26 აპრილი ლესბოსელების ხილვადობისა და მათი აღიარების დღეა. ეს დღე პირველად 2008 წელს აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეისთვის საერთაშორისო დონეზეც აღინიშნება.
26 აპრილი დიდ დატვირთვას ატარებს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლესბოსელი ქალებისთვის, არამედ მთელი ქვიარ საზოგადოებისათვის. ის შეიძლება თავშესაფრად ჩაითვალოს ლესბოსელებისთვის, რათა მათ დაცულად, აღიარებულად და მნიშვნელოვნად იგრძნონ თავი სამყაროში, სადაც ისინი ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციას და ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.
ამ დღის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ისიცაა, რომ ადამიანებმა სტერეოტიპებსა და იმ მცდარ წარმოდგენებს გაუსწორონ თვალი, რომლებიც ლესბოსელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ.
საიდუმლო არ არის, რომ ლესბოსური საზოგადოება მარგინალიზებულია. მათ უფრო ხშირად ექმნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, დეპრესია, კვებითი აშლილობა და შფოთვა) იმის ფონზე, თუ როგორი ემოციური სტრესის გავლა უწევთ მოზარდობისას, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. ხშირ შემთხვევაში, ამას ემატება ოჯახი, რომელიც გამოხატავს მათ მიმართ სიძულვილსა და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას.
თინეიჯერ გოგოებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ საიდუმლოდ შეინახონ თავიანთი სექსუალური იდენტობა, ეშინიათ, რომ ოჯახის მხრიდან მკაცრად დაისჯებიან, ან უარესი – სახლიდან მოუწევთ წასვლა. ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც მათ გვერდით არ ჰყავთ სანდო ადამიანები, რომელთა იმედიც ექნებათ და თავიანთ განცდებს გაუზიარებენ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავს არ აიდენტიფიცირებთ ლესბოსელ ქალად, თქვენ შეგიძლიათ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა ამ ქალების მიმართ, თუნდაც იმ ბარიერებისა და დაბრკოლებების აღიარებითა და დანახვით, რომლებსაც ისინი ხშირად აწყდებიან. როდესაც არ გვეშინია, გვერდით დავუდგეთ ჩვენს დებს, ეს შეიძლება ზოგიერთი ქალის ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი გახდეს.
ლესბოსელების ხილვადობის საერთაშორისო დღე არ არის მხოლოდ ლესბოსელი ქალების ზეიმი, ეს მთელ ლგბტქი საზოგადოებას, სხვადასხვა რასისა და ეროვნების ხალხს ეხება, რომლებიც ქვიარ უფლებებისთვის იბრძვიან.