დღეს 16:00 საათიდან მაღაროელების ნაწილი თბილისში გადაინაცვლებს და შიმშილობას პარლამენტის წინ გააგრძელებს.
პარალელურად, დაგეგმილია მათი მხარდამჭერი აქცია.
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-14 დღეა, გაფიცულები არიან, მათი ნაწილი მე-8 დღეა, შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს ერთ-ერთმა, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა კი ვენები გადაიჭრა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებასა და ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნებას ითხოვენ. რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრა მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა.
ჯორჯიან მანგანეზში ამბობენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობებს, კერძოდ, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.