(ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე)
ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არა თუ არ მუშაობენ ჰომოფობიის და ტრანსფობიის შემცირებისთვის შესაბამისი პროგრამებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, არამედ ლგბტქი თემას სათავისოდ იყენებენ. საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებენ მარგინალური ჰომოფობიური ჯგუფები, მაგრამ მათი წახალისება არ უნდა ხდებოდეს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ხელისუფლება კი ხშირად ხუჭავს თვალს აგრესიულ ქმედებებზე, თავდასხმებზე, ზოგი მიმართულებით აძლიერებს კიდეც ამ ჯგუფებს. ამიტომაც ბედავენ ამ ყოველივეს.
მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიის პრობლემა ისეთი მწვავე ან/და გადაუჭრელია, როგორც ამას ულტრამემარჯვენე ჯგუფები წარმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპები საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია, წინა წლებთან შედარებით შეინიშნება პროგრესიც. ჩემი დაკვირვებით და ყველა კვლევაც ამას აჩვენებს, საზოგადოება არ არის ისეთი აგრესიული, მაგრამ ეს მარგინალური ჯგუფები საზოგადოებაში სიძულვილს აღვივებენ და დაპირისპირებას იწვევენ.
ამას იყენებენ პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკოსები, რადგან იციან, რომ ეს თემები ემოციურია, ტრადიციებს უკავშირდება. ლგბტ საკითხების მიზანმიმართულად დამახინჯებულად წარმოჩენა ხდება სწორედ რომ აგრესიის გამოსაწვევად. ასე მოქმედებს რუსეთის პროპაგანდაც.
საპატრიარქოც მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანებზე ნადირობით მრევლს აძლიერებს. ეს მათი შეხედულებაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ; ეკლესიური, მორწმუნე ადამიანები მღვდლების მხრიდან აგრესიას პრობლემად ასახელებენ. ღვთის ქადაგება და ღვთის სიყვარული გამორიცხავს ძალადობასა და ძალადობის წახალისებას. მათ დაკარგეს ბევრი ადამიანის ნდობა, ეკლესიამ დაკარგა ავტორიტეტი, მაგრამ იმავეს აგრძელებენ, რადგან ძალიან დიდია საპატრიარქოში რუსული გავლენა და მათ სჭირდებათ ეს თემები იმისთვის, რომ რუსული თემატიკითა და მეთოდებით იმოქმედონ საზოგადოებაზე. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი შიშის დათესვა და შემდეგ ადამიანების მართვა საკუთარი ინტერესების მიხედვით. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილზე ამან იმუშავა. ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება სწორედ ასეთი მიზანმიმართული ქმედებაა.
მე მომხრე ვარ ღია შეკრებების, საჯაროობის, რადგან ჩვენ ეს ყინული უნდა გავალღვოთ. ჩემი აზრით, რაც ადრე ლგბტ თემის წევრთა მიმართ იყო აგრესია, ის აღარ იქნება, რადგან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს გარანტია ადამიანების უსაფრთხოებაზე, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს. შეიძლება, ლგბტ ადამიანებთან ერთად მოვიფიქროთ შეკრების ისეთი ფორმა, რომ ძალადობის არიდება შევძლოთ.
ჩემი აზრით, ლგბტ თემის მხარდამჭერთა ქსელი უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ თემის წევრებმა, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, ისინი სრულფასოვანი, ღირებული ადამიანები არიან, რასაც უნდა უნერგავდნენ სხვები და, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები.
ბავშვები უნდა დავიცვათ ძალადობისგან სკოლებში, ახალგაზრდები, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ განსხვავებულები არიან, არ უნდა ჰქონდეთ ამის გამო სტრესი, არ უნდა გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. ამ ბავშვების დაცვა განათლების სისტემის რეფორმირებით შეგვიძლია და მეც ჩემი წვლილი უნდა შევიტანო ამ მიზნის მიღწევაში.