ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.
ლგბტქი მებრძოლი მოხალისეები ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის უკრაინაში შემოჭრისთვის ემზადებოდნენ. ახლა ისინი მზად არიან პასუხის გასაცემად და წინააღმდეგობის გასაწევად, თუ პუტინის ძალები უკრაინის მიწაზე დარჩებიან.
ვერონიკა ლიმინა, რომელიც ქვეყნის შორეულ დასავლეთში, ლვოვში ცხოვრობს, მოხალისე ლგბტქი იუნკერებს საბრძოლო და პარამედიკურ უნარებს უვითარებს. ის ჩაეწერა ლვოვის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში და თქვა, რომ მზად არის, შეურთდეს ბრძოლას, რადგან პუტინის ძალები დასავლეთისკენ გადაადგილდებიან.
„მე გაბრაზებული ვარ. ჩვენ მოვკლავთ პუტინს!“ – განაცხადა ვერონიკამ, როდესაც რუსებმა დაბომბეს ქალაქები და ტანკები უკრაინის ტერიტორიაზე უფრო შორს შეიყვანეს.
ლიმინა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, რომელიც მხარს უჭერს ლგბტქი ადამიანების თანასწორ უფლებებს ჯარში. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის გეი საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ოკუპაციას, მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაცია გრძელდება, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებს აქვთ უკრაინელების სია, რომლებიც უნდა დააკავონ, ან მოკლან. სიაში ჟურნალისტები, ლგბტქი ადამიანები, პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
ანდრიი კრავჩუკი, რომელიც კიევში, Nash Mir Center-ში მუშაობს, ამბობს, რომ იგრძნო რუსეთის ჰომოფობიური გავლენა მშობლიურ ქალაქში, დონბასის რეგიონში, საიდანაც 2014 წლის შემოჭრის შემდეგ გაიქცა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომლებსაც ვაწყდებით – უკრაინელებიც და უკრაინელი ლგბტქი ადამიანებიც. გვესმის, რომ რუსული ოკუპაცია ტოტალურ უკანონობასა და რეპრესიებს ნიშნავს. ამის დანახვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ყირიმსა და დონბასშია შესაძლებელი. სულ ორი ვარიანტი გვაქვს: დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავხადოთ ის თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ან არ გვქონდეს თავისუფლება და, შესაბამისად, არ იყოს უკრაინა. უამრავი ლგბტქი აქტვისტი, რომლებსაც ევრომაიდანის ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ, თავდაცვის ძალებს უერთდებიან, ან ატარებენ ტრენინგებს პარასამედიცინო დახმარების მიმართულებით. ლგბტქი ადამიანები, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ, ასევე სამხედრო მოხალისეები, მზად არიან ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად. ჩვენ ვიქცევით ისევე, როგორც დანარჩენი ერი.“ – ამბობს კრავჩუკი.
რუსეთს ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ისტორია აქვს. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გეების წმენდამ ლგბტქი თემი ჩრდილში მოაქცია. რეგიონში ბევრი დააკავეს, ბევრი კი გაიქცა.
დონბასში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპატარატისტულ რეგიონში, ლგბტქი თემმა კარგად დაინახა, რა მოხდება, თუკი კონტროლი პუტინის მომხრეების ხელში ჩავარდება. დონბასში ომამდე გეი საზოგადოება ნორმალურად ცხოვრობდა, მაგრამ 2013 წლიდან სეპატარისტებმა რეგიონში გაძლიერებული ჰომოფობიური რიტორიკა შემოიტანეს. ხშირ შემთხვევაში ლგბტქი თემი ხდებოდა თავდასხმის, დაკავებისა ან ძალადობის მსხვერპლი.
ჰომოფობიური ისტორია თავად პუტინსაც აქვს. გასულ წელს, Valdai Discussion Club-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას, მან თქვა, რომ გენდერული ფლუიდურობა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. 2013 წელს მან ასევე ხელი მოაწერა „გეი პროპაგანდის“ კანონს, რომელიც „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვას გულისხმობდა.
2014 წელს, კრავჩუკი ლუგანსკიდან დაბომბვის დაწყების შემდეგ გაიქცა. ცხოვრება შეყვარებულთან ერთად კიევში განაგრძო. მისი ოჯახი კი მშობლიურ სახლში დარჩა. ბოლო დღეებში, მისი ძმა რუსმა ოკუპანტებმა შეიპყრეს და უთხრეს, რომ პრორუსული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დასაცავად იძულებით გაიწვევდნენ, მიუხედავად ხელოვნური მუხლის სახსრისა და იმისა, რომ მისი ძმა შეიძლება მეორე მხარისთვის იბრძოდეს.
ვალერი ბრაუნმა, რომელიც თავს ლესბოსელად აიდენტიფიცირებს, თქვა, რომ ის ვარჯიშობდა პუტინის ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. ის ცდილობდა, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას და შეჭრის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ დაწერა, რომ ეს საშინელებაა.
ყველა ლგბტქი უკრაინელი არ იბრძვის. ზოგიერთი მათგანი წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებსა და ლგბტქი სამოქალაქო პირებს მოხალისეობრივად ეხმარება. არასამთავრობო ორგანიზაცია უკრაინელი ლგბტ ჯარისკაცების ხელმძღვანელმა, ვიქტორ პილიპენკომ თქვა, რომ ბევრი ლგბტქი ადამიანი უკვე ფრონტზე იმყოფება, მხოლოდ ლგბტქი სამოქალაქო პირები ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს ფულის, აღჭურვილობის, იარაღისა და სამედიცინო დახმარების შეგროვებაში ეხმარებიან.
უკრაინული ლგბტქი თემი იჩენს სიმამაცესა და ძალას მაშინაც კი, როდესაც უკრაინა იბომბება და დასავლური სამყარო ნებისმიერი შესაძლო შედეგისთვის ემზადება. ბევრ მათგანს წასასვლელიც კი არსად აქვს. ლგბტქი თემი ამბობს, რომ იბრძოლებს საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად.
წყარო: The Daily Beast