ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი და გერმანელი პოპ შემსრულებელი კიმ პეტრასი ისტორიაში შევიდნენ და გახდნენ პირველი ღიად არაბინარული და ტრანსგენდერი არტისტები, რომლებიც ერთობლივი სიმღერით “Unholy” ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში მოხვდნენ.
“Unholy” მეორე სიმღერაა სემ სმიტის მეოთხე სტუდიური ალბომიდან “Gloria”, რომელიც იანვარში გამოვა. სიმღერა ჩარტების სათავეში გასულ თვეს მოხვდა და იუთუბზე 35 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კიმ პეტრასისთვის “Unholy” პირველი სიმღერაა, რომლითაც ბილბორდის ჩარტების ასეულში შევიდა. ის იმედოვნებს, რომ უკანასკნელი ტრანსგენდერი შემსრულებელი არაა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური რეიტინგის პირველობას მიაღწია. მომღერალი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ტრანსგენდერი შემსრულებლები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.
კომპოზიციის “Unholy” ნაწყვეტი სმიტმა ჯერ კიდევ აგვისტოში, ტიკტოკის საშუალებით გააზიარა, რის შემდეგაც ვირუსულად გავრცელდა.