/

იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს – ინტერვიუ ანდრო დადიანთან

ანდრო დადიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდმივად ცდილობს, მისთვის დამახასიათებელი სინაზითა და ჩაღრმავებით, მგრძნობიარე და ზოგჯერ უხეში ენით ილაპარაკოს თავის პერსონალურ და საზოგადო პრობლემებზე. პოეზია, პერფორმანსი, ვიზუალური ობიექტები, ფოტოები, თეატრი, ეს არასრული ჩამონათვალია მედიუმების, რომლებშიც საკუთარი ძალები მოუსინჯავს ხელოვანს

გთავაზობთ ინტერვიუს ანდრო დადიანთან:

 

ბევრგან გილაპარაკია ნიღაბზე, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე არ გაქვს ამოწურული სათქმელი – რატომ ნიღაბი და რატომ ანდრო დადიანი? – ჩვენს დიალოგში შესასვლადაც მარტივი იქნება ამაზე პასუხი.      

ჰო, თითქმის ყველა ინტერვიუ ამ კითხვით იწყება, მაგრამ რახან მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა ეს შებურვა, კიდევ ვილაპარაკოთ – ჩემთვის ფსევდონიმიც ნიღბის ნაირსახეობაა და ალბათ ესაა ანდრო დადიანთან ამ გამომეტყველების ორგანულობა, სამკაული ან აქსესუარი კი არაა ის, საკუთარი იდენტობის და ეგოს შთამნთქმელი მოწყობილობაა, ამ ვნებების გარეშე უფრო დისტანცირებულად შემიძლია შევხედო კოლექტიურსაც და პირადსაც. ნიღაბი საკუთარ თავში ჩატრიალებული მზერაცაა, რაც პერსონალურ და იმპერსონალურ ქვედინებებთან მაახლოებს; წონასწორობის საშუალებაა, რომ არ დავეცე, კუთხეში ზურგით დაყენებაა, რაც მაიძულებს, ინტუიციას და ფიქრს მოძრაობაც შევუყენო.

პირველი მოგონება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანსო, რახან შენი პერსონა და პირველსაწყისი ახსენე, შენს პირველ მოგონებაზე მინდა გკითხო…

ჰო, ჩვენი ბავშვობა ჩვენი წარმოშობის ადგილიაო, ამ მხრივ, არც ისე სახარბიელო წარმომავლობა მაქვს… დაახლოებით ორი წლის ვიყავი, დედა ლოგინად ჩავარდა, მთელი ორგანიზმი გაეთიშა, როგორც იციან ხოლმე, „ზალა“ გაარემონტეს და ელოდნენ, რომ რაიონში ჩამოასვენებდნენ, გამოსამშვიდობებლად თბილისში, ბოლო შეხვედრაზე წამიყვანეს მასთან, მახსოვს, პალატაში მის საწოლზე დამაჯინეს, სანიტარი იატაკს წმენდდა, მე კი დედაჩემის ნარინჯისფერ წიგნაკში ვჯღაბნიდი რაღაცას. ის მზიანი პალატა, სიკვდილ-სიცოცხლის აიწონა-დაიწონათი, არის ჩემი პირველი მოგონება.

ღრმა ბავშვობის შემდეგი განცდა ფოტოდან მოდის – დედა გადარჩა, მაგრამ ვერ დადიოდა, ბაღში ფეთხუმ მამაჩემს დავყავდი, ფოტოზე საახალწლო კონცერტია, ყველა გაპრანჭულია, სქელი მუყაოსგან გამოჭრილი გვირგვინები, ზედ მიწებებული დამსხვრეული სათამაშოებით, ადგათ თავზე, რომ იბრწყინონ, მე კი მკერდამდე აწეულ შარვალში გახუნებული სვიტრი მაქვს ჩატანებული და გულზე გაურკვეველი ფორმის „საზეიმო“ მავთული მკიდია. დღემდე ვერ ვხსნი, რა არის ეს რაღაც. შეიძლება ამ უცნაურ ნივთს უნდა ვუმადლოდე ჩემი კონცეპტუალური აზროვნების უნარებს, წლებია  უტრიალებს ჩემი ტვინი იმ საგანს, მილიონი ინტერპრეტაცია გამოვიმუშავე, რა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა აზრს სუფისტური ფინალი აქვს – „ალაჰმა უწყის!“

 

სუფისტური პასუხი არ ექნება ალბათ მომდევნო კითხვას, რატომ აირჩიე პერფორმანსი შენს ერთ-ერთ მედიუმად?

კი, ალაჰმა უწყის ეგეც! გულწრფელად გითხრა, არცერთ მედიუმში მისი ფლობით ფეხი არ შემიდგამს, მეტიც, პერფორმანსის არსებობა მას შემდეგ გავიგე, რაც პირველი პერფორმანსი გავაკეთე, მერე მარინა აბრამოვიჩი მანახეს, ეს ცნობილი პერფორმერიაო, მე სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და კარგა ხანს ,,მანანა აბრამოვიჩს” ვეძახდი და ვეძებდი ინტერნეტში. ასე პოეზიაშიც: მითხრეს, შენს გამოცდილებაზე დაგვიწერეო და გაგზავნილ ტექსტზე მომწერეს, რომ მუსიკალურია ჩემი ვერლიბრი, მადლობა გადავიხადე და მერე დავგუგლე, რას ნიშნავდა სიტყვა „ვერლიბრი“.

განცდების შემგროვებელი ადამიანი ვარ, მთავარია გრძნობა და ის თავად  ქანდაკდება ლექსად, ფოტოდ, ობიექტად ან პერფორმანსად. ერთს, რასაც სხვადასხვა მედიუმებში მოძრაობისას თავს ვთხოვ, ისაა, რომ ფოტოგრაფისთვის კარგად დაკვრით და პიანისტისთვის კარგად წერით არ დაკმაყოფილდეს… თავგანწირვა და საკუთარი თავის სათქმელში ჩაფენა უნდა ახლდეს ხელოვნების აქტს, იმ მედიუმისადმი პატივისცემა, რომელითაც ფიქრი ხმოვანდება. თუკი საკუთარი ღირსება, კანი და ზოგჯერ სიცოცხლეც კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სათქმელის ამოთქმა, ჯობია არც ითქვას, მაინც არ ექნება ძალა ადამიანის ყურს მისწვდეს, შეაჩეროს და აზრისკენ მოახედოს.

როგორ ემზადები პერფორმანსებისთვის? როგორ ჩნდება იდეები და რა პროცესებს გადიხარ, სანამ ადამიანებამდე მიიტან შენს ნამუშევრებს?

შესამეცნებელი საგნები მხოლოდ სიყვარულის იდეით შეიძლება იყოს შემეცნებულიო – ფაქტობრივად, ეს ცხოვრებასთან შეთქმულებაა და თან როგორი ლამაზი?! მეც ვცდილობ, ზიზღის მარხვაზე და სიყვარულის ყველიერზე ვიყო. განსაკუთრებულად არაფრისთვის ვემზადები, ბრძოლით საფუძველი იღლება, უბრალოდ ვხვდები, როგორც მიწა გაზაფხულს. მთავარი სამუშაო გემოვნების მუდმივი დახვეწა და მასთან დაწევაა, ვცდილობ, მზად დავხვდე წუთს, როცა ფიქრი აზრად უნდა იქცეს და მერე ფორმა, მანერა, გრძნობა შევძინო.

 

 

ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოება აქტიურად საუბრობს ჰომოფობიაზე, თუმცა ყოველთვის მრჩება განცდა, რომ ეს მსჯელობა არ ითვალისწინებს ჰომოფობიის კომპლექსურ ბუნებას. რა არის ჰომოფობია და სად ხედავ მისგან გამოსავალს? 

ეს ქვეყანა საზოგადოებისა და ინდივიდის ჰარმონიულობის წინააღმდეგ მიმართული ენერგიით იმართება, ასეთ გარემოში ის უფრო მაფიქრებს, რომელი უკმაყოფილება არ შეიძლება გარდაქმნას უცბად მმართველმა ჰომოფობიურ ენერგიად. ჰომოფობია ის შავი ჯიპია, რითაც სულიერად გაძვალტყავებული ეკლესია და მთავრობა გადაადგილდება მშიერ ხალხში. ამ გარეწრების მიღმა ღარიბ ხალხს პროპაგანდამ დაასწავლა, რომ პრობლემაზე კი არ ილაპარაკონ, რამდენიმე ათეულ ჰომოსექსუალს აედევნონ და იქ დახარჯონ ბრაზი. ასეთ გარემოში ყავარჯნებად შემოთავაზებული ზიზღის გარეშე გადაადგილება ძნელია, რთულად დასატოვებელი კომფორტია მტრის ხატის დაშლა და მისგან მოძმის გამოძერწვა მაშინ, როცა ჰომოფობია არ აწუხებს ადამიანს და უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებშია ჩაფლული ის.

პროვინციაში ორსული ქალი საავტომობილო გზაზე წვება, გზას კეტავს,  რომ სოციალური დახმარება აღუდგინოს სახელმწიფომ, ამ დროს ჩვენ მთავრობის სახლის წინ გვიჭირავს სიტყვები „მრავალფეროვნება“, „თავისუფლება“, „თანასწორობა“, „პატივისცემა“ – და ვის მივმართავთ ამ სიტყვებით? საზოგადოებას, რომელმაც ორსული ქალი მიატოვა და თავის პურის ფულს ჯართიდან ჩიჩქნის, თუ ოთხბორბლიანი მავზოლეუმებით, ჯიპებით რომ გადაადგილდებიან? სოციალური პრობლემებია ერთადერთი, რამაც შეიძლება ყველა გაგვაერთიანოს, როცა ეს პრობლემები მოგვარდება, ჰომოფობიური განწყობებიც ურთიერთპროპორციულად შემცირდება.

რისი გეშინია ყველაზე მეტად?

სიმაღლის მეშინია, სივიწროვის, მარტოობის, კმაყოფილების.

კმაყოფილება და „ეჭვშეუვალი“ ცხოვრება ლპობას თუ არა, ადგილზე გაჩერებას, გაქვავებას, გაძეგლებას ნიშნავს; ეჭვიანობა მარტოობად ხურდავდება, მარტოობას ნიშნავს; მარტოობა თავისუფლების პირობაა – თავისუფლება მარტოობაა; მარტოობა სიმაღლეა, ცერა თითებზე დგომა, დაძაბულობა და თრთოლა; სიმაღლეზე ყოფნა სიმაღლის შიშია, წნევა, სიცივეც და უჰაერობაც.

რა მახასიათებლები აქვს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და რა არის ის მთავარი მესიჯები, რომელიც თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებში შეიძლება ამოიკითხო აქ?   

კორექტულობა, გარიყვის შიში, საერთო თხრობაში ჩართვის მცდელობა და თავზე ხელის მოცაცუნების სურვილი. როგორც ადამიანს ადამიანის, მესმის ეს და, ცხადია, თანავუგრძნობ კიდეც, მაგრამ სწორედ ასეთი კორექტულობაა არაპოლიტკორექტული. ეს დინამიკა კოლექტიური ცნობიერების განმტკიცებელია და სულის, აზრის, ინდივიდის მნიშვნელობას ერთთავად სპობს. თავისუფლება თვალსაზრისების განსხვავებას აყენებს მის ცენტრში, ჩვენ კი პოლიტკორექტული უმრავლესობის დიქტატი გვადგას თავზე, სადაც პროპაგანდის მიერ ინდივიდუალურობის თვითრწმენით გაჯერებული -„განსხვავებულთა მარშები“ გადაადგილდებიან.

ტოტალიტარიზმისთვის პლაკატურობაა დამახასიათებელი და სწორედ ამას ვუყურებთ ახლა, ყველაფრის სათავე დესტრუქცია ჰგონიათ, ამ იკონოგრაფიის საყრდენი ქაოსია და ცდილობენ, ამით გადაიფაროს თეზის არცოდნა. ხვდები, რამხელა შინაგანი წინააღმდეგობითაა სავსე ეს დინამიკა? ძეგლის დადგმის სურვილია, მაგრამ მთავარი – შინაარსი-კარკასი არ არის. ამიტომ ეცემიან ხელოვნური ფორმების უხერხემლო რუპორები.

გასულ წელს შენი პოეტური კრებული, განსაწმენდელი გამოვიდა, მინდა, ამ წიგნზე მელაპარაკო, ასევე ეს ნაშრომი კონკურს „ლიტერაზე“ გაგზავნე, მერე კი ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც მოხსნა წიგნი კონკურსიდან, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი? 

ამ წიგნზე მუშაობამ ჩემსგან და ჩემი მეგობრებისგან დიდი ენერგია წაიღო, წლების მანძილზე მატყუებდნენ გამომცემლობები, რომ დაბეჭდავდნენ, ნერვების ომი გავიარე და, როგორც იქნა, 4 წლის შემდეგ გამომცემლობა „კალმოსანში“ დავასრულე ეს გზა. გულახდილად გითხრა, ორწამიანი სიხარულიც კი ვერ განვიცადე, ისე ვიყავი მოთენთილი სირთულეებით. ჩემთვის მულტიდისციპლინარულია ეს ნამუშევარი, მის ნაწილად მოვიაზრებ ოთხდღიანი პერფორმანსით პრეზენტაციას. წიგნი თავს უყრის პოეტურ „ready-made“-ებს, საუნდპოეზიის და ვიზუალური პოეზიის ექსპერიმენტებს, ასევე თავისთავად წიგნის, როგორც ნივთის კონცეპტუალურ და პერფორმატიულ სტრუქტურას.

რაც შეეხება კონკურსებს – ხელოვნებაში შეჯიბრზე მაღალი აზრის არ ვარ, უბრალოდ, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ჩვენი, ხმაწართმეული და სახეწართმეული, დეკლასირებული ადამიანების კულტურაში შეყვანის მცდელობა, ეს იყო მიზეზი კონკურში მონაწილეობის. მნიშვნელოვანად ჩავთვალე ასევე, არ მიეღო წიგნს მონაწილეობა, მისი შინაარსის საწინააღმდეგო, პარტიული ცენზურით მართულ პროცესში. სიყრმეშივე დამორჩილების სურვილი ამოძრავებს დიქტატურას და ასე ამხელს მის ვინაობას, ამ პროცესმა გვაჩენა ისიც, რომ თურმე პოეტების ეშინია მთავრობას, ჩვენ კი დიდიხნის მკვდარი გვეგონა პოეზია. ვაშა, ვაშა და ვაშა! დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი ადამიანში თავისუფლებას და მოთხოვნებს ზრდის, ძველს აპროტესტებს და მომავალს აპროექტებს წარმოსახვით; მთავრობა, რომელიც აწმყოსაც ვერ ეწევა, ცხადია, შიშით უყურებს ისეთ ხვალინდელ დღეს, სადაც მათი ადგილი არ იძებნება, ამიტომაცაა რომ მეფე ჰეროდესავით დასდევენ სიახლეს და მომავლის იდეას.

 

რას ფიქრობ, არსებობს თუ არა ქართული ქვიარ კულტურა, როგორია ის და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან მას?

ჩემი გაგებით ქვიარ კულტურაა ის, სადაც ადამიანი დგას სოციალურ სტატუსზე და როლზე მაღლა. ამ თვალსაზრისით, ქვიარია მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავის გამო, რადგან თეიმურაზის მიმართ თანაგრძნობას და სიბრაზეს აჩენს, ეს კი ადამიანში ადამიანის დაცვისა და პატივისცემის უმაღლესი გამოვლინება მგონია. ქვიარია ნიკო ფიროსმანი, როცა ორთაჭალის ტურფებს და ცხოველებს ხატავს ზეადამიანური გრძნობით; ვაჟა-ფშაველაც ქვიარია, რადგან ვაჟკაცი მტრის საფლავი ეტირება ქალს – „სიბნელეს უცდის, მივიდეს ჩუმად იტიროს მკვდარიო…“ ამ აზრით, ცხადია, რომ ქართული ქვიარ კულტურა არსებობს და იმაზე ადრეც კი იყო, ვიდრე სიტყვა „ქვიარი“ გაჩნდებოდა ლექსიკონში. ამიტომ, გაუგებარია პათოსი, რომ ქვიარმა უნდა გამოიყვანოს აზიიდან თუ კომუნიზმიდან ქართული კულტურა და დაუბრუნოს თუ მიუერთოს ღირსეულ ევროპულს.

„ქვიარს“, როგორც ჰომოსექსუალური თვითგამოხატვის ენასთან იდენტობას რაც შეეხება, ვიზუალურ ხელოვნებაში და თეატრში ესეც დიდი ხანია გვაქვს, ყეენობა-ბერიკაობაც ესაა მისი გადაცმით, სახის შებურვით, როლების უგულებელყოფით და საბჭოთა ქართული თეატრიც, ოცხელის წყალობით, მერე სტურუას 80-იანი წლების სპექტაკლები მისი ვიზუალურ-სარეჟისორო ენით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

არ ვიცი, რა გითხრა. ბოლო დროს ზედსართავების გარეშე ვცხოვრობ, არაფერი მნიშვნელოვანი. ფასეულობათა გადაფასების პერიოდი მაქვს, აქამდე ყველა ჩემი გეგმა ადამიანებს უკავშირდებოდა, უცბად ყველაფერი ამოყირავდა, რაღაც ძალამ მთელი მეტალი გაიწოვა ორგანიზმიდან, ნდობა, ინტერესი, მიზიდულობა გამიქრა ადამიანის მიმართ და ხელიდან გამომეცალა გეგმებიც, იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს, უთვალებო გავხდი და უენო. მხოლოდ ასკეტიზმით შეიძლება საკუთარ თავს გადაუსწროს ადამიანმა, მგონი. მგონი, ყველაზე მეტი პასუხი სიჩუმეს აქვს და ვცდილობ, სიჩუმის ენა ვისწავლო; ნივთებისგან სიმშვიდე მინდა ვისწავლო, ვცდილობ, აღარ ვიყოყიალო, ლარნაკივით პირნათელი და საჭირო დროს ფუნქციური მინდა ვიყო, მინდა, რაც შეიძლება პატარა ადგილი დავიკავო სამყაროში და ჩემი ტემბრი მქონდეს.

 

ფოტო: avadrisT

წინა

კვლევა – საქართველოს მოსახლეობის 88%-ს უნდა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს

შემდეგი

პრორუსულ ალტ-ინფოს ოფისი შუახევშიც გახსნამდე დაახურინეს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,