ავტორი: Sian Cain / The Guardian
პოლ იორი საკუთარ ფურგონს მაჩვენებს. მას ყოველთვის უნდოდა, რომ მანქანისგან (“ისინი ფალოსისებრნი არიან, არა?”) სკულპტურა შეექმნა და პანდემიისას, ისევე, როგორც უმეტესი ჩვენგანი, სიკვდილზე ფიქრობდა. ამიტომ, როცა ფურგონი იპოვა, საღებავი სრულად შემოაცალა და მოზაიკად გარდაქმნა. ახლა მანქანას იორის სტილში, წვრილი ნაჯღაბნით აწერია — “გამჟიმე სიკვდილამდე”, ნომრის ადგილას კი დიდი ასოებით არის მიწერილი — “არა ჰომო”.
ასე უბრალოდ ფურგონი როგორ უნდა ვიყიდოთ?
“ონლაინ ვიპოვე”, — მპასუხობს ირონიულად. სულ რაღაც 3 კვირაში დაასრულა. ვთხოვე, ხელები ენახებინა, ველოდი, რომ წლობით სკულპტურებზე და მოგვირისტებაზე ნამუშევარი თითები მოუვლელი ექნებოდა, მაგრამ კოხტად ლაქგადასმულ ფრჩხილებს ვხედავ.
“ახლა ცუდ ფორმაში არ არიან, მაგრამ დიდ ინსტალაციებზე მუშაობის შემდეგ ისე მაქვს, თითქოს მაწანწალა კატებთან ვმუშაობ”, — მპასუხობს პოლი.
სულ რაღაც 34 წლის ასაკში იორის ნამუშევრები ყველასგან გამორჩეულად გასაოცარი, ფერადოვნად ვულგარულია და ასახავს გენდერის, სექსუალობის, პოლიტიკის, რელიგიის, კაპიტალიზმისა და სარეკლამო ინდუსტრიის თემებს. მისი ბოლო და ამ დროისთვის ყველაზე დიდი გამოფენა ახლახან გაიხსნა — საკარნავალო წარმოდგენა მელბურნის თანამედროვე ხელოვნების ავსტრალიურ ცენტრშია წარმოდგენილი.
ის ყველაზე ცნობილი ნარჩენებისგან შექმნილი უზარმაზარი ინსტალაციებით გახდა. ბოლო გამოფენაზე მისი აქამდე ყველაზე დიდი ნამუშევარია წარმოდგენილი — კოშკი და გუმბათი, რომელიც Happy Meal-ის სათამაშოების გროვით, საკოსტიუმო სამკაულებით, ნაქსოვი ნაჭრებით, ნეონის სანათებით, სწრაფი კვების ლოგოებით, დილდოებით, მუხუდოს თუნუქის ქილებით, წინასაქორწინო წვეულებასთან ასოცირებული ნივთებით არის დაფარული. რაღაც მომენტში მგლოვიარე სახით დასცქერის პენისის ფორმის საწრუპებს და ამბობს, “ეს რა ამაზრზენი ქვეკატეგორიაა”.
გამოფენის ნებისმიერ წერტილში ნახავთ მის დელიკატურად ნაგვირისტებ ცისარტყელასებრ ნაყშებს, რომლებიც ვულგარულ, მეამბოხე გზავნილებს შეიცავს კაპიტალიზმისა და კოლონიალიზმის შესახებ. უზარმაზარი ნაქსოვები, თარგები, მძივებით შექმნილი ნამუშევრები გაფორმებულია სლოგანებით, რომლებიც ერთდროულად ქვიარ მგრძნობელობისაც არის და ჰომოფობიურიც, რასისტულიც და ანტირასისტულიც. შეხვდებით ერექციის არაერთ გამოსახულებასაც.
“გაბრუებული კარგა ხნით მიაშტერდები რომელიმეს და აღმოაჩენ, რომ ამდენი ხანი პენისს უყურებდი”, — მეუბნება ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც იორის კაშკაშა ნაქარგს შეჰყურებს.
გამოფენა ეკუთვნის მომცრო, მოწესრიგებულ კაცს, რომელიც სიმშვიდეს აფრქვევს და შავი მაისურის მიღმა მარგალიტის ყელსაბამიც მოუჩანს. შოუ 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს, რომელთა უმეტესი ნაწილი წლობით ავსტრალიის სხვადასხვა გალერეაში გამოფენის შემდეგ შეკრიბეს. ზოგიერთი ათწლეულზე მეტია თვითონაც არ უნახავს, ამიტომ ამბობს — “ძველი ნამუშევრების ნახვა უცნაურ ოჯახურ შეკრებას ჰგავს. ისინი პატარა ბავშვებივით არიან, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდნენ”.
მისი ნამუშევრები ზედაპირულად შეფასებისას ბედნიერებას ასხივებენ, თუმცა იორი მათ და საკუთარ თავსაც პესიმისტად მიიჩნევს.
“ჩემი ნამუშევრები ბნელი, ცინიკური სიღრმეებიდან მოდის. მათ არ ვხედავ როგორც ბედნიერს — პლასტმასით არის შექმნილი და მილიონობით წელი არ დაიშლება, რაც გულისამრევია”, — ამბობს ის.
მიზიდულობის ნაწილი სწორედ სიბნელიდან მოდის, ფიქრობს ის.
“გამოწვევებით სავსე დროებაში ვცხოვრობთ და ამას მრავალი ადამიანი გრძნობს. როგორც ქვიარ ადამიანი, რომლისთვისაც შეურაცხმყოფელი სახელები ქუჩაში არაერთხელ დაუძახიათ, ვფიქრობ, რომ მარგინალიზებული ხმების ღირებულება ისაა, რომ გადარჩენა ვისწავლეთ. მაგალითად, ნაქსოვი მასალა, რომელსაც მუდმივად ვუბრუნდები, გარკვეულწილად დაცულობის და კომფორტის წყაროა”, — აღნიშნავს პოლი.
იორი მელბურნში დაიბადა და ინგლისელი მამისა და ავსტრალიელი დედის ოჯახიდან არის. რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა, რაც ახალგაზრდა ქვიარ ბიჭისთვის რთული იყო, მისთვის “ჯოჯოხეთური” წლები კათოლიკურ სკოლაში სწავლას უკავშირდება, რა დროსაც ბულინგის სამიზნე იყო.
“მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში კემპ მგრძნობელობა დიდი დოზით გვხვდება. პერიოდი, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს, მე-17 საუკუნის ბაროკოა — დრამატული, მგრძნობიარე, როგორც ჰოლივუდი. ზოგიერთი ნამუშევარი ეროტიკულიც კი არის. ამიტომ, ქვიარობასა და რელიგიას შორის ბევრი კვეთაა, მათ შორის, დეკორატიულობისა და სპექტაკლის/წარმოდგენის სიყვარული”, — აღნიშნავს ხელოვანი.
უნივერსიტეტში არქეოლოგია და ანთროპოლოგია ისწავლა, რაც მის სურვილს კვებავს, რომ ყველაფერი შეაგროვოს ან, როგორც თვითონ ამბობს, “გადაარჩინოს”. ის კაპიტალიზმის ნარჩენებს აგროვებს გადაყიდვის წერტილებიდან ან ონლაინ მაღაზიებიდან და როცა ნამუშევრების შექმნას იწყებს, “იმპროვიზაციას” მიმართავს.
“სანამ არ დავასრულებ, არ ვიცი როგორი იქნება. ბავშვებმაც კი იციან, რომ როცა კოლაჟს ქმნიან — ერთ საგანს დადებ, გვერდით მეორეს მიუდებ და ფიგურას მიიღებ, ამიტომ კომიკურია, როცა ნივთები ერთმანეთს არ ერგებიან”, — ამბობს იორი.
კომპლექსური ქსოვილების მოგვირისტება იორიმ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2010 წელს მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი ჰქონდა, რისი საფუზველიც, მისი თქმით, დაქანცვა იყო. ამ დროისთვის მუშაობდა, სწავლობდა, ხელოვნების ნამუშევრების ქმნიდა და საკლუბო სივრცეებშიც დადიოდა — ყველა ჩამოთვლილ აქტივობას დიდ დროს უთმობდა. მისი ნების საწინააღმდეგოდ 2 კვირით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. შემდეგ, როცა დასვენებისა და მედიკამენტური მკურნალობის უკან მოტოვების პერიოდი დადგა, დამოუკიდებლად შეისწავლა კერვა — ხელობა, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური ისტორია აქვს. მაგალითისთვის, სწორედ ამ გზით ქმნიდნენ სუფრაჟისტები საპროტესტო ბანერებს
“ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა მკაფიო პოზიციით გამოირჩევა, რაც მომწონს. პოლიტიკურ ხელოვნებას დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ თვითონ ხელოვნება სულაც არაა თავისთავად პროტესტი ან აქტივიზმი. ის გვთავაზობს კითხვებს, რომლებიც რადიკალურად ფიქრისკენ მოგვმართავს. მაგალითად, აქ ყოფნის შემდეგ შეიძლება წინასაქორწინო წვეულების პენისის ფორმის საწრუპებს იმავე თვალით აღარასდროს შეხედოთ“, — აღნიშნავს ხელოვანი.
მის ნამუშევრებში ასახული შოკისმომგვრელი და ვულგარული დეტალები შეიძლება მნახველისთვის გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდეს. 2013 წელს, ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნისა და გავრცელების ბრალდებით დააჯარიმეს და პოლიციამ წმინდა კილდას გალერია დაარბია კიდეც, რადგან ამ სივრცეში გამოფენილი იყო ხელოვანის კოლაჟი, რომელშიც ბავშვების თავების გამოსახულება სქესობრივ აქტში ჩართული კაცების ტანზეა დამაგრებული. ჯარიმა გაუქმდა და სასამართლომ პოლიცია იორის ნამუშევრისთვის მიყენებული ზიანისთვის დააჯარიმა.
“რაც უფრო მემატება ასაკი, უფრო ვხვდები, რომ საზოგადეობაში განხეთქილებაა იმ წარმოდგენებთან დაკავშირებით, რაც ხელოვნების მიმართ არსებობს და იმ ნამუშევრებზე, რომელთაც როგორც ქვიარ ხელოვანი ვქმნი. მაშინ ამ პროცესმა გავლენა იქონია, მაგრამ ათწლეულზე მეტი გავიდა და იმდენსაც აღარ ვფიქრობ”, — ამბობს ხელოვანი.
ახლა ერთობა იმ იდეით, რომ პოპულისტად მიიჩნევენ: ბევრ ადამიანს მოსწონს სწრაფი კვების ობიექტის, Hungry Jacks-ის აბრა, რომელსაც Horny Jocks (აღგზნებული ათლეტი) აწერია და არ ფიქრობენ იმ ღრმა მნიშვნელობაზე, რაც ამის უკან დგას.
“ხალხს ჩემს ნამუშევრებთან ურთიერთობა უკვე აქვს, რაც მაშინვე განმუხტავს იმ დაძაბულობას, რასაც თანამედროვე ხელოვნება იწვევს ხოლმე. სხვების ნამუშევრებზე ამბობენ: “ეს რამდენად საჩემოა? მესმის რა ხდება აქ?”. ჩემი ნამუშევრების დათვალიერებისას კი ადამიანების სიტყვებია: “ასეთი სათამაშო მქონდა”, “ეს ლოგო მეცნობა”. ეს ყველაფერი რეალური ცხოვრებიდან აღებული დეტალებია”, — აღნიშნავს პოლ იორი საუბრის.