თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, XX-XXI საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს და ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს დაიწყოს კანონის განხილვა ე.წ “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ. აღნიშნული კანონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მკაცრად რუსეთში, სადაც მისი ინიციირება რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელმაც ძირი გამოუთხარა გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი რუსეთის სახით ვხედავთ.
საქართველოში ამ კანონის შესახებ საუბრები გასული წლის მარტის მოვლენების შემდეგ დაიწყო, თუმცა, წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს “აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის” მაგალითად ნათლავენ, რაც, არამხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა. ასეთი კანონის პირობებში, ქართული მხატვრობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშების შექმნაც კი შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ყველაზე საამაყო ქართველ არტისტებს, საბჭოთა რუსული ხელისუფლება, თავის დროზეც სწორედ ჰომოფობიური კანონმდებლობით ებრძოდა.
ამ მოვლენების ფონზე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა პრეზენტაციის მასპინძელი, “თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის” ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე, რომელმაც გვაცნობა, რომ 6 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, შეუძლებელი იქნებოდა შენობის “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” და კატეგორიულად მოითხოვა ღონისძიების ლოკაციის შეცვლა – აღნიშნული მიზეზი არამხოლოდ დაუჯერებელ სიყალბედ მიგვაჩნია, არამედ არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ ნაცვლად წინააღმდეგობისა და გამბედაობისა, რაც ყველაზე მეტად მოეთხოვება ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას, სამწუხაროდ ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მსოფლიოს ხელოვნების ისტორიას არაერთი გამოწვევა და დაპირისპირება ახსოვს ჰეგემონურ დღის წესრიგთან და სისტემასთან, რომელიც ყოველთვის ცდილობდა საკუთარი მარწუხების ქვეშ მოექცია თავისუფალი აზროვნების ყველა სივრცე და წარმომადგენელი. და ამასთან ერთად, გვახსოვს, რომ ნამდვილი და ხელშესახები, სასიკეთო ცვლილებები სწორედ ასეთ დღის წესრიგთან უკომპრომისო წინააღმდეგობით, სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ინდივიდების გამბედავი გადაწყვეტილებების და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების დაცვის შემდეგ დგებოდა.
არამხოლოდ ვგმობთ, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მათ შორის სახელოვნებო ისტორიაში, სამუდამოდ ჩაიწერება ყველა იმ ინდივიდის, ინსტიტუციის, სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ჯგუფის სახელები, რომლებიც, ასეთ გადამწყვეტ მომენტში, გვერდში დგომის ნაცვლად, ზურგს აქცევენ საფრთხის წინაშე მყოფ თავისუფალი თვითგამოხატვის მქონე შემოქმედებით ჯგუფებს, ქვიარ ადამიანებს, და პირველ რიგში, ყველა იმ არტისტს, რომლებიც წიგნშია მოხსენიებული.
მიგვაჩნია, რომ არც “აჭარა ჯგუფს” და არც “თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს” აღარ აქვთ უფლება, საზოგადოებას შემოქმედებით თავისუფლებაზე ელაპარაკონ და უსაფრთხო სივრცის სახელით პოზიციონირებდნენ. ჰომოფობიური ცენზურის ამოქმედებამდეც კი ცენზურის ქვეშ მოყოლილი სივრცე ვერ იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ღირებული სასიკეთო ცვლილებების შთამაგონებელი ადგილი.
ამიტომაც, სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ საჯარო სახელოვნებო ინსტიტუციებს მოგმართოთ თხოვნით, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვითმოთ სივრცე წიგნის პრეზენტაციისთვის, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ სახელოვნებო სივრცეში გაიმართოს.
მადლობას ვუხდით წიგნის ავტორებს, შემოქმედებით ჯგუფს, არტისტებსა და თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც ამ წიგნის შექმნის და მისი საზოგადოებამდე მიტანის პროცესში თავისუფლების, გამბედაობის, სოლიდარობისა და პრინციპების ერთგულების ღირსეული მაგალითი გვაჩვენეს. ჩვენს წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დაძლევაც მხოლოდ ასეთი მაგალითებით იქნება შესაძლებელი.“

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

//

28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს ემპირიულ და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინკლუზიურ ზრუნვას.

აშშ-ს რამდენიმე შტატში აიკრძალა ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურები, რაც მოიცავს სამედიცინო, საკანონდებლო, სოციალური და ფსიქოლოგიური პროცედურების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის გენდერული იდენტობის მიღებისა და დადასტურების პროცესს.

ამერიკის ფსიოქლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი სინტია დე ლას ფუენტესი აცხადებს, რომ ფსიქოლოგთა ასოიციაციის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებს, არის გზავნილი იმ სამთავრობო უწყებისა და თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც უგულებელყოფენ ადამიანების საბაზისო საჭიროებებს. სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აუცილებელია იმ ადამაინებისთვის, ვინც გადის ტრანზიციის და გენდერის დადასტურების პროცესს, ხოლო ინკლუზიური ზრუნვის აკრძალვა დიდ ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მხარს უჭერს არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის დადასტურების ზრუნვას, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  •  აუცილებელია ახალგაზრდა ტრანსგენდერებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე. დაუშვებელია სამედიცინო სერვისების აკრძალვა.
  • აუცილებელია ტრანსგენდერ/არაბინარულ ადამიანებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობა და დაუშვებელია მსგავსი სერვისების აკრძალვა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას, იყოს ჯანმრთელი და მიიღოს შესაბამისი სერვისები.
  • ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნა არ არის გამოწვეული აუტისტური სპექტრის ან პოსტ ტრავმული სტრესის შედეგად. გენდერის დადასტურების პროცედურებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა ხდება შეცდომაში შემყვანი ნარატივის გავრცელებით, როგორიცაა ტრასნგენდერი ადამიანების წარმოჩენა, როგორც ძლიერო სტრესის ან ძალადობის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის.
  • დისკრიმინაცია იწვევს ტრასნგენდერი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოხლის ხარისხის გაუარესებასა და სუიციდის გაზრდილ რისკებს. ასევე, საფრთხეს უქმნის ტრანსგენდერი/არაბინარული ადამიანების ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.

ამჟამად აშშ-ს 20-ზე მეტ შტატში აკრძალული ან შეზღუდულია გენდერის დადასტურების პროცედურები და შესაბამისი სერვისები.

 

პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ორი კაცი დააკავეს

/

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს.

1960 წელს დაბადებულს კაცს ქალთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. მას შემდეგ კი რაც დაზარალებულმა აღარ მოინდობა ურთიერთობის გაგრძელება, ბრალდებულმა ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.

საგამოძიებოს განცხადებით, გაჩხრიკეს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე, ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა ამოიღეს, ხოლო კაცი დააკავეს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

“ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა.

ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.